ლარმა რთული თვეები გადააგორა და გამყარების გზას დაადგა

ლარმა რთული თვეები გადააგორა და გამყარების გზას დაადგა

ექსპერტების და ანალიტიკოსების უმრავლესობა იანვარ-თებერვალში ლარის კურსის უფრო მეტად გაუფასურებას ელოდა, თუმცა მოხდა საპირისპირო - ეროვნული ვალუტა გამყარების გზას ადგას და ყოველდღიურად იუმჯობესებს პოზიციებს. ამ კვირაში ლარმა 2.60-იანი ნიშნული უკან მოიტოვა და შეუსვენებლივ მიიწევს 2.50-სკენ.

ფინანსიტები ამბობენ, რომ ოპტიმალურ ნიშნულამდე ჯერ კიდევ შორია და ამისათვის ეროვნული ვალუტა არჩევნებისწინა დონემდე უნდა გამყარდეს, როდესაც კურსი 2.35-სა და 2.40-ს შორის თამაშობდა. ამის შემდეგ მთავარი იქნება ბაზარზე სტაბილურობის შენარჩენება.

ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემოსვლის გაუმჯობესებასთან ერთად, ლარის გამყარებას, თავის მხრივ, ხელს უწყობს მიმოქცევაში ნაღდი ფულის მასის შემცირება და რეფინანსირების სესხის შეზღუდვაც. 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მიმოქცევაში 2,999 მლრდ ლარი ბრუნავდა, ხოლო 22 თებერვლის მდგომარეობით, 2.819 მლრდ ლარი. ნაღდი ფულის მასა პირველი იანვრიდან დღემდე 180 მლნ-ით შემცირდა.

ამ პროცესების კვალდაკვალ, მთავარი ფაქტორი არის მთავრობის მიერ ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვის შეზღუდვა. თუ დეფიციტური ხარჯვა მატულობს, ლარის კურსი უფასურდება, ხოლო თუ მცირდება, მაშინ მყარდება. თებერვალში ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვის არარსებობამ ხელი შეუწყო კურსის გამყარების ტრენდს.

სავალუტო ბაზარის ტენდენციას პოზიტიურად უყურებენ ბიზნესმენები. "საბედნიეროდ, ლარი მყარდება და არის წინაპირობა რომ გონივრულ ზღვარზე გაჩერდეს“, - განაცხადა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა და დასძინა, რომ  ლარიზაციის გეგმა ანდა ლარში ფასდადება „ცუდი არაა“ და მთავარია, რომ ბიზნესი მერყეობისგან იყოს დაცული.

"ათწლეულებია ვალდებულებები სულ დოლარშია, შემოსავლები - ლარში. მე რომ მკითხოთ, საერთოდ გავათავისუფლებდი, ანგარიშწორება ქვეყანაში ნებისმიერ ვალუტაში უნდა იყოს შესაძლებელი. მგონი, თურქეთმა უკვე მიიღო და ნებისმიერ ვალუტაში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ანაგარიშსწორება", - განაცხადა პაპაშვილმა.

უკეთესის მოლოდინი აქვს "პირადი ბანკირის" აღმასრულებელ დირექტორს ირაკლი ბერძენაძეს. მისი აზრით, ლარის კურსის ოპტიმალურ ნიშნულზე საუბრისათვის საჭიროა ჯერ მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება. საერთოდ კი,  ეროვნული ვალუტის დასტაბილურება 2.30-2.40-ს შორის მისაღები იქნება, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვისაც.

"ვფიქრობ, რომ ლარის კურსის ყველაზე გონივრული ნიშნული არის 2.30-სა და 2.40-ს შორის. დღეს კურსის სტაბილიზაცია აშკარაა. დოლარმა დაიწყო ქვეყანაში შემოსვლა. ახლა იწყება ახალი ეტაპი. გაიზრდება როგორც ფულადი გადმორიცხვები, ასევე ინვესტიციების მოცულობა. გაზაფხული ის დროა, როცა კაპიტალდაბანდებები მატულობს. შესაბამისად, ესეც თავისებურ ასახვას ჰპოვებს ეროვნულ ვალუტაზე", - განაცხადა ბერძენაძემ.

სპეციალისტთა შეფასებით, ლარის გამყარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიდგომა ექნება სებ-ს რეფინანსირების სესხებთან მიმართებაში. ეროვნული ბანკი კი კვლავ დუმილის პოზიციას არჩევს, თუმცა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით, ასევე, სამომავლოდ იმის დაანონსებით, რომ რეფინანსირების განაკვეთი კვლავ მოიმატებს, კურსის გამყარებას ხელი უნდა შეეწყოს.