საქართველოს მთავრობა ერთ სივრცეში განთავსდება და ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქი გაშენდება, ისტორიული შენობები კი, პრივატიზაციას დაექვემდებარება. აღმასრულებელი ხელისუფლება სამთავრობო ქალაქის მშენებლობის დაწყების კონკრეტულ თარიღს ჯერჯერობით არ ასახელებს და ხარჯების ოპტიმიზაციაზე აპელირებს, ოპოზიცია კი, მინისტრებისთვის კომფორტის შექმნის მცდელობას ხედავს და ხელისუფლებას ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ვითარებას ახსენებს.
სამთავრობო ქალაქის აშენების იდეა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაახმოვანა, რომელიც აღნიშნავს, რომ მშენებლობისთვის გამოყოფილია საკმაოდ დიდი ტერიტორია.
მისი თქმით, მმართველობითი რეფორმის ფარგლებში, ორთაჭალაში უკვე დაწყებულია ერთიანი მომსახურეობის ოფისის შექმნის პროექტი და გადაწყდა, რომ მომსახურეობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, ორთაჭალაში იმ ადგილის გვერდით, სადაც ბიზნეს სახლის პროექტი ხორციელდება, სამთავრობო ქალაქის პროექტიც გაკეთდეს.
„ერთი მხრივ, სამინისტროების გადატანა ძალიან კარგი იქნება, რადგან ქალაქის ცენტრში ძალიან ბევრი საოფისე თუ სასტუმროსთვის სივრცე გამოთავისუფლდება, მეორე მხრივ კი, სამშენებლო სექტორი წახალისდება“, - აღნიშნა პრემიერმა, რომლის პათოსს იზიარებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.
საკითხზე საუბრისას ზურაბ ალავიძე აქცენტს იმ შენობების პრივატიზაციაზე ამახვილებს, სადაც ამჟამად სამინისტროებია განთავსებული. მინისტრის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული შენობებიდან უწყებები გამოვიდნენ და მათი პრივატიზაცია მოხდეს. ალავიძე ირწმუნება, რომ ამ პროექტის ძირითადი მიზანი ხარჯების ოპტიმიზაციაა.
„სამინისტროების უმეტესი ნაწილი ისტორიულ შენობებსა და ქალაქის ისეთ უბნებშია განთავსებული, რომლებიც სასტუმროსა და ტურისტული მიმართულების განვითარებისთვის ძალიან საინტერესოა. უფრო კომპაქტურად ისეთ ადგილებზე უნდა გადავიდეთ, რომლებიც ხარჯების ოპტიმიზაციის საშუალებას მოგვცემს და ამასთანავე, ეს შენობები ენერგოეფექტური იქნება. თუ მთავრობა ერთ ადგილზე იქნება თავმოყრილი, ეს ცხოვრებას მოსახლეობასაც გაუადვილებს და ბიზნესსაც“, - განაცხადა ალავიძემ.
მთავრობის წევრებისგან განსხვავებით, ოპოზიციონერი დეპუტატები სამთავრობო ქალაქის პროექტს ოვაციით არ შეხვდნენ და პირიქით, იდეაში მინისტრების მხრიდან საკუთარ თავზე ზრუნვის მცდელობა დაინახეს.
როგორც for.ge-ს ფრაქცია - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თიკა ბოკუჩავამ განუცხადა, როცა ქვეყანა ამდენი ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დგას, ხელისუფლება იმაზე უნდა ზრუნავდეს, სამუშაო ადგილები როგორ შეიქმნას, ლარი როგორ დაასტაბილუროს და ეკონომიკა წინ როგორ წავიდეს.
დეპუტატის მოსაზრებით, ამის ნაცვლად, მთავრობა იმაზე ზრუნავს, საკუთარი თავისთვის კომფორტი როგორ შეიქმნას.
„ვხედავთ, რომ ივანიშვილი და მისი გარემოცვა - მინისტრები საკუთარ თავზე ზრუნავენ და ეს ახალი პროექტიც ამ მიზანს ემსახურება“, - ამბობს ბოკუჩავა.
იდეით აღფრთოვანებული არ დარჩა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილიც. კანონმდებელი ხაზს საქართველოში არსებულ სოციალურ ფონს უსვამს და აღნიშნავს, რომ ცუდია, როცა ქვეყანას მაძღარი მინისტრები და მშიერი მოსახლეობა ჰყავს.
ინაშვილის შეფასებით, მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფება, ქვეყანაში კომპლექსების მშენებლობა დაუშვებელია.
„ხელისუფლება რომელიღაც მწვერვალზეა. არ ვიცი, „ჰაწვალზე“ არიან, თუ სხვა მწვერვალებზეც გადაინაცვლეს. რეალობას და იმ დაბლობს სრულიად მოწყვეტილი არიან, რასაც ქართველი ხალხი ჰქვია. დღევანდელი სოციალური სიდუხჭირის პირობებში, როცა ჯანდაცვის მინისტრის მონაცემებით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ღარიბია და 90 პროცენტი გაჭირვებულია, სამთავრობო და საპარლამენტო კომფორტისთვის რაღაც კომპლექსების შექმნა დაუშვებლად მიმაჩნია. ყოველი თეთრი თანამოქალაქეების ფიზიკურ გადარჩენაზე უნდა დაიხარჯოს. როცა ასეთი უკიდეგანო უფსკრული ჩნდება, ეს სოციალურ და პოლიტიკურ აფეთქებამდეც გადადის“, - ამბობს ინაშვილი.
ოპოზიციონერი დეპუტატებისგან განსხვავებით, მმართველ გუნდში მთავრობის წინადადებას მხარს უჭერენ და უფრო მეტიც, ოპოზიციას მათი სკეპტიკური შეფასებების გამო აკრიტიკებენ.
როგორც for.ge-ს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განუცხადა, ეს ფაქტი აჩვენებს იმას, თუ როგორ შეიძლება ნებისმიერი პოზიტიური იდეა უარყოფითად წარმოჩინდეს და ოპოზიცია ტრადიციას არც ამ შემთხვევაში არ ღალატობს.
„რაც შეეხება ინიციატივას, ყურადღება იმას უნდა მივაქციოთ, რაც ითქვა, რომ ეს პირველ რიგში ხარჯების ოპტიმიზაციისთვის არის დადებითი მოვლენა. ამიტომ, თავი სერვისების ტექნიკურ გაიოლებას რომ დავანებოთ, დადებითი მომენტია ის, რომ ცენტრალურ უბნებში არსებული კარგი შენობების პრივატიზებით დამატებითი სტიმული შეიძლება ტურიზმს მიეცეს. ამ ყველაფერს თან ბევრი პოზიტიური ნიშანი ახლავს და რეალობას ძალიან აცდენილი უნდა იყო, რომ ამასაც ის განმარტება მოუძებნო, რასაც ოპოზიცია აკეთებს. სამწუხაროდ, არაორდინალური ოპოზიცია გვყავს. ხანდახან, სჯობს, ოპოზიციამ კლასიკური სახე რომ დაიბრუნოს და საკითხებს პოზიტიურად გამოეხმაუროს“, - აცხადებს კაკულია.
პრემიერის ინიციატივას მიესალმება უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილიც. for.ge-სთან საუბარში ქუცნაშვილი ყურადღებას ერთ სივრცეში განთავსებული სამინისტროების მიერ დაზოგილ დროზე ამახვილებს და აცხადებს, რომ იქედან გამომდინარე, რომ გადაწყვეტილებები ელექტრონული მიმოწერით და უშუალო სამუშაო შეხვედრების ჩათვლით მიიღება, სადაც ჩართულობა საჭიროა როგორც ჩინოვნიკების, ასევე მოქალაქეების მხრიდან, რა თქმა უნდა, ბევრად ეფექტური იქნება თუ სამთავრობო ქალაქი ერთ უბანში განთავსდება.
ქუცნაშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში, როგორც მოქალაქეებს, ასევე მათ დაქვემდებარებაში მყოფ ჩინოვნიკებს გადაადგილებაში დიდი დროის დახარჯვა აღარ მოუწევთ.
„აშკარად ვატყობთ, რომ თბილისში, როგორც მეგაპოლისში გადაადგილება საკმაოდ რთული ხდება. ეს საჯარო მოხელეებსა და მოქალაქეებს სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობისთვის გადაადგილებას ურთულებს. თუ ელექტრონული მიმოწერისთვის მანძილს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ელექტრონული მიმოწერა გადაწყვეტილების მიღებისთვის საკმარისი არ არის და ჩართულობა აუცილებელია, ერთ უბანში სამთავრობო ქალაქის განთავსებით ჩართულობა ბევრად უფრო იზრდება და საჯარო მოხელეები დიდ დროს აღარ დაკარგავენ“, - აღნიშნავს ქუცნაშვილი.
კანონმდებელის ცნობით, ამ დროისთვის, ორთაჭალაში განთავსებულია მთავრობის დაახლოებით 1/3 ნაწილი.
„ორთაჭალაშია განთავსებული ფინანსთა, იუსტიციისა და გარემოს დაცვის სამინისტროები. ასევე შემოსავლების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავარი პროკურატურა. ჩათვალეთ, რომ იქ განთავსებულია მთავრობის 1/3 თუ მეტი არა. ამავე დროს, იჯარით გასულია ეკონომიკის სამინისტრო, რომელმაც შენობა გაყიდა და უწყება დასაბინავებელია. ორთაჭალა ცარიელი ადგილი არ არის და ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის ანალოგად არ გამოდგება, რადგან იქ არანაირი ინფრაქსტრუქტურა არ იყო, პირიქით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაანგრიეს და ამას ადამიანებიც კი შეეწირენ. მთავრობის იდეას მივხვდი, რომ თბილისის ცენტრალური უბნები მოქალაქეებისთვის გათავისუფლდეს და უცხოურ ვიზიტორებს დაუთმონ, ხოლო საჯარო მოხელეები ორთაჭალაში გვერდი-გვერდ გადავიდნენ“, - დასძინა ქუცნაშვილმა.