პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, წინ აღუდგნენ რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებს, ცხინვალის რეგიონისთვის, რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ანალოგიური სახელის მინიჭების თაობაზე. გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ რეფერენდუმის დანიშვნა კიდევ ერთხელ ცხადყოფს საოკუპაციო ძალის რეალურ განზრახვას, თავის შემადგენელ ნაწილად აქციოს საქართველოს განუყოფელი რეგიონები.
საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, სამშვიდობო პოლიტიკას და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენისაკენ მიმართულ ძალისხმევას, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაციის გაძლიერებითა და მათი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებით პასუხობს.
„ამის დასტურია გადაწყვეტილება, ცხინვალის რეგიონისთვის, რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ანალოგიური სახელის მინიჭების თაობაზე, რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს საოკუპაციო ძალის რეალურ განზრახვას, თავის შემადგენელ ნაწილად აქციოს საქართველოს განუყოფელი რეგიონები.
საერთაშორისო სამართლის თანახმად, უკანონო და ყოვლად მიუღებელია რეფერენდუმის ჩატარება რეგიონში, საიდანაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ათეულობით ათასი მკვიდრი მოსახლე და ეფექტური კონტროლი ხორციელდება საოკუპაციო ძალის მიერ.
მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ერთიანი ძალისხმევით წინ აღუდგეს რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ქმედებებს, ხელი შეუშალოს სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და უკანონო ანექსიის პრაქტიკის დამკვიდრებას, რაც ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
როგორც ცნობილია, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადასარქმევად პლებისციტი დანიშნა. პლებისციტი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დღეს - 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება. ლეონიდ თიბილოვი აცხადებს, რომ ე.წ. რესპუბლიკას ისტორიული სახელწოდება - ალანია უნდა დაუბრუნდეს.
თიბილოვის ე.წ. ბრძანებაში აღნიშნულია კითხვის ფორმულირება, რომელსაც რესპუბლიკის მოსახლეობამ უნდა უპასუხოს - „თანახმა ხართ, თუ არა კონსტიტუციის პირველი თავის პირველ მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიის სახელმწიფო - სუვერენული, დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა რესპუბლიკის მოსახლეობის თვითგამორკვევის საფუძველზე. სახელწოდება - სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და ალანიის სახელმწიფო ერთი და იგივეა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს ვერ ექნება ვერანაირი სამართლებრივი ძალა და ვერ გახდება რაიმე ცვლილების საფუძველი. როგორც ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, მის შედეგებს არ აღიარებს არც საქართველოს ხელისუფლება და არც საერთაშორისო სამართალი და თანამეგობრობა.
„ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ნებისმიერი აქტივობა, იქნება ეს ე.წ. რეფერენდუმი, პლებისციტი თუ არჩევნები, ისევე როგორც აქამდე ჩატარებული ანალოგიური პროცესები, ვერ განიხილება ლეგიტიმურად და ხალხის ნების გამოხატვად იმ პირობებში, როდესაც რეგიონიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოდევნილი, ნაწილი კი გადახვეწილია.
ამჟამად, ცხინვალის რეგიონში ფაქტობრივად, კონფლიქტამდე არსებული მოსახლეობის 80% აღარ ცხოვრობს. ეს გადაწყვეტილება არის ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, საერთაშორისო თანამეგობრობა სათანადოდ შეაფასებს აღნიშნულს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, რომ რუსეთს აშფოთებს საქართველოს წარმატება, ამიტომ ეძებს ახალ გზებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში უფრო მშვიდად იგრძნოს თავი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, მიიღონ ქმედითი ზომები საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ამ აშკარა მცდელობაზე.
„ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა. ეს არის საოკუპაციო გეგმის ნაწილი და რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობის, ჩვენი ოსი ძმების, რუსეთის მიერ მოტყუების კიდევ ერთი მცდელობა. მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, თანამეგობრობას, მიიღოს ქმედითი ზომები საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ამ აშკარა მცდელობაზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღების გამახვილებისაკენ მოუწოდებს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე, რომლის განცხადებით, ის რაც ახლა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ხდება, არის გამოწვევა ჩვენი სახელმწიფოსთვის - სახელის გადარქმევის მცდელობა, ყოვლად უკანონო რეფერენდუმი, გატაცებები - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლითაც ახლა სახელმწიფო უნდა იყოს დაკავებული.
„მესმის, რომ იმ ფონზე, როცა „გაზპრომთან“ ფორმდება ჩემი აზრით მოღალატეობრივი ხელშეკრულება, როცა გია ცერცვაძესთან დაკავშირებით რუსეთს გადასცემთ ინფორმაციას, ასეთი მოწოდება ვიღაცას შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ მოვალე ვართ, გაგაგებინოთ, რომ ეს თემები არის თქვენი პასუხისმგებლობა“, - აცხადებს კაპანაძე.