სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საქართველოში ე.წ. მინი სტრასბურგის მოდელის ამოქმედებაზე უარს ამბობს, იურიდიულ წრეებში კი, აღნიშნული ინსტიტუტის შექმნის მნიშვნელობაზე აპელირებენ და მას საერთაშორისო არენაზე, საქართველოს ავტორიტეტის ზრდის ერთ-ერთ წინაპირობად მიიჩნევენ.
კომისიის ფარგლებში, ე.წ. რეალური კონსტიტუციური კონტროლის ინსტიტუტის შემოღების საკითხი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ დასვა, რომლის გათვალისწინებითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება მიენიჭება, გადასინჯოს და დაადგინოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობა.
როგორც for.ge-ს მენაბდემ განუცხადა, ე.წ. რეალური კონსტიტუციური კონტროლის ინსტიტუტის ამოქმედება იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეს უფლება ექნება, საკონსტიტუციო სასამართლოში საერთო სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილება გაასაჩივროს, თუ ის თვლის, რომ მის მიმართ კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული უფლება დაირღვა და ის გასაჩივრების საფუძვლებს დააკმაყოფილებს.
მენაბდე ფიქრობს, რომ ამ მოდელის შემოღება რამდენიმე თვალსაზრისით კარგია, რადგან საერთო სასამართლოებს კონსტიტუციის განმარტების არც კომპეტენცია აქვთ და არც გამოცდილება.
„ამიტომ ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, მათ ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რომლითაც ადამიანს უფლებებს დაარღვევს. ორგანო უნდა არსებობდეს, რომელიც გადაწყვეტილების კონსტიტუციურობას შეამოწმებს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღმასრულებელი ორგანოებისა და საკანონმდებლო აქტების კონსტიტუციურობა მოწმდება და მესამე კომპონენტი გვაკლია. შესაბამისად, სასამართლოების აქტებიც უნდა შემოწმდეს“, - ამბობს მენაბდე.
კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რომ ე.წ. რეალური კონსტიტუციური კონტროლის ინსტიტუტის არსებობით ყველაზე განვითარებულია გერმანია და სისტემა მოქმედებს აზერბაიჯანშიც.
„ეს ინსტიტუტი ითვლება, როგორც დამატებითი ინსტრუმენტი ადამიანის უფლებების დაცვის და ეფექტურობის თვალსაზრისით. წარმოიდგინეთ, ასი ადამიანია, ვისაც სტრასბურგში წასვლა სურს. ისინი ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოში მოვლენ, რომელთაგან საკონსტიტუციო სასამართლო ზოგს დაუკმაყოფილებს და ზოგს - არა. ვისაც სარჩელს დაუკმაყოფილებს, ისინი ავტომატურად მოიხსენებიან და ვისაც არ დაუკმაყოფილებს, შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი საკუთარ გადაწყვეტილებაში დაარწმუნოს და სტრასბურგში წასვლის სურვილი გაუქროს. ეს გადაწყვეტილება სტრასბურგში გასაჩივრებას ხელს არ შეუშლის. მას „მინი სტრასბურგს“ იმიტომ კი არ ეძახიან, რომ სტრასბურგს ანაცვლებს. უბრალოდ, მისი მსგავსია“, - აცხადებს მენაბდე.
თუ რამდენად ეფექტური იქნება საქართველოში „მინი სტრასბურგის“ სისტემის ამოქმედება და თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს აღნიშნულ მოდელს, ამის გარკვევის მიზნით, for.ge თსუ-ს დოქტორანტს, პაატა ჯავახიშვილს ესაუბრა.
ჯავახიშვილი განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ამ უფლებამოსილების მინიჭება სასარგებლო რამდენიმე მიმართულებით იქნება. მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სახელმწიფოს ავტორიტეტის ზრდის თვალსაზრისით. ასევე სახელმწიფო რესურსების კლების კუთხით, რადგან ამ მოდელის ამოქმედების შემთხვევაში, სტრასბურისთვის მიმართვების კლების პროპორციულად მოქალაქეების ფინანსური რესურსებიც კლებულობს, რომელიც იქ სამართალწარმოებას უკავშირდება.
მისი თქმით, კარგი იქნება, თუ სახელმწიფო გაბედულ ნაბიჯს გადადგამს და საკონსტიტუციო სასამართლოს ეს უფლება მიენიჭება, რადგან საქართველოში რეალური საკონსტიტუციო კონტროლის შემოღების თაობაზე დისკუსია მხოლოდ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში არ დაწყებულა და ამ საკითხზე მსჯელობა წინა საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებშიც იყო.
„სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილების მიღება დღემდე ვერ მოხერხდა, რისი მიზეზიც შესაძლებელია იყოს ინფორმაციის ნაკლებობა და ფრთხილი დამოკიდებულება მისი განხორციელების შემთხვევაში, სავარაუდო რისკების შესახებ. რეალური კონტროლის პირობებში, საკონსტიტუციო კონტროლის ორგანო ადამიანის უფლებების დაცვის მთავარ ინსტრუმენტად იქცევა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვიანობა თავიდან იქნეს აცილებული“, - აცხადებს ჯავახიშვილი.
ჯავახიშვილის ცნობით, სტრასბურგის სასამართლო და ვენეციის კომისია ეროვნული სასამართლოების დონეზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ე.წ. რეალური ინდივიდუალური სარჩელის განხილვის უფლებამოსილების მინიჭების საკითხს შეუფარავად ლობირებენ.
„სტრასბურგის სასამართლომ 2006 წელს მიღებულ საქმეზე - „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“ პირდაპირ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლი, რომელიც საშუალებას აძლევს ინდივიდს საკონსტიტუციო სასამართლოს მისი დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართოს, შიდა ეროვნული არაეფექტური საშუალებაა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პარალელი უნგრეთის სასამართლოსთან გაავლო, რომელსაც ანალოგიური უფლებები აქვს და აღნიშნა, რომ ეს საშუალება არ შეესაბამება იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო ადგენს. რეალური ინდივიდუალური საკონსტიტუციო სარჩელი, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებაა, განიხილოს არა მხოლოდ ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობა, არამედ გაასაჩივროს საჯარო ხელისუფლების ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება იყოს ადმინისტრაციული აქტი, ან რეალაქტი. ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ანუ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი საკონსტიტუციო სასამართლოში ხდება, რაც სკეპტიკოსთა ფრთხილ დამოკიდებულებას იწვევს ხოლმე. კერძოდ, ამ პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლო ეროვნული სასამართლოების დონეზე დამატებით ინსტანციად ხომ არ იქცევა? - პასუხი ერთმნიშვნელოვანი არ არის, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს არა დამატებით ინსტანციას, არამედ ერთ მომენტს აფასებს - უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირღვევა თუ არა ადამიანისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ძირითადი უფლებები. ასე რომ, მისი შეფასების საგანი ვიწრო სპეციფიკური ხედვაა“, - ამბობს ჯავახიშვილი.
ჯავახიშვილი განმარტებით, ყველა მოქალაქეს უფლება არ აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს, რადგან ისინი გარკვეულ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდნენ. კერძოდ, პირველ რიგში, მოქალაქე, მაგალითად, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ძირითადი უფლების დარღვევის ფაქტზე უნდა დავობდეს. ასევე ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მოქალაქეს პირდაპირი და ირიბი ზიანი უნდა ადგებოდეს.
ჯავახიშვილი სტრასბურგის სასამართლოს მოწოდებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროპული სასამართლო ამ ინსტიტუტის დამკვიდრებას განსაკუთრებით ლობირებს, რისი მიზეზიც ისაა, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მისთვის მიმართვიანობა იმ ქვეყნებიდან გაცილებით დაბალია, სადაც რეალური ინდივიდუალური საკონსტიტუციო სარჩელის ინსტიტუტი არსებობს.
„თურქეთის შემთხვევა შემიძლია მოგიყვანოთ. 2010 წელს, თურქეთმა საკონსტიტუციო სასამართლოს რეალური კონტროლის უფლებამოსილება მიანიჭა და პრაქტიკულად, თურქეთიდან სტრასბურგის სასამართლოს მიმართ მიმართვიანობა ძალიან შემცირდა. დადებითია ის, რომ ამ ინსტიტუტის ფარგლებში, ქვეყანაში ძალიან მაღალი დონის ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტი იქმნება, რაც საერთო სასამართლოების თვითკონტროლის ზრდას ხელს უწყობს. ევროპელი მეცნიერები იმ სახელმწიფოებში არსებულ დაცვის სტანდარტს უნივერსალურად მიიჩნევენ, სადაც რეალური კონტროლი არსებობს. ეს სისტემა ევროპის მასშტაბით ყველას არ გააჩნია, მაგრამ ეს მოდელი აქვთ გერმანიაში, ესპანეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, სადაც სისტემა საკმაოდ წარმატებულია“, - აღნიშნავს ჯავახიშვილი.
თუ რა რისკები ახლავს თან ამ მოდელის დამკვიდრებას, ამის თაობაზე ჯავახიშვილი ამბობს, რომ რისკი იქმნება, რეალური კონტროლის პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლო ხელისუფლების სააპელაციო ინსტანციად ხომ არ იქცევა. ასევე მთავარი რისკი შეეხება იმას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადატვირთვა ხომ არ მოხდება და ეს შემდგომში მის ეფექტურ მუშაობას ხომ არ შეეხება.
„ასევე რისკია ის, მას ხომ არ ექნება ზედამხედველის ფუნქცია საერთო სასამართლოების სისტემაზე და ეს რამდენად დადებით გავლენას მოახდენს საერთო სასამართლოების იმიჯსა და ავტორიტეტზე?! ასევე ხომ არ იქნება, სახელმწიფო ორგანოებს შორის იმ ხარისხის შიდა კონფლიქტი, რამაც შესაძლებელია, კონსტიტუციური უფლებით მინიჭებულ ნორმალურ განხორციელებას ხელი შეუშალოს?! ამას გარდა, ამ უფლების ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლოს ზედმეტად პოლიტიზირების საკითხი ხომ არ მოხდება?! პრაქტიკამ აჩვენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ მიმართვიანობა ძალიან გაიზარდა და თურქეთის შემთხვევამაც აჩვენა, რომ ამას საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასება მოჰყვა. მეორე საკითხია, ეს თურქეთში როგორ სრულდება, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფო ცდილობს, მაღალი სტანდარტის ინსტრუმენტი შექმნას“, - დასძენს ჯავახიშვილი.
რაც შეეხება ქართველი კანონმდებლების განწყობას, საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა მმართველ გუნდშიც არის. როგორც for.ge-ს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განუცხადა, ის აღნიშნული სისტემის ამოქმედებას მხარს უჭერს და ამაში იდეაშიც ახალი არაფერია, რადგან იურიდიულ წრეებში ამ თემაზე საუბარი ბოლო შვიდი-რვა წელიწადია არსებობს. კანონმდებელის მოსაზრებით, საკითხის არასწორი ინტერპრეტაცია ხდება, რადგან თითქოს საუბარია, მეორე სტრასბურგის სასამართლოს შექმნაზე.
„ამას იურიდიულ წრეებში „რეალურ კონტროლს“ უწოდებენ. ანუ, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ასეთი უფლებამოსილების მინიჭება არაკონსტიტუციური საფუძვლით, საერთო სასამართლოთა გადაწყვეტილებების განხილვას გულისხმობს, რაც ეს არაერთ სახელმწიფოში არსებობს. ამის მხარდამჭერი ჯერ კიდევ წლების წინ ვიყავი და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ამ უფლებამოსილების დამატებით აღჭურვას მივესალმები, მაგრამ საქმე ასე მარტივი არ არის, რადგან ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთო სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება. თუ ასეთი რამ იქნება შემოღებული, ძალიან მკაცრი წესი უნდა არსებობდეს, თუ რა საქმეები გასაჩივრდება საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლომ შესაძლოა, მხოლოდ კონსტიტუციურობის საკითხზე იმსჯელოს“, - ამბობს დეპუტატი.
კახიანი თურქეთის გამოცდილებაზე აპელირებს და აღნიშნავს, რომ სტრასბურგში საქმეების გაგზავნის მიმართულებით, თურქეთი ერთ-ერთ პირველ ადგილზე იყო, მაგრამ მათი სტატისტიკა შემცირდა.
„ასეთი რეკომენდაცია სტრასბურგის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაშიც იკვეთებოდა, რომ შესაძლებელია, ისეთი ფილტრი არსებობდეს, რომლითაც სანამ საქმეები სტრასბურგში წავა, მათი განხილვა ქვეყანაში ხდებოდეს“, - დასძენს კახიანი.
თანაგუნდელისგან განსხვავებით, იდეის წინააღმდეგიაა კობა ნარჩემაშვილი. for.ge-სთან საუბარში ნარჩემაშვილი ამბობს, რომ საკასაციო ინსტანცია უნდა დარჩეს, როგორც ბოლო ინსტანციის სასამართლო. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ისე უნდა დარჩეს და არა უშუალოდ მართლმსაჯულების განმახორციელებელი.
„თუ კონვენციის წევრები ვართ და სტრასბურგში მოსამართლეები გვყავს, შუალედური რგოლი რატომ უნდა გავაჩინოთ? თუ საუბარია იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დატვირთვა დიდია, შეგვიძლია, კოლეგიების გაზრდაზე ვიმსჯელოთ იგივე პროპორციული კვოტით, როგორც დღეს ფორმირდება. თქვენ გგონიათ, რომ საქმეები სტრასბურგში არ გაიგზავნება? შემდეგ საუბარს დაიწყებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენა აქვს და საბოლოო ჯამში, ყველა საქმე სტრასბურგში გაიგზავნება. მართლმსაჯულებაში ნდობის საკითი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ კიდევ ერთი ინსტანცია გავაჩინოთ“, - აღნიშნავს ნარჩემაშვილი, რომლის მსგავსად, იდეის წინააღმდეგია ოპოზიციონერი დეპუტატი ოთარ კახიძე.
კახიძე ფიქრობს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქართველოში ვერავინ გადმოიტანს, რადგან აბსურდულია.
კანონმდებელის ცნობით, მან აღნიშნული ინიციატივის შესახებ პირველად ნინო გვენეტაძისგან და შემდეგ მერაბ ტურავასგან მოისმინა, რომელთაც განზრახული „მინი სტასბურგის“ შექმნა ჰქონდათ.
„ამის შემდეგ, ნინო გვენეტაძის და მერაბ ტურავას მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ვნახეთ, რომელიც დიდმა სტრასბურგმა პრაქტიკულად შეაჩერა. ამიტომ „მინი სტრასბურგზე“ ლაპარაკი არასერიოზულია, როგორი შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმებითაც არ უნდა შეიქმნას საქართველოში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ბოლო ინსტანციაა, რომელიც სხვადასხვა გადაწყვეტილებების ევროკონვენციასთან შესაბამისობას განიხილავს“, - დასძენს კახიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში „მინი სტრასბურგის“ მოდელის იდეით სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც გამოვიდა, თუმცა წლების წინ, „ქართულმა ოცნებამ“ წინადადება არ გაიზიარა.