„მარგველაშვილს პრემიერზე 10%-ით მეტი რეიტინგი რომ ჰქონდეს, ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი იქნებოდა“

„მარგველაშვილს პრემიერზე 10%-ით მეტი რეიტინგი რომ ჰქონდეს, ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი იქნებოდა“

ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის პასუხები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ - 26 %;

„ნაციონალური მოძრაობა“ - 15%;

„ევროპული საქართველო“ - 7%;

„ლეიბორისტული პარტია“ - 6%;

„პატრიოტთა ალიანსი“ - 4%.

გამოკითხულთა15% ამბობს, რომ ხმას არაც ერთ პარტიას არ მისცემს, 20% ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება პოლიტიკოსთა რეიტინგებს:

გიორგი მარგველაშვილი - 67%;

დავით სერგეენკო - 65%;

გიორგი კვირიკაშვილი - 55%-;

დავით ბაქრაძე - 50%.

IRI-ის სოციოლოგიური კვლევის შედეგები 3 აპრილს გახდება ცნობილი.

IRI მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს მმართველი გუნდი. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ იმ კომპანიების კვლევებს ენდობა, რომელთანაც „ქართული ოცნება“ თანამშრომლობს. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, მათი დაკვეთით კიდევ ერთი კვლევა ჩატარდება.

„უახლოეს მომავალში ჩავატარებთ ჩვენს კვლევას. ეს კვლევა მოგვცემს საშუალებას, წინასწარ განვსაზღვროთ პროგნოზი, რომელიც დაკავშირებული იქნება მათ შორის მუნიციპალურ არჩევნებთან. დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა არის მაღალი და, შესაბამისად, ჩვენი შედეგი მომდევნო მუნიციპალურ არჩევნებში ძალიან მაღალი იქნება.

ჩვენ სხვადასხვა კომპანიებს, რომლის მიმართაც გვაქვს ნდობა, კვლევებს ვუკვეთავთ. ეს ნდობა პირველ რიგში, დადასტურებულია იმით, რომ კვლევები გვაძლევს არჩევნების პროგნოზირების საშუალებას, განსხვავებით იმ კვლევებისგან, რომელიც სხვა სუბიექტებისგან იდება ხოლმე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

კვლევის შედეგების სანდოობას ეჭვის ქვეშ აყენებს ვიცე-პრემიერი. ალექსანდრე ჯეჯელავა განცხადებით, საარჩევნო გამოცდილება აჩვენებს, რომ IRI-ის ციფრები ძალიან შორს არის რეალობისგან.

„ზუსტად ორჯერ ნაკლები იყო IRI-ის მიხედვით წინასაარჩევნო კვლევაში „ქართული ოცნების“ რეიტინგი, ვიდრე რეალურად აღმოჩნდა. ეს ნიშნავს, რომ საარჩევნო გამოცდილებით, ძალიან შორს არის რეალობისგან IRI-ის ციფრები. ამხელა შეცდომების შემდეგ მაინცდამაინც მაღალ ნდობას ჩემში აღარ იწვევს IRI-ის ციფრები. ჩვენ ვაკვირდებით და ვითვალისწინებთ ყველა კვლევის შედეგებს, რომელიც გამოქვეყნდება. ჩვენ თვითონაც გვექნება ამ მიმართულებით სამუშაო ჩატარებული. უბრალოდ, იმ ხალხს, ვისაც ორჯერ შეეშალა, ორჯერ ნაკლები ციფრები მოიკვლიეს წინასაარჩევოდ, იმათ ციფრებს რომ დავეყრდნოთ, არასერიოზული იქნება ალბათ“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

„როდესაც ყოველ ჯერზე გვაქვს 20%-იანი ცდომილება ორი კვირის წინ ჩატარებულ კვლევასა და ორი კვირის შემდეგ ჩატარებულ არჩევნებს შორის, მართლა ძალიან მიჭირს ამაზე სერიოზული კომენტარები გავაკეთო“, - ასე აფასებს IRI-ის კვლევის შედეგებს განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი. მინისტრის განცხადებით, IRI-ის წინა კვლევის თანახმად, „ქართული ოცნებას“ ჰქონდა 20%, „ნაციონალური მოძრაობას“ - 19% და „თავისუფალ დემოკრატებს“ - 13%.

„ეს იყო სამი პარტია, რომელსაც ბარიერი უნდა გადაელახა. „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ თითქმის თანაბარი წარმომადგენლობა უნდა ჰყოლოდა პარლამენტში, თუმცა ვიცით შედეგი - „ქართულ ოცნებას“ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, „თავისუფალ დემოკრატებზე“ აღარ ვილაპარაკებ და ბარიერი სულ სხვა პარტიამ გადალახა.

მზად ვარ, რომ სერიოზული კომენტარები გავაკეთო ნებისმიერ კვლევაზე, რომლის შედეგებიც რეალურ შედეგს 20%-ზე მეტად არ ასცდება ერთხელ მაინც, მაგრამ როდესაც ყოველ ჯერზე გვაქვს 20%-იანი ცდომილება ორი კვირის წინ ჩატარებულ კვლევასა და ორი კვირის შემდეგ ჩატარებულ არჩევნებს შორის, მართლა ძალიან მიჭირს ამაზე სერიოზული კომენტარები გავაკეთო. ჯერ არ მახსოვს, რამე კვლევის შედეგები, ჩვენი შიდა კვლევების გარდა, რომელიც მეტ-ნაკლებად ასახავდეს რეალობას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მთავრობის წევრებისგან განსხვავებით IRI-ის რეიტინგებში პრეზიდენტისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ის პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა პრეზიდენტის ინსტიტუტის საერთო, სახალხო არჩევასთან დაკავშირებით. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ყოველთვის ყურადღებით აკვირდება რეიტინგებს და იმ დინამიკას, რაც ჩანს რეიტინგებში.

„რა თქმა უნდა, გვაინტერესებს ის პოზიცია, რომელსაც გამოხატავს ქართული საზოგადოება. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ამ რეიტინგებში იყო ის პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა პრეზიდენტის ინსტიტუტის საერთო, სახალხო არჩევასთან დაკავშირებით. მე მიხარია, რომ ქართულმა საზოგადოებამ ასე ერთმნიშვნელოვნად, ასე მკაფიოდ თავისი პოზიცია დაუფიქსირა მთელს სახელმწიფოს - დააფიქსირა ძალიან ნათელი გზავნილი, რომ ხალხის ინტერესშია იმ უფლების შენარჩუნება, რაც ქართველ ხალხს ჰქონდა ტრადიციულად და რაც გულისხმობს იმას, რომ აირჩიოს ქვეყნის მეთაური. ასეთი პოზიცია და ასეთი ნათელი გზავნილი, ბუნებრივია, უნდა იქნას გაზიარებული“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ტრადიციაულად, NDI-ის და IRI-ის ეგიდით ჩატარებული კვლევები არ იმსახურებენ ანალტიკოსების ნდობას. რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ერთი შეხედვით დიდად გასაკვირი არ უნდა იყოს პარტიული შედეგები, რადგან როგორც წესი, გამარჯვებული პოლიტიკური პარტია კარგავს ხოლმე რეიტინგს.

„მმართველი პარტიის რეიტინგი დაწეულია, რაც მოსალოდნელი იყო. ყველა არჩევნების შემდეგ გამარჯვებულების რეიტინგები დაბლა მიდის. შევხედოთ ტრამპის რეიტინგს, საგრძნობლად დაეცა მისი რეიტინგი. ამ კვლევაში საეჭვო არის ის ხვაობა, რაც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპული საქართველოს“ შემთხვევაში დაიდო.

ერთი პარტია კვლევაში წარმოდგენილი არის ორი სახით, ერთი იღებს 15%-ს, მეორე 7%-ს, რაც ჯამში საკმაოდ სოლიდური გამოდის, უფო მეტი ვიდრე არჩევნებში მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. არადა ესენი ერთი ჯგუფის ნაწილები არიან, ასე რომ, ეს შედეგიც გაუგებარია.

მეორე მხრივ, არც ის არის გამორიცხული, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც იცოდეს ამ გაყოფის შესახებ. ასევე არ ვიცით, გადაამოწმა თუ არა მოსახლეობის პოლიტიკური კომპეტენცია იმ ჯგუფმა, რომელიც ამ კვლევაზე მუშაობდა. ასე რომ, ჭუჭყიანი ნამუშევარია, თუ არ არის საერთოდ ტენდენციური“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

მისი თქმით, სპეციალისტებშიც ეს კვლევები ხშირად იწვევს ეჭვს, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც 2012 წლის არჩევნებზე NDI-ის და IRI-ის კვლევებმა დაახლოებით 12%-იანი ცდომილება აჩვენეს. შესაბამისად, ამხელა შეცდომის მერე რომ არ ენდობოდე იმ ორგანიზაციას, ვინც კვლევებს ხელმძღვანელობს, გასაკვირი არ უნდა იყოს.

„ლეიბორისტული პარტია, რომელიც საერთოდ არ ჩანს ჰორიზონტზე, რატომ უნდა იყოს ამხელა რეიტინგის მქონე? - ეს კიდევ მორიგი გაუგებრობაა. ეს გაუგებრობები ლოგიკურად რომ შევკრიბოთ, ლოგიკური იქნება თუ ვიტყვით, რომ IRI მოქმედება „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიღაცა ჯგუფის დაკვეთით, ან თავად „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით. ასეთ შემთხვევაში ლოგიკურ სურათს ვიღებთ.

თუ გავიხსენებთ, ადრე, ნათელაშვილს ჰქონდა მაღალი რეიტინგები, ცდილობდნენ წინ წამოეწიათ რეიტინგებში, ასევე მეტი ჰქონდა „ნაცმოძრაობას“, ვიდრე რეალურად აქვს და საერთოდ, 2012 წელს გამარჯვებულად გამოაცხადეს, აი ამ სოციოლოგიასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ NDI-ის და IRI-ის ეგიდით ჩატარებული კვლევები საზოგადოების ნდობას არ იმსახურებს, თუმცა, ამის მიუხედავად ჯიუტად ცდილობენ შემოვიდნენ ამ ველზე და გარკვეული საზოგადოებრივი აზრის მობილიზება მოახდინონ.

„რაც შეეხება მარგველშვილის 67%-ს და ლეიბორისტების 6%-ს, როგორც ჩანს, კვლევის დამკვეთები ასე ხედავენ პოლიტიკური ძალების განლაგებას და ასეთ სურათს ამზადებენ მომავალი არჩევნებისთვის, მაგრამ ეს რეალობას არ შეეფერება. მე არ მჯერა, რომ საქართველოში ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი მარგველაშვილია, ეს არის ძალიან დიდი სისულელე.

რასაკვირველია, მარგველაშვილს გარკვეული პოპულარობა აქვს იმიტომ, რომ აღიქმება როგორც გარკვეული ოპოზიციური ფლანგის ლიდერი. კრიჭაში უდგას ცალკე მთავრობას, ცაკლე პარლამენტს და განიხილება როგორც რაღაცა ალტერნატიული ძალა და ბუნებრივია, რომ უნდა ჰქონდეს გარკვეული პოპულარობის მარაგი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსია, ეს წარმოუდგენელი სისულელეა.

მართლა ასე რომ იყოს და პრემიერ-მინისტრზე თითქმის 10%-ით მეტი რეტინგი ჰქონდეს, ასეთ შემხთვევაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი იქნებოდა ქვეყანაში. რასაკვირველია, ამის ნიშნები არ ჩანს. ე.ი. ნდობის კრიზისი ჯერჯერობით მთავრობას არ აქვს როგორც პარლამენტის, ასევე ხალხის წინაშე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.

მისი თქმით, ქვეყნდება ცრუ ინფორმაციები და მერე ხდება ამ რეიტიგნების გარშემო შეხედულებებისა და განწყობების მობილიზება, რასაც „ეს კომპანიები ჯერ კიდევ სააკაშვილის დროიდან ცდილობენ“.