შანტაჟი „რუსთავი 2“-ის მხრიდან და კორუფციაში „მხილებული“ მოსამართლეები

შანტაჟი „რუსთავი 2“-ის მხრიდან და კორუფციაში „მხილებული“ მოსამართლეები

თუ უკრაინულ ვეროპორტალზე გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერს დავეყრდნობით, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს შეეხება, ნიკა გვარამია და ზურაბ ადეიშვილი 3 მილიონის გაცემაზე საუბრობენ, აქვე ისმის ორი მოსამართლის გვარი - ალავიძე და ახვლედიანი. ჩანაწერში ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ 3 მილიონი სალაპარაკოც არ უნდა იყოს, ახვლედიანმა (სავარაუდოდ საუბარია მამუკა ახვლედიანზე) ალავიძეზე ბევრად უფრო მეტი ფასის საქმე შეასრულა.

მაშ ასე, თამაზ ურთმელიძე, ნათია გუჯაბიძე, ნატა ნაზღაიძე, ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე - ეს ის მოსამართლეები გახლავთ, რომლებიც ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საკუთრების საქმეს განიხილავენ და რომლებიც ტელეკომპანიის და „ნაციონალური მოძრაობის“ სამიზნეები გახდნენ. კერძოდ, „რუსთავი 2“ ამტკიცებს, რომ არხის სანაცვლოდ მოსამართლეები ხელისუფლებასთან კორუფციულ გარიგებაში შევიდნენ. შეგახსენებთ, რომ პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

ამჯერად, „რუსთავი 2“-ის სამიზნე სააპელაციო სასამართლოში, „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარე, მოსამართლე ნატა ნაზღაიძე გახდა. კერძოდ, „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მოსამართლის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს თბილისის მერიამ სახელმწიფოს კუთვნილი 1 მილიონი ლარის ქონება გადასცა.

თბილისის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილებით ირკვევა, რომ მოსამართლის ოჯახს თბილისის მერიამ, თბილისის ცენტრში 515 ათას ლარად შეფასებულ 5000 კვადრატული მეტრი მიწა ხუთი დღის წინ გადაუფორმა. 129 ათასი ლარი მერიამ ნაზღაიძეს ბანკში კრედიტის დასაფარად მისცა, კიდევ 43 ათასი დოლარი საბანკო ვალდებულების გასასტუმრებლად, დამატებით 220 ათას ლარს კი ბანკში იმ ანგარიშზე ჩაურიცხავს, რომელსაც მოსამართლის ძმა ზვიად ნაზღაიძე დაასახელებს.

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, „ევროპულმა საქართველომ“ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონი ლარის მიღების თაობაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.

პარტიის წევრი ირაკლი აბესაძე, რომელმაც მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანა, აცხადებს, რომ მოსამართლის ოჯახზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან კომპენსაცია ისე გაიცა, რომ დაირღვა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ დამტკიცებული ყველა წესი და ნორმა.

მისივე თქმით, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ჩამორთმეული ქონება, რომელიც 13 ივნისის სტიქიის ზონაში მდებარეობდა, წარმოადგენს ცარიელ მიწის ნაკვეთს. როგორც აბესაძემ განმარტა, საკრებულოს უმრავლესობამ უარი თქვა კომპენსაციები გაეცა იმ პირებზე, ვისაც სტიქიის ზონაში მხოლოდ მიწის ნაკვეთები ჰქონდათ.

„კიდევ ერთი კორუფციული სკანდალი, რომელშიც თბილისის მერია ეხვევა და ნათელი ხდება, რომ თბილისის მერად დავით ნარმანიას ყოფნის პერიოდში, ამ უწყების კორუფციისგან გათავისუფლება შეუძლებელია, ეს არის ასევე საკითხი, რომელზეც შეიძლება მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. რამდენიმე მოქალაქეს, რომელიც რეალურად დაზარალდა სტიქიით, დაენგრათ საცხოვრებელი სახლები, მერია სხვადასხვა ბიუროკრატიული მიზეზით, უარს ეუბნება კომპენსაციის გაცემაზე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთი მოქალაქისთვის შესაძლებელი გახდა ყველა კანონის, ყველა ნორმატიული აქტის გვერდის ავლით და დარღვევით მილიონი ლარის კომპენსაციის მიღება, ნაწილი თანხის, ნაწილი კი სახელმწიფო ქონების ხარჯზე. როდესაც ეს ადამიანი აღმოჩნდება „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ძმა, მაშინ ნათელი ხდება რა პირადი დაინტერესება იყო ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ თვლიან, რომ ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარის მოსამართლე ნაზღაიძის ძმისთვის გადარიცხვა, იმ სახის კორუფციული გარიგებაა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. შესაბამისად, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნაზღაიძის გამოტანილი განაჩენის გაუქმებას მოითხოვენ. ასევე, იუსტიციის საბჭოსგან მოითხოვენ ნაზღაიძეს შეუწყდეს უფლებასმოსილება.

„მოვითხოვთ გაუქმდეს მოსამართლე ნაზღაიძესა და თბილისის მერიას შორის გაფორმებული  კორუმპირებული გარიგება. დაბრუნდეს ხალხის ფული ბიუჯეტში და ეს ხალხის ფული გადანაწილდეს გაჭირვებულ ადამიანებზე, რომლებსაც ეს მილიონი ლარი ძალიან სჭირდებათ. ამ უპრეცენდტო გარიგების შემდეგ მოხდეს თბილისის მერის იმპიჩმენტი, რადგან მერი და მერიის სამსახური პირდაპირ არიან კორუფციულ გარიგებაში ეჭვმიტანილი. დაისაჯაოს ყველა ის პირი, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ნატალია ნაზღაიძისთვის მილიონი ლარის ბიუჯეტიდან გადახდასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ თბილისის მერიაში. დავით ნარმანიას განცხადებით, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, კანონმდებლობის წესებისა და პროცედურების სრული დაცვით იქნა გადაწყვეტილება მიღებული. ნარმანიას თქმით, გადაწყვეტილება საკითხზე ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ მიიღეს.

„თბილისის მერიამ სტიქიის ზონაში მოხვედრილ ყველა მესაკუთრეს მისცა შესაბამისი კომპენსაცია. ზოგიერთ შემთხვევაში გაკეთდა ტერიტორიის ჩანაცვლებები. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში კანონმდებლობის წესებისა და პროცედურების სრული დაცვით იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რათა მესაკუთრეს ტერიტორია ნაწილობრივ ჩანაცვლებოდა და შესაბამისად,  სხვაობა ფინანსური თვალსაზრისით, ყოფილიყო დაფარული. წესს ჰქვია ასეთი სახელი, თორემ ეს არ ყოფილა გადაუდებელი აუცილებლობა. ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვიხილავდით ამ საქმეს და მხოლოდ შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დედაქალაქის მერი ფიქრობს, რომ რაღაც განსაკუთრებული ამ შემთხვევაში არ მომხდარა. დავით ნარმანიამ ასევე კომენტარი გააკეთა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის მიერ პროკურატურაში ამ საქმეზე საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით.

„მეც ძალიან ბევრი კითხვები მაქვს ირაკლი აბესაძესთან, როდესაც ის იყო თბილისის მერის მოადგილე, ან მანამდე ქალაქის იურიდიული სამსახურის უფროსი. ასე რომ, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს აბესაძეზეც გადაგზავნილი. არ მაინტერესებს, აბესაძე რას მიიჩნევს. ქონების მართვის სამსახური გასცემს ინფორმაციას დეტალებზე, იყო თუ არა ნატა ნაზღაიძის ძმისთვის გაცემული კომპენსაციის ვადები დაცული“, - აცხადებს დავით ნარმანია.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ფაქტები მიუთითებს, რომ ყოფილი ხელისუფლება ერთიანი სქემით ცდილობს „რუსთავი 2-ის“ საქმეზე მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც სურს და ამაზე ბევრი ფაქტი მიუთითებს.

„საკონსტიტუციო სასამართლოში ადრე განვითარებული პროცესი, მამუკა ახვლედიანის მიმართ არსებული ფაქტები. პირდაპირი საფუძველია კორუფციული დანაშაულის და გამოძიება ამითაც უნდა დაინტერესდეს. ადამიანს უჩნდება მილიონიანი ქონება, რასაც წინ უსწრებს ცნობილი საუბარი. ამ ფაქტებით გვიჩნდება საფუძველი, რომ ეს არის ერთი სქემა და სისტემა, რომლის მიზანია სასამართლომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რაც ყოფილ ხელისუფლებას სურს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, ბესელია ამბობს, რომ „რუსთავი 2-ის“ და ნიკა გვარამიას მხრიდან სასამართლოზე მიმდიმარეობს შეტევა, რაც მისივე თქმით, სასამართლოზე ზეწოლის კლასიკური მაგალითია.

„რამდენიმე მოსამართლემ მიმართა გამოძიებას და როგორც საჯარო ინფორმაციებიდან ვრცელდება, სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ მათზე ზეწოლას, რომ მიეღოთ მათთვის სასურველი გადაწყვეტილება. ეს არის დასჯადი ქმედება და ველოდებით გამოძიების დასრულებას.

შთაბეჭდილება რჩება, რომ „რუსთავი 2“-ის ხელში ჩასაგდებად ბრძოლა და ფრონტი გაიხსნა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ორ პარტიას შორის და ხელისუფლებისკენ თითის გაშვერა არასამართლიანი და არასერიოზულია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღოს დამოუკიდებლად და არავის მხრიდან არ იყოს ზეწოლა და სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის მცდელობა“, - აცხადებს ეკა ბესელია.

კომპენსაციის საკითხის შესწავლას ითხოვს სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, უნდა მოხდეს კომპენსაციის საკითხის შესწავლა, რომელიც „რუსთავი 2“- ის საქმის მოსამართლეს უკავშირდება.

„ბოლო დღეებში, არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის მედიით, რომელიც შეეხება მოსამართლეებთან დაკავშირებულ გარკვეულ ინფორმაციას. ვფიქრობ, საკმარისი შესაძლებლობაა იმის, რომ მოხდეს გადამოწმება. როდესაც საუბარია ერთ-ერთ მოსამართლეზე, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმეს იხილავს, რამდენად მოხდა კომპენსაციის წესების დაცვა, რომელიც არის საჯარო და შესაბამისად, დაზარალებულთა სიაც ცნობილია, გადამოწმების ყოველგვარი საფუძველი არსებობს. უახლოეს დღეებში ჩვენ უნდა ველოდოთ ამომწურავ ინფორმაციას ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ ამ საქმეზე გამოირიცხოს კითხვის ნიშნები“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.