15 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია მმართველი პარტიისაგან ითხოვს, საჯაროდ გამოაქვეყნოს საკუთარი პოზიცია კონსტიტუციური რეფორმის რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე. მიმართვაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებული მასშტაბური საკონსტიტუციო რეფორისა და ამ მიზნით შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში არ იქნა გაზიარებული არც ერთი ოპოზიციური პარტიის არც ერთი წინადადება და შენიშვნა.
შესაბამისად, მმართველ გუნდს კონკრეტულ ვადებს უწესებენ, არაუგვიანეს 2017 წლის 15 აპრილისა, მმართველმა პარტიამ საჯაროდ გამოაქვეყნოს პოზიცია კონსტიტუციური რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელზეც მიღწეულია სრული კონსენსუსი ქვეყნის მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრსა და სამოქალაქო სექტორს შორის:
- გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და პარლამენტი (150 წევრი) არჩეულ იქნეს ერთიანი პროპორციული სიით (კონსტიტუციის 49-ე მუხლი). მანდატები უნდა განაწილდეს „დონტის ფორმულით“, რომელიც ითვალისწინებს მანდატების პროპორციული წესით განაწილებას;
- შემცირდეს ბარიერი 5%-დან 3%-მდე;
- შენარჩუნდეს საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა;
- შენარჩუნებული უნდა იქნეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო რეფორმა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა იყო პარლამენტის თავმჯდომარისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრის მთავარი საკითხი. მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები ბორის სილევიჩი და კერსტინ ლუნდგრენი შეხვედრაზე საარჩევნო რეფორმით და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობით დაინტერესდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის წინასწარი ვერსია უახლოეს მომავალში იქნება მზად და საკონსტიტუციო კომისიის პლენარულ სხდომას 10 აპრილის შემდეგ წარედგინება. ამის შემდეგ გაიმართება დისკუსიების მესამე რაუნდი და უკვე აპრილის ბოლოს დამტკიცდება საბოლოო დოკუმენტი, რომელიც ინიციატივის სახით იქნება შეტანილი საქართველოს პარლამენტში.
„ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი წარიმართოს და დასრულდეს სათანადო შედეგით. მნიშვნელოვანია თავად პროცესი, რომლის საფუძველზეც მზადდება საკონსტიტუციო ცვლილებები და თვითონ ამ ცვლილებების შინაარსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს მოქმედი კონსტიტუცია ავტოკრატიის ჩამოყალიბების საფრთხეს ქმნის, ხოლო კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები ამ რიკს მთლიანად გამირიცხავს.
„დღევანდელ კონსტიტუციაში ძალიან უხეში ფორმით დარღვეულია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, რაც ხაზგასმით იყო აღნიშნული ვენეციის კომისიის დასკვნაში 2009 წელს. მიზანი საკონსტიტუციო რეფორმისა არის ისეთი კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც თავიდან აგვარიდებს ავტოკრატიის ჩამოყალიბების საქმეს. ის დოკუმენტი, რომელიც ახლა მზადდება საკონსტიტუციო კომისიაში არა მარტო ახდენს პრევენციას ასეთი საფრთხისა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში ავტოკრატიის ჩამოყალიბების ყოველგვარ რისკს გამორიცხავს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საერთაშორისო კონფერენცია „საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში“, სადაც საკონსტიტუციო კომისიის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე და ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობენ, ფოკუსირდება კონსტიტუციური რეფორმის სამ საკითხზე - პრეზიდენტის უფლებამოსილებები და არჩევის წესი; პარლამენტის საარჩევნო სისტემა; ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი და საპარლამენტო ზედამხედველობა. თუმცა, კონფერენციას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ დასწრებია.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის შალვა შავგულიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა მიმართულია ხელისუფლების უზურპაციისკენ მმართველი ძალის მიერ. შავგულიძე დარწმუნებულია, რომ ასე ჩვენ მივიღებთ ერთპარტიულ დიქტატურას. მისივე თქმით, არსებული კონტექსტიდან და ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი შევინარჩუნოთ.
„ვისმენთ რაღაც განმარტებებს, თითქოს არაპირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს ექნება მეტი დამოუკიდებლობა პოლიტიკური ძალებისაგან, მაშინ როდესაც ჩვენს რეალობაში საკონსტიტუციო უმრავლესობა დანიშნავს პრეზიდენტს, როგორ შეიძლება მას ჰქონდეს მეტი დამოუკიდებლობა პოლიტიკური ძალებისაგან, ვიდრე საყოველთაო წესით მოსახლეობისგან არჩეულ პრეზიდენტს?
რეალურად ერთადერთი ინსტიტუტი, რომლის სრული კონტროლი ვერ მოახერხა მმართველმა ძალამ, ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტი და არის მრავალმხრივი მცდელობები, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტიც სრული კონტროლის ქვეშ მოაქციონ. ასე ჩვენ მივიღებთ ერთპარტიულ დიქტატურას, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ ამ სიტყვას. ასეთი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ჩვენ ერთხელ უკვე გვქონდა და არ გამოგვადგა“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, პარლამენტის თავმჯდომარემ უცნაური არგუმენტაცია წარმოადგინა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა იყოს პრეზიდენტი არჩევითი.
„უცნაური არგუმენტაცია მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარისგან, თუ რატომ უნდა გაუქმდეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების წესი. საუბარი იყო იმაზე, რომ მომავალი პრეზიდენტი არ უნდა იყოს ქარიზმატული. ის შედარებით უფრო აკადემიური ფიგურა იყოს და ზოგადად პოლიტიკური პროცესი უნდა გადავიდეს კულუარებში და არა მოსახლეობაში და საჯაროდ.
საუბარი იყო იმაზე, რომ პოლიტიკური პროცესი ართულებს ქვეყანაში ვითარებას და რომ სოფელ-სოფელ სიარული არ სჭირდება პრეზიდენტის არჩევას, ვინაიდან პრეზიდენტს ისეთი უფლებამოსილებები გააჩნია, რომ თურმე მოსახლეობას ვერ აუხსნის რაშია საქმე და რატომ უნდა დაუჭირონ მხარი. სამწუხაროა, რომ ასეთი არგუმენტებით ცდილობენ მოსახლეობისგან თავის არიდებას და მათთვის ძირითადი უფლების პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლების წართმევას“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ბეჟაშვილის ინფორმაციას არ ადასტურებენ კონფერენციის მონაწილეები, მათ შორის ამ ბრალდების ადრესატი. ირაკლი კობახიძე განცხადებით, მსგავსი განცხადება, რომ ქვეყანას სჭირდება აკადემიური პრეზიდენტი, პოლიტიკურმა პროცესებმა უნდა გადაინაცვლოს კულუარებში და ქვეყანას არ სჭირდება სოფელ-სოფელ მოსიარულე პრეზიდენტი - არის წარმოუდგენელი.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც ასევე ესწრებოდა კონფერენციას for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მსგავრი არაფერი თქმულა კონფერენციაზე, საუბარი იყო პრეზიდენტის პირდაპირი და არაპირდაპირი არჩევის წესის უპირატესობებზე და ნაკლოვანებებზე.
„პარლამენტის თავმჯდომარემ ქარიზმატული ლიდერი ახსენა, მაგრამ ახსენა სხვა კონტექსტში. როდესაც არგუმენტაციას აკეთებდა საით წაგიყვანს პირდაპირი არჩევის წესი, თუ ჩვენ გვინდა, რომ პრეზიდენტი იყოს ნეიტრალური, ზეპარტიული და აკადემიური პრეზიდენტი, საზოგადოების მოთხოვნილება არის პრეზიდენტი იყოს ქარიზმატულიო.
ამიტომ, თუ დარჩება არჩევის წესი, ეს უბრალოდ უბიძგებს ადამაინებს, რომ შეარჩიონ ისეთი ტიპაჟი, რომელსაც ექნება გარეკვეული ქარიზმა. ასეთ შემთხვევაში საშიშროება ხდება ის, რომ ასეთი ტიპაჟი შემდგომ არ დაკმაყოფილდება უფლებამოსილების შეზღუდვით, რაც საპარლამენტო მმართველობის პირობებში უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს.
ასეთ კონტექსტში იქნა ნახსენები სიტყვა ქარიზმატული და არა ის, რომ არ შეიძლება პრეზიდენტი იყოს ქარიზმატული. ეს იყო ლოგიკური არგუმენტირება იმისა, რომ მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად, რა მინუსები აქვს პირდაპირ არჩევნებს“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.