უმრავლესობა IRI-ის არ ენდობა, კვლევის მიმართ ნდობა აქვს პრეზიდენტს და ოპოზიციას

უმრავლესობა IRI-ის არ ენდობა, კვლევის მიმართ ნდობა აქვს პრეზიდენტს და ოპოზიციას

IRI-მ მორიგი სოციალური კვლევა გაასაჯაროვა. კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა, საერთო ჯამში 1501 მოქალაქე გამოიკითხა, კვლევის საშუალო ცდომილება + - 2,5%-ია. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად ეკლესიის საქმიანობა მოსწონს. უფრო კონკრეტულად, შესაბამის რეიტინგში ეკლესია 88%-ით ლიდერობს, გამოკითხულთა 88% დადებითად აფასებს ეკლესიის საქმიანობასაც. რეიტინგში მეორე ადგილი - 86%-ით უკავია ქართულ არმიას, მესამე კი 74%-ით ქართულ მედიას.

გამოკითხულთა 59% დადებითად აფასებს პოლიციის მუშაობას, 55% პრეზიდენტის ადმინისტრაციის; 52% განათლების სამინისტროს; 45% პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის; 40% ცესკო-ს; 39% სახალხო დამცველის აპარატის, 39% პარლამენტის, 38% კი მინისტრთა კაბინეტის.

კითხვაზე - რა მიგაჩნიათ ხელისუფლების ყველაზე წარმატებულ რეფორმად - რესპონდენტთა 18% მიიჩნევს, რომ ყველაზე წარმატებული ჯანდაცვის რეფორმაა, 3% ხელისუფლების წარმატებული რეფორმის შედეგად მიიჩნევს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, ასევე 3% თვლის, რომ წარმატებულია რეფორმა განათლების სფეროში.

რესპონდენტთა 23% ხელისუფლების ყველაზე დიდ წარუმატებლობად შეუსრულებელ დაპირებებს ასახელებს, 13% ფიქრობს, რომ ხელისუფლების ყველაზე დიდი წარუმატებლობა ეკონომიკური კრიზისია, 11% კი წარუმატებლობად ინფლაციას ასახელებს.

IRI-ის კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობა 29% თავის რეგიონში ყველაზე აქტიურ პარტიად „ქართულ ოცნებას“ ასახელებს; 12% - „ნაციონალურ მოძრაობას“; 50%-მა არც ერთი პარტია არ დაასახელა. კითხვაზე - „რომელ პარტიას შეუძლია ყველაზე წარმატებულად გაუმკლავდეს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას“ - 13% „ქართული ოცნება“; 10% „ნაციონალური მოძრაობა“; 2% „ევროპული საქართველო“, ხოლო 38%-მა არც ერთი პარტია არ დაასახელა.

კითხვაზე „შემდეგ კვირას ადგილობრივი არჩევნები რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, ან ნაწილში პასუხები ასე გადანაწილდა - 26% „ქართული ოცნება“; 15% „ნაციონალური მოძრაობა“; 7% „ევროპული საქართველო“; 6% „ლეიბორისტული პარტია“; 4% „პატრიოტთა ალიანსი“.

კითხვაზე თუ „რომელ პოლიტიკურ პარტიას არ მისცემდით ხმას არასოდეს - რესპონდენტთა 27%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა; „ნაციონალური მოძრაობა“ - 25%; „დემოკრატიული მოძრაობა“ - 8%; „გირჩი“ - 8%, „ევროპული საქართველო“ - 7%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 7%; „ლეიბორისტული პარტია“ - 6%; „რესპუბლიკელები“- 4%; „თავისუფალი დემოკრატები“ - 3%.

IRI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 92% პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა, გამოკითხულთა მხოლოდ 5%-ს უჭერს მხარს პრეზიდენტის არჩევას პარლამენტის მიერ, ხოლო 3%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. კითხვაზე - „რა მოსაზრება გაქვთ შემდეგ პოლიტიკოსებზე“ - რესპონდენტთა 67%-მა დადებითი პოზიცია გიორგი მარგველაშვილზე დააფიქსირა. დავით სერგეენკო - 65%; 55% - გიორგი კვირიკაშვილი; 50% - დავით ბაქრაძე; 48% - დავით უსუფაშვილი; 39% - შალვა ნათელაშვილი; 37% - კახა კალაძე; 35% - თეა წულუკიანი.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა 64% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ნაწილობრივ უჭერს მხარს 26%, ნაწილობრივ არ უჭერს მხარს 3%, ასევე კატეგორიულად წინააღმდეგია 3%, გამოკითხულთა 3%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. რაც შეეხება საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში, გამოკითხულთა 56% სრულად უჭერს მხარს, 26% ნაწილობრივ, 6% ნაწილობრივ ეწინააღმდეგება, 7% კატეგორიულად ეწინააღმდეგება. გამოკითხულთა 5%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კითხვაზე - „რა მიგაჩნიათ საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ პრობლემად“ გამოკითხულთა 47% ამბობს, რომ მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. გამოკითხულთა 24% მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა ეკონომიკური კრიზისია, 9% ტერიტორიულ მთლიანობას, 3% სოციალურ პრობლემებს, 2% კი ქვეყნის მთავარ პრობლემად ინფლაციას ასახელებს.

გარდა ამისა, IRI-ის მიერ გამოკითხულთა უმეტესობა, კერძოდ 58% ნეგატიურად აფასებს „გაზპრომთან“ გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებას. პოზიტიურად აფასებს 11%, 16%-მა განაცხადა, რომ „არც პოზიტიურად და არც ნეგატიურად“, ხოლო 15 %-ს შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.

IRI-ის კვლევით, გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის პოლიტიკური საფრთხეა, 57% კი თვლის, რომ რუსეთი ქვეყნისთვის ეკონომიკურ საფრთხეს წარმოადგენს. რაც შეეხება სტრატეგიულ და მნიშვნელოვან პარტნიორებს, გამოკითხულთა 42% ევროკავშირს, 33% აშშ-ს, 29% - აზერბაიჯანს, 28% კი უკრაინას ასახელებს.

53% ფიქრობს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა, ამასთან, ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობებიც უნდა შეინარჩუნოს.

რესპონდენტთა 23% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი მხოლოდ პროევროპული უნდა იყოს. გამოკითხულთა 12%-ის აზრით, საქართველოს პრორუსული კურსი უნდა ჰქონდეს, თუმცა, ამასთან, ევროკავშირისა და დასავლეთის მოკავშირედაც უნდა დარჩეს. მხოლოდ პრორუსულ კურსს კი გამოკითხულთა 3% ემხრობა.

რესპონდენტთა 60% მიიჩნევს, რომ საქართველოს მიმართ რუსული აგრესია კვლავ გრძელდება. 23% ფიქრობს, რომ რუსული აგრესია დასრულებულია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს აგრესია კვლავ განახლდეს. რესპონდენტთა 10% ფიქრობს, რომ რუსული აგრესია დასრულდა და მის განახლებას არ ელის.

კითხვაზე „რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ თავს საქართველოში ყოფნით“? - რესპონდენტთა 47% უფრო დაცულად გრძნობს თავს, ვიდრე დაუცველად; 11% მიიჩნევს, რომ ის დაცულია; 28%-ის აზრით უფრო დაუცველია, ვიდრე დაცული, 9% კი ფიქრობს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე ის საქართველოში ყოფნით დაუცველია.

რუსეთთან შემდგომ დიალოგს რესპონდენტთა 53% მხარს უჭერს, 29% ნაწილობრივ, ხოლო 10% წინააღმდეგია. კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 2%-ს. 39% ნაწილობრივ დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ურთიერთობას რუსეთთან,15% მიიჩნევს ურთიერთობა რუსეთთან პოზიტიურია. 24% თვლის, რომ ურთიეთობები ნაწილობრივ ნეგატიურია, ხოლო 11% ფიქრობს, რომ მთავრობის ურთიერთობა რუსეთთან ნეგატიურია.

უმრვალესობა კვლევას არ ენდობა, თუმცა IRI-ის კვლევის მიმართ ნდობა აქვს საქართველოს პრეზიდენტს. როგორ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გიორგი მარგველაშვილი ენდობა კვლევებს, აინტერესებს, რადგან ისინი ასახავენ რაღაც გარკვეულ ტენდენციებს. თუმცა, ციფრებზე კომენტარს არ აკეთებენ.

