საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაიზიარა და კანაფისა და მარიხუანის შეძენა, შენახვა, მოხმარებაზე საკანონმდებლო რეგულაციები მოამზადა, რომელსაც ოპოზიცია ლიბერალიზაციის მიმართულებით წინ გადადგმულ ნაბიჯად თვლის, თუმცა ხელისუფლებას საკუთარი დაპირების შესრულებას და ნარკოპოლიტიკის სრულ დეკრიმინალიზაციას სთხოვს.
იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტით, კანაფისა და მარიხუანას შეძენა, შენახვა, მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა 500 ლარიდან 300 ლარამდე მცირდება, 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა კი უქმდება.
ამასთანავე, ცვლილებებით, კანაფის კანონით დადგენილი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, ხოლო მარიხუანას დიდი ოდენობა იცვლება. კერძოდ, პროექტით, მცენარე კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად 140 გრამით განისაზღვრება, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა - 250 გრამის ნაცვლად, 1000 გრამით.
ზემოთ აღნიშნული ცვლილებების გარდა, ინიციატივა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას, კულტივირებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ამსუბუქებს. კერძოდ, აღნიშნული ქმედებები ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5-წლამდე. ასევე პატიმრობა 160-დან 220-საათამდე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით იცვლება.
იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული ქმედება ჩადენილია: დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის ან იმ პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 4-დან 7-წლამდე. პროექტით, აღნიშნული დანაშაულისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ასევე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400-დან 500-საათამდე ვადით, ან პატიმრობის შეფარდება 3-წლამდე ვადით.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით დამზადება, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ისევე როგორც უკანონო შეძენა, შენახვა და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, პირველ რიგში, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - 500 ლარიან ჯარიმას დაექვემდებარება, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მის ჩამდენ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
მთავრობის მიერ მომზადებულ ცვლილებებს მიესალმება საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე, თუმცა კანონმდებელი ყურადღებას ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციაზე ამახვილებს.
როგორც for.ge-ს კახიძემ განუცხადა, ინიციატივა სვლაა ლიბერალიზაციის მიმართულებით და ის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადეკვატურია, თუმცა „ქართული ოცნების“ დაპირება იყო, რომ დეკრიმინალიზაციას მოახდენდა.
„ამ დაპირების შესრულებას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. საუბარია იმაზე, მარიხუანის მოხმარებისთვის ადამიანი უნდა დავსაჯოთ და ციხეში ჩავსვათ, თუ არა?! რას გამოიწვევს ის, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ იყოს? შესაძლოა, შეკავების ეფექტი ადმინისტრაციულ ჯარიმასაც ჰქონდეს, რომელიც ძალიან მარტივი აღსასრულებელიც არის და სახელმწიფოსგან განსაკუთრებულ ძალისხმევას არ საჭიროებს. არანაირი სასჯელი არ უნდა იყოს საერთოდ და მკაცრი რეგულირების ფარგლებში იყოს მოქცეული ის, რომ არასრულწლოვანებმა ნარკოტიკი არ მოიხმარონ და საზოგადოება არ დაზარალდეს. ადამიანი არყით დათვრება თუ მარიხუანას მოწევს, ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანში სხვაობა არ არის. დროა, რომ 2017 წელს, სახელმწიფომ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგას, ეს როგორც ბევრმა ცივილიზებულმა სახელმწიფომ გააკეთა“, - აცხადებს კახიძე.
კახიძის მსგავსად, ახალი პოლიტიკური ცენტრის - „გირჩი“ წევრი, ყოფილი დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე ცვლილებებს პოზიტიურად მიიჩნევს, თუმცა ფიქრობს, რომ სანამ ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია არ მოხდება, მათ შორის, კანაფის ბაზარზე დაშვება, მანამდე ამ კოსმეტიკური ცვლილებებით არაფერი არ შეიცვლება.
for.ge-სთან საუბარში ჯაფარიძე ამბობს, რომ რაც მომზადებულია, პოზიტიურია და ყველა შემთხვევაში წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა რეალობას არანაირად არ ცვლის, რადგან იუსტიციის სამინისტრო რასაც აკეთებს, ამაში ახალი არაფერი არ არის.
„საკონსტიტუციო სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც მიიღო, მისი ასახვა სისხლის სამართლის კოდექსში ხდება და განსაკუთრებული არაფერია. რეალურ ცხოვრებაში, ეს ცვლილებები არაფერს არ შეცვლის, რადგან ნარკოპოლიტიკა ისევ რეპრესიული რჩება, როგორც აქამდე იყო. რაც მთავარია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ის ბერკეტი რჩება, რაც აქამდე ჰქონდა. ერთი მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ მავნებლობას გააგრძელებს, რითიც დაკავებულია და მეორე მხრივ, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის სხვა ნეგატიური შედეგებიც რაცაა, ეს იქნება საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ადამიანის უფლებები, თუ ეკონომიკური საკითხები, ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.
ოპოზიციისგან განსხვავებით, უმრავლესობა ცვლილებების პოზიტიურ მხარეზე აქცენტირებს და აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკა ლიბერალიზაცია დროში გაწერილია.
როგორც for.ge-ს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განუცხადა, დაპირების შესრულება ეტაპობრივად მოხდება. კანონმდებელის თქმით, საკითხზე საუბრისას, დაინტერესებული მხარეები საზოგადოების საჭიროებებიდან უნდა ამოვიდნენ, რომელიც ამ სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით არსებობს.
„საზოგადოებას შევპირდით და რასაც ვაკეთებთ, ეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაა. თუკი ყველა დანარჩენი ნაბიჯი ევროპულ კანონმდებლობასთან ქართული კანონმდებლობის ინტეგრაციიდან იქნება გამომდინარე და ასევე ადამიანის ჯანმრთელობიდან, ის აუცილებლად გადაიდგმება“, - დასძენს მათიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი ცნო, რომლის მიხედვითაც, „მარიხუანას მოხმარება არაერთგზის“ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.