საქართველო გაწევრიანების პროცესს უახლოვდება

საქართველო გაწევრიანების პროცესს უახლოვდება

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, საქართველომ 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა. მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ 2017 წლის ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედერების დღის წესრიგს. ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან დადებითად შეფასდა ეროვნულ პროგრამაში ასახული რეფორმათა გეგმა. აღინიშნა, რომ დოკუმენტი ყოვლისმომცველი, ამბიციური და ამავდროულად რეალისტურია.

ალიანსი მიესალმა მართლმსაჯულების, თავდაცვის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სხვა სფეროებში რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა ამ რეფორმების თანმიმდევრულად და წარმატებით გაგრძელების მნიშვნლელობა. მოკავშირეები ასევე მიესალმნენ საქართველოს აქტიურ ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ალიანსში მიმდინარე დიალოგში.

ალიანსის წევრებმა საქართველოს მადლობა გადაუხადეს ნატოს მიერ წარმოებულ ოპერაციებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და საქართველოს ურყევი მზაობისთვის, გააგრძელოს მონაწილეობა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა გაიმართა თბილისში, რაც პირველია საქართველოსთვის. ღონისძიება ასევე მოიცავს უწყებათაშორისი თანამშრომლობის მექანიზმსაც და მასში ჩართულები არიან სხვა უწყებების წარმომადგენლებიც, ვინც აქტიური მონაწილეები არიან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში. ღონისძიებას ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების 200-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.

თავდაცვის მინისტრის პირველის მოადგილის ლელა ჩიქოვანის განცხადებით, ღონისძიების ძირითადი დანიშნულება, ამოცანა და მიზანი არის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში და ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატით არსებული, მოზიდული მხარდაჭერის რესურსების აკუმულირება და სინქრონიზაცია.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობს ნატო-ს შტაბ-ბინის წარმომადგენელი. როგორც შტეფენ ელგერსმა განაცხადა, წევრი ქვეყნები უზრუნველვყოფთ, რომ ნატო-ს მიერ პოლიტიკურ დონეზე დაპირებული მხარდაჭერა პრაქტიკაში განხორციელდეს.

„მოხარული ვარ, რომ ერთად შევკრიბეთ 200-მდე ექსპერტი, რომლებიც ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის სხვადასხვა სეგმენტებზე მუშაობენ. ჩვენ ვიმუშავებთ ამ პაკეტის შესაბამისობაში მოყვანაზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ნატო-ს მიერ პოლიტიკურ დონეზე დაპირებული მხარდაჭერა პრაქტიკაში განხორციელებული იყოს თქვენს შეიარაღებულ ძალებში, თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სტრუქტურებში, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ“, - განაცხადა შტეფენ ელგერსმა.

საქართველო-ნატოს ურთიერთობაზე ისაუბრა საქართველოში ვიზიტად მყოფმა ლატვიის პრეზიდენტმა. როგორც რაიმონდს ვეიონისმა.

„ინსტრუმენტები ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების გასაღრმავებლად სახეზეა, საჭიროა მათი სრული აღსრულება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ასეთი წარმატებები და გაგრძელდეს აუცილებელი რეფორმები, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში როგორიც არის სასამართლო, კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობის სისტემის დანერგვა“, - აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველო არის მაგალითი სხვა ასპირანტი სახელმწიფოებისთვის თავისი ერთგულებით და თავისი შრომით.

განცხადება, რომ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდება, ამის შესახებ ბუქარესტის სამიტზე გაკეთდა. თუმცა, პოლიტიკური დაპირება პრაქტიკაში ჯერჯერობით განუხორციელებადი რჩება. ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი ზურაბ აგლაძე დარწმუნებულია, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, თუმცა, რა ვადებში, ეს დამოკიდებულია საქართველოზე როგორ გაატარებს რეფორმებს. მისივე თქმით, გაწევრიანების პროცესი აგრეთვე დამოკიდებული იქნება იმაზე, რა გეპოლიტიკური სურათი იქნება ერვოპაში და კერძოდ, რუსეთში.

„უნდა დაველოდოთ. საკმაოდ ბუნდოვანი გარემოა, ეს ნისლი რომ გაიფანტება, მერე გამოჩნდება როგორ და როდის. პირველ რიგში, აუცილებელია გაძლიერდეს ევროპა, არ მოხდეს ევროპის გაერთიანებაში ბზარის შეტანა და დაშლა. მნიშვნელოვანია როგორი იქნება ამერიკის და ევროპის ურთიერთობა, ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთში.

ჩვენ ადგილზე არ ვდგავართ. ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. დღეს გვაქვს ვიზალიბერალიზაცია, დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ და ზეგ საკამოდ ბევრ ნაბიჯებს გადავდგამთ წინ იმისათვის, რომ გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა. ამ პროცესში მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური გარემო. საკამოდ საინტერესო დროში ვცხოვრობთ, ვხედავთ რა პროცესებია მსოფლიოში, რამაც შექმნა ეს კრიზისი“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.

აგლაძე დარწმუნებულია, რომ ევროპა გაცილებით ძლიერი გამოვა ამ გაურკვევლობიდან და საქართველო გაცილებით დიდ ნაბიჯებს გადადგამს ნატოში გაწევრიანების კუთხით. მისივე თქმით, პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს მიმართ გამოიხატება, ეს არის სიგნალი რუსეთისთვის, რომ ვერ შეძლოს საქართველოს სუვერენიტეტის წართმევა. როგორც ანალიტიკოსი ამბობს, ეს არის მთლიანი კომპლექსი, რომელიც ამ ეტაპე რუსეთს აკავებს აგრესიისგან და ჩვენ გვიქმნის უსაფრთხო გარემოს.

„სანამ ეს ყველაფერი და თავის ადგილზე დადგება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები. რა თქმა უნდა, უფრო ახლოს ვართ გაწევრიანების პროცესთან, ვიდრე ვიყავით, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ. საუბარია, რომ შავი ზღვის რეგიონში გააქტიურდება ნატო და უფრო მეტი თანამშრომლობა ექნება ქვეყანასთან, ესეც უნდა გამოვიყენოთ. უნდა დაველოდოთ ჩვენს ისტორიულ ფანჯარას, რომელიც საკამოდ მალე გაიღება და გავხდებით ჩრდილოატლატიკური ალიანსის წევრი“, - აღნიშნა ზურაბ აგლაძემ.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ სამხედრო თავსებადობის კუთხით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ნატოში ინტეგრაციის კუთხით, მაგრამ ამ პროცესში აუცილებელია სხვა საკითხების გადაჭრაც, როგორიც არის პოლიტიკური სტაბილურობა, უსაფრთხოების სისტემა და სამართლებრივი გარემო, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ინტეგრაციის პროცესში.

„ყველაფერი დამოკიდებულია გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილებაზე, რამდენად შეიცვლება გეოპოლიტიკური ლანდშაფტი. ნატო-რუსეთის ურთიერთობების დაპირისპირების და გეოპოლიტიკური ცვლილების ფონზე გახდნენ ნატოს წევრი ბალტიის სახელმწიფოები, ბულგარეთი და რუმინეთი. ნატო-რუსეთს შორის არსებული ვითარება, გარკვეულწილად სტიმულირებადი გარემოებაა იმისათვის, რომ გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს.

დღეს ნატოს საკმაოდ მძიმე პერიოდი უდგას, უნდა იზრუნოს კოალიციური ჯარების შექმნაზე, ხელახლა უნდა აღადგინოს ის სამხედრო შესაძლებლობა, რომელიც მას ჰქონდა ცივი ომის პერიოდში, რომელიც ნატომ გადააფორმატა და სულ სხვა მიმართულებით წარმართა. ანუ, კოლექტიური თავდაცვიდან, კოლექტიური უსაფრთხოების მიმართულებით. ახლა ნატო უბრუნდება კოლექტიურ თავდაცვით პრინციპს, რაც ბუნებრივია, მოითხოვს საკმაოდ დიდი რესურსების კონცენტარციას და იმ დონეზე გადასვლას, რომელიც არსებობდა კლასიკური ცივი ომის პერიოდში“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

როგორც მაისაია ამბობს, საქართველოს უსაფრთხოების სისტემა აბსოლუტურად რელევანტური უნდა იყოს იმ მოთხოვნებთან მიმართებაში, რომელიც მნიშვნელოვანია ალიანსის სამოქმედო გეგმის მიღებისთვის.

„მართალია სამხედრო თავსებადობის მიმართულებით საქართველო ასრულებს ყველა მოთხოვნას, აქტიურად ვღებულობთ მონაწილეობას კრიზისების მართვის ოპერაციებში და ამით ძლიერ მხარეს ვუჩევნებთ ჩრდილოატლანტიკურ მიმართულებას. მაგრამ ასევე, მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, ნატო არის არა მარტო სამხედრო პოლიტიკური გაერთიანება, არამედ მოიცავს უსაფრთხოების ელემენტებს. რამდენად შეესაბამება ჩვენი უსაფრთხოების სიტემა ნატოს სტანდარტებს, ადრე ამაზე არავინ არ საუბრობდა, მაგრამ დღეს უკვე აქტუალური გახდა ეს საკითხი“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.