„წესით, რუსეთი ტერორიზმისგან უფრო მეტად უნდა იყოს დაცული, რადგან პოლიციური სახელმწიფოა“

„წესით, რუსეთი ტერორიზმისგან უფრო მეტად უნდა იყოს დაცული, რადგან პოლიციური სახელმწიფოა“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის აზრით, სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის ისე წარმოჩენა, როგორც სირიის გამო რუსეთზე შურისძიება, ცინიკურია.

„მედიის მიერ მოგონილი ამბავი ცინიკურია. სამწუხაროა, რომ მსგავსი მოსაზრებები აქვს ზოგიერთ მოღვაწეს, პენტაგონის წარმომადგენლების ჩათვლით“, - განაცხადა ლავროვმა.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში ტერაქტს 14 ადამიანი ემსხვერპლა, 51 დაშავდა. გვიან ღამით ტერაქტის ადგილზე მივიდა ვლადიმერ პუტინი, რომელსაც მისასამძიმრებლად დონალდ ტრამპმა დაურეკა.

3 აპრილს ორ მეტროსადგურს შორის მოძრავ მატარებელზე აფეთქების ჩამდენის ვინაობა დადგენილია. ტერაქტი წარმოშობით ყირგიზმა 22 წლის აკბარჟონ ჟალილოვმა მოაწყო, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა. მას კავშირი ჰქონდა სირიელ ტერორისტებთან. მეორე ეჭვმიტანილი კი ყაზახია. როგორც ირწმუნებიან, მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ცნობილი იყო. ამიტომაც ისინი საეჭვო პირების თვალთვალსა და მოსმენას ახორციელებდნენ.

მომხდარ ტრაგედიაში სირიის კვალს რატომ გამორიცხავს სერგეი ლავროვი?

ექსპერტი სოსო ზაალიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, ამ შემთხვევაში, ლავროვი მართალია და მომხდარი ტერაქტის მიღმა მხოლოდ სირიის პრობლემაზე საუბარი გადაჭარბებულია. რეალობა ის არის, რომ რუსეთს დიდი ხანია დაწყებული აქვს ომი საერთაშორისო ტერორიზმთან, იგი ავღანეთშიც ეხმარებოდა ამერიკელებს და, მთლიანობაში, ერთ-ერთი ჰეგემონ ქვეყნად ითვლება საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის თვალსაზრისით. შესაბამისად, ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლა მიმდინარეობს არა მარტო სირიის ტერიტორიაზე, არამედ ერაყში, ლიბიაში, სინაის ნახევარკუნძულზე.

სოსო ზაალიშვილის აზრით, რუსეთი რომც არ შესულიყო სირიაში, ასეთი ტერაქტი მაინც მოხდებოდა, რადგან მსგავსი ფაქტები სირიაში შესვლამდეც მომხდარა რუსეთში და სირიიდან გამოსვლის მერეც შეიძლება მოხდეს.

„საფრანგეთში რატომ მოხდა ტერაქტი, საფრანგეთი ხომ სირიაში არ ომობს? აქ საუბარია იმაზე, რომ ისლამური სახელმწიფო აგრძელებს ომს მათ წინააღმდეგ, ვინც მათ ებრძვის. ეს არის ჩვეულებრივი ომი, ოღონდ ასეთი ფორმით - ტერორიზმით. სანამ არ განადგურდება ისლამური სახელმწიფოს დაფინანსების წყარო, არ განადგურდებიან მათი მებრძოლები, მათი ინფრასტრუქტურა, მანამდე ტერაქტები მოსალოდნელია ყველა ქვეყანაში, რომელიც მათი წესებით არ ცხოვრობს.

ისლამური სახელმწიფო ცდილობს, ყველა ქვეყანაში გაავრცელოს თავისი მმართველობის წესი - შარიათი. ისლამური სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ყველა ის რელიგია, ის ხალხი, რომელიც არ ცხოვრობს შარიათის წესებით, ღვთისგან არ არის. ეს ხალხი უნდა მოაქციონ თავის რწმენაზე, ან უნდა გაანადგურონ. ამიტომ, სადაც ექნებათ შანსი, ყველგან ააფეთქებენ. შესაბამისად, რუსეთშიც შესაძლოა განმეორდეს ტერაქტი, რაც რუსეთის სპეცსამსახურების მუშაობაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა სოსო ზაალიშვილმა.

მანვე მნიშვნელოვან მესიჯად მიიჩნია თეთრი სახლის სპიკერის ახლანდელი განცხადება, რომ აშშ აღარ განიხილავს ასადის ხელისუფლებისგან ჩამოცილების აუცილებლობას მანამ, სანამ ისლამური სახელმწიფო არ განადგურდება. აქედან გამომდინარე, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ ჭრილში უნდა შევხედოთ ყველა საკითხს, მათ შორის, რუსეთში მომხდარ ტერაქტსაც და იმ ვანდალობასაც, რაც ახლა ხდება სირიაში. კერძოდ, სირიის ერთ-ერთ სოფელში ქიმიური იარაღის გამოყენებას, რის შემდეგაც ვერ გაურკვევიათ, ვინ გამოიყენა ქიმიური იარაღი - ასადმა თუ ისლამურმა სახელმწიფომ. აქ მთელი პროცესები მიმდინარეობს და გადამწყვეტი იქნება, რა პოზიციას აირჩევს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია სირიასთან მიმართებით.

„თუ რა როლი მიუძღვის სანკტ-პეტერბურგში მოხდარ ტერაქტში სირიის მოვლენებს, ეს გამოძიების დასადგენია“, - მიიჩნევს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი. For.ge-სთან საუბარში პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ტერაქტი არ გახლავთ ადამიანური მოქმედება, ეს ცხოველების მოქმედება და ლოგიკაა, რადგან უდანაშაულო ადამიანების შიშზე აგებული აზროვნება მიუღებელია. თავად ის ფაქტი, რომ შემსრულებლად დასახელებულია ყირგიზი მოქალაქე, მიანიშნებს, რომ მომხდარი კავშირში უნდა იყოს ისლამურ წრეებთან. თუმცა სანამ არ ჩატარდება სრულმასშტაბიანი გამოძიება, შესაძლოა, ყველა ცდებოდეს. ამიტომაც დაზარალებულის (ამ შემთხვევაში, ლავროვის) ნათქვამი შესაძლოა, რეალობას არ ასახავდეს.

„წესით, რუსეთი უფრო მეტად უნდა იყოს ტერორიზმისგან დაცული, რადგან ბევრად უფრო პოლიციური სახელმწიფოა. გაცილებით იოლი უნდა იყოს ტერორის აღკვეთა რუსეთში, მაგრამ, როგორც ხედავთ, პუტინის სამშობლოში, მის მშობლიურ ქალაქში მოხდა აფეთქება. რა თქმა უნდა, ეს არის თავხედური აქტი და გამოწვევა, რაზეც მთელი მსოფლიო უნდა დაირაზმოს. შესაძლოა, ვიღაცას მიაჩნია, რახან რომელიღაც ქვეყანა არასწორად იქცევა, ის ცუდ რამეს იმსახურებს. რუსეთიც შეიძლება რამეს იმსახურებდეს, მაგრამ ვინ არჩევს, იქ რუსი მოქალაქე დაიღუპება, ქართველი თუ ჩინელი?! მეტროში მყოფმა მოქალაქეებმა რა დააშავეს? მართალი გითხრათ, პუტინის განცხადებაც არ იყო დამაჯერებელი. მან თქვა, არ გამოირიცხება ტერორისტული აქტიო. რას ჰქვია, არ გამოირიცხება, როცა თავიდანვე ჩანდა, რაც მოხდა. უბრალოდ, პუტინს ძალიან უჭირს იმის დაჯერება, რომ რუსეთში მოხდა ეს ამბავი“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა და გაიხსენა, რომ, განსაკუთრებით, 2001-ლი წლიდან დაიწყო ეს ამბები. თუმცა მსგავსი მძიმე წლები იტალიამაც გაიარა ჯერ კიდევ 70-ანებში. ახლა მთელი მსოფლიოს წინაშეა ის პრობლემა, რაც იტალიაში წლების წინ ხდებოდა. ყოველდღიურად გვესმის ტერორისტული აქტების შესახებ ავღანეთში, ერაყში და, სადაც უნდა მოხდეს მსგავსი აქტები, ეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.