საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უკვე ამოქმედებულია და ქვეყანა ევროპულ გაზაფხულს ზეიმობს, თუმცა ქართველი კანონმდებლები ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობას თითოეულ მოქალაქეს აკისრებენ და მათ ევროკავშირის მიერ დაწესებული რეგულაციების დაცვას სთხოვენ, რომლის საშუალებითაც, სახელმწიფოს ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედება არ ემუქრება.
მას შემდეგ, რაც ისტორიულ დღეს, 28 მარტს, საქართველოს მოქალაქეებმა ევროპული საზღვრები ვიზის გარეშე პირველად გადალახეს, ქვეყანაში საუბარი იმაზე დაიწყო, თუ როგორ უნდა მოხდეს ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება და ამისთვის რა ღონისძიებები უნდა გატარდეს.
მმართველი გუნდი აქცენტს მოქალაქეების მხრიდან სავიზო რეგულაციების დაცვაზე აკეთებს, ოპოზიცია კი, ცხოვრების სტანდარტის ევროპულ დონემდე მიახლოებაზე.
როგორც for.ge-ს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განუცხადა, ხელისუფლებამ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია აწარმოა იმის თაობაზე, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში თავისუფლად გადაადგილდნენ. მისი თქმით, ქვეყნის ისტორიაში 28 მარტი ისტორიული დღეა, რადგან ადგილი ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას აქვს.
„ევროპელი პარტნიორების მხრიდან ეს ყველაფერი აღიარებაა იმის, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ ამ წლების განმავლობაში განახორციელა. კიდევ უფრო მეტი გზა იხსნება არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლისკენ, არამედ ძალიან დიდი შესაძლებლობისკენ, რაც შეგვიძლია ევროპისგან გავიზიაროთ“, - ამბობს კანონმდებელი.
ქაცარავა ე.წ. შეჩერების მექანიზმის ფაქტორს ეხმაურება და დარწმუნებულია, რომ საქართველოს მიმართ მისი გამოყენება არ მოხდება.
„ამ საქმეს პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ. მოსახლეობას ინფორმაციას ვაწვდით, რომელიც უნდა გაითვალისწინონ და დაწესებულ პროცედურებს მისდიონ, რომ ევროპაში ღირსეულად შევიდეთ“, - აცხადებს ქაცარავა.
თანაგუნდელის მსგავსად, მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. for.ge-სთან საუბარში თალაკვაძე განმარტავს, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეებს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შენგენის ზონაში შესვლა შეეზღუდებათ და მათ საკმაოდ სოლიდური ჯარიმის - 3000 ევროს გადახდა მოუწევთ.
კანონმდებელი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღე საქართველოს ევროპული გაზაფხულია, რომელიც მოქალაქეებს სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში ახალ შესაძლებლობებს უხსნის.
„ეს არის არა მხოლოდ უბრალოდ მიმოსვლა, არამედ ეს ყოველდღიური კონტაქტია ევროპასთან. ევროპამ საქართველო თავისი ტრადიციებით, თავისი აწმყოთი და ევროპული მომავლით აღიარა. ეს დადასტურებაა იმისა, რომ რეფორმები, რომლებიც ჩავატარეთ, ევროპისთვის მისაღებია“, - აცხადებს დეპუტატი.
თალაკვაძე ფიქრობს, რომ ქვეყნის მიმართ ე.წ. შეჩერების მექანიზმის გამოყენებაზე საუბარი სრულიად უსაფუძვლოა, რადგან ევროკავშირმა ეს მექანიზმი ზოგადად შეიმუშავა და არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში.
„ევროკავშირმა უვიზო რეჟიმს მხარი ფაქტობრივად ერთხმად დაუჭირა და ამისთვის საქართველომ მთელი რიგი რეფორმები გაატარა. მათ შორის, საკანონმდებლო სფეროში, მიგრაციის მართვის სფეროში, საპოლიციო თანამშრომლობის სფეროში, მართლმსაჯულების სფეროში და ევროკავშირთან თანამშრომლობა ყველა იმ განზომილებით გვაქვს, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი მოსალოდნელი ვითარების ერთობლივი მართვისთვის. ეს არის დიპლომატიური ურთიერთობა, საპოლიციო თუ მიგრაციის სფეროში თანამშრომლობა. სახელმწიფომ ყველა ის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც ევროკავშირს იმისთვის ჰქონდა, რომ რისკები თავიდან აცილებული და მართვადი ყოფილიყო. ყველა ის მექანიზმი გვაქვს, რომლითაც მომავალში შეგვიძლია, ეს რისკები ვმართოთ“, - აღნიშნავს თალაკვაძე.
უმრავლესობის ლიდერის თქმით, პასუხისმგებლობა თითოეულმა იმ ადამიანმა უნდა გაიზიაროს, რომელიც უვიზო რეჟიმით ისარგებლებს.
„პრაქტიკულად, ჩვენი ევროპული მომავლის თანამონაწილე ვხდებით. ევროპაში ჩვენი წილი პასუხისმგებლობა მიგვაქვს, რომელიც გვეკისრება, როცა ამ რეჟიმით სარგებლობის დროს ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებასთან ერთად თითოეულმა მოქალაქემ ეს საერთო პასუხისმგებლობა გავიზიაროთ და იმ ნდობას გავუფრთხილდეთ, რომელიც ევროკავშირმა გამოგვიცხადა“, - აცხადებს კანონმდებელი.
თალაკვაძე ევროპის საზღვრებიდან უკან იმ რაოდენობის ქართველების დაბრუნებას არ ელოდება, როგორც ეს ისრაელის შემთხვევაში ხდება.
„საქართველო ქვეყანაში იმ პირების დაბრუნებას უზრუნველყოფს, რომელიც სავიზო რეჟიმს დაარღვევენ. ბუნებრივია, წესების დარღვევის შემდეგ, მოქალაქეები შანს კარგავენ, რომ მეორე შემთხვევაში უვიზო რეჟიმით ისარგებლონ. ეს სრულიად განსხვავებული სფერო და საკითხია. ბუნებრივია, რისკების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირიც და გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა მიიღო, რეფორმების განხორციელების შეფასების შედეგია. ანუ, ამ გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა საქართველოს არა მხოლოდ უვიზო რეჟიმი მიანიჭა, არამედ აღიარა, რომ საქართველომ ყველა ის მექანიზმი შექმნა, რომელიც საჭიროა რისკების მართვისთვის და მისი პრევენციისთვის.
2016 წლის შემოდგომიდან ხელისუფლებამ აქტიური საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელიც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდა და მომავალი თვეების განმავლობაში, ამ პროცესში პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან. საზოგადოებას კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით, თუ რა რეგულაციები და წესები არსებობს უვიზო რეჟიმის გამოყენებასთან დაკავშირებით“, - დასძენს დეპუტატი.
უვიზო მიმოსვლის საკითხზე საუბრისას თალაკვაძე განსაკუთრებულ აქცენტს რამდენიმე სახელმწიფოს მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში გადაყვანაზე აკეთებს და აღნიშნავს, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მეტწილად დაბალია რისკი, რომ ვინმე პოლიტიკურად იდევნება და აზრის გამოხატვის გამო, ადამიანებს საფრთხე ექმნებათ, ან ვინმეს ქვეყნის დატოვება იძულებით, ჰუმანიტარული მიზნით უწევს.
„ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან იმას მოველით, რომ ქვეყანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შევა, რაც იმისგან დაგვაზღვევს, რომ ვინმემ ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა ინსტიტუტი არაკეთილსინდისიერად არ გამოიყენოს, რომელიც საკმაოდ ლმობიერია და იქ წარდგენილი განცხადებების განხილვა ექვსი-ცხრა თვე გრძელდება ხოლმე. ცნობილია, რომ ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ევროპულ ქვეყანაში დარჩენას ცდილობს, თავიდანვე სახელმწიფოს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართავს და შემდეგ იმ დროით სარგებლობს, რომელიც ქვეყანას განხილვისთვის აქვს განსაზღვრული. ამიტომ, ევროკავშირის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიგებში შეიყვანონ“, - ამბობს თალაკვაძე, რომლის პათოსს იზიარებს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძე.
როგორც for.ge-ს ფოფხაძემ განუცხადა, სახელმწიფომ შეიძლება იმაზე იზრუნოს, რომ არაკეთილსინდისიერ მოქალაქეებს ამ უფლებით ბოროტად სარგებლობის უფლება არ მისცეს.
დეპუტატის მოსაზრებით, თითოეული მოქალაქე უნდა ჩამოყალიბდეს, ამ უფლებით როგორ ისარგებლებს.
„ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს გარკვეული პოლიტიკური პრივილეგიაა. უვიზო მიმოსვლა ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებისთვის ძალიან დადებითი მოვლენაა, მაგრამ უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე, ეს რაში გვჭირდება. თუ ეს უბრალო საშუალებაა, რომ იმ პრობლემებს გავექცეთ, რაც ქვეყანაშია და მისი გადაწყვეტა ევროპაში ვეძებოთ, ეს სწორი არ არის და ამას ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი ისედაც აკეთებდა. იმას უნდა ვეცადოთ, რომ ცხოვრების სტანდარტი ევროპულს მიუახლოვდეს და გამოსავალი იქ არ ვეძებოთ. ევროპაში კარგად ჩანს, საზოგადოებრივი თვითწესრიგი რა დონეზეა დამყარებული. როცა საზოგადოება ქუჩაში უადგილო ადგილზე არ გადადის, ეს უკვე სახელმწიფოს უბიძგებს უფრო მოწესრიგებული იყოს“, - ამბობს ფოფხაძე.
რაც შეეხება ოპოზიციის განწყობას, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დღევანდელ დღეს მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს და for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ევროპელი კოლეგების მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა განსაკუთრებული ამბავია.
ჭიაბერაშვილი უვიზო რეჟიმის ფარგლებში, ქვეყნიდან გადინებების საფრთხეს ხედავს და ამ პროცესის თავიდან აცილების მექანიზმად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ხალხის კეთილდღეობის ზრდას ასახელებს.
„მთავარი კითხვაა - უვიზო რეჟიმის ისე ბოროტად გამოყენება ხომ არ მოხდება, რომ ქვეყანა შემდეგ დაზარალდეს?! ეს რომ არ მოხდეს, ამას ეკონომიკური განვითარება სჭირდება, რადგან მოქალაქეებს სხვა ქვეყანაში წასვლაზე თვალი იმ შემთხვევაში უჭირავთ, როცა მათ უჭირთ და მძიმე ეკონომიკური პირობები აქვთ. დღეს, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური პირობებია და მოსალოდნელი პრობლემები თავიდან რომ ავიცილოთ, ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და შემოსავლების ზრდა უნდა მოხდეს. იმისათვის, რომ ხალხმა ამ შესაძლებლობით ისარგებლოს, ამას სჭირდება, რომ ადამიანს ჯიბეში ფული ჰქონდეს, სასწავლებლად წავიდეს, იმოგზაუროს და დროულად დაბრუნდეს“, - აღნიშნავს ჭიაბერაშვილი.
კანონმდებელის ვარაუდით, ქვეყნიდან მოქალაქეთა გადინებების რისკი არსებობს.
„აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, როცა თავის დროზე, უვიზო რეჟიმი იქნა შემოღებული და ხალხს გასვლის შესაძლებლობა მიეცა, გარკვეული გადინება დაიწყო და მოლდოვა ამის ნათელი მაგალითი იყო. თუმცა, მოლდოველებისთვის რუმინეთის მოქალაქეობა იყო დაშვებული და ისინი შენგენის ზონაში ასე შედიოდნენ. ბუნებრივია, მოქალაქეების რაღაც რაოდენობა გავა, მაგრამ ეს იმად არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს ავტომატურად პრობლემებს შეგვიქმნის, რადგან ევროპელებს კარგად გათვითცნობიერებული აქვთ ის, რომ რაღაც რაოდენობა ასეთი იქნება და ამას რეალობად იღებენ“, - აცხადებს დეპუტატი.
ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ მთავარია, ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის ზრდა არ მოხდეს.
„როცა უვიზო მინიჭებაზე მსჯელობდნენ, დასავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები ამ საკითხით დაინტერესდნენ და აქცენტი დანაშაულზე გააკეთეს“, - დასძენს კანონმდებელი.
შეგახსენებთ, რომ პროცედურის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტს ფლობენ, ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებას ვიზის გარეშე, მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით შეძლებენ, რომელიც გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გრძელვადიან ვიზიტებს არ შეეხება, მათ შორის უმაღლესი განათლების მიღებას ან დასაქმებას. აღსანიშნავია, რომ მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს: დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი, სასტუმროს მოქმედი ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება.