„ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის კონფლიქტი დღითიდღე ღვივდება, მხარეები კი, გამოსავლის ძიების ნაცვლად, ჩიხურ ვითარებაში შედიან და ერთმანეთს უპატივცემულობაში ადანაშაულებენ.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და ქვეყნის პირველ პირს შორის კონფლიქტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საფუძველზე დაიწყო, ამჟამად კი, უმრავლესობასა და მარგველაშვილს შორის დაპირისპირება ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონზე პრეზიდენტის ვეტომ წარმოშვა. საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, მმართველმა გუნდმა ვეტო უპრობლემოდ დაძლია, მაგრამ მათი გაღიზიანების მიზეზი ის განცხადებები გახდა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა და, რომელიც დეპუტატების მხრიდან „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ეხებოდა.
უმრავლესობის წევრებმა გიორგი აბაშიშვილის შეფასება „უვიცობად“ შეაფასეს, ქვეყნის პირველმა პირმა კი, „ქართული ოცნება“ მეხუთე-მეექვსე ეშალონებად დაჰყო და ისინი მის მიმართ წაყენებული პრეტენზიების გამო გააკრიტიკა.
პრეზიდენტის თქმით, „ოცნებაში“ დეპუტატთა გარკვეული ჯგუფია, რომელიც პრობლემების გადასაფარად, სახელისუფლებო შტოებს შორის დაპირისპირების წინა პლანზე წამოწევას ცდილობს.
მარგველაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მისი ადმინისტრაციის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი ეპითეტები მიზნად დაპირისპირებაში პრეზიდენტის ჩართვას ისახავს.
„შეურაცხმყოფელი ეპითეტები იმისთვისაა, რომ რაღაც შოუში ჩაგვრთონ, სადაც ერთმანეთს ვლანძღავთ, რომლის ფონზე მთავარი პრობლემა გადაიფარება. ოთხი წლის განმავლობაში, „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთთან დაპირისპირებული იყო. ახლა რაღაც ახალი უნდათ, რადგან ეს საზოგადოებას მოსწყინდა. ამ ყველაფერში არ ჩავერთვები. ის ადამიანები, ვინც „ნაცმოძრაობის“ დროს მეხუთე-მეექვსე ეშელონს შეადგენდენენ, დღეს „ოცნების“ სახელით პრეტენზიებს მიყენებენ“, - აღნიშნა მარგველაშვილმა, რომლის საპასუხოდ, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დაძაბულობის ინსპირაციას პრეზიდენტის წარმომადგენლები ქმნიან.
როგორც for.ge-ს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტის მიმართ უპატივცემულობას იჩენს.
„მნიშვნელოვანია, რომ საპრეზიდენტო ინსტიტუციასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა დაძაბულ ფონზე არ იყოს. სამწუხაროა, რომ ამ დაძაბულობის ინსპირირება პრეზიდენტის გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ხდება. მნიშვნელოვანია, ინსტიტუციების პატივისცემა და პარლამენტი ყოველთვის ასე იქცევა. სამწუხაროა, რომ ამ ბოლო დროს განცხადებები მოხშირდა, რომლითაც პრეზიდენტის ინსტიტუტის მხრიდან პარლამენტის მიმართ უპატივცემულობა მჟღავნდება“, - აღნიშნა დეპუტატმა.
კახიანს იმის დაკონკრეტება მოვთხოვეთ, თუ რაში გამოიახატება უპატივცემულობა. კანონმდებელის განმარტებით, ბოლო პერიოდში, უპატივცემულობა არაერთხელ გამოიხატა, რაც საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას ეხებოდა.
უმრავლესობის წევრს, ზაქარია ქუცნაშვილს „ოცნებასა“ და პრეზიდენტს შორის არსებულ კონფლიქტში ჩართვა არ სურს, თუმცა for.ge-სთან საუბარში მხარეებს შორის პრობლემების წარმოშობის მიზეზებს ასახელებს.
„ამ პროცესში არ ჩავერეოდი, რადგან გამოხატვის თავისუფლებას პატივს ვცემ, მაგრამ როცა საუბრობენ, რომ მიზანშეწონილად მიაჩნიათ, სააგენტო პრემიერს დაექვემდებაროს, ეს იმას ნიშნავს, რომ საკითხის მიზანშეწონილობაზე საუბრობენ. გადაწყვეტილება სამი კრიტერიუმით ფასდება, რომლებიცაა - მიზანშეწონილობა, ეფექტურობა და კონსტიტუციურობა. თუ კანონშემოქმედებით საქმიანობას ამ სამი კრიტერიუმით მივუდგებით, პრეზიდენტს უფლება აქვს, რომ სამივე კუთხით საკუთარი აზრი გამოთქვას, მაგრამ უფრო გერმანული მოდელი მომწონს, სადაც იმ შემთხვევაში ერევიან, თუ მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია“, - ამბობს ქუცნაშვილი.
კანონმდებელის ცნობით, საკითხის მიზანშეწონილობის ან ეფექტურობის ნაწილში არ უნდა ჩაერიონ, რადგან ეს საკითხები სუფთა პოლიტიკური თემებია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს და აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროს ეკუთვნის.
