შეემატება თუ არა ქართულ სამხედრო ლექსიკონს სიტყვა „ჯარისქალი“, ამას მომავალი გვიჩვენებს. საქართველოში უკვე მეორედ გააქტიურდა თემა ჯარში ქალების შესაძლო გაწვევასთან დაკავშირებით.
პირველად ამ ორიოდე წლის წინ, გიორგი კეკენაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ, რადგან მიაჩნდა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მხოლოდ მამაკაცების გაწვევა დისკრიმინაცია იყო. ეს მაშინ, როცა კონსტიტუციის მე-14 მუხლი სქესთა ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავდა.
ამჯერად უკვე პარლამენტში დარეგისტრირდა საკანონმდებლო წინადადება, რომლის მთავარი მოთხოვნაა, ქალებისთვის სავალდებულო გახდეს სამხედრო სამსახურში წასვლა. ინიციატივის ავტორი საქართველოს მოქალაქე ირინე ბარბაქაძეა.
პროექტის ავტორი ერთმანეთთან აკავშირებს საქართველოს კანონს გენდერული თანასწორობისა და ჯარში მხოლოდ კაცების გაწვევის შესახებ და საკითხის მოგვარების გზად ქალებისთვის ჯარში წასვლის ვალდებულების დაკისრებას მიიჩნევს.
ირინე ბარბაქაძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს „საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ“, რომელიც მამაკაცსა და ქალს ცხოვრების ყველა სფეროში თანაბარუფლებიან პირებად აყენებს, ქალი მაინც სუსტ არსებად რჩება. საკანონმდებლო წინადადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ცვლილების მიზანი საქართველოს გამთლიანება, ჯარის ბრძოლისუნარიანობის მომატება და ტერიტორიების დაბრუნებაა.
არსებული სტერეოტიპების გამო ქართველი ქალების ჯარში მიზიდვა ყოველთვის რთული იყო. ამის მიუხედავად, ჩვენს ქალ სამხედროებს საერთაშორისო მისიებში სხვადასხვა სამხედრო თანამდებობებზე მსახურება მაინც უწევდათ.
მუსლიმანური ქვეყნების წეს-ჩვეულებიდან და რელიგიური აღმსარებლობიდან გამომდინარე, რომლებშიც ჩვენი მისიები ხორციელდებოდა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით საგუშაგოებზე ქალების შემოწმების უფლება მხოლოდ ქალ სამხედრო მოსამსახურეებს ენიჭებოდათ. ამდენად, ქართველი მანდილოსნების ერთ-ერთი ფუნქციაც ჯარში სწორედ სხვა ეროვნების ქალბატონების შემოწმება იყო უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
სამხედრო სამსახურში ქალების გაწვევასთან დაკავშირებით For.ge სამხედრო ექსპერტს გიორგი გოგუაძეს ესაუბრა.
როგორ უყურებთ ბოლო პერიოდში ასე გახშირებულ საუბრებს იმის თაობაზე, რომ უნდა შემოვიდეს ცნება „ჯარისქალი“ და ქალები ჯარში გაიწვიონ? ისრაელისგან განსხვავებით, საქართველოში არის ამის აუცილებლობა?
- ვფიქრობ, ამ მხრივ ჩვენ არ გვაქვს ისრაელის პერსპექტივა. ამიტომ მეეჭვება, ჩვენმა პარლამენტმა განიხილოს და მიიღოს კანონი სავალდებულო გაწვევის შესახებ, რომელიც შეეხება მანდილოსნებს. კვლავაც ვრჩები ჩემს აზრზე, რომ მთლიანობაში სავალდებულო გაწვევის რეფორმირებაა საჭირო. ამ საკითხში ქალების კიდევ უფრო ჩართვა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. არ ვიცი, ეს კანონპროექტი და ინიციატივა რა გამოხმაურებას ჰპოვებს პარლამენტისგან. ამიტომ ამ თემაზე პასუხის გაცემა უფრო მოგვიანებით შეგვეძლება.
თავის დროზე სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ ზოგადად ომი არის მამაკაცთა ხვედრი, ეს ვაჟკაცების საქმეა და არა ქალების, მაგრამ, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას ქალების სასარგებლოდ მიიღებდა, იგი მანდილოსნების ჯარში მსახურების წინააღმდეგი არ იქნებოდა. მით უმეტეს, ამის პრეცედენტები იყო საქართველოს ისტორიაში და მამაკაცების გვერდით ქალებიც იბრძოდნენ. დღესდღეობით ისრაელის არმიაში ქალებიც მსახურობენ, მაგრამ იქ არ მიაჩნიათ დისკრიმინაციად, რომ მამაკაცები ხუთი წლით გადიან სამხედრო სამსახურს, ქალები - სამი წლით.
- ვერ გეტყვით, ეს რამდენად არის დისკრიმინაცია, მაგრამ ისრაელის კონტექსტი განსხვავებულია, ის სრულიად სხვა ფენომენია. ჩვენ ბევრი განსხვავებული მახასიათებელი გვაქვს.
ისრაელის მუდმივ საომარ ვითარებას გულისხმობთ?
- თუნდაც საომარ ვითარებას, საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ განწყობას ჯარისადმი. ისრაელში ჯარის სისტემა სულ სხვა სტანდარტზეა აწყობილი. იქ სხვა რეალობაა და ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი მოდელის შესაბამისი მოვძებნოთ ისრაელში. ამიტომ ვშიშობ, ისრაელი არ არის რელევანტური მაგალითი. გარდა ამისა, საქართველოში ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, ვინც იტყვის, რომ ქალები უნდა გავიწვიოთ სავალდებულო სამსახურში ისეთ პირობებში, რომელზეც ჩვენი გაწვევის სისტემაა აგებული. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის ეს არაფრის მომცემი არ იქნება.
ამ პოზიციის მომხრენი იხსენებენ, რომ თუნდაც მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა ქალებიც იყვნენ წარმოდგენილნი ომში ისევე, როგორც ნაცისტური გერმანიის ვერმახტის წარმომადგენლები. მათ მარტო მედდის ფუნქცია კი არა, კავშირგაბმულობის ოფიცრის ფუნქციაც ჰქონდათ. უფრო მეტიც, ეს არ არის შუასაუკუნეობრივი არმია, როცა ხმლითა და ფარით იბრძოდა ხალხი. ამდენად, 21-ე საუკუნეში შესაძლებელია, ქალების ჯარში გაწვევა პრობლემა არ იყოს. ამ შემთხვევაში, პრობლემა ქართველი ქალის მენტალიტეტშია?
- ასე ვერ ვიტყოდი, რომ პრობლემა ქართველი ქალის მენტალიტეტშია. გადავხედოთ ევროპის სხვა ქვეყნების გაწვევის სისტემებს. იქაც ნაკლებად გვხვდება ქალების სავალდებულო გაწვევა. ამის საჭიროება არ არსებობს საქართველოში. გარკვეულ ცვლილებას რომ ვიღებთ, იმის საჭიროება უნდა არსებობდეს. თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები იმიტომ ჰყავს საქართველოს, რომ უსაფრთხო და თავდაცვისუნარიანი ქვეყანა იყოს. შესაბამისად, ყველა გადადგმული ნაბიჯი, რომელიც შეეხება ამ სფეროს, უნდა ამაღლებდეს და აუმჯობესებდეს თავდაცვისუნარიანობას. ქალების გაწვევა-არგაწვევის საკითხი კი არანაირად არ იმოქმედებს თავდაცვისუნარიანობაზე.
სავალდებულო გაწვევის რეფორმაზე მსჯელობისას თქვენ მიიჩნევდით, რომ ერთ-ერთი ხარვეზი სწორედ ის იყო, რომ არსებობდნენ ადამიანები, რომელთაც არ სურდათ ჯარში სამსახური. აქ მხოლოდ პაციფისტები არ იგულისხმებოდნენ, არამედ ისინი, ვისაც ყაზარმულ მდგომარეობაში ყოფნა არ ხიბლავდა.
- ფაქტობრივად, სავალდებულო სამსახურში გაწვეულთა ნახევარზე მეტი დაცვის ფუნქციას ასრულებს. არ იყენებენ იმ რესურსს, რაც გაწვევის შედეგად შეიძლება გამოიყენონ თავდაცვისა და შეიარაღებულმა ძალებმა. დღევანდელი სისტემის მიხედვით, წვევამდელი ვერ იღებს საბრძოლო მზაობას. პირიქით, საომარი ვითარების შემთხვევაში, ის ხელის შემშლელი ფაქტორი შეიძლება გახდეს ოპერაციების დროს. ამიტომ ეს არის დაკარგული დრო იმ ადამიანისთვის, რომელსაც იძულებით იწვევენ ჯარში. ეს არის უხეშად გამოყენებული იაფი მუშახელი თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სხვადასხვა უწყებისთვის. ამიტომ სავალდებულო გაწვევის რეფორმა აუცილებლად უნდა გატარდეს, რათა ასეთი მიდგომა და შეგრძნება შეიცვალოს მოქალაქეების ცნობიერებაში.
თუკი გაწვევა ნებაყოფლობითი იქნება და არა სავალდებულო, ხომ არ არის იმის ალბათობა, რომ ჩვენი ახალგაზრდობა საერთოდ აარიდებს თავს ჯარში მსახურებას და უცხოეთში წასვლას არჩევს? ძირითადად სოფლებიდან მიდიან ხოლმე სამხედრო სამსახურში, რაც ცალკეულ შემთხვევაში, მათი თვითშეგნებით, ან მატერიალური სიდუხჭირით აიხსნება.
- ჯარში გაწვევა სულ რაღაც წელიწადი და ორი თვე გრძელდება, რაც ადამიანის ცხოვრებაში რაღაც კოლოსალური ცვლილებების პერიოდი არ არის. დამთავრდება წელიწადი და ორი თვე და, თუ უცხოეთში წასვლა უნდა, ახალგაზრდა მაინც წავა. ზოგადად, პროფესიული არმიის მომხრე ვარ, სადაც მაღალი სტანდარტების და ადეკვატური ანაზღაურების შესაბამისად, ადამიანებს პროფესიონალებად გახდომის სურვილი გაუჩნდებათ. ცხადია, პროფესიონალები დღესაც გვყავს ამ სფეროში, მაგრამ სისტემის უკეთესად დამუშავების შემდეგ დარწმუნებული ვარ, ამ სფეროსადმი მოთხოვნა არ შენელდება.