„ოცნება“ შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის მინიჭებას შეცდომად მიიჩნევს და უკან დაბრუნების გზებს ეძებს

„ოცნება“ შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის მინიჭებას შეცდომად მიიჩნევს და უკან დაბრუნების გზებს ეძებს

მმართველი გუნდი საკუთარი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლას და შვიდი თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გარეშე დატოვებას გეგმავს. თუკი „ქართული ოცნება“ თვითმმართველი ქალაქების შექმნის ინიციატივით 2014 წელს გამოვიდა, უმრავლესობამ პოლიტიკური გადაწყვეტილება შესაძლოა, 2017 წელს შეცვალოს და მხარი თვითმმართველი ქალაქების შემცირებასა და გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებას დაუჭიროს.

თვითმართველი ქალაქების პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობაში კონკრეტული კანონპროექტი მომზადებული ჯერჯერობით არ არის, თუმცა მმართველი გუნდი არ მალავს, რომ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა, გადაიხედოს. საუბარია, პარლამენტის მიერ მიღებულ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე“, რომლის მიღებაც მმართველმა გუნდმა რეფორმის დასაწყისად გამოაცხადა და თელავს, ოზურგეთს, ზუგდიდს, გორს, ამბროლაურს, მცხეთასა და ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიანიჭა, მათი ტერიტორიული ოპტიმიზაცია კი, ქალაქის დანარჩენი ტერიტორიიდან გამოყოფით განხორციელდა და დარჩენილი ტერიტორია ერთ მუნიციპალიტეტად გაერთიანდა.

საპარლამენტო უმრავლესობა საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილების შესაძლო შეცვლას რეფორმის არგამართლებას უკავშირებს, თუმცა ოპოზიცია ხელისუფლების არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე მიანიშნებს და „ოცნებას“ იმის დასაბუთებას სთხოვს, თვითმმართველ ქალაქებს მინიჭებულ სტატუსს რატომ ართმევს.

რეალურად, საქმე პროექტის არგამართლებასთან გვაქვს თუ, სხვა პოლიტიკურ მიზანთან, ეს უფრო ნათელი მას შემდეგ გახდება, რაც ცვლილებათა პაკეტი განსახილველად საკანონმდებლო ორგანოში შევა, თუმცა უმრავლესობაში საუბარი უკვე იმაზე დაიწყო, თავის დროზე, ინიციატივას მხარს ვინ უჭერდა და ვინ - არა.

როგორც ირკვევა, იდეის მოწინააღმდეგეთა შორის იყო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. ყოველ შემთხვევაში, კობახიძე ირწმუნება, რომ შვიდი მუნიციპალიტეტის გაყოფა არასწორი იყო და ის ამის წინააღმდეგი თავიდანვე იყო, რადგან გაყოფილი თვითმმართველი ერთეულების გაერთიანება სირთულეებთან არის დაკავშირებული და ამის განხორციელებას სიღრმისეული მსჯელობა სჭირდება.

„ვინც ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში ღრმად ჩახედულია, ამაში დამემოწმება. რამდენიმე წლის წინ, ამის გაკეთებას თავისი კონტექსტი ჰქონდა, თუმცა დეტალებში აღარ შევალ. ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონოთ და შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ. მხედველობაში ყველა ასპექტი უნდა მივიღოთ. მათ შორის, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი“, - აღნიშნავს კობახიძე.

პარლამენტის იმ წევრებს შორის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგურიც იყო, რომელთაც მხარი თვითმართველობის რეფორმას დაუჭირეს. თავის დროზე, ძიძიგურმა კანონპროექტი მოიწონა, თუმცა ამჟამად, ის for.ge-სთან ყურადღებას პროექტის უარყოფით მხარეებზე ამახვილებს:

„როცა თვითმართველი ერთეულები პატარავდებოდა, მაშინ მთავარი ამოცანა იყო, რომ მოქალაქეებისთვის თვითმმართველი ქალაქის მომსახურება უფრო ეფექტური, ხელმისაწვდომი და კარგი გამხდარიყო. ეფექტური სისტემის ნაცვლად, საარჩევნო ოლქში ორი ადმინისტრაცია და ორმაგი ხარჯი მივიღეთ. ამ ადმინისტრაციებს შორის კი, არც თუ ისე ჰარმონიული დამოკიდებულებაა. ამ ცვლილებებით შემოღებული იქნა მერის პირდაპირი არჩევის წესი, 50 პროცენტიანი ბარიერი და ა.შ. თუმცა, ამ ნაწილში ვერ ვიტყვი, რომ ეფექტური ცვლილება განვახორხიელეთ. ამ თემას როგორ უნდა ეშველოს, ამ თემაზე უნდა ვიმსჯელოთ“, - აცხადებს დეპუტატი.

ძიძიგური პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა, საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალოს.

„თვითმართველობის რეფორმა ცოცხალი პროცესია. შეუძლებელია, ისეთი გლობალური რეფორმა როგორც თვითმართველობაა, გაისროლო და 100 პროცენტში გაარტყა. შეიძლება, რეფორმის დიდმა ნაწილმა გაამართლოს და ნაწილმა - არა. როცა ამბროლაურში ორი ადმინისტრაცია გვაქვს, სადაც 10 ათასი ადამიანი ფურცელზე ცხოვრობს, არ მგონია, რომ ეს ნაბიჯი ჯამურად სწორი გამოვიდეს“, - ამბობს ძიძიგური.

მერვე მოწვევის პარლამენტში, აღნიშნული ცვლილებების ერთ-ერთი მომხსენებელი ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი იყო, რომელიც უმრავლესობაში საკითხზე მსჯელობის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს და for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ არსებულმა გამოცდილებამ კითხვები გააჩინა იმასთან დაკავშირებით, რამდენად ეფექტური იყო გადაწყვეტილების მიღება და რამდენად ეფექტურად იმუშავა ცვლილებებმა.

კანონმდებელი ამბობს, რომ ამ საკითხზე ამ ტიპის განხილვა ძალიან ნორმალურია იმ ქვეყნებშიც კი, სადაც თვითნართველობები საუკუნეებია არსებობს.

„თვითმმართველობის ახალი რეფორმა გვაქვს დაწყებული. არ არის გამორიცხული, რომ კანონპროექტის მომზადებისას რაღაც კორეტირება განხორციელდეს. ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიღებული არ იქნება, ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართება. ჩვენი მიზანია, საქართველოში თვითმმართველობის ინსტიტუტმა ეფექტურად იფუნქციონიროს. შეცდომა ისაა, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას არასოდეს არ გადახედო და გაჯიქდე. არ ვიცი, ეს შეცდომა იყო თუ არა, ეს ისაა, რომ უფრო ადეკვატური იქნება ამ გადაწყვეტილების მიღება. ამაში ტრაგიკული არაფერია. მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს და თვითმართველი მუნიციპალიტეტების რიცხვი შეიცვალოს და კრიტერიუმები განვსაზღვროთ. შემთხვევითი კრიტერიუმები ადეკვატური არ შეიძლება იყოს“,- აღნიშნავს ჟორჟოლიანი.

რაც შეეხება ოპოზიციის განწყობას, საპარლამენტო ძალები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ახსნა-განმარტება წარადგინოს იმის თაობაზე, 2014 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას თუ რატომ ცვლიან.

როგორც for.ge-ს უმცირესობის წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, „ქართულ ოცნებას“ თვითმართველობაში ჩასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით ძალიან ზერელე წარმოდგენა ჰქონდა. მისი თქმით, უმრავლესობა კიდევ უარესი რეფორმის გატარებას აპირებდა, რადგან არათუ თვითმმართველი ქალაქები უნდა ყოფილიყო, არამედ თვითმმართველი თემები უნდა შექმნილიყო.

„არ ვიცი, განხორციელებულმა რეფორმამ როგორ იმუშავა, თუმცა ორი წლის თავზე, ამ რეფორმის ცვლილებაზე რომ საუბრობენ, ცხადია, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს ფორმა არაეფექტურია. თვითმართველობა დაფუძნებული ეკონომიკურ შესაძლებლობებზე უნდა იყოს და თვითმმართველი ტერიტორიები იმ ტერიტორიებით უნდა განისაზღვროს, რომელთაც შეიძლება თვითკმარი ეკონომიკა ჰქონდეთ. შეიძლება, თვითმართველობების კიდევ მეტად დაყოფის გზით წავიდეთ, მაგრამ ხელისუფლების ჭკუით ამ ყველაფერმა არ გაამართლა და მათი არგუმენტები უნდა მოვისმინოთ, რეფორმის არგამართლებას რაში ხედავენ. უნდა ვნახოთ, ეს არგამართლება პოლიტიკურ მოსაზრებებს ეფუძნება თუ ობიექტურ საფუძვლებს. თუ უარესი უნდა მივიღოთ, ზოგჯერ, შესაძლოა, სტატუსკვოს შენარჩუნება სჯობდეს. ფაქტია, რომ თვითმართველობის მიმართულებით ეს ოთხი წელი დაკარგულია“, - დასძენს ბობოხიძე.

ხელისუფლებას არგუმენტების წარდგენას ურჩევს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე გიორგი ლომიაც. for.ge -სთან საუბარში ლომია აღნიშნავს, რომ თუ უმრავლესობას საკითხზე რაიმე მოსაზრება აქვს, ოპოზიციას უნდა გააცნოს.

ლომიას განცხადებით, ის იმ აზრს არ იზიარებს, რომ ქალაქებს თვითმართველობა უნდა ჩამოართვან.

„თუ ასეთი მოსაზრებაა, კანონპროექტის სახით მოგვაწოდონ, რათა ის გავაანალიზოთ, ამის გაკეთება რატომ უნდათ. ხელისუფლება თავის პოზიციებს ცვლის, რისიც არაერთი მაგალითია. ვერ ვხდები, რა საჭიროება არსებობს იმის, რომ თვითმართველ ქალაქებს ეს სტატუსი წაართვან. მათ უფრო მეტი საშუალება აქვთ, რომ ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა განავითარონ და მათთვის ამის წართმევის მიზეზი გაურკვეველია. ხელისუფლებამ უნდა აგვიხსნას, ამის გაკეთებას რატომ აპირებს“, - აცხადებს ლომია.

მოქმედი დეპუტატების მსგავსად, ხელისუფლებას აკრიტიკებს ყოფილი დეპუტატი შალვა შავგულიძე. for.ge-სთან საუბარში შავგულიძე აცხადებს, რომ ქალაქებს თვითმართველობის სტატუსი არ უნდა ჩამოერთვას. მისი თქმით, სახეზეა ცენტრალური ხელისუფლების მმართველობის გაძლიერების მცდელობა.

„ამ ტენდენდიას აშკარად ვხედავთ. ხელისუფლება ცდილობს, არათუ ადგილობრივი თვითმმართველობა შეიზღუდოს და ცენტრალური მმართველობა გაძლიერდეს, არამედ საერთოდ ხელისუფლების უზურპაციას ახდენენ, რაც სამწუხაროა და დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობას არ შეესაბამება“, - დასძენს „თავისუფალი დემოკრატების“ ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე უკმაყოფილება გამოთქვა 120 ორგანიზაციამ და მათ საპროტესტო წერილით ირაკლი კობახიძესა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართეს. წერილში აღნიშნულია, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. მიმართვის ავტორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, პოზიცია მკაფიოდ ჩამოაყალიბოს და ისეთი გადაწყვეტილება არ მიიღოს, რომელიც განვითარების დაწყებულ პროცესს შეაჩერებს.