„პრეზიდენტის ვეტოები მიზანშეწონილობის მოტივითაა წარმოჩენილი და თუ კანონების მიღებას ამ სამი კრიტერიუმით გავზომავთ, მიზანშეწონილობა უფრო მთავრობისა და პარლამენტის კომპეტენციაა. არ ვამბობ, რომ პრეზიდენტს ამ პროცესში ჩარევის უფლება არ აქვს. მას კონსტიტუცია არ დაურღვევია, მაგრამ ის უნებლიედ კანონშემოქმედებითი პროცესის მოკარნახე ხდება და არა არბიტრი და კონსტიტუციის დამცველი. პრობლემას მიდგომებში განსხვავება ქმნის. ის თვლის, რომ მას შეუძლია, ვეტოს გამოყენის უფლება ნაკარნახევი მიზანშეწონილობით იყოს და არა ანტიკონსტიტუციურობით. პარლამენტი კი ამბობს, რომ ეს ჩვენი განსასაზღვრიაო. პრეზიდენტი ვეტოს უფლებას არაკონსტიტუციურობით, ეფექტურობის და მიზანშეწონილობის კუთხით იყენებს და უკვე მეექვსე ვეტოზეც ავიდა“, - აღნიშნავს დეპუტატი.
ქუცნაშვილის ცნობით, გერმანიის პრეზიდენტი კანონშემოქმედებითი პროცესში არ ერევა, რადგან კანონის გასწორების პროცედურა არსებობს.
„საქართველოშიც საკონსტიტუციო სასამართლოა, რომელიც კანონის კონსტიტუციურობას სწავლობს. მთავრობასაც შეუძლია, პასუხი გასცეს, თუკი მიიჩნევს, რომ კანონი არაეფექტურია და მიზანშეუწონელია. პრეზიდენტი თავის, პარლამენტის და მთავრობის უფლებას იყენებს და მას ხელიდან არ უშვებს. ბოლო შემთხვევაში, მიზანშეწონილობაზეც გადავიდა და მისი შენიშვნები გაზიარებული არ იქნა“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციას განწყობას, ისინი პრეზიდენტის დაცვას ცდილობენ. for.ge-სთან საუბარში უმცირესობის წევრი ირაკლი აბესაძე ყურადღებას „ოცნებასა“ და მარგველაშვილს შორის არსებული დაპირისპირების მიზეზებზე ამახვილებს.
აბესაძის შეფასებით, პრეზიდენტის მიმართ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება უარგუმენტო და შინაარსიდან დაცლილია.
კანონმდებელის თქმით, პრეზიდენტი სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესუსტებაში დაადანაშაულეს, რაც ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია.
„როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ წევრები ანგარიშს არ უწევენ იმას, რომ ისინი პარლამენტის წარმომადგენლები არიან და მათ განცხადებებს ძალიან მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობა და ფასი აქვს. რეალურად, საქმე პრეზიდენტის პერსონის მიუღებლობასთან გაქვს. ეს იმის გამო ხდება, რომ ხშირ შემთხვევაში, მარგველაშვილმა „ოცნების“ მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯების გამოაშკარავება სამართლებრივი შენიშვნებით და ვეტოს გამოყენებით მოახდინა. ეს იყო როგორც საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში, ასევე ეროვნულ ბანკთან, სასამართლოსთან და მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით. „ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტის მიმართ გაცხარება მძაფრი ამიტომ არის. თუმცა ის მიუღებელ ფორმას იძენს და ყოველგვარი კრიტიკის დასაშვების ზღვარს სცდება“, - აღნიშნავს აბესაძე.
კანონმდებელი ოპოზიციის მხრიდან პრეზიდენტის დაცვის საკითხსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ოპოზიცია მზადაა, პრეზიდენტის პოზიცია დაიცვას, რომელიც ქვეყნის სამართლიანი განვითარებისთვის სასარგებლო იქნება.
„იმდენად დიდია მათი სურვილი, რომ სუს-ის მიერ მიღებული დავალება შენიღბონ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით, რომ მზად არიან, აბსურდული სამართლებრივი განცხადებები გააკეთონ, რომ თითქოს, პრეზიდენტი სამართლებრივი განცხადებების გაკეთებისას პარლამენტის კომპეტენციაში ერევა. პრეზიდენტს არ ვიცავთ, უბრალოდ, გარკვეულ შემთხვევებში, ერთ პოზიციაზე აღმოჩნდით. თუნდაც, ე.წ. მოსმენების პროექტზე, როცა პრეზიდენტმა ფაქტობრივად ალტერნატიული წინადადება გაიმეორა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მანამდე შევთავაზეთ“, - დასძინა აბესაძე.
პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის თუ როგორ განვითარება პროცესები, ამის პროგნოზი რთულია, თუმცა გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე 7 აპრილს წარსდგება და არ არის გამორიცხული, მათ შორის ურთიერთობა უფრო გამწვავდეს, ან პირიქით, გაუმჯობესდეს. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი პრეზიდენტის გამოსვლის შინაარსსა და უმრავლესობის განწყობაზე იქნება დამოკიდებული.