„ქართული ოცნება“ წინა მოწვევის პარლამენტში დამკვიდრებულ ტრადიციას არღვევს და 7 აპრილს, პოლიტიკური დებატების გამართვას გეგმავს, სადაც კანონმდებლები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის რიგით მეოთხე წლიურ მოხსენებას მოისმენენ.
ოპოზიციის შემდეგ, პოლიტიკური დებატები ქვეყნის პირველმა პირმა მოითხოვა და მას მმართველი გუნდი დათანხმდა, ისევე როგორც საკანონმდებლო ორგანოში მინისტრების მისვლას. როგორც გასულ წელს, ასევე წელს, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მისი წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხვავებით, პარასკევის პლენარულ სხდომაზე მისვლას და მარგველაშვილის ანგარიშის მოსმენას გეგმავს.
იქედან გამომდინარე, რომ მინისტრებს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ანგარიშის მოსმენის ვალდებულება კანონმდებლობით არ აქვთ, უმრავლესობა მთავრობის ხელმძღვანელის ამ გადაწყვეტილებას მისი მხრიდან პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს, ოპოზიცია კი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მიზანზე მიუთითებს და ხაზს პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის არსებულ უთანხმოებას უსვამს.
როგორც for.ge-ს უმცირესობის წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა განუცხადა, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით იქნება მიღებული, ბოლო პერიოდის იმ დამოკიდებულებიდან იქნება ნაკარნახევი, რაც მმართველ გუნდს პრეზიდენტის მიმართ აქვს.
მისი თქმით, პოლიტიკურ დებატებზე დათანხმება წინასწარ მხოლოდ იმის გაცხადებაა, რომ მზად არიან, პრეზიდენტს თავს დაესხან.
„როგორც ჩანს, სოლოლაკიდან ახალი დირექტივაც აქვთ მიღებული. ალბათ, წინა სასესიო კვირა გახსოვთ, სადაც პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ არასახარბიელო გამონათქვამები გაჟღერდა. დეპუტატების მხრიდან ასეთი კატეგორიულობა და პრინციპულობა მხოლოდ პრეზიდენტზე ვრცელდება და არა მინისტრების მიმართ. უმრავლესობის ვერც ერთი წევრი იმის მაგალითს ვერ მომიყვანს, რომ რაიმე მსგავსი ან მიახლოებული პრინციპულობა მთავრობის რომელიმე წევრის მიმართ გამოიჩინეს. თუნდაც, გომელაურის მიმართ, რომელსაც ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებულ თითოეულ დეტალს უთანხმებდნენ. სხდომაზე ვუყურებდი, უმრავლესობის წევრები მასთან მიმოწერაში როგორ იქცეოდნენ და როგორ იღებდნენ უფლებას ამა თუ იმ ცვლილების განხორციელებისას“, - აღნიშნა გოგორიშვილმა.
პოლიტიკურ დებატებს მიესალმება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი. for.ge-სთან საუბარში ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ მარგველაშვილის მიმართ მწვავე კითხვები დასვას.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე მოხსენებით გამოვა. მზად ვართ, პრეზიდენტს კონკრეტული კითხვები დავუსვათ და არ გამოვრიცხავთ, რომ კითხვების ნაწილი კრიტიკული იყოს. კარგი იქნება, თუ დისკუსია გაიმართება. როგორ შეიძლება, პარლამენტის წევრი პოლიტიკური დებატების თუ დისკუსიის თემას ეწინააღმდეგებოდეს? მთავრობა, მინისტრები უნდა მოვიდნენ თუ არა, ეს მათი ნების საკითხია. თუ სურთ, მოვლენ თუ არა - არ მოვლენ, რადგან მათ ამას კანონი არ ავალდებულებთ. მათ კანონი იმას ავალდებულებს, რომ როცა ოპოზიცია იბარებს, მაშინ მობრძანდნენ და კითხვებს პასუხი გასცენ, მაგრამ ასეთ შეთავაზებას მინისტრები აიგნორებენ და საკანონმდებლო ორგანოში არ მოდიან, რაც მათი მხრიდან უპატივცემულობის გამოხატულებაა. პარლამენტის თითოეული წევრის პრესტიჟი უნდა ამაღლდეს“, - დასძენს ინაშვილი.
ოპოზიციის კრიტიკის ფონზე, უმრავლესობა ირწმუნება, რომ პრეზიდენტს სათანადო მასპინძლობას გაუწევს.
როგორც for.ge-ს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, უმრავლესობა ისეთი მასპინძელი იქნება, როგორიც უნდა იყოს.
„ყველაფერს თავისი წესი და პროცედურა აქვს. მინისტრებს სხდომაზე დასწრების ვალდებულება არ აქვთ, თუმცა ბუნებრივია, რომ მთავრობის წევრების სხდომაზე დასწრება არაფერს არ გააფუჭებს. როგორც ვიცი, პრემიერი-მინისტრი სხდომაზე დასწრებას გეგმავს. პრეზიდენტისგან თუნდაც კრიტიკულ შენიშვნებს მოვისმენთ, რომლის თაობაზე ჩვენი აზრი გვექნება“, - ამბობს მდინარაძე.
მინისტრების პოზიციაზე ამახვილებს ყურადღებას ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური და for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მთავრობის წევრებს ვალდებულება არ აქვთ, სხდომას ესწრებოდნენ. წინა წლებში კი, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას მთავრობა არ ესწრებოდა, რადგან ირაკლი ღარიბაშვილი ასე თვლიდა. მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილი თვლის, რომ მან პირადი პატივისცემა უნდა დააფიქსიროს როგორც მარგველაშვილის მიმართ, ასევე პარლამენტის მიმართ და ის უფრო ლოიალურად არის განწყობილი.
„ჩვენთვის დებატების გამართვა ან არგამართვა პრობლემა არ არის. დებატების რეჟიმსა და მოსმენის რეჟიმს შორის სხვაობა სამი საათია. ამიტომ, რაიმე პრინციპულ სხვაობას ვერ ვხედავ. ტრადიცია ჩამოყალიბებულია, მხოლოდ ვუსმენთ ხოლმე. თუ ეს ტრადიცია შეიცვლება, ეს უმრავლესობის გადასაწყვეტია“, - დასძენს ძიძიგური.
მეცხრე მოწვევის პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში პრეზიდენტს პირველად უსმენს და მისი მოსმენისას პოლიტიკური დებატებიც პირველად გაიმართება. რეგლამენტის მიხედვით, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისათვის უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) – თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, – 5 წუთი. ამასთანავე, ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. რეგლამენტით, საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში შემავალ ფრაქციებს დებატებისთვის 10-10 წუთი გამოეყოფა, ხოლო სხვა ფრაქციის წარმომადგენლები, რეგლამენტით გათვალისწინებულ 15 წუთს გამოიყენებენ.