ვინ გახდება თბილისის მერი, ამას ამომრჩეველი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გადაწყვეტს. თუმცა, თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიები უკვე ემზადებიან. თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება მმართველი გუნდი, თუმცა, ცნობილია, რომ მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი არ იქნება მოქმედი მერი დავით ნარმანია, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წლის ბოლოს აცხადებდა, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, დააყენებს თუ არა განმეორებით საკუთარ კანდიდატურას.
ანალიტიკოსების შეფასებით, შანსი იმისა, რომ მმართველმა გუნდმა ნარმანიას კანდიდატურა ხელახლა დააყენოს, ნულის ტოლია.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძე იქნება. ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ გუნდში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა მზად არის გუნდის გადაწყვეტილებით იმოქმედოს.
„ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დრო არის დარჩენილი. გუნდში მსჯელობა არ ყოფილა კანდიდატურასთან დაკავშირებით. თუმცა, მე შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მაქვს საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა, ვარ ვიცე პრემირი, ვარ ენერგეტიკის მინისტრი, ვარ ასევე პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და კონკრეტული დარგი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ - ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტებს ვახორციელებთ.
თუ რა იქნება მომავალში, თუ ვინ იქნება კანდიდატად წარმოდგენილი, ეს აუცილებად უახლოეს მომავალში, როდესაც გუნდში მსჯელობა იქნება, გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. მე პირადად რაც შემეხება, მაქსიმალურად მზად ვარ გუნდის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ვიმოქმედო. ჩემთვის თანამდებობა არასოდეს ყოფილა პირველი და მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის მთავარია იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც ჩვენ დავისახეთ“, - აცხადებს კახი კალაძე.
თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება ოპოზიცია. გავრცელებული ინფრომაციით, მერობის საერთო კანდიდატი ეყოლებათ „რესპუბლიკელებს“ და „თავისუფალ დამოკარეტებს“ და ეს საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი იქნება. დეპუტატი ადასტურებს, რომ მონაწილეობას მიიღებს მერის არჩევნებში. თუმცა, მისი კანდიდატურა წარდგენილი იქნება თუ არა „რესპუბლიკებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ, ამ ინფორმაციას ელისაშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს. ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიებიდან შემოთავაზება აქვს.
არჩევნებისთვის ემზადება „ნაციონალური მოძრაობა“, რომლიც გავრცელებული ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იმ 9 პოლიტიკურ პარტიასთან ერთად გეგმავს, რომლებიც „რუსთავი 2“-ს დაცვის მოტივით გაერთანდნენ, ამ თვალსაზრისით კონსულტაციები დაწყებულია. რაც შეეხება მერობის კანდიდატს - სავარაუდოდ, ისევ, ნიკა მელია იქნება. საკუთარი კანდიდატი ეყოლება „ევროპულ საქართველოს“ და ერთ-ერთი ვერსიით ეს ირაკლი აბესაძე იქნება.
ექსპერტის რამაზ საყვარელიძის შეფასებით, წარსული გამოცდილება აჩვენებს, რომ ყველაზე მეტად მერობა უჭირდათ ინტელიგენტებს. არა იმიტომ, რომ ცუდები იყვნენ, არამედ ამ სფეროში საქმიანობის სტილი და წესი არსებითად განსხვავდება იმისგან, რასაც ისინი შეჩვეულები იყვნენ. მისივე თქმით, ანალოგიური რამ დაემართა დავით ნარმანიას, რომელიც შესანიშნავი ლექტორი და ანალიტიკოსია, მაგრამ პრაქტიკული პრობლემის გადასაწყვეტად საჭირო ჩვევები, რაც პრაქტიკოსებს აქვთ და მერსაც უნდა ჰქონდეს, ნარმანიას არ აქვს.
„არა ერთხელ მითქვამს, რომ მერის ადგილი ნარმანიასთვის ტვირთია და თვითონაც ტვირთია ამ ადგილისთვის. მისი, როგორც ნიჭიერი ადამიანის შესაძლებლობების გამოყენება უფრო სრულფასოვნად შეიძლება. რაც შეეხება კანდიდატურებს, როგორც ჩანს, მერობა ყველას შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუკი კახი კალაძე დათანხმდა მერობას, სერიოზული კონკურენტი იქნება ყველასთვის“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
რაც შეეხება ელისაშვილს, რომელიც სავარაუდოდ „რესპუბლიკელებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი იქნება, საყვარელიძე ამბობს, რომ „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ბუნებრივი მოკავშირეები არიან, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებში არ ჰქონდათ მაღალი რეიტინგი, შესაბამისად, მერის არჩევნებში გაერთიანება ძალიან მაღალ პიედესტალად არ გამოადგებათ.
„ნარმანიამ არსებითად გაიმარჯვა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ავტორიტეტით, ანუ, ამ პედიესტალზე რომ დადგა მაშინ მიაღწია წარმატებას. პიედესტალს აქვს დიდი მნიშვნელობა და „რესპუბლიკელების“ და „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური ქულები, არ არის იმდენად მაღალი, რომ ელისაშვილმა მერის სავარძლამდე მიაღწიოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ვარაუდობს, რომ მერის არჩევნები საკმაოდ რთული და ამასთანავე უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება. მისივე თქმით, ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ და მისი კანდიდატი იქნება ფავორიტი, თუნდაც იმიტომ, რომ მათ გააჩნიათ სახელისუფლებო მექანიზმები და არ უჩივიან ფინანსურ რესურს, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა პირველივე ტურში მოიპოვოს გამარჯვება.
„შეგახენებთ, რომ დავით ნარმანიამ პირდაპირ 50+1 ვერ მოაგროვა, საჭირო გახდა მეორე ტური, ეს იყო ის პერიოდი, როდესაც „ქართული ოცნებას“ ზეობის პერიოდი ჰქონდა. ამიტომ, ველოდები, რომ აუცილებლად იქნება მეორე ტური. ხოლო როგორ მოხდება მეორე ტურში ხმების გადანაწილება, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რას მოიმოქმედებს ოპოზიცია. არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა, ალბათ, გაზაფზხულზე უფრო გამოიკვეთება პოლიტიკური სიტუაცია და ვითარება, მაგრამ ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ თბილისის მერობაზე აუცილებელი იქნება მეორე ტურის ჩატარება“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
რაც შეეხება ოპოზიციას და მის შანსებს, ძაბირაძის განცხადებით, შეიქმნა საკმაოდ რთული ვითარება. „ნაციონალური მოძრაობა“ გაყოფილია, ამიტომ თქმა იმისა, რომ ნაციონალების კანდიდატი აუცილებლად გავა მეორე ტურში, ცოტა რთული სათქმელია.
„ძველი ნაციონალური ბიუროკრატია მთლიანად უგულავას და მისი გუნდის მიერაა შერჩეული. მართალია ნაციონალებში არიან, მაგრამ თუკი აბესაძე იქნება „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი, ალბათ, უმეტესი ნაწილი სწორედ მას დაუჭერს მხარს. გვახსოვს, რომ მაშინ ნიკა მელია გავიდა მეორე ტურში, მაგრამ მაშინ „ნაცმოძრაობა“ იყო ერთიანი. მელიას მხარს უჭერდა უგულავას გუნდი.
რაც შეეხება „რესპუბლიკელებს“ და „თავისუფალ დემოკრატებს“, არ ვიცი მოხდება თუ არა გაერთიანება, მაგრამ ძალიან კარგია, თუ ისინი ადგილობრივ არჩევნებზე ერთად აპირებენ გამოსვლას. ეს გაერთიანება ორივესთვის მომგებიანი იქნება, ელისაშვილი საკმაოდ მიზანმიმართულია, ვერ გეტყვით რა შანში აქვს, მაგრამ ამ სამეულში მას ნამდვილად ექნება შანსი“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ამ დროისათვის არსებული კანდიდატებიდან ჩანს, რომ მერის არჩევნები იქნება კონკურენტული. თუმცა, მისი თქმით, მნიშვნელოვანი არ არის პიროვნებებზე აქცენტების გაკეთება, არამედ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუციების შექმნა.
„რა ფუნქციების მატარებელი უნდა იყოს მერი, ეს უფრო მნიშვნელოვანია. დღეს მთავრი პრობლემა არის თვითმმართველობის ინსტიტუციების მოწყობა. პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობა ერთმანეთში არის არეული. თუ გახსოვთ, ნარმანია იძახდა, მერად იმიტომ უნდა ამირჩიოთ, რომ კარგი მენეჯერი ვარო, კარგი მენეჯერი არ არის საკმარისი მერისთვის. უწინარესად მერი უნდა იყოს კარგი პოლიტიკოსი, მას უნდა ჰქონდეს მოსახლეობის ნდობა. როგორც პოლიტიკურ ლიდერს უნდა შეეძლოს მოქალაქეების აყოლიება და პრიორიტეტული მიზნების მიღწევა. გადაწყვეტილებები უნდა ასახავდეს ხალხის ნებას და ინტერესებს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
რაც შეეხება კანდიდატებს, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ დროისათვის არსებული კონფიგურაციით, აშკარაა, რომ კალაძეს მეტი მხარადაჭერა ექნება, ვიდრე ოპოზიციას.
„შესაძლებელია პირველივე ტურში გაიმარჯვოს ხელისუფლების კანდიდატმა და სულაც არ ჩატარდეს მეორე ტური. არ არის აუცილებელი, რომ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვოს. ასეთი ვითარებაა ახლა. ვნახოთ რა იქნება მერე. ამ პერიოდში საკმაოდ კარგი გამოცდილება მიიღო კალაძემ, კარგ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. საქართველოს გუნდის კაპიტნობიდან, შეუძლია პოლიტიკური ლიდერის როლი შეასრულოს, ეს ჩანს უკვე, შეუძლია მოიგოს არჩევნები. თუმცა, მთავარი სიტყვა უნდა თქვას ამომრჩეველმა.
რაც შეეხება წინასაარჩევნო გაერთიანებას, ეს 8 პარტია სინამდვილეში არის 1+0, დანარჩენი 8 არის ნული. რა მნიშვნელობა აქვას დავითაია პარტიას დაირქმევს, თუ ვიღაცა ქარდავა, მათი პოლიტიკური წონა არის ნული. ერთადერთი წონიანი, ვისაც სამწუხაროდ ისევ ჰყავს ამომრჩეველი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ყალბი პროპაგანდით კიდევ ახერხებენ ამომრჩევლის გულის მოგებას, ყველას თავისი პოლიტიკური გემოვნება აქვს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.