„პრეზიდენტის გამოსვლა ოპოზიციონერის პოლემიკას უფრო ჰგავს“

„პრეზიდენტის გამოსვლა ოპოზიციონერის პოლემიკას უფრო ჰგავს“

ჩვეულებისამებრ, პარლამენტში პრეზიდენტს დიდი ხალისით არ ელიან. გიორგი მარგველაშვილმა მრჩევლებთან ერთად საპარლამენტო გამოსვლისთვის მზადება უკვე დაიწყო და პირველადი შეფასებებიც გაკეთდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ოპოზიციონერის პოლემიკას უფრო ჰგავს; პრეზიდენტი პრობლემებს კი არ უნდა ნუსხავდეს, არამედ გუნდთან შეთანხმებულად მათ გადაჭრაზე ზრუნავდეს.

„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში პრეზიდენტის ფუნქცია რაღაც გაუგებარ მნიშვნელობას იძენს. პრეზიდენტი არაა რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომ ის პრობლემების მონიტორინგს ახორციელებდეს. მე პრეზიდენტის გამოსვლით ველოდები ოპოზიციონერის პოლემიკას, რაც ჩემთვის გაუგებარია. პრეზიდენტი არის სამთავრობო გუნდის წევრი და პასუხისმგებელი უნდა იყოს იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაშია და უნდა ზრუნავდეს მათ გადაჭრაზე“, - აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

მისგან განსხვავებულად ფიქრობს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ ნამდვილად არ იცის, ვინ უწერს პრეზიდენტს სიტყვას, მაგრამ პრეზიდენტის გამოსვლები საკმაოდ მიუკერძოებელია და მას დაუბალანსებლობას ვერ დავწამებთ. თუმცა რა გავლენა აქვს პრეზიდენტის ნათქვამს საზოგადოებასა და მთავრობაზე, ეს უკვე სხვა საკითხია. რეალურად, საზოგადოებრივ აზრზე მისი გავლენა ძნელი დასადგენია. ყოველ შემთხვევაში, ეს არავის გამოუკვლევია. ხოლო, თუ მის რეიტინგს დავუჯერებთ, აღმოჩნდება, რომ მოსახლეობაში 67%-იანი რეიტინგი ჰქონია.

რაც შეეხება მთავრობას, მარგველაშვილს დღევანდელ მთავრობაზე გავლენა საერთოდ არ აქვს. შესაბამისად, გუნდთან შეთანხმებულად პრობლემების გადაჭრასაც ვერ მოახერხებს.

„რომელ გუნდთან ერთად უნდა გადაჭრას ეს პრობლემები? კი ბატონო, თავდაპირველად პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ გუნდიდან იყო, მაგრამ შემდეგ მოხდა მისი გარიყვა და იზოლირება. ამიტომ არაადეკვატურია მოლოდინი, რომ პრეზიდენტი გუნდთან ერთად უნდა დაჯდეს. „ქართული ოცნების“ ყველა წევრს პირდაპირ აქვს მისთვის მინიშნებული, რომ არ აინტერესებთ პრეზიდენტის აზრი და ანგარიშს არ გაუწევენ მის კრიტიკას. ასეთ ვითარებაში პრეზიდენტი ცდილობს, თავი დაიმკვიდროს, როგორც დამოუკიდებელმა არბიტრმა, რა ფუნქციებიც მას კონსტიტუციურად აკისრია. თუმცა ვერ ახორციელებს ამას, რადგან დამოუკიდებელ არბიტრს ნდობის რესურსი უნდა ჰქონდეს. ასეთი რესურსი მას მმართველი ძალისგან არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა მომწიფებული არ არის და არ ემორჩილება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

For.ge დავით დარჩიაშვილსაც დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ქვეყნის მეთაურია. თვით ჩვენი კონსტიტუციითაც კი, მას აკისრია ეს ფუნქცია, იგი სახელმწიფოს წარმომადგენელია და ასეთად უნდა აღვიქვათ, თუკი სახელმწიფოს პატივს ვცემთ. ამიტომ დაუშვებელია სპეკულაციები, პრეზიდენტი ერთი რომელიმე ჯგუფის მხარესაა, თუ მეორე ჯგუფის.

„პრეზიდენტმა თვითონ უნდა განსაზღვროს, რას ხედავს და როგორ ხედავს. ეს არის ცივილიზებული მიდგომა. ამის შემდეგ დებატები რომ იქნება, რა არის ამაში არაბუნებრივი? ესეც ურთიერთობის ცივილიზებული ფორმაა და პრეზიდენტს თუ აქვს კრიტიკული შენიშვნები, ესეც მისი უფლებაა. მე არ ვიცი, რაზე გააკეთებს აქცენტს პრეზიდენტი. დაახლოებით შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ის ისაუბრებს, თუ როგორი პრობლემებია ქვეყანაში მართვის თვალსაზრისით, სამართალაღსრულების, მედიათავისუფლების მხრივ. ალბათ, ყველაფერზე ილაპარაკებს და დებატებშიც კიდევ ერთხელ გამოჩნდება მისი თვალსაზრისი“.