გაგანია საბჭოთა კავშირის არსებობის წლებში გულშემატკივრები სპორტული მას-მედიის დიდი რაოდენობით განებივრებულები არ გახლდნენ. „ლელო“, „სოვეტსკი სპორტი“ და ყოველკვირეული „ფუტბოლ-ჰოკეი“. სპორტის თაყვანისმცემლებს საჭირო ინფორმაციები ამ სამი გამოცემიდან უნდა მიეღოთ. ეს საკმარისი არ გახლდათ და ე.წ. „ჭორის ინსტიტუტი“ აქტიურად მოქმედებდა. დღეს ინფორმაციის ნაკლებობას აღარ განვიცდით და ამა თუ იმ მოთამაშის პირად ცხოვრებას ისევე კარგად ვიცნობთ, როგორც ჩვენი ოჯახის წევრებისა ან ახლობლების.
დღევანდელ „სპორტულ მოგონებებში“ რამდენიმე ადრინდელი შემთხვევა უნდა გაგახსენოთ.
ცნობილი მსახიობი და სპორტული კომენტატორი კოტე მახარაძე იხსენებდა:
„1981 წელს თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებმა ლონდონში ადგილობრივი „ვესტ ჰემი“ 4:1 რომ გაანადგურეს, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციას მთავარ მწვრთნელ ნოდარ ახალკაცთან ერთად, ლეგენდარული დათო ყიფიანიც ესწრებოდა და ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა.
საკუთარი გუნდის მარცხით გამწარებულმა ერთ-ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა დათოს უთხრა: მართალია, გაიმარჯვეთ, მაგრამ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, ვიცი, ცოტას გიხდიან და მშიერი რომ არ დარჩეთ, ჩვენთან გადმობარგდით სათამაშოდო. შემდეგ კი დამამცირებლად, ორმოცდაათფუნტიანი კუპიურა გაუწოდა...
დარბაზი გაისუსა. დათომ ჟურნალისტს კუპიურა გამოართვა. ჯიბიდან კალმისტარი ამოიღო, ხელი მოაწერა კუპიურაზე და უკან დაუბრუნა. თქვენ კი ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, სადაც ძალიან ადვილია, უმუშევარი დარჩეთ და შიმშილით რომ არ მოკვდეთ, ეს კუპიურა გაიხსენეთ, ათმაგ ფასში გაგეყიდებათ. ეს კი პირველ ხანებში, პურის ფულად გეყოფათო... დარბაზმა მქუხარე ტაში დასცხო. ჟურნალისტი კი იქიდან გაიძურწა“.
ნება მომეცით გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი მიხეილ მესხი გავიხსენო. ალბათ საინტერესო იქნება მიხეილ მესხის ფინტის „დაბადების“ პერიპეტიების მოგონება. ამ „თემაზე“ იმდროინდელი ქართველი გულშემატკივრები უსასრულოდ კამათობდნენ.
1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მიხეილმა კინოთეატრში იხილა გარინჩას თამაში ცოცხლად, როდესაც საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს პირველად. 21 წლის თავდამსხმელმა ბრაზილიელი კოლეგის ეფექტური მოძრაობა დაიჭირა და მთელი წლის განმავლობაში ამუშავებდა ფინტს. თუმცა, არ გამოსდიოდა. ამის მიზეზი იყო გარინჩას საოცარი სასტარტო სისწრაფე, რაც მესხს არ ჰქონდა შესაფერისი დონის. მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღის შემდეგ „დინამოს“ მცველმა, ვლადიმერ ელოშვილმა, მიხეილს აჩვენა ფინტი, რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენეს საერთაშორისო დონეზე. მეგობრებმა ამის გამეორება სცადეს, როდესაც მესხის ჯერი მოვიდა, მან ცოტათი განსხვავებული, მაგრამ მოულოდნელად გასაოცარი მოძრაობა გააკეთა. მიხეილმა ეს უმალვე ჩაიბეჭდა გონებაში და გარკვეული დროის შემდეგ, უკვე თამაშშიც გამოიყენა.
პირველად, მესხმა საკუთარი ფინტი 1959 წლის 6 სექტემბერს „გაიტანა სცენაზე“ და დაანახა პუბლიკას. ეს, მისი ეროვნულ ნაკრებში დებიუტის, ჩეხოსლოვაკიის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური თამაშის დროს მოხდა. აღსანიშნავია, რომ ახალწვეულის „ლუჟნიკების“ სტადიონი არ შეხვდა თბილად. პირველ რიგში იმიტომ, რომ მან შეცვალა ყველასათვის საყვარელი ანატოლი ლინია, მეორეც, მიხეილი ხომ ქართველი იყო. თუმცა, 22 წლის „ქართველმა ვირტუოზმა“ ისე ატრიალა ფლანგზე საკმაოდ გამოცდილი ჩეხი მცველი შაფრანეკა, რომ ხალხი მისგან არა გოლებს, არამედ ფინტებს ელოდა. თუმცა, მან სადებიუტო შეხვედრაში თავის გამოჩენა მოახერხა. როგორც შემდეგ თავად აღიარა, ეს გოლი მის კარიერაში ყველაზე ლამაზია. ალექსანდრ ივანოვის კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი აშკარად არ ვარგოდა და საპირისპირო მხარეს ეშვებოდა კარის გასწვრივ მდებარე ხაზის იქით, მაგრამ მესხმა დაიჭირა და ფაქტიურად ნულოვანი კუთხიდან ჩასვა კარის ბადეში. 102 ათასი ადამიანი წამოდგა ფეხზე და დაუკრა ტაში, მათ ასეთი რამ აქამდე არასოდეს ენახათ „ლუჟნიკების“ ლეგენდარულ სტადიონზე.
მიხეილ მესხის შემდეგ რამაზ შენგელია გავიხსენოთ. ლაღი, ნამდვილი ქუთაისური იუმორი ახლდა რამაზის საუბარს, გულიანი ხუმრობა.
„1987 წელს გერმანულ „ვერდერთან“ უეფას თასის მატჩი გვქონდა სათამაშო. ჩვენამდე გერმანელებმა მოსკოვის „სპარტაკს“ მოუგეს ბრემენში 6:2(!). იმ წელს „დინამოს“ ვერ ედგა კარგი დროება, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა უწევდა, „სპარტაკი“ კი ჩემპიონი იყო. როგორია, ამისთანა გუნდმა ასეთი ანგარიშით წააგო და ვინ იცის, ჩვენ რა გველოდა. თამაშის წინ, როდესაც სტადიონზე მივდიოდით, ავტობუსში მე და ჭომამ მოვითათბირეთ - როგორც კი პირველ წუთებში გოლებს გაგვიტანენ, თეთრი მაისურები გავიხადოთ, ავაფრიალოთ და დავიძახოთ, კაპუტ, კაპუტო(!)..."
ვისაც აღარ ახსოვს, შევახსენებთ იმ თამაშის ამბავს: მე-10 წუთზე მართლაც უკვე 0:2-ს ვაგებდით, მაგრამ რამაზ შენგელიამ იქვე ისეთი გოლი გაუტანა გალაღებულ გერმანელებს, ტრიბუნები წამოშალა ფეხზე...
ფეხბურთიდან ჭადრაკზე გადავინაცვლოთ.
გამოჩენილი სომეხი საბჭოთა მოჭადრაკე, მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ტიგრან პეტროსიანი თბილისში იყო დაბადებული და გაზრდილი. ამ თამაშის ანბანს პეტროსიანი საქართველოს დედაქალაქში ეზიარა, რითაც ის ამაყობდა კიდეც. ძალიან უყვარდა აქაურობა და რა თქმა უნდა, ქართულ ენასაც საფუძვლიანად ფლობდა. გენიალურ სომეხ მოჭადრაკეს ახლო მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა თავის ქართველ კოლეგებთან. ისინი მას მოფერებით ტიგოს (ტიგრანის კნინობითი ფორმა) ეძახდნენ.
გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისია. ლატვიის დედაქალაქ რიგაში მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩი იმართება ორ ექსჩემპიონს – პეტროსიანსა და მიხეილ ტალს შორის. ტალი რიგელი იყო. თავის „ტერიტორიაზე“ თამაშობდა და პროფკავშირების სასახლე, სადაც ეს მატჩი იმართებოდა, ტალის გულშემატკივრებით იყო სავსე.
დარბაზში შეკრებილ ჭადრაკის სპეციალისტებს შორის, იყვნენ სახელოვანი ქართველი მოჭადრაკეებიც. ისინი ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს მატჩის მიმდინარეობას სცენაზე დამონტაჟებული დაფის საშუალებით, რომელიც შუაში ეკიდა და სეკუნდანტი მსაჯი მასზე სვლებს აკეთებდა. როგორც წესია, საჭადრაკო დარბაზში ყოველთვის სამარისებური სიჩუმეა, რომ მოთამაშეებს ხელი არ შეეშალოთ ან დარბაზიდან არავინ უკარნახოს სვლა. ამ წესს ყველა იცავს, ხოლო დამრღვევი უსიტყვოდ გაჰყავთ...
მერვე პარტიის მსვლელობისას დარბაზში მყოფმა ქართველმა მოჭადრაკეებმა შეამჩნიეს, რომ პეტროსიანი მხედრით (ცხენით) სვლას არ აკეთებდა, დარბაზში მოჭადრეკეებთან ერთად საქართველოს სპორტკომიტეტის თანამშრომელი კაკო გვასალიაც იმყოფებოდა, რომელიც, იმავდროულად, პეტროსიანის ბავშვობის მეგობარი იყო. საზრიანმა გვასალიამ რომ შეიტყო, რაშიც იყო საქმე, არც აცია, არც აცხელა და ხალხით გაჭედილ დარბაზში ფეხზე წამოდგა. პეტროსიანის გასაგონად, ერთ-ერთ ქართველ მოჭადრაკეს დაუყვირა: აჩუ, ტიგო, აჩუო. პეტროსიანი ყველაფერს მიხვდა და ის პარტია ტალს მოუგო.
მართალია, გვასალია დარბაზიდან გააძევეს, მაგრამ მსაჯები ვერაფერს მიხვდნენ. სომეხი გროსმაისტერი კი მეოთხედფინალური მატჩის გამარჯვებული გახდა.