რუსთავის აზოტის სკანდალი საერთაშორისო ელფერს იძენს და, შესაძლოა, არა მხოლოდ „საქართველოს ბანკს“ დაუჯდეს რეპუტაციის შელახვად, არამედ მთლიანად ქვეყნის საქმიან წრეებს. შექმნილი ვითარება უკვე იწვევს შეშფოთებას ლონდონის საფონდო ბირჟაზეც, სადაც კოტირებს იმ ჯგუფის ფასიანი ქაღალდები, რომლის წევრიც „საქართველოს ბანკია“.
გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული ლონდონურ საბირჟო წრეებთან დაახლოებულ პირებს სულ უფრო ხშირად ესმით უხერხული და არასასიამოვნო კითხვები „აზოტში“ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. საქმე ის არის, რომ, როგორც აღინიშნა, ლონდონის ბირჟაზე ივაჭრება BGEO Group PLC-ის ფასიანი ქაღალდები. ამ ჯგუფის წევრი კი „საქართველოს ბანკია“, რომლის ლონდონის ბირჟაზე გასვლა და პრემიუმ ლისტინგში მოხვედრა ქართული ფინანსური ბაზრის ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდა თავის დროზე. ახლა კი იქმნება ისეთი ვითარება, რომ ეს სავიზიტო ბარათი "რუსთავის აზოტთან" დაკავშირებით სკანდალის ეპიცენტრშია მოქცეული.
საეჭვო აუქციონი
"რუსთავის აზოტის" სირთულეები 2015 წლიდან იწყება, როცა ქიმიური კომბინატის მიერ წარმოებულ პროდუქტზე და ძირითად საწარმოო ნედლეულზე მსოფლიო საფასო კონიუნქტურამ სერიოზული ნეგატიური გავლენა იქონია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე. სწორედ ამ მომენტში ქარხნის ერთ-ერთი კრედიტორი, „საქართველოს ბანკი“, ახორციელებს ნამდვილი რეიდერისთვის დამახასიათებელ მოქმედებებს.
2016 წელს „საქართველოს ბანკი“ ყიდის ქარხნის საწარმოო აქტივებს. ეს იმდენად მოულოდნელად ხდება, რომ თავისთავად აჩენს ეჭვებს ბანკის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. კერძოდ, აუქციონი დაინიშნა 2016 წლის 1 სექტემბერს, ხოლო ამის თაობაზე შეტყობინება „აზოტის“ ერთ-ერთი კრედიტორის, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ სათაო ოფისმა ლონდონში ორი დღით ადრე, 30 აგვისტოს მიიღო და ისიც მხოლოდ ქართულ ენაზე.
„ევრობანკთან“ ერთად სხვა კრედიტორების, მათ შორის ქარხნის მფლობელის ინტერესებიც უხეშად დაირღვა. „საქართველოს ბანკმა“, ფაქტობრივად წაართვა მათ კანონით გათვალისწინეული უფლება საწარმოო აქტივების უპირატესი შესყიდვის თაობაზე.
აუქციონის შედეგებმა ცხადი გახადა, თუ რატომ განვითარდა ასე სწრაფად და გაუმჭვირვალედ ეს სააუქციონო პროცესი. გამარჯვებული გახდა რამდენიმე კვირით ადრე დაფუძნებული კომპანია „ეუ ინვესთმენთსი“, რომელიც არ ფლობს არანაირ აქტივებს და იმავდროულად არც მალავს საკუთარ კავშირებს „საქართველოს ბანკთან“. ამ კომპანიის მფლობელი არის „საქართველოს ბანკის“ ყოფილი ტოპ-მენეჯერი ეფრემ ურუმაშვილი, რომელმაც აუქციონის პირობების შესასრულებლად, ანუ კომპანიის აქტივების შესასყიდად მრავალმილიონიანი სესხი მიიღო, არც მეტი არც ნაკლები - BGEO Group PLC-ისგან, რომელსაც, შეგახსენებთ, ეკუთვნის „საქართველოს ბანკი“.
ანუ, მარტივად რომ აიხსნას, „საქართველოს ბანკმა“ საკუთარი მსესხებლისგან, საკუთარი ფულითვე იყიდა საკუთარივე აქტივები. და დაუყოვნებლივ გადასცა ეს აქტივები ლიზინგის წესით ისევ „რუსთავის აზოტს“. შესაბამისად, ქარხანა, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი სახსრები მიმართოს სახელფასო დავალიანებებისა და რთული ფინანსური ვითარების დაძლევისკენ, იძულებულია ეს თანხები უხადოს ბანკს იმისთვის, რომ თავისივე ძირითადი საშუალებები მუშაობისთვის გამოიყენოს.
ნაბრძანებია განადგურება?
ახალი მფლობელის პირელივე ნაბიჯებმა ცხადყო, რომ აუქციონის შედეგად მისი ქარხანაში მისვლა საწარმოს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საკრედიტო და სახელფასო დავალიანებების დაფარვას კი არ ისახავდა მიზნად, არამედ, უფრო საწარმოს სრულ განადგურებას.
ახალი მფლობელის მისვლისთანავე დაიწყო მასობრივი დათხოვნები. სამუშაოდაკარგულებს ურუმაშვილი სამი თვის მანძილზე 500-ლარიანი კომპენსაციის გადახდას დაჰპირდა. დარგობრივი პროფკავშირების ხელმძღვანელი თამაზ დოლაბერიძე დარწმუნებულია, რომ 300 ზე მეტი ადამიანის დათხოვნა განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის სრული იგნორირებით და უგულებელყოფით. მის ხელთ არსებული ინფორმაციით კიდევ იგეგმება დათხოვნების ახალი ტალღა.
რაც შეეხებათ ქარხანაში დარჩენილებს, მათთან გაფორმდა და ფორმდება კაბალური კონტრაქტები. ქარხნის ადმინისტრაციის მიერ ცალმხრივად შედგენილი კონტრაქტები რთულია წასაკითხადაც და აღსაქმელადაც, და რაც მთავარია, მათი მოქმედების ვადაც სამი თვით არის განსაზღვრული.
გათავისუფლებულ მუშა-მოსამსახურეებს, ცხადია, ჰქონდათ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების მცდელობები, გაღიზიანებული ხალხი ადმინისტრაციის შენობაშიც კი შეიჭრა ახსნა-განმარტებების მისაღებად, მაგრამ გულწრფელი საუბრის ნაცვლად მათ ფარული მუქარა მიიღეს. კერძოდ, ურუმაშვილმა განაცხადა: „სამწუხაროდ, არ მთავრდება პოლიტიკური სპეკულაციები და ხდება საკითხის პოლიტიკურად ანგაჟირება, რაც თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება, როგორც თავად ქარხნის მუშაობის პერსპექტივაზე, ისე, შესაბამისად, მუშა-მოსამსახურეების დასაქმებაზე“. აქ შეფარული მუქარის დანახვა ძნელი არ არის. გამოდის, რომ ჯერ კიდევ სამუშაოადგილშენარჩუნებული მუშა-მოსამსახურეები გათავისუფლებულების საპროტესტო ქმედებების მძევლები აღმოჩნდნენ.
„ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით რეზულტატი არ ჩანს. საუბარია დათხოვნილების სამუშაო ადგილებზე აღდგენაზე. კომპანია აცხადებს, რომ ეს მის ძალებს აღემატება და მხოლოდ ის შეუძლია, რომ სამი თვის მანძილზე მათთვის 400 ლარიანი (ხელზე ასაღები) კომპენსაცია გასცეს. კომპანია შრომით კონტრაქტებზე სამუშაო ერთობლივი ჯგუფის ჩამოყალიბებაზეც თანახმაა. მაგრამ ეს ხალხი პროტესტს არ შეწყვეტს, რადგან ისინი ითხოვენ სამუშაოზე აღდგენას. ჩვენ ვიზიარებთ მათ პოზიციას და ყოველმხრივ მხარს დავუჭერთ მოთხოვნებში“, - აცხადებს თამაზ დოლაბერიძე, რომელიც დარგობრივ პროფესიულ კავშირს წარმოადგენს.
სამწუხაროდ, ქარხნის ხელმძღვანელობას და მის გენერალურ დირექტორს კონსტანტინე ლილას ქარხნის ხელში ჩაგდების მოსურნეთა მხარე უჭირავთ. ისედაც, ძნელია იმის დაჯერება, რომ ქარხნის ტოპ-მენეჯმენტის მხარდაჭერის გარეშე აუქციონის ორგანიზება და ჩატარება, აქტივების რეალიზაცია, ასეთ მოკლე დროში იქნებოდა შესაძლებელი.
მედიაპლატფორმა european.ge -ის რედაქტორი მათე გაბიძინაშვილი მიიჩნევს, რომ ქარხნის ხელმძღვანელობის, ასევე „საქართველოს ბანკის“ მხრიდან მიღებული ცუდი ფინანსური გადაწყვეტილებების შედეგად, იმთავითვე ცხადი იყო, რომ ქარხანა განწირული იყო ისეთ მფდგომარეობაში აღმოსაჩენად, როგორშიც დღესაა. მისი თქმით, ამ საქმეში თავისი წვლილი აქვს პრაქტიკულად „საქართველოს ბანკისავე“ კონტროლქვეშ მყოფ სააუქციონო სახლს, რომელმაც გაყიდა ქარხანა და ამის შესახებ მის უპირატესი გამოსყიდვის უფლების მქონე კრედიტორებს მხოლოდ ორი დღით ადრე შეატყობინა.
სოციალური პოლიტიკის მკვლევარი ალექსანდრა აროშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის სქემები და მაქინაციები, რომელთა შედეგადაც აზოტის ქარხანა „ეუ ინვესთმენთსის“ საკუთრებაში აღმოჩნდა, რომელიც თავის მხრივ, მჭიდროდაა დაკავშირებული „საქართველოს ბანკთან“, ჯერ-ჯერობით სამართლებრივად არ არის დადასტურებული, იმის თქმა, რომ ეს სქემები ბუნებაში არ არსებობს, გულუბრყვილობა იქნება. ეს კავშირები არსებობს და ამას არც ქარხნის ადმინისტრაცია უარყოფს მუშა-მოსამსახურებთან საუბრებისას, - აცხადებს აროშვილი.
ყალბი ორეული
მიმდინარე წლის დასაწყისიდან ქარხნის განადგურების პროცესი დამაგვირგვინებელ ფაზაში შევიდა. სანამ ქარხანას არაკეთილსინდისიერი თამაშების შედეგად აქტივების გარეშე ტოვებდნენ, ურუმაშვილმა დაარეგისტრირა ორეული კომპანია, რომლის სახელწოდებაც სრულად ემთხვევა „რუსთავის აზოტს“ და მისგან მხოლოდ საკუთრების ფორმით განსხვავდება.
2017 წლის დასაწყისიდან ქიმიური ქარხანა საფოსტო გზავნილებს საკუთარ მისამართზე აღარ იღებს, მათ შორის, არც აქციონერთა გზავნილებს. მიზეზი კი ისაა, რომ მოცემულ მისამართზე ასეთი კომპანია არ არსებობს. ხოლო 2017 წლის 26 იანვარს იურიდიული პირების რეესტრში შედის განცხადება ძველი „რუსთავის აზოტის“ დერეგისტრირების მოთხოვნით. მიზეზი არის... იურიდიული მისამართის არარსებობა. ამ მომენტს ემთხვევა მასობრივი დათხოვნების დაწყება. ძნელად სარწმუნოა, რომ ეს მხოლოდ უბრალო დამთხვევა შეიძლება იყოს. იკვეთება შემდეგი სურათი: მიმდინარეობს ორეულ კომპანიაში ქიმიური ქარხნის აქტივების გადაქაჩვის პროცესი, და როგორც ჩანს, ამავე ორეულ კომპანიაში გადაიყვანენ დარჩენილ პერსონალსაც, და მოხდება ძველი იურიდიული პირის - „რუსთავის აზოტის“ დერეგისტრაცია თავისი ვალებით და მძიმე წარსულით.
„სამოქალაქო სამართალში ვერ ვიხსენებ ისეთ შემთხვევას, როცა ის, ვინც ყიდულობს, მაგალითად ქარხანას და მის მართვაზე აცხადებს პრეტენზიას, უარს ამბობდეს სამართალმემკვიდრეობაზე დ ააცხადებდეს, რომ ყველაფერს იწყებს ახალი ფურცლიდან. ეს, ცოტა არ იყოს, პარადოქსულად გამოიყურება. იურისტები სწავლობენ ამ შემთხვევას და გარკვეულ დასკვნებამდე უკვე მიდიან“ - აცხადებს პაატა მხეიძე.
ექსპერტები მთელ ამ სქემაში ნათლად ხედავენ კლასიკურ ილეთს, როცა ხდება აქტივების გამოტანა ახალ კომპანიაზე, ხოლო „ძველ“ კომპანიაზე ტოვებენ მთელ ვალებს, ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს. ამ შემთხვევაში ეს, შესაძლოა, მეპატრონეთა და კრედიტორთა მხრიდან მოსალოდნელი სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლადაც კეთდებოდეს.
„რუსთავის აზოტის“ მაჟორიტარული პაკეტის მფლობელმა კომპანია „აგროქიმმა“ უკვე მიმართა ქართულ სასამართლოს „საქართველოს ბანკის“ და „სააუქციონო სახლის“ წინააღმდეგ, რომლის მფლობელებიც აფილირებული არიან „საქართველოს ბანკთან“. მოთხოვნაა სტატუს კვოს აღდგენა და და აუქციონის შედეგების გაბათილება, რამდენადაც პოტენციური მყიდველების ინტერესები, აუქციონის პროცესისას, არ იყო დაცული.
დიდი ალბათობით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და უცხოელი კრედიტორები შეუერთდებიან ამ სასარჩელო მოთხოვნას. საბოლოოდ კი გამოვა ის, რომ წაგების შემთხვევაში, რაც სრულიად მოსალოდნელია, ურუმაშვილი მშვიდად გადასცემს ნამდვილ მფლობელებს კარგად შეფუთულ, მაგრამ ცარიელ კომპანიას, რადგან აქტივები მას უკვე კარგა ხნის გადაქაჩული ექნება ორეულ კომპანიაში.