„თუ თვითმმართველობის ერთეულთა გაზრდა არ მოხდება, რამდენიმე წელიწადში გაიზრდება მიგრაციული ნაკადები და პატარ-პატარა თავკომბალებს მივიღებთ“, - აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ექსპერტი თენგიზ შერგელაშვილი For.ge-სთან საუბარში.
მუნიციპალიტეტების შემცირება საბჭოთა კავშირისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება დემოკრატიის აუცილებელი პირობაა. რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ თვითმმართველი ქალაქების შემცირება და ზუგდიდის, ოზურგეთის, გორის, თელავის, ახალციხის, მცხეთის, ამბროლაურისთვის თვითმმართველი ქალაქების სტატუსის ჩამორთმევა? ეს ხომ ნიშნავს, რომ მათ არ ექნებათ საკუთარი ბიუჯეტი და არ ეყოლებათ ადგილობრივი ხელისუფლება? ეს მაშინ, როცა უნდა გვეზრუნა ადგილობრივები საკუთარ მუნიპალიტეტებში დარჩენილიყვნენ და თავისი კუთხიდან აყრა არ ეფიქრათ.
- უცხოეთში ჩვენი ზომის ქვეყნებში მუნიციპალიტეტების რაოდენობა გაცილებით მეტია. ევროპა დაფუძნებულია მცირე, საშუალო და დიდი ქალაქების განვითარებაზე. ამჟამად ჩვენ გვაქვს რამდენიმე ათეული ქალაქური ტიპის დასახლება, მათი რაოდენობა უნდა გაიზარდოს. უფრო მეტიც, თვითონ სასოფლო მუნიციპალიტეტებში ტერიტორიული ოპტიმიზაცია იმგვარად უნდა მოვახდინოთ, რომ ახალი მიზიდულობის და ახალი ადმინისტრაციული ცენტრები წარმოიქმნას. ამას შესაბამისი პოლიტიკა სჭირდება. მუნიციპალიტეტებში მცხოვრები საშუალო მოსახლეობით ევროპაში მეორე ადგილზე ვართ. იმ ქვეყნებში კი, რომლებიც სამხრეთულია, მაღალმთიანია, სადაც არის სოფელი, როგორც კულტურული ფენომენი, ყველგან უფრო მცირე მუნიციპალიტეტები გვხვდება. ეს შემთხვევითი არ არის.
ჩვენ თუ არ გვექნება მცირე და საშუალო ქალაქების განვითარებისთვის შესაბამისი პლაცდარმები, რასაკვირველია, თანდათანობით იქ მცხოვრები ხალხი დაიცლება. ადამიანები წავლენ ჯერ სოფლიდან ქალაქში, შემდეგ დედაქალაქში და სხვა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება გაცილებით მეტი ურბანიზაციის ხარისხი. აქეთკენ უნდა იყოს ტენდენცია მიმართული. ამას დასჭირდება ფოკუსირება ქალაქის ინტერესებზე ცალკე, სასოფლო ინტერესებზე-ცალკე და თავად სასოფლო ტენდენციების ხელშეწყობა. ამისკენ უნდა მივდიოდეთ.
ხელისუფლების არგუმენტაცია ფინანსებს უკავშირდება.
- ეს ტყუილია, რადგან მაქსიმალური ეფექტი იქნება 3 მილიონი, რაც არაფერია მთლიან ადმინისტრაციულ ხარჯებთან შედარებით.
ანუ მხოლოდ სამ მილიონს დაზოგავენ?
- დიახ, იმაზე უფრო ნაკლები იქნება ეკონომია ამ რეფორმით, ვიდრე იმით, რასაც ეკონომიკის სამინისტრო უკვე კარგა ხანია, ხარჯავს შენობის იჯარით დაქირავების მიზნით. ამ დროს კი ზიანი ძალზე დიდი იქნება.
ჩვენი ზომის ქვეყნებს უდარებთ უცხოეთში არსებულ მუნიციპალიტეტებს. საზღვარგარეთულ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის რაოდენობა როგორია და რა დატვირთვა ენიჭება რიცხობრივ შემადგენლობას?
- ევროპის მუნიციპალიტეტებში საშუალო მოსახლეობა 6-7 ათასია, ჩვენთან კი ეს რიცხვი დაახლოებით 60-65 ათასია. ესეც ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტია. მეორე არგუმენტია, რომ ქალაქებს თავისი მუნიციპალიტეტი უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს, ისეთ ქალაქებს, სადაც მოსახლეობა 10-15-20 ათასს აღემატება. ამაზე უკვე არავინ დავობს ევროპაში. გამონაკლისია სპეციფიკური შემთხვევები, რომლებიც ძირითადად უფრო ჩრდილოურ ქვეყნებს უკავშირდება. ხოლო, სადაც არის სამხრეთული, მაღალმთიანი, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე ორიენტირებული ქვეყნები, ასეთ ქვეყნებში მუნიციპალიტეტების საკმაოდ დიდი რაოდენობაა. კი, იქაც არის გამსხვილების ტენდენცია, მაგრამ იქ გამსხვილება მიმდინარეობს იმ მხრივ, რომ 5 ათასამდე მაინც აიყვანონ მოსახლეობის ჯამური რაოდენობა. ჩვენ კი 2006 წელს უბრალოდ გავაუქმეთ თვითმმართველობა და აღვადგინეთ რაიონული საბჭოთა სისტემა.
70 წლის განმავლობაში საბჭოთა სისტემამ სადამდეც მიგვიყვანა ყველა სფეროში, კარგად ვიცით. თუ ისევ ვაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს, მაშინ გავაგრძელოთ. სხვათა შორის, შეგვიძლია გადავიღოთ ფილმი „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“. საბჭოთა კავშირის დროს იდეოლოგიზირებული კინოები იყო და ეს დაკავშირებული იყო საერთო პოლიტიკასთან. საბჭოთა პერიოდში თვითმმართველობა არ ყოფილა. იმ დროს სხვა სისტემა მოქმედებდა, მაშინ რაიონები ძირითადი დასაყრდენი იყო. „ნაცმოძრაობამაც“ ისევ რაიონები შექმნა დასაყრდენად, ნაცვლად იმისა, რომ წავსულიყავით ევროპული, ლოკალური, მოსახლეობაზე ორიენტირებული და მათთან ახლოს მდგომი თვითმმართველობის სისტემისკენ. რასაკვირველია, არ უნდა წავიდეთ თვითმმართველ ერთეულთა ძალიან დაწვრილმანებისკენ, როგორც ეს 2006 წლამდე ხდებოდა, მაგრამ ის, რომ ქალაქებს უნდა ჰქონდეს ცალკე თვითმმართველობა, ეს სადაო საკითხი არ უნდა იყოს. მუნიციპალიტეტების შესაძლო გაერთიანებაზე კი არ უნდა ვლაპარაკობდეთ, არამედ რატომ არ აქვს ზესტაფონს, ჭიათურას, ხაშურს, სამტრედიას, სენაკს თვითმმართველობა?
თქვენ თვითმმართველობის რეფორმის ერთ-ერთი ავტორი იყავით. იმ პერიოდში რატომ არ მოხდა მუნიციპალიტეტების რაოდენობის გაზრდა და ჭიათურის, ზესტაფონისა და ხაშურისთვის ამ სტატუსის მინიჭება?
- ჩვენ გარკვეული წინააღმდეგობა შეგვხვდა. სამწუხაროა ეს წინააღმდეგობები, თორემ კარგი სტარტი გვქონდა აღებული. ახლა ამ თემასა და შიდა სამზარეულოზე ჯერ არ ვლაპარაკობ, მაგის დროც მოვა, როცა ვიტყვი, საიდან და რა წინააღმდეგობა მოდიოდა. დღეს ეს არ არის აქტუალური, დღეს მთავარია კონკრეტული ამოცანის შესრულება, რომ არ დააზიანონ უკვე გაკეთებული საქმე. აქ განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელია. ხედვა არ არსებობს ამ სფეროში. შეეშვან ამ ქალაქებს და ჯობს, მიხედონ იმ საკითხებს, რაც ჯერ კიდევ გასულ წელს სამინისტროში მომზადდა ათეულობით პროექტის სახით. ზოგიერთი მათგანი პარლამენტში პირველი მოსმენით არის გატანილი, ზოგი-მთავრობის სხდომამდეა მისული. ეს ყველაფერი დღეს გაყინულია. ამ დროს კი საუბრობენ ამ 7 ქალაქის გაერთიანებაზე, რაც წარმოუდგენელია.
თქვენ შიდა სამზარეულოზე არ ლაპარაკობთ, მაგრამ მაშინაც, ალბათ, ხელისუფლება ეწინააღმდეგებოდა მუნიციპალიტეტების დაყოფას. იმ პერიოდშიც ფინანსური არგუმენტით ამართლებდნენ საკუთარ პოზიციას?
- პირდაპირ გეტყვით, ძირითადად ამის მოწინააღმდეგენი გახლდნენ ის ადამიანები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ დროს ჩართულნი იყვნენ 2006 წელს არსებულ „რეფორმაში“; მეორე მხრივ, იყვნენ ცალკეული ადამიანებიც, რომლებიც ზედაპირულად უყურებდნენ ამ საკითხს და თვითმმართველობა არ მიაჩნდათ უპირველეს ამოცანად.
თუ თქვენს პოზიციას გავიზიარებთ, გამოდის, „ნაციონალებს“ აწყობდათ ხალხის გადინება და სოფლების დაცლა?
- „ნაციონალებს“ სჭირდებოდათ კონცენტრაცია. კონსტიტუციაში ცვლილებები რომ შეიტანეს, 2004-05 წლებში პარალელურად მოახდინეს გარკვეული კონცენტრაცია, დატოვეს იმდენი მუნიციპალიტეტი, რაც ადვილად სამართავი იქნებოდა. თანაც, გაითვალისწინეთ, „ნაციონალებისთვის“ სოფლის მეურნეობა ჩამორჩენილობის სინონიმთან ასოცირდებოდა, რაც მათ იდეებთან შესაბამისობაში არ მოდიოდა. დღეს, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ სოფელი უნდა გადავარჩინოთ, მოსახლეობა ადგილზე დავტოვოთ, მთელი კონცენტრაცია სწორედ მუნიციპალიტეტის განვითარებაზე უნდა იყოს ფოკუსირებული.
თქვენც მიიჩნევთ, რომ მუნიციპალიტეტების შემცირება წინააღმდეგობაში მოდის „ქართული ოცნების“ დროს გატარებულ თვითმმართველობის რეფორმასთან? ეს მაშინ, როცა ეფექტური თვითმმართველობის ჩამოყალიბება „ოცნების“ დაპირება იყო.
- საერთოდ, ეს საკითხი წინააღმდეგობრივია და აჯობებს, ეს თემა დღის წესრიგიდან მოხსნას იმან, ვინც საკითხი ასე წამოჭრა. ყველაფერს თავი დავანებოთ, ეს პოლიტიკურადაც არ არის მომგებიანი. ამიტომ ადგილზე ჩავიდნენ და ქალაქ გორის, მისი მიმდებარე სოფლების, ახალციხისა და სხვა რაიონების მოსახლეობას შეხვდნენ, ჩაატარონ ის პროცედურები, რაც კანონითაა გაწერილი. ისე არ არის, რომ კანონი პარლამენტში პირდაპირ გაიტანონ. თვითმმართველობის კოდექსს აქვს გაწერილი პროცედურები, ჯერ უნდა გამოქვეყნდეს, მოხდეს მისი განხილვა, საკითხების შეჯერება, წარდგენა პარლამენტში. ასე ადვილი არ არის მუნიციპალიტეტების დაყოფა და გამსხვილება. მოიკითხონ რაიონებში, მაგალითად, სასოფლო მუნიციპალიტეტებში, კონკრეტულ სფეროებში, თუნდაც დასაქმებისა და საბავშვო ბაღების სფეროში გაყოფამდე უკეთესი მდგომარეობა იყო, თუ გაყოფის შემდეგ?
ამჟამად არსებობს 12 თვითმმართველი ქალაქი, მათ შორის, საქართველოს დედაქალაქი-თბილისი და 67 თვითმმართველი თემი. მაგრამ დამატებით კიდევ რამდენს უნდა მიეცეს ეს სტატუსი?
- დღეს არსებული მოცემულობით, 20-დან 30-მდე თვითმმართველი ქალაქი უნდა გვქონდეს. იქ, სადაც 10-15 ათასი მოსახლეა (და ეს არის ქალაქური, ურბანული ტიპის დასახლება), მათი განხილვა ყოველთვის შეიძლება ცალკე მუნიციპალიტეტებად. მათ შორისაა, ზესტაფონი, ჭიათურა, სამტრედია, ხაშური და ა.შ.
2 და 3-დონიან თვითმმართველობაზე რას ფიქრობთ?
- საქართველოს პირობებში 2-დონიანი თვითმმართველობა კი არა, გუბერნეტორებსაც არანაირი ფუნქცია არ აქვთ, გარდა იმისა, რომ ხელი შეუშალონ მუნიციპალიტეტებს საქმიანობაში. იმისთვის გვინდოდა თვითმმართველობის კოდექსი, რომ გარკვეული ეკონომიკური ფუნქციებით აღგვეჭურვა მუნიციპალიტეტები. ამას მოჰყვა წინააღმდეგობა და ეს ვერ მოხერხდა. ზოგადად, სხვადასხვა ქვეყანაში თვითმმართველობის სხვადასხვა დონეა, მათი ზომებიდან გამომდინარე. არსებობს მუნიციპალიტეტი, რომელიც აგვარებს მუნიციპალურ პრობლემებს, არსებობს რეგიონული მნიშვნელობის პრობლემები. ხშირ შემთხვევაში, არსებობს მათ შორის კიდევ შუალედური რგოლი და არსებობს ცენტრალური ხელისუფლება. ეს არის ხელისუფლების დანაწილების საერთო სტრუქტურა. სამწუხაროდ, ეს კარკასი ჩვენ ვერ შევქმენით და დღეს იმიტომაც გვაქვს პრობლემა ბევრ სფეროში. ცენტრალური ხელისუფლების სამინისტროების 80% ყოველდღიურ სამეურნეო რუტინაშია, ნაცვლად იმისა, რომ ისინი სტრატეგიაზე, პოლიტიკასა და ხედვებზე ფიქრობდნენ. ეს სამეურნეო რუტინა გადასულია ქვედა დონეებზე-მუნიციპალურ დონეზე, რეგიონალურ დონეზე და ა.შ. ამ დროს რომ ჩახვიდეთ ავსტრიაში, გერმანიაში, თუნდაც რომელიმე დიდ თუ პატარა ქვეყანაში, მოსახლეობის უმრავლესობას არასდროს შეხება არ ჰქონია არც ერთ სამინისტროსთან. მათ იციან, რომ ძირითადი შეხება უნდა ჰქონდეთ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან. ასე არის აწყობილი საჯარო მმართველობა, ჩვენ კი ამ გზით ნელი ნაბიჯებით მივდივართ.