ლევან და გია ყარამანიშვილების შეთავაზებას, წილების 40%-ის ტელეკომანია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებისთვის გადაცემას, ნიკა გვარამია კონტრწინანადებით პასუხობს და ყარამანიშვილებს მათ მფლობელობაში არსებული „ტელეკომპანია საქართველოს“ წილების დათმობას სთხოვს. ახლა ყარამანიშვილების გადასაწყვეტია გადასცემენ თუ არა „ტელეკომპანია საქართველოს“ წილებს „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს. თუმცა, უკვე არსებობს ინფორმაცია, რომ ყრამანიშვილები წილების დათმობას არ აპირებენ.
აღსანიშნავია, რომ ლევან და გია ყარამანიშვილების წილები დაყადაღებულია. ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნა ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს „პანორამა“. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებულია შემდეგ შეტყობინებამდე.
სწორედ, ამ ფონზე გაავრცელეს საგანგებო განცხადება ლევან და გია ყარამანაშვილებმა და მზადყოფნა გამოთქვეს ტელევიზიის წილის 40% თანამშრომლებისთვის გადაეცათ. ძმები აქვე აღნიშნავდნენ, რომ მზად იყვნენ ხელშეკრულება წილების გადაცემის თაობაზე დაუყოვნებლივ გაეფორმებინათ, რომელიც ძალაში ყადაღის მოხსნის შემდეგ შევიდოდა.
„ის, რაც თქვენ შეძელით ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ივანიშვილის შეტევა ტელევიზიის ხელში ჩასაგდებად ღია ფაზაში შევიდა, არის სამოქალაქო გმირობა, რომელიც შევა საქართველოს ისტორიაში. კარგად ვაცნობიერებთ, თუ რა სიმამაცე და ტიტანური შრომა დგას ამ ყველაფრის უკან. გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ თქვენგანს ამისთვის.
ჩვენი წილები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში (40%) უსასყიდლოდ გადაეცეს ტელეკომპანიის კოლექტივს, რათა თქვენ უკვე მფლობელების რანგში გახდეთ ტელევიზიის სამომავლო ბედის განმსაზღვრელი და თანამონაწილე. მოგეხსენებათ, ამჟამად ჩვენი წილები დაყადაღებულია, მაგრამ მზად ვართ, შესაბამისი ხელშეკრულებები დავდოთ ახლავე, იმ პირობით, რომ წილის გადმოცემა ძალაში შევა ყადაღის მოხსნისთანავე.
„რუსთავი 2“-ში ამჟამად დასაქმებულია ათასამდე ადამიანი, რომელთა ხელფასები მერყეობს თვეში 500-დან 60 000 ლარამდე. მიუხედავად თანამდებობისა და ანაზღაურების ოდენობისა, ყოველი მათგანის კონტრიბუცია ტელეკომპანიის ფუნქციონირებაში უნიკალური და ფასდაუდებელია. მოგმართავთ თხოვნით, დავიწყოთ კონსულტაციები, რათა არავის ღვაწლი არ დარჩეს უღიარებელი და წილები კოლექტივს გადაუნაწილდეს ღიად და სამართლიანად“, - აცხადებდნენ გია და ლევან ყარამანიშვილები.
„რუსთავი 2“-ის ფორმალური მფლობელების განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა არხის გენერალური დირექტორისთვის, რომელმაც ყარამანიშვილებს საგანგებო ბრიფინგზე უარით უპასუხა. ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები ძმებ ყარამანიშვილებს საპასუხო ინიციატივით მიმართავენ და სთავაზობენ, რომ მათ შპს „ტელეკომპანია საქართველო“ გადაეცეთ, რომელიც „რუსთავი 2“-ის წილების საკონტროლო პაკეტს ფლობს.
მიმართვაში, რომელიც საზოგადოებას გვარამიამ გააცნო, აღნიშნულია, რომ წილების 40%-ის ტელეკომპანიის კოლექტივისთვის გადაცემა რეალურად სურათს ვერ შეცვლის, ვინაიდან აქციათა საკონტროლო პაკეტი მაინც ძმებ ყარამანიშვილების ხელში დარჩება.
„ამჟამად ყადაღის ქვეშ მყოფი „რუსთავი 2“-ის წილების 40%-ის გადმოფორმება პრაქტიკულად განუხორციელებადია. „რუსთავი 2“-ის წესდების თანახმად, წილების გამოდმოფორმებას სჭირდება ყველა მეწილის, მათ შორის 9% წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის თანხმობა, რაც არ არსებობს. შესაბამისად, წარმოდგენილი შემოთავაზება სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს ფიქციას, რაც სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ძმებ ყარამანიშვილებს მხედველობიდან გამორჩათ.
რაც მთავარია, კომპანიის 40%-იანი წილის ფლობა, პრაქტიკულად, არ ცვლის საქმის ვითარებას, რამეთუ გადამწყვეტი ხმის უფლება ისევ რჩება „ტელეკომპანია საქართველოს“, რომელიც კომპანიის საკონტროლო პაკეტს, 51%-იან წილს ფლობს. შესაბამისად, შემოთავაზება, იქიდან გამომდინარე, რომ „ტელეკომპანია საქართველო“ ძმებ ყარამანიშვილებს ეკუთვნით, შინაარსობრივი თვალსაზრისითაც ფიქტიურია, ვინაიდან კოლექტივის ტელეკომპანიის მართვაში ჩართვის ვერანაირ გარანტიას ვერ ქმნის“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ტელეკომპანია საქართველო“ დაყადაღებული არ არის, მის გასხვისებას არ სჭირდება მესამე პირთა თანხმობა, რადგან საკონტროლო პაკეტი ყარამანიშვილების მფლობელობაშია. გვარმიას განცხადებით, ამის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს ისტორიაში პირველად, მაუწყებლის მფლობელები თავად მისი თანამშრომლები გახდებიან, მათ მიერ საამისოდ შერჩეული პირების მეშვეობით.
ნიკა გვარამიას განცხადებას დღის ბოლოს საგანგებო განცხადებით უპასუხეს ძებმა ყარამანიშვილებმა და მზად არიან შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ აქციების საკონტროლო პაკეტი 51% „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს გადასცენ, რათა საქმეზე ყოველგვარი გაუგებრობა შეწყდეს.
„გაუგებარია, თუ რას გულისხმობდა გენერალური დირექტორი, როცა საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენი შეთავაზება პრაქტიკულად არ ცვლის საქმის ვითარებას. არ გვინდა საზოგადოება და ჩვენი კოლექტივი დავღალოთ იურიდიული ნიუანსებით. თუ საუბარია ჩვენი ინიციატივის სანდოობაზე, უსაფუძვლო ეჭვების გასაქარწყლებად, ვადასტურებთ, რომ მზად ვართ, კოლექტივს გადავცეთ 51% „ტელეკომპანია საქართველოში“, რომელიც თავის მხრივ არის „რუსთავი 2“-ის 51%-ის მესაკუთრე“, - ნათქვამია ყარამანიშვილების განცხადებაში.
არაოფიციალური ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების შემდეგ, ძმებმა ყარამანიშვილებმა ოფიციალურად მოითხოვეს არხიდან გასვლა, რასაც არხის რეალური მფლობელი მიხეილ სააკაშვილი არ დათანხმდა.
როგორც ყარამანიშვილების გარემოცვის წვერები for.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, ძმებს დიდი ხანია ტელევიზიის მოშორება უნდათ, რადგან „მიშას ნების შემსრულებლები იყვნენ და არიან. ისინი კარგად ხვდებიან, რომ შეჩერების მექანიზმი დროებითი მოვლენაა, ამიტომ უნდათ არხიდან წასვლა“.
ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ამბობს, რომ ძმები ყარამანაშვილების მიერ „რუსთავი 2“ -ის წილების ტელეკომპანიის თანამშრომლებზე გადაცემა ვერ განხორციელდება.
„უბრალოდ, ვერ ვხვდები, რისთვის დასჭირდათ ასეთი განცხადების გაკეთება. თუ კოლექტივისთვის უნოდათ 40%-იანი წილის გადაცემა, შეეძლოთ მანამდე გადეცათ, სანამ არხის დაყადაღება მოხდებოდა. საკითხი იმდენად არასერიოზულია, რომ ფაქტის შეფასებაც კი მიჭირს. იურიდიულად ეს ამ ეტაპზე არის წარმოუდგენელი და ვფიქრობ, რომ ასეთი რამ ვერ განხორციელდება, თუნდაც საქმე ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ დასრულდეს, რადგან ევროსასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ, იმის საფუძველი იქნება, რომ დავა ხელახლა დაიწყოს. წილები კვლავაც დარჩება ყადაღის ქვეშ და შეიძლება საკმაოდ დიდ ხანსაც გაიწელოს. როგორც ყარამანიშვილები ამბობენ თანამშრომლებს დაუფასდათ საქმიანობა, შრომა და ბრძოლა, თავისუფალი სიტყვის დასაცავად, თუმცა ეს რომ არ არის ამ შემთხვევაში ნამდვილი მიზანი, ამაში დარწმუნებული ვარ“, - ამბობს პაატა სალია.
როგორც ადვოკატი აცხადებს, ყარამანიშვილებმა მშვენივრად იციან, რომ მათი შეთავაზება ვერ განხორციელდება, რადგან ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საქმის ვითარებას არ ცვლის, ისევე როგორც ნიკა გვარამიას კონტრწინადადება.
„ყარამანიშვილების გადასაწყვეტია გადასცემენ თუ არა „ტელეკომპანია საქართველოს“ წილებს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი არის მეორე ხარისხოვანი. არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არავის არ გაუუქმებია. „რუსთავი 2“-ის წილები მიკუთვნებულია ქიბარ ხალვაშისთვის, უბრალოდ, მათი რეგისტრაცია ვერ ხდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულებაზე სტრასბურგმა შეჩერების მექანიზმი გამოიყენა. რა დრომდე გასტანს ეს შეჩერება, ესეც ცალკე საკითხია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პაატა სალია.