მოსმენების შესახებ კანონი ძალაში შევიდა

მოსმენების შესახებ კანონი ძალაში შევიდა

30 მარტი არის ის ბოლო ვადა, როცა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული სსიპ - ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო უნდა ამოქმედდეს. სააგენტო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება. თავად სააგენტოს უფროსი, პარლამენტის მიერ მიღებული კანონით დადგენილი წესით, 3 თვის ვადაში დაინიშნება.

კანონის მიხედვით, სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. დანიშვნამდე კი, უფროსის კანდიდატურას შვიდკაციანი სპეციალური კომისია შეარჩევს. თავის მხრივ, კომისიას არჩევანის გაკეთება იმ სამ კანდიდატს შორის მოუწევს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი შეარჩევს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს.

ვინ გახდება სააგენტოს ხელმძღვანელი, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ უმრავლესობის წევრებს. კობა ნარჩემაშვილის განმარტევით, არსებობს შვიდკაციანი კომისია, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას. დეპუტატი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონი არის ოქროს შუალედი, რომელიც ერთდროულად იცავს როგორც ადამიანის უფლებებს, ასევე უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას.

„შეიძლება ოპონენტები დავობენ იმასთან დაკავშირებით, რამდენად არის დამოუკიდებლობის ხარისხი, მაგრამ დამოუკიდებლობის ხარისხი იმდენად არის განსაზღვრული, რამდენადაც ამას ითვალისწინებს საზოგადოების და ქვეყნის უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ განვითარების ამ ეტაპზე, ის ზუსტად შეესაბამება გამოწვევების და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, დღევანდელ ვითარებას“, - ამბობს კობა ნარჩემაშვილი.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, ამერიკული მხარე მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას დახმარება გაუწიოს. როგორც ელჩმა აღნიშნა, მთავარია, ამ საკითხზე არსებობდეს საპარლამენტო ან სასამართლო ზედამხედველობა.

„ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდით ამ პროცესს. ამ საკითხში მთავარია, არსებობდეს ზედამხედველობა კანონის აღმასრულებელ სამსახურებზე. თუკი ამ პროცესში მთავრობას სჭირდება რამე სახის დახმარება ან რეკომენდაციები, ჩვენ მზად ვართ. მთავარია, არსებობდეს საპარლამენტო ან სასამართლო ზესდამხედველობა ასეთ საკითხებზე“, - აღნიშნა იან კელიმ.

ე.წ. მოსმენების შესახებ კანონი ძალაში დღეიდან შედის, თუმცა „ევროპული საქართველო“ კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ამოქმედებამდე გეგმავს. იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მათ მოთხოვნას არ გაიზიარებს, უკვე ევროპულ სასამართლოს მიმართავენ. გიორგი ტუღუშის განცხადებით, ე.წ. მოსმენების შესახებ კანონი არის არაკონსტიტუციური.

„ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლებები გაუფართოვა და ქვეყანაში უკანონო მოსმენები დააკანონა. „ქართულმა ოცნებამ“ იმის მაგივრად, რომ საკანონმდებლო დონეზე მაინც შეექმნას დაცვის გარანტიები, პირიქით, მიიღო კანონი, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლებები გაუფართოვა - შექმნა ახალი სააგენტო, რომელიც უშუალოდ დაუქვემდებარა ისევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ამით არ შესრულდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ამიტომ, ვაპირებთ, რომ ეს კანონი გავასაჩივროთ საკონსტიტუციო სასამართლოში და იქ ვიდავოთ მის კონსტიტუციორობაზე“, - აცხადებს გიორგი ტუღუში.

„ნაციოანლური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის შეფასებით საქართველოს ხელისუფლების ისტორიას ერთი შავი ლაქა დაემატა, რომელიც არის ტოტალური მოსმენის სისტემის დამკვიდრება.

„მათი მთავარი მიზანია გააკონტროლონ საზოგადოება, აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური ოპონენტები, რაც საბოლოო ჯამში, ემსახურება ხელისუფლების შენარჩუნებას და ქვეყანაში ავტორიტარული ტენდენციების გაღრმავებას. ეს არის არაკონსტიტუციური“, - ამბობს რომან გოცირიძე.

იმ მოტივით, რომ ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო, სუს-ის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდა, სწორედ ამიტომ „პატრიოტთა ალიანსმა“ მხარი არ დაუჭირა კანონს.

„ბევრჯერ მითქვამს, ჩვენი პოზიცია ჩამოვაყალიბეთ პლენარულ სხდომაზეც, რომ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ამ პროექტს და ამ მოდელს. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს იმას, რომ ეს სტრუქტურა დამოკიდებული იყოს სუს-ზე. ჩვენი პოზიცია იყო, რომ სტრუქტურა უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი სუს-ისგან. ჩვენ ვსაუბრობთ კონცეფტუალურად სხვა სააგენტოზე, კერძოდ, კიბერუსაფრთხოების სააგენტოზე, რომელიც შეიცავს სულ სხვა ქვედანაყოფებს, რომელსაც სულ სხვა ფუნქცია აქვს. ვინაიდან, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი აცდელილი იყო ჩვენს ხედვასთან, ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ ამ კანონს და იგივე პოზიცია გვაქვს დღესაც“, - აცხადებს ირმა ინაშვილი.