„ნიკა გვარამია ისე გვესაუბრება, როგორც აივანზე გადმომდგარი გაბოროტებული თავადი“

„ნიკა გვარამია ისე გვესაუბრება, როგორც აივანზე გადმომდგარი გაბოროტებული თავადი“

„Українська революція“ მორიგ ჩანაწერს აქვეყნებს. საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი იუსტიციის ყოფილი მინისტრის და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის საუბარს ასახავს. ნიკა გვარამიას და ზურაბ ადეიშვილის საუბარი „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს შეეხება.

საუბარში ნახსენებია ორი მოსამართლის გვარი - ალავიძე და ახვლედიანი, საიდანაც, როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძე „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეა. ჩანაწერის მიხედვით, გვარამია და ადეიშვილი 3 მილიონის გაცემაზე საუბრობენ.

„3 მილიონი სალაპარაკოც არ უნდა იყოს. ახვლედიანმა ალავიძეზე ბევრად უფრო მეტი ფასის საქმე შეასრულა“, - ამბობს ნიკა გვარამია.

ჩანაწერის მიხედვით, ადეიშვილი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ „იქ უნდა ჩავიდეს“, რაზეც გვარამია პასუხობს, რომ ჩაივლის, მაგრამ ყარამანიშვილებთან ლაპარაკის თავი არ აქვს და აქვე ყარამანიშვილებს „ავადმყოფს“ უწოდებს და მათ უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს. ჩანაწერის ბოლოს ადეიშვილი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ ეს პრობლემა მარტო მისი კი არა, ყველას პრობლემაა.

უკრაინული საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობას არ ადასტურებს ნიკა გვარამია და აცხადებს, რომ ეს უმოწყალო მონტაჟია. გვარამიას განცხადებით, იმას რასაც სუს სჩადის, დანაშაულია. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ადეიშვილთან მინიმუმ 2 წელია არ უსაუბრია.

„ძალიან დინამიკურად იმუშავა სუს-მა გუშინდელი ჩვენი სიუჟეტის შემდეგ, რომელიც ქალბატონი ნაზღაიძის მიერ ქრთამის აღებას ეხება. ამის გადაფარვა არ გამოვა, მოგიწევთ პასუხის გაცემა. ეს საუბრები არ არის ჩემი და არის დამონტაჟებული. აღებულია ჩემი ხმა ჩემი რამდენიმე საუბრიდან - რაც ვიცანი, არის 4-5 საუბარი და რაც ვერ ვიცანი, კიდევ სხვა საკითხია. ბატონ ადეიშვილთან ჩემი საუბარი ბუნებაში არ არსებობს, ან უფრო სწორად - არსებობს. მინიმუმ 2 წელია ჩვენ ტელეფონით არ გვისაუბრია, ჩვენი საუბრები შემდგარია კიევში პირისპირ.

რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ჩემი კორუფციაში გასვრა, არ გამოვა. რაც შეეხება მამუკა ახვლედიანს, იგი არასდროს წარმოადგენდა ჩემს ინტერესს, მას არასდროს შეხება არ ჰქონია არც „რუსთავი 2“-ის და არც ჩემს საქმესთან. რაც შეეხება ამ ჩანაწერს, ეს არ არის ჩემი და ადეიშვილის საუბარი. ეს არის ჩემი საუბრების კომპილაცია სხვადასხვა ადამიანებთან. ბატონი ადეიშვილის ხმა არის თუ არა, მე ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ, მაგრამ თუ არის, ისიც აღებულია, როგორც ჩანს, სხვადასხვა ადამიანებთან მისი საუბრებიდან. შეუიარაღებელი ყურისთვისაც გასაგებია, რომ ეს არის უმოწყალო მონტაჟი და როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს სტუდიაში ახალი ექსპერიმენტების ჩატარება უკვე სატელეფონო საუბრების აწყობა და ამას მაყურებელი იხილავს“, - აცხადებს ნიკა გვარამია.

გვარამია აქვე აანონსებს, რომ უახლოეს დღეებში კიდევ ელოდება „მსგავსი სიბინძურეების“ გავრცელებას, მათ შორის პირადი ხასიათისას. გარდა ამისა, გვარამია მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას არ გამორიცხავს. გამოძიება თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის ნაწილში უკვე დაწყებულია და არ არის გამორიცხული სხვა ეპიზოდებითაც დაიწყოს, თუმცა გვარამია ამბობს, რომ ასეთი სახის ჩანაწერებით საქართველოს პროკურატურას დამტკიცება გაუჭირდება.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების - ბესარიონ ალავიძის და პაატა ქათამაძის საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი მოსამართლეებზე განხორციელებული ზეწოლა ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის მიერ.

როგორც ცნობილია, 6-თვიანი ვადა, რა დროშიც უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა მიეღო, გავიდა. შესაბამისად, როდორც ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია აცხადებს, დაიწყო ისტერიული შეტევა ყველაზე.

„ახალი არაფერი არ ხდება. მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამია და „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობამ შეიტყო, რომ ქიბარ ხალვაშმა დაიწყო სასამართლო დავა, იმ დღიდან დაწყო ისტერიული შეტევა ყველაზე, არაფერი შეცვლილა. გვახსოვს გვარამიას განცხადება, რომ მიწა დაიწვება ყველა იმ მოსამართლის ქვეშ, ვინც რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ და ა.შ. იგივე კამპამია მიმდინარეობს. ჩემთვის გასაკვირი არაფერი არ ხდება. ემოციურ ფონზე ხდება შეტევა, რადგან ახლოვდება გადაწყვეტილების მიღება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პაატა სალია.

მისივე თქმით, „რუსთვი 2“-ის რეალურ მესაკუთრედ ქიბარ ხალვაში იმას მიიჩნევს, ვინც წაართვა წილები. ეს კი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია. რაც შეეხება ყარამანიშვილებს, სალიას განცხადებით, ისინი არიან ნომინალური მფლობელები, ანუ, რეგისტრირებული მესაკუთრეები და არავითარ შემთხვევაში რეალური მესაკუთრეები, ვინც ხალვაშს წაართვა წილი.

„სააკაშვილთან ერთი პარტიაში მყოფი, შემდგომ ამ პარტიიდან წამოსული ადამიანები, ყველა ერთხმად საუბრობს იმაზე, რომ ყველა უნდა დაისაჯოს, მოსამართლეები, იურისტეები და ყველა ის, ვისაც შეხება ჰქონია ამ საქმესთან. ეს არის მათი პოლიტიკა, ცდილობენ დააშინონ ადამიანები იმით, რომ ვაი და ერთ დღეს ისევ შეიცვალოს საქართველოში ხელისუფლება და შემდეგ მათ წინააღმდეგ რაღაცა დევნა განხორციელდეს.

ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ყველას დაავიწყდეს სამართლებრივი არგუმენტაცია და მთელი ყურადღება გადატანილი იქნეს იმაზე, რომ ხდება სიტყვის თავისუფლების შეზრუდვა. არანაირი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა არ ხდება, რაც ხდება „რუსთავი 2“-ის ერთერში მთელი ამ სასამართლო პროცესის განმავლობაში, მოსამართლეებთან და მხარეებთან მიმართებაში, ასეთი თავისუფლება ქართულ მედიას არ ახსოვს, მათ შორის შეურაცმხყოფელი გამონათქვამები ჩემი მარწმუნებლის მიმართ.

ახალი არაფერი არ ხდება, ეს არის არჩეული სტრატეგია, რომელიც თავიდანვე აირჩიეს - ზეწოლა სასამართლოზე. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი მოსამართლეების მიმართ, რომ მათ მიიღონ „რუსთავი 2“-ის დღევანდელი მესაკუთრეების სასარგებლო გადაწყვეტილება.

ამიტომ, ქიბარ ხალვაში არ აკეთებს განცხადებას, რადგან ეს ყველაფერი ჯდება იმ სტრატეგიაში, რაც მიზნად დაისახა „რუსთავი 2“-ის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ. მიზანი ერთია - სასამართლო სისტემის და ყველა იმ მოსამართლოს დისკრედიტაცია, რომელსაც შეხება აქვს ამ საქმესთან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას პაატა სალიამ.

ზურაბ ადეიშვილისა და ნიკა გვარამიას საუბარს აფასებენ დეპუტატები. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ის ფაქტები და გარემოებები, რაც საზოგადოებისთვის ბოლო პერიოდში ხდება ცნობილი, კიდევ ერთხელ ამყარებს შეკითხვებს და ვარაუდს, რომ სახეზე არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის და მასზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა.

„ფაქტია, ისინი ცდილობენ არ აცალონ სასამართლოს საქმის განხილვა სამართლებრივ ფორმატში და ცდილობენ, ეს საქმე გადაჭრან პოლიტიკურ ჭრილში, რაც ჩემი აზრით, დაუშვებელია. ტელევიზიების მრავალჯერადი წართმევა, გადაფორმება, სასამართლოების ტოტალური კონრტროლი, ძალაუფლებაზე მონოპოლია, ადამიანის უფლებების დარღვევები - ეს არის სწორედ დღეს ოპოზიციაში მყოფი ყოფილი ხელისუფლების სტილი. „ქართულ ოცნებას“ და მმართველ გუნდს მსგავსი რამ არასოდეს გაგვიკეთებია და ამის გადმობრალება ჩვენზე მხოლოდ თვალთმაქცობაა მათი მხრიდან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება ჩანაწერებს, თალაკვაძის განცხადებით, უკვე არის სერიოზული შეკითხვები და მას პასუხები უნდა გაეცეს უმოკლეს დროში, ხომ არ აქვს ადგილი ნიკა გვარამიას და ამ საუბრებში მოხსენიებული პირების მხრიდან სასამართლო ხელისუფლებლებაში უკანონოდ ჩარევის ფაქტებს. როგორც თალაკვაძე აცხადებს, ეს საუბრები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

„რუსთავი 2“-ის თითოეულ ჟურნალისტს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვფიქრობ, თუ ვინმე მათ დამოუკიდებელ და პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლის, ეს არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენელი და ნიკა გვარამია, როგორც დირექტორი, რომელიც ამ ბოლო დროს უკვე რეგულარული ბრიფინგებით საზოგადოებას და ჩვენ გვესაუბრება ისე, როგორც აივანზე გადმომდგარი გაბოროტებული თავადი, გლეხებს საუკუნეების წინ. ეს უნდა დასრულდეს“, - აცხდებს არჩილ თალაკვაძე.

უმცირესობაში თვლიან, რომ უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული სატელეფონო საუბარის მიზანი მოსამართლე ნატა ნაზღაიძის საქმის გადაფარვის მცდელობაა, რომელშიც „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადიარშვილის განცხადებით, სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილია ჩართული.

„ძალიან კარგად ვიცით ამის გამომქვეყნებლის სახელი და გვარი. ეს არის სოსო გოგაშვილი, რომელიც სუს-ში უშუალოდ ამაზეა დასაქმებული. ეს ჩანაწერი არის აბსოლუტურად უშინაარსო. ერთი ფრაგმენტი მიბმულია მეორეზე. ეს არის მცდელობა გუშინდელი საქმის გადაფარვის და ასე იქცევა ხელისუფლება, როდესაც რთულად აქვს ხოლმე საქმე“, - ამბობს ირმა ნადირაშვილი.

