რეზერვის ახალი სისტემა ნაკლები ხარჯით და მეტი ხარისხით

რეზერვის ახალი სისტემა ნაკლები ხარჯით და მეტი ხარისხით

საქართველოში აქტიური რეზერვის სისტემა 2018 წლიდან ამოქმედდება, რომელიც თავდაცვის სამინისტროს პროგნოზით, ქვეყნის სამხედრო ძალებს დამატებით 10-12 ათასიან სამხედრო დაჯგუფებას შემატებს, თუმცა მისი შენახვა ყოველწლიურად 6-10-ჯერ უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე ანალოგიური პროფესიული კონტიგენტის.

2008 წლის ომის შედეგებიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტრომ რეზერვის სამსახურის კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, რომელიც უწყებამ უკვე მოამზადა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგინა.

დოკუმენტში ხაზგასმულია რეზერვის როლი, სტრუქტურა და აღნიშნულია, რომ ქვეყანასა და სამხედრო ძალებს წინასწარ მომზადებული სამობილიზაციო გეგმების, სათანადო რესურსების, მოქნილი და ეფექტური სარეზერვო სისტემის საშუალებით, ომის რელსებზე სწრაფი და ეფექტიანი გადასვლა უნდა შეეძლოთ.

კონცეფციის გათვალისწინებით, სამხედრო ძალების რეზერვი სამ კატეგორიად იყოფა, რომელთა შორისაა: აქტიური რეზერვი, ეროვნული გვარდიის რეზერვი და ინდივიდუალური რეზერვი.

თავდაცვის უწყების განმარტებით, დღეს არსებული სისტემა დროის მოთხოვნებს არ პასუხობს და არ არსებობს, როგორც ერთიანი საინფორმაციო სისტემა, ასევე რეზერვის დაგეგმვისა და კორდინაციის ერთიანი სისტემა.

დოკუმენტის მიხედვით, აქტიური სარეზერვო სამსახური სამხედრო სამსახურის ფორმაა, როდესაც რეზერვისტი, ნებაყოფლობითობის პრინციპით, შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს აფორმებს და ვალდებულებას იღებს, წელიწადში 45 დღე შეიარაღებული ძალების იმ ქვედანაყოფში იმსახუროს, რომელშიც ჩაირიცხება, დაკომპლექტების ასაკი კი, 18-დან 55 წლამდე განისაზღვრება.

for.ge-სთან საუბარში თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი თავდგირიძე აცხადებს, რომ აქტიურ რეზერვში გაწევრიანების საშუალება მანდილოსნებსაც ექნებათ.

მისი თქმით, გამოყენებულია ყველა ის სიახლე, რაც სამხედრო თეორიასა და დასავლურ ქვეყნებში არსებობს.

„ამის სიმბიოზით რეზერვის მართვის და გამოყენების ეს სისტემა შევქმენით, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნის ოფიცრების ექსპერტიზა გაიარა. ნორვეგიელი, დანიელი, ესპანელი, გერმანელი ოფიცრების რეკომენდაციები იყო, რომელიც გათვალიწინებულია. არც ერთი კრიტიკული შეფასება არ ყოფილა. თუ ვიტყვით, რომ ის არ მომწონს, ეს არ მომწონს, ათი წლის შემდეგ, ისევ რეზერვის გარეშე ვიქნებით. ამით დავიწყოთ. 2018 წლის პილოტპროექტი იმიტომაა დაგეგმილი, რომ მან ხარვეზები გამოაჩინოს“, - აღნიშნავს თავდგირიძე.

თავდგირიძის განმარტებით, აქტიური სარეზერვო სამხედრო სამსახური რეზერვისტის სახელფასო უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რომელიც ყოველთვიურად, წოდებრივი სარგოს 20 პროცენტს და ქვედანაყოფში გამოძახებისას 100 პროცენტს შეადგენს.

„კაპრალი ხელზე 900 ლარს იღებს, ანუ, მას ხელფასის 20 პროცენტი ექნება“, - ამბობს თავდგირიძე.

კონცეფციის მიხედვით, შეიარაღებულ ძალების რეზერვში სერჟანტთა და კაპრალთა ის კატეგორია ჩაირიცხებიან, რომლებმაც ერთი კონტრაქტი მაინც დაასრულეს და სურვილი გამოთქვეს, აქტიურ სარეზერვო სამსახურში იმსახურონ.

„კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შეიარაღებულ ძალებში დადგენილ მოთხოვნებს. ჩარიცხულ რეზერვისტებს უფლება მიეცემათ, ერთი ხუთწლიანი კონტრაქტის ვადით იმსახურონ, ხოლო შემდეგ სამსახური ტერიტორიული თავდაცვის ძალებში გააგრძელონ ან აქტიური სარეზერვო სამსახური დაასრულონ და სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხონ. არსებული რესურსების პირობებში, აქტიური სარეზერვო სისტემის შექმნით, ქვეყნის სამხედრო ძალები დამატებით 10-12 ათასიან სამხედრო დაჯგუფებას მიიღებს, ისე რომ არ მოხდება: დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა, დამატებითი შეიარაღების შესყიდვა და დამატებითი სამეთაურო რგოლის მოზიდვა“, - აღნიშნულია კონცეფციაში, რომლის ამ ნაწილით სამხედრო ექსპერტები უფრო მეტად ინტერესდებიან.

როგორც for.ge-ს „სამოქალაქო სამხედრო ურთიერთობების ცენტრის“ წარმომადგენელმა, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, მისთვის პრინციპები მისაღებია და კონცეფცია გამარტივებულია იმასთან შედარებით, რაც შარშან იყო, მაგრამ მას დროში გაწერილი მოცულობის ზრდა არ მოსწონს და ფიქრობს, რომ ის დღევანდელ საფრთხეებს არ შეესაბამება.

ლექვინაძე მიიჩნევს, რომ ეს ამბიციური პროექტი არ არის, რადგან საუბარი სამხედრო რეზერვის ძალიან მცირე რაოდენობაზეა.

„მეორეს მხრივ, უფრო ადვილია ამის იმპლემენტაცია. წინა პროექტი უფრო მასშტაბური იყო, მაგრამ მისი ხორცშესხმა გაცილებით რთული და არარეალისტური იქნებოდა. ამის გაკეთება იმდენად ადვილია, მაშინ მეორე კითხვა მებადება, ახალი ხელისუფლების პირობებში, ხუთი წელი რატომ დაიკარგა ამ კონცეფციის მომზადებაზე, რადგან ამის გაკეთება მალე შეიძლებოდა?! აქცენტი კეთდება ხარისხზე და ეს პრინციპი ჩემთვის მისაღებია. ოქროს შუალედია დასაცავი, რადგან ისეთი მცირე რაოდენობაც არ უნდა იყოს, რომ ამას აზრი ეკარგებოდეს, მაგრამ შეიარაღებული ძალების მოქმედი რიცხოვნობა ერთი ბრიგადით შევამცირეთ და რეზერვს, რომელიც ამ დანაკლისს შეავსებს, ამ პროექტით, 2023-24 წლებში ვქმნით და მოცულობა საფრთხეების და გამოწვევების ადეკვატური არ არის“, - დასძინა ლექვინაძემ.

რაც შეეხება პოლიტიკოსების განწყობას, მმართველი გუნდი კონცეფციას იწონებს, თუმცა რეკომენდაციები აქვს, რომლის გათვალისწინებასაც თავდაცვის უწყებას ურჩევს.

თავდაცვის კომიტეტის წევრი კობა კობალაძე საკუთარ შენიშვნებს for.ge-სთან საუბარში არ ახმაურებს, თუმცა ამბობს, რომ როგორც იქნა, კონკრეტულ რეზერვზე ფიქრი დაიწყო.

მისი შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს საკმაოდ კარგი ინიციატივა აქვს, თუმცა რეკომენდაციები აქვს და იმედია, სამუშაო პროცესში ეს ყველაფერი დაიხვეწება და კარგ პროდუქტი მიიღება.

„ჯარს ორი პოზიცია გააჩნია, ის ან ომობს, ან ომისთვის ემზადება. ჯარს მეტი ამოცანა არ გააჩნია. ეროვნული გვარდიის შემადგენლობა ძირითადი რესურსია, რომელთა თაობაზე მშვიდობის დროს უნდა ვისაუბროთ. 2008 წელს, რეზერვის სისტემა ქაოტურად გავირბინეთ. ცხოვრება მძიმე რეგიონში გვიწევს, საქართველო საინტერესო არეალია როგორც არაკეთილმოსურნეებისთვის, ასევე მეგობრებისთვის. აქედან გამომდინარე, აგრესორები არ ვართ არავის მიმართ, მაგრამ ჩვენი ამოცანა თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფიდან უნდა გამომდინარეობდეს. რეზერვისტად ყოფნა იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ავტომატით უნდა ირბინო. შეიძლება, რეზერვისტი იყო და პური საკმაოდ კარგად აცხო, ან რეზერვისტი იყო და მიწა მოხნა და დათესო. ყველაფერს თავისი ამოცანა და რესურსი აქვს“, - აცხადებს კობალაძე.

კონცეფციის პრინციპებს მიესალმება კობა ნარჩემაშვილიც. for.ge-სთან საუბარში ნარჩემაშვილი აღნიშნავს, რომ ეს კონცეფცია ეფექტურობის გაზრდაზეა მიმართული. დეპუტატის მოსაზრებით, ის ნაკლოვანებები, რაც ამჟამინდელ სისტემას აქვს, უნდა დაიძლიოს.

„მთავარია, ეფექტურობა, მობილურობა, არატოტალურობა და მიზნობრივი შერჩევა. რაღაც საკითხები არის, რისი კორექტირებაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ იდეას მხარს ვუჭერ“, - ამბობს კანონმდებელი.

კონცეფციის მნიშვნელობას ხაზს უსვამს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. როგორც for.ge-ს სესიაშვილმა განუცხადა, თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კონცეფცია ეფექტურია.

კანონმდებელის თქმით, ქვეყნის წინაშე არსებული რისკების, გამოწვევებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, სამხედრო რეზერვი თავდაცვისუნარიანობის ხერხემალი უნდა იყოს.

„სიახლა ის, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახური აქტიურ ფაზაში გადავა. აქტიური რეზერვი გვეყოლება, რაც იმას ნიშნავს, რომ რეზერვისტები მთელი წლის მანძილზე პროფესიონალურ დონეზე იქნებიან აღრიცხული და გარკვეულ ხელფასსაც მიიღებენ. ისინი მაქსიმალურად იქნებიან თანხვედრაში შეიარაღებული ძალების შესაბამის ქვედანაყოფებთან და იმ ცხოვრების წესთან, რასაც ჩვენი მუდმივი სამხედრო მოსამსახურეები ეწევიან. ტერიტორიული პრინციპით შემდგარი სამხედრო რეზერვი და ასევე სპეციალისტთა რეზერვი გვეყოლება“, - ამბობს სესიაშვილი.

უმრავლესობისგან განსხვავებით, კონცეფციას ეჭვის თვალით ოპოზიცია უყურებს. for.ge-სთან საუბარში „ევროპული საქართველოს“ წევრი ტარიელ ლონდარიძე აცხადებს, რომ კონცეფციის ავტორებმა თემა ფართოდ არ გაშალეს და იმ საფრთხეებსა და გამოწვევებს არ უპასუხეს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. ყოფილი კანონმდებელის განცხადებით, შავი ზღვის აუზში რუსული ჯარების წვრთნები მიმდინარეობს, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიარაღებას ზრდის და ამ ფონზე, კონცეფცია რამდენად ადეკვატურია და რეალობას რამდენად ასახავს, ამის ანალიზი არ მომხდარა, რაც შეცდომაა.

„კონცეფციის ავტორებს წარმატებას ვუსურვებ. ვფიქრობ, რომ რეფორმა მისასალმებელია, მით უმეტეს, თავდაცვის სფეროში. უსაფრთხოების გარემო ისე იცვლება, რომ შეირაღებული ძალები განახლების პროცესში მუდმივად უნდა იყოს. კონცეფცია გამოწვევებს რამდენად დაუპირისპირდება, ვერ გეტყვით. თავდაცვის სისტემამ ისე უნდა იმუშაოს, რომ აგრესორს გაუმკლავდეს და თავდაცვის სისტემას გააჩნდეს ისეთი უნარი, რომ ოკუპაცია დაძლიოს“, - დასძინა ლონდარიძემ.