როცა წინა კვირას ჩატარებულ კვლევასა და შემდეგ კვირას ჩატარებულ არჩევნებს შორის სხვაობა 20%-ზე მეტია, ასეთ შემთხევევაში კვლევის სანდოობაზე საუბარი უჭირს დევნილთა მინისტრს. სოზარ სუბარის განცხადებით, შეუძლებელია რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება მსგავს კვლევებზე, ვიდრე კვლევის შედეგები ერთხელ მაინც ახლოს არ მივა რეალობასთან.

„ცხადია, ნებისმიერ კვლევას ვენდობი. ჯერჯერობით ძალიან ძნელია რაიმეს თქმა, როცა სხვაობა, როგორც წესი, წინა კვირას ჩატარებულ კვლევასა და შემდეგ კვირაში ჩატარებულ არჩევნებს შორის 20%-ზე მეტია, სანდოობაზე მიჭირს საუბარი. ასევე ძნელია საუბარი, რომ თუ კვლევაში ასეთი დიდი ცდომილებაა ერთ პარამეტრში, იქ უკვე ვერაფერს ვამბობთ „რუსთავი 2“-თან, ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით რას ფიქრობს ხალხი. ყველაფერი ეჭქვეშ დგება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

IRI-ის კვლევის შედეგებს აფასებენ პოლიტიკოსები. for.ge-სთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ IRI-სა და NDI-ის კვლევა არასოდეს არ ემთხვევა იმ შედეგს, რომელიც არჩევნების შემდეგ დგება.

„როცა კვლევის შედეგები არჩევნების შედეგებს დაემთხვევა, სწორედ ამის შემდეგ აღიქვამს სერიოზულად საქართველოში ჩატარებულ კვლევებს“, - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, ნებისმიერი პარტია, ისევე როგორც ახალი პარტია მეტ შედეგს ისურვებდა, მაგრამ მისი თქმით, ამ ეტაპზე, „ევროპული საქართველოს“ შედეგით კმაყოფილია.

„პარტიას ზრდის დიდი პოტენციალი აქვს. იმის მოცემულობა გვაქვს, რომ დამატებითი ამომრჩეველი მივიმხროთ. „ოცნების“ რეიტინგი უდაბლესია. „ნაციონალური მოძრაობა“ მაჩვენებელზე სტაბილურად ზის, რომელიც უკვე მის ამომრჩეველს უკავშირდება, თუმცა ჩვენი პარტია იმ ძალად ყალიბდება, რომელსაც შეუძლია ამომრჩეველი მიიმხროს და წარმოდგენილი იყოს, როგორც ერთ-ერთი ძლიერი პარტია ქვეყანაში.

ხალხი „ოცნებაში“ მომავალს ვერ ხედავს. ხალხი ვერ ხედავს, რომ ეს ხელისუფლება მათ სასიკეთოდ რაიმეს გააკეთებს. „ოცნება“ არათუ არ ასრულებს დაპირებებს, არამედ ჯანდაცვის სისტემაში ცვლილებების განხორციელება ხდება და ათასობით ადამიანი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვერ ისარგებლებს. ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმის, რომ „ოცნების“ რეიტინგი კიდევ უფრო დაბლა წავიდეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი ტუღუში.

IRI-ის შედეგები დამაკმაყოფილებელი არ არის „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რადგან თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, პარტიის მთავარი ამოცანაა შეცვალოს დღევანდელი ხელისუფლება.

„რადგან ამ ხელისუფლების პირობებში, ჩვენი ქვეყანა იმ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან ვერ გამოვა, რომელშიც ახლა იმყოფება. ასევე წინ ვერ წავალთ და ევროპის ნაწილი ვერ გავხდებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბევრი თანამოქალაქე მუქარების, ზეწოლისა და დაშინების მიუხედავად, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერს და მთავარ ოპოზიციურ ძალად ვრჩებით.

რაც მთავარია, ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს იმ ძალას, რომელსაც მათი პრობლემების მოგვარება შეუძლია. IRI-ს გასულ კვლევებს თუ შევხედავთ, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჩვენებელს არ დაუკლია. მთავარია, მეტი ადამიანი მოვიმხროთ და ამის საწინდარია ის, რომ ჩვენ შეგვიძლია იმ ყოველდღიური პრობლემების მოგვარება, რომლის წინაშეც დგანან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თინათნ ბოკუჩავამ.