„მე არ ვიცნობ პუტინს, რუსეთში საქმეები არ მაქვს, ხოლო ვინც ვერ მიტანს, ჭკუიდან გადადიან“, - ასე გამოეხმაურა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დონალდ ტრამპი ამერიკული პრესას იმის თაობაზე, რომ ტრამპს რუსეთისადმი ზედმეტად კეთილგანწყობილი დამოკიდებულება აქვს. ამერიკის პრეზიდენტი წერს, რომ ბარაქ ობამას შეეძლო შეთანხმება დაედო ირანთან - ნომერ პირველ ტერორისტულ სახელმწიფოსთან - და არც არაფერი!“.
დღეს მსფოლიო იმის მოლოდინშია რა პოლიტიკა განხორციელდება რუსეთსა და აშშ-ს შორის, რომელიც ღიად დაუპირისპირდა ირანს. თავის მხრივ, ირანმა წინმსწრებად გაარკვია თავისი ურთიერთობები რუსეთთან. ამერიკასთან სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში, მას რუსეთის დახმარების იმედი აქვს. ირანი არის ის თემა, რომლის დათმობასაც რუსეთი ამერიკასთან ურთიერთობის სანაცვლოდ არ აპირებს. შესაბამისად, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის სერიოზული განხეთქილების მიზეზი ირანი გახდება.
მიუხედავად ამისა, ამერიკის ახალი პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში ამ დრომდე უცნობია. თუმცა, ცნობილია, რომ თებერვლის ბოლოს ამერიკის კონგრესის დელეგაცია ვიზიტით საქართველოს ეწვევა. აღსანიშნავია, რომ ამერიკელი კონგრესმენები ღიად აღნიშნავდნენ, რომ საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ ურთიერთობას ორმხრივად სასარგებლო მნიშვნელობა აქვს და ხაზს უსვამდნენ საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის როლს ამერიკისთვის.
საქართველო პირველ კონტაქტებს იწყებს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მიხეილ ჯანელიძე შეხვდება ამერიკის სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს და პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინს.
შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის შეფასებით, ეს შეხვედრები გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ საქართველომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას წარუდგინოს საქართველოს ხედვა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებასთან დაკავშირებით და ასევე, დაიგეგმოს უახლოეს პერიოდში და პერსპექტივაში აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული ქარტიით გათვალისწინებულ ყველა მიმართულებაზე კონკრეტული საქმიანობა.
„ბუნებრივია, ჩვენ გავივლით ყველა საკითხს, მათ შორის ორმხრივ ვიზიტებს როგორც საქართველოდან ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით, ასევე აშშ-დან საქართველოს მიმართულებით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის, პარტნიორობის ქარტია. წელსაც დაგეგმილია ოთხივე მიმართულებით ყველა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც ჩვენ მუშაობა დაწყებული გვაქვს. ბუნებრივია, ყველა საკითხი, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტები განხილული იქნება მიხეილ ჯანელიძის ამერიკის შეერთებულ ვიზიტის დროს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში საქართველოს, როგორც ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორს, ცალსახა მხარდაჭერა აქვს და ორმხრივი ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
როგორც ჩუგოშვილი აცხადებს, ამერიკელი კანონმდებლების უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელების აუცილებლობა და საქართველოს მაქსიმალურ მხარდაჭერას დაპირდა.
„საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. იმედი მაქვს, რომ ამერიკელი კოლეგები პოზიტიურ როლს შეასრულებენ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ლობირების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეების განმავლობაში შესაძლებლობა მოგვეცა შევხვედროდით ძალიან ბევრ კონგრესმენს და სენატორს, მათაც, ვინც არიან გამოცდილი საქართველოსთან ურთიერთობის კუთხით და მათაც, ვინც არიან შედარებით ახლად არჩეულები.
იყო ცალსახა მხარდაჭრა როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებისგან. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სტარატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა და ეს ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გარღმავდება. კონგრესიც და სენატიც, ასევე, გარკვეულ პოზიტიურ როლს შეასრულებს ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს საკითხის ლობირების კუთხით, რაც ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
ანალიტიკური საბჭოს მკვლევალი ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ საქართველო არ უნდა დაელოდოს სიგნალებს ვაშინგტონიდან. მნიშვნელოვანია ვიყოთ უფრო აქტიურები და ჩვენი თავი შევახსენოთ ახალ ადმინისტრაციას. მისივე თქმით, აშშ სტრატეგიულ პარტნიორებს ასე ხშირად არ იცვლის და საქართველოსთან მიმართებაშიც ეს არ მოხდება.
„ლობისტებთან უნდა ვიმუშაოთ. რაც შეიძლება მეტად უნდა შევახსენოთ თავი და როგორც იტყვიან, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის რადარის ეკრანზე უნდა ვიყოთ ყოველთვის. უნდა გავგრძელოთ მუშაობა ამერიკისა და ევროპის მიმართულებით მით უმეტეს ამ პერიოდში, როდესაც ადმინისტრაციის ცვლა ხდება, ამერიკასა და ევროპის შორის უთანხმობებმა იჩინა თავი, არ შეიძლება ჩვენ დავიკარგოთ მხედველობიდან.
უნდა გავაგრძელოთ აქტიური მუშობა, მიუხედავად იმისა, როგორი ურთიერთობა ექნება ამერიკას, ევროპას და რუსეთს. მიუხედავად იმისა, როგორც წარიმართება ირანთან მოლაპარაკება, ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი დღის წესრიგი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საერთაშორისო სისტემაში ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა.
თუ არ ვიაქტიურეთ, შეიძლება საერთოდ დავიკარგოთ ამ საერთაშორისო სისტემაში. როდის გავახსენდებით ვიღაცას, ამის იმედზე არ უნდა ვიყოთ. როგორც წესი, რატომღაც რუსეთს ვახსენდებით, ვახსენდებით საკმაოდ ხშირად და გვსჯის ხოლმე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძე.
პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი თამარ კიკნაძე აცხადებს, რომ ტრამპი რადიკალურად ცვლის პოლიტიკას და ზედმიწევნით ცდილობს გაატაროს ის პოლიტიკა, რომელიც მან გააჟღერა საარჩევნო კამპანიის დროს. მისივე თქმით, მოვლენები რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, ტრამპის პოლიტიკას დამატებით პრობლემებს უქმნის, მათ შორის უკრაინა-რუსეთის ურთიერთობა.
„ჯერჯერობით მთელი მსფოლიო იმის მოლოდინშია რა პოლიტიკა განხორციელდება რუსეთსა და აშშ-ს შორის. ძალიან ბევრი ექსპერტი ელოდება ტრამპისა და პუტინის შეხვედრას. ვხედავთ, რომ ტრამპმა რადიკალურად შეცვალა პოზიცია ირანთან მიმართებაში, საპარტნიორო ურთიერთობა აქვს ისრაელთან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მართლაც რადიუკალური ცვლილებებია მის პოლიტიკაში“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.
რაც შეეხება საქართველოს, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ახალ ადმინისტრაციასთნ საჭიროა სათანადო ურთიერთობების დალაგება და კომუნიკაცია.
„აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენი მცდელობები რადიკალურად შეცვლის ვითარებას. სამწუხაროდ, საქართველო პატარა ბუფერული სახელმწიფოა და დიდწილად ჩვენს მიმართ წარმოებული პოლიტიკა დამოკიდებული იქნება იმ გლობალურ პროცესებზე, რომელიც განვითარდება იგივე პუტინისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ. მაგრამ მიმაჩნია, რომ სწორია ხიდების გადების მცდელობა. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, საქართველოში ე.წ. ჩვენი ლიბერალები ძალიან უარყოფითად იყვნენ განწყობილი ტრამპის მიმართ. ამიტომ, ამ ურთიერთობების დალაგება ტრამპის ადმინისტრაციასთან, ნამდვილად, ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.