„ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის ურთიერთობაში სტაბილურობის განცდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნამ გააჩინა, რომელიც გასულ წელს, პარლამენტში ქვეყნის პირველი პირის გამოსვლას დაესწრო, თუმცა მოგვიანებით, სახელისუფლებო შტოებს შორის ვითარება ისევ დაიძაბა, რომლის მიზეზებს მხარეები საკუთარი გადმოსახედიდან ასახელებენ.
ქვეყნის პირველ პირსა და „ქართულ ოცნებას“ შორის არსებულ ურთიერთობაზე, for.ge პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის ესაუბრა:
პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 7 აპრილს წარსდგება, რასაც წინ მმართველ გუნდსა და გიორგი მარგველაშვილს შორის დაპირისპირება უსწრებს. ქვეყნის პირველმა პირმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით მიღებულ კანონს ვეტო დაადო და ამასთანავე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით, მასსა და ირაკლი კობახიძეს შორის კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა. რა ხდება, „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტს შორის?
- ადგილი ხედვაში განსხვავებას და ინფორმაციის ნაკლებობას აქვს. ყოველ შემთხვევაში, პირველი შეხედვით ასე ჩანს, რადგან კანონპროექტი, რომელიც ჩამოყალიბდა, ღრმა ანალიზის საფუძველზე გაკეთდა, რომელმაც გვაჩვენა, რომ „ნოუ-ჰაუს“ ვერ შევქმნით. სახელმწიფოს უსაფრთხოების ხარჯზე ექსპერიმენტს ვერ ჩავატარებთ. მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებაა აღებული, რადგან არც ერთ ქვეყანაში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის ისეთი სტრუქტურა არ მოქმედებს, რომელიც საერთო უსაფრთხოების ჭრილის გარეთ მოიაზრება. ახალი კანონი სააგენტოს მაქსიმალურ დამოუკიდებლობას და პარლამენტისა და პრემიერის წინაშე მის ანგარიშვალდებულებას გულისხმობს. უფრო მეტიც, პარლამენტს ისეთი მექანიზმები მიენიჭა, რომ უწყებას სააგენტოს საქმიანობის ყველა მიმართულების შემოწმება შეუძლია. ამასთანავე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი გაძლიერებული ფუნქციებით არსებობს, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია, მცდელობა აღკვეთოს, თუკი რაიმეს უკანონოდ ჩართვა მოხდება. ამ პროცესში ასევე სასამართლოც არსებობს, რომელიც მოქმედებებში მონაწილეობას ღებულობს. პირველ რიგში, ადამიანის უფლებებია დაცული, რომ მის პირად ცხოვრებაში ჩარევა არ მოხდეს. არანაირად არ შეიძლება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები ადამიანის უფლებებისგან მოწყვეტილი იყოს.
ამას გარდა, მნიშვნელოვანია რამდენიმე თემა. უკანონო მოსმენა თუ პირადი ცხოვრების მიყურადება ერთ-ერთ ტელევიზიაში შოუდ გადის, სადაც აჩვენებენ, თუ როგორ იწერენ ოჯახის რომელიმე წევრის პირად ცხოვრებას, თუკი მეორე წევრი მას უჩივის. ე.წ. კერძო დეტექტივები არსებობენ, რომელიც ამას ახორციელებენ. ეს რეალური შოუა და იქ საკმაოდ ღია კადრების ჩვენება ხდება. იმის თქმა მინდა, რომ უამრავი მაგალითი გვქონდა, როცა სახელმწიფომ ასეთი ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა გადაწყვიტა, ამას აკეთებდნენ და იყენებდნენ კიდეც. ამის სრულად აღმოფხვრის და მოსპობის მექანიზმი არ არსებობს.
ხელისუფლებას პოლიტიკური ნება აქვს იმისა, რომ ძალოვანი უწყებები ადამიანების პირად სივრცეში არ იჭრებოდნენ?
- არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მთავარი ამოსავალი წერტილი ამ სფეროში მოსამსახურე ხალხის პატიოსნება და პოლიტიკური ნებაა. კონფლიქტი აქედან იქმნება. ყოფილი და ამჟამინდელი ნაციონალები, ასევე ორკაციანი პარტიები ამ საკითხზე მიჯაჭვულები არიან და მათი მიზანია, პოლიტიკურ ველზე ისეთი პოლიტიკური სკანდალი შექმნან, რომლითაც ყურადღებას მიიქცევენ.
თუმცა, ვნახეთ, რომ პრეზიდენტმა მათი რეკომენდაცია გაითვალისწინა და რიგით მეექვსე ვეტოს უფლებაც გამოიყენა...
- რაც შეეხება ამ ძალებთან პრეზიდენტის პოლიტიკურ კავშირს, სურვილი მაქვს ის გამოვრიცხო, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მათი ანალიზის საფუძველზე მოხდა. არასამთავრობო ორგანიზაციები მოგვიწოდებენ, რომ ახალი აღმასრულებელი სტრუქტურა შევქმნათ, რომელიც პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული იქნება, რაც საკონსტიტუციო უფლებამოსილებების აღრევაა. მთავარი უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველო თავისი უსაფრთხოების სისტემით ცალკე და მარტო არ დგას. ქვეყანა გლობალური ქსელის ნაწილია, რომელიც სერიოზულად ჩართულია როგორც ანტიტერორისტული, ასევე ანტიკრიმინალისტურ საქმიანობაში. იმაზე ლაპარაკი, თითქოს ვეტოს იმის გამო დავძლევთ, რომ ბევრნი ვართ, ეს არსებული რეალობის კიდევ ერთი დამახინჯებაა.
როგორც ფიქრობთ, პრეზიდენტთან ისევ დაპირისპირებაში ხართ?
- იმის წარმოჩენას რაც არ უნდა ვეცადო, რომ ეს დემოკრატიის გამოვლინების ერთ-ერთი ნიშანია, ფაქტია, რომ პრეზიდენტი თითქოს დელიკატურად, მაგრამ პრაქტიკულად, საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციაში უადგილოდ იჭრება, რომელიც კანონმდებლობით ვალდებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვები მოაწყოს. როცა პრეზიდენტი ხარ და სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის ფუნქცია გაქვს, ვფიქრობ, რომ უფრო ჭკვიანური, აწონილ-დაწონილი და ქვეყნის ინტერესებზე გათვლილი ნაბიჯები უნდა გადადგა და არა პირადი ინიციატივები გააჟღერო, რომელიც სიკეთეს ვერ მოიტანს. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში პოლიტიკური ძალებისა და არასამთავრობო სექტორის ფართო სპექტრია წარმოდგენილი და ლოზუნგი, რომ „კონსტიტუცია ყველასია“ მადისკრეიტირებელია. კონსტიტუცია ყველას რომ ეკუთვნის, მასზე სწორედ ამიტომ ვმუშაობთ.
მოსაზრება გავიგე იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი მარგველაშვილის წინააღმდეგაა მიმართული, რასაც ყველანაირ საფუძველს ის ინიციატივა აცლის, რომლითაც საპრეზიდენტო არჩევნები არაპირდაპირი წესით 2018 წლის შემდეგ ჩატარდება. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების არაპირიდაპირი წესით არჩევას, თუკი პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს, პარტიათა შორის კონსესუსი და საერთო აზრის პოვნა იმას არ განაპირობებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი მაინც და მაინც ერთი პარტიის წარმომადგენელი იყოს. პირიქით, შესაძლოა, ამ საკითხს ხანგძლივი დისკუსიაც მოჰყვეს. პირდაპირი არჩევნების წესი საკმაოდ სუსტ მხარეებსაც შეიცავს, რადგან წარმოიდგინეთ პრეზიდენტი, რომელიც არც დამოუკიდებელია, არც ისე თავისუფალია და საპარლამენტო მმართველობის პირობებში, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს არ წარმოადგენს. ჩვენი მიზანი ის ხომ არ არის, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებული მმართველობის სტრუქტურები შევქმნათ? ჩვენთვის მთავარი სახელმწიფოს სტაბილურობა და დაპირისპირებების პრევენციაა, რაც ეკონომიკური განვითარებისთვის მთავარია.
პოლიტიკურ კულუარებში საუბარია იმაზე, რომ გიორგი მარგველაშვილს პოლიტიკაში დარჩენა სურს და შესაძლოა, მისი მონაწილეობით ისეთი პლიტიკური კონფიგურაცია შეიქმნას, სადაც წარმოდგენილი იქნებიან „ევროპული საქართველოს“ წევრებიც. ამის შესახებ გსმენიათ?
- მის სურვილს მივესალმები, მაგრამ სურვილის რეალიზაციის ფორმას ხომ გააჩნია? მან პოლიტიკაში დარჩენისთვის კონფრონტაციის გზა აირჩია და ამის დამალვას რაც არ უნდა ვეცადოთ, ეს ნათლად ჩანს. კი ბატონო, ამას დემოკრატიული პროცესი დავარქვათ და შესაძლოა, ეს რაღაც თვალსაზრისით ცუდიც არ იყოს, რადგან მთელი მსოფლიო ხედავს, რომ აზრთა ჭიდილი და პლურალიზმი გვაქვს. მთავარი სახელმწიფოს სტაბილურობაა და ამ მნიშვნელოვან ფაქტორზე ამან არ უნდა იმოქმედოს, მაგრამ პრეზიდენტის ნაბიჯები ასეთ რეალობას ქმნის.
ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებს?
- მგონია, რომ ამ ყველაფერის მიღმა გარკვეული პოლიტიკური ამბიცია დევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარგველაშვილის ნაბიჯების სხვა ახსნას ვერ ვხედავ და ამასთან დაკავშირებით ძალიან ვწუხვარ. პრეზიდენტმა რაც არ უნდა უარყოს, ფაქტია, რომ საკონსტიტუციო კომისიასთან და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე ასეთი მწვავე დაპირისპირებული გარემოს შექმნა პოლიტიკურად არაჯანსაღია. არ ვიცი, პრეზიდენტს პოლიტიკის გაგრძელება უნდა თუ არა, მაგრამ მას შეუძლია, საკუთარი ძალები 2018 წლის საპრზიდენტო არჩევნებზე სცადოს.
მას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს?
- ის გიორგი მარგველაშვილი, რომელიც მახსოვს, რომელსაც პირადად მე და ბევრი ჩემი მეგობარი გვერდში ვედექით და მასთან ერთად სოფელ-სოფელ დავდიოდით, იმ პიროვნებისგან მნიშნელოვნად განსხვავდება, რომელიც დაპირისპირებული და ხშირ შემთხვევაში არა მხოლოდ უსაფუძვლო, არამედ დამაზიანებელი პოზიციის მქონეა.
რა შეიცვალა მასში? იქნებ, პრეზიდენტის გარიყვის მიზეზი „ქართული ოცნებაა“, რადგან მასთან დაპირიპირებში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილისა და უმრავლესობის განცხადებებიც გვახსოვს...
- გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა იმის გამო იყო შერჩეული, რომ მას კარგი აკადემიური წარსული აქვს, განათლების კარგი მინისტრი იყო და დამოუკიდებელი პიროვნება, კარგი ანალიზის გამკეთებელი ადამიანი იყო. არჩევნების წინ, ასეთი გიორგი მარგველაშვილი მახსოვს.
ახლა, როგორ გიორგი მარგველაშვილს ხედავთ?
- საწყენად არ ვამბობ და რეალობა ისეთია, რომ იმ რესურს მისმა პოლიტიკურმა ამბიციამ გადასძალა, რასაც ქვეყნის ინტერესების სიღრმისეული ანალიზი ჰქვია.
რაც შეეხება 7 აპრილის სხდომის ფორმატს, პოლიტიკური დებატების დანიშვნას გეგმავთ?
- სპეკულაცია დაიწყო იმის თაობაზე, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის დროს სხდომათა დარბაზში უნდა იყოს თუ არა მთავრობა. ამის წინააღმდეგიც ვიყავი, რადგან ასეთ შემთხვევაში, სიტყვით გამოსვლის უფლება მინისტრებსაც უნდა ჰქონდეთ, რადგან თუკი კრიტიკული გამონათქვამი იქნება, მას პასუხი უნდა გასცენ. დარბაზში პრემიერ-მინისტრი იჯდეს და მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის თაობაზე არაფერს არ ამბობდეს, ეს რეალური მმართველი რგოლის დაკნინება და მთავრობის ხელმძღვანელის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებაა. გვეუბნებიან, ვინ დაადგინა, რომ ქვეყანაში საკონსტიტუციო მმართველობაა და პრეზიდენტს უფლება არ აქვს, ის გააკეთოს, რაც უნდაო. ასეთი კონსტიტუციაა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი აღმარულებელ რგოლს არ ხელმძღვანელობს.
შესაძლოა, სხდომას მთავრობა არ დაესწროს?
- გახსოვთ, რომ გასულ წელს, გიორგი კვირიკაშვილმა სწორი ნაბიჯი გადადგა და პრეზიდენტის გამოსვლას დაესწრო, მაგრამ ამან არავითარი შედეგი არ გამოიღო. პრეზიდენტთან მიმართებაში რომელ საკითხშია მთავრობა ან უმრავლესობა მტყუანი? - ყოველგვარი ანალიზის გარეშე, დაპირისპირებაზეა საუბარი და მედიაში სათაურებად მხოლოდ ესაა გამოტანილი. ამ ვითარებას სიტყვა დესტრუქციული ყველაზე მეტად მოუხდება, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან ვიხილეთ. რაც შეეხება პოლიტიკურ დებატებს, როცა სხდომაზე ფრაქციის ხელმძღვანელი გამოდის, ეს პირდაპირ პოლიტიკური დებატია. ვინც პოლიტიურ დებატებს ითხოვს, მათი მიზანია, პარტიებს შორის პოლიტიკურ დაპირისპირება მოხდეს და სპეკულაციური გარემო შეიქმნას.