რუსეთის ახალი აგრესიული პოლიტიკა

რუსეთის ახალი აგრესიული პოლიტიკა

აშშ-ის სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა. სენატის რეზოლუცია N106, გმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციaს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეების, სენატორ როჯერ უიკერისა და სენატორ ბენ კარდინის ინიციატივით შევიდა.

„ამერიკის ხმის“ ქართული ბიუროს ინფორმაციით, რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფა უხეშად არღვევს ჰელსინკის საბოლოო აქტის მთავარ პრინციპს და, რომ საქართველო ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ძლიერი პარტნიორია. ამის მაგალითად კი, დოკუმენტის ტექსტში ევროპის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებაა მოყვანილი და აღნიშნულია, რომ ამგვარი მნიშვნელოვანი მოვლენა კონსტრუქციული ურთიერთობების დასტურია.

„რუსეთის მთავრობა დიდი ხანია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. დროა, აშშ-ის სენატმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადოს, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ მეზობელი სახელმწიფოების მიწების მიტაცებას და, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დადგენილი პირობების გატარება უნდა უზრუნველყოს“, - განაცხადა როჯერ უიკერმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ის სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის შესვლა ოფიციალური თბილისის მუშაობის შედეგია. მიხეილ ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ სენატი რეზოლუციას მხარს დაუჭერს.

„ეს არის ჩვენი მუშაობის შედეგი. მოგეხსენებათ ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მსგავსი მხარდასაჭერი მესიჯები ხშირად ისმის როგორც სენატორებისგან, ასევე კონგრესმენებისაგან“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის განცხადებით, მაქსიმალურად უნდა შეიცვალოს ყველა ის დისკრიმინაციული ქმედება და პოლიტიკა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს. მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმის დისკრიმინაციული ქმედებების შესცვლელად, საქართველოს პარტნიორებისა და საერთაშორისო საზოგადების მაქსიმალური მობილიზება ხდება.

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ვანო მაჭავარიანი განმარტავს, რომ აშშ-ის სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერა უაღესად მნიშვნელოვანია.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა უაღესად მნიშვნელოვანია. სენატორები რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერები არიან და ასევე ადმინისტრაცია ძალიან აქტიურად ჩართულია პროცესში. სახეზეა ახალი აგრესიული პოლიტიკა რუსეთიდან, რომელსაც ის „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში ეწევა. ჩვენი კოორდინირებული პოლიტიკა მნიშვნელოვანია რათა მოხდეს ამ პროცესის შეჩერება“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

აშშ-ის სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა, პარალელურად, რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრები მოსკოვში ხელს აწერენ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ცალკეული ქვედანაყოფების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ დამატებით შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლების რუსეთის არმიაში კონტრაქტით სამსახურს და მათი რუსეთის სამხედრო ბაზებზე გამგზავრებას ნებაყოფლობითი წესით.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ცალკეული ქვედანაყოფების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ შეთანხმებას გამოეხმაურა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, რომლის შეფასებით, რუსეთის პოლიტიკა, რომლის თანახმად, „სამხრეთ ოსეთი“ სახელმწიფოდ არის აღიარებული, არაკანონიერია.

„ამ პოლიტიკას არ სცნობს საერთაშორისო საზოგადოება, გაერო და ნატო-ს წევრი ქვეყნები. აღნიშნული შეთანხმება უარყოფითი ნაბიჯია, რაც ცხადყოფს, რომ რუსეთი დაინტერესებული არ არის რეგიონში არსებული პრობლემები მშვიდობიანი გზით გადაიჭრას“, - აღნიშნა უილიამ ლაჰიუმ.

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის განცხადებით, სამხედრო ერთიანი ხელმძღვანელობის ქვეშ სამხედრო შენაერთების მოქცევა მიმართულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად ევროპული და შავი ზღვის რეგიონალური პოლიტიკის წინააღმდეგ.

„ეს ქმედება არის ანექსიის გაგრძელება. რუსეთის პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა თქმა უნდა, არის ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება. სამხედრო ერთიანი ხელმძღვანელობის ქვეშ სამხედრო შენაერთების მოქცევა მიმართულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად ევროპული და შავი ზღვის რეგიონალური პოლიტიკის წინააღმდეგ“, - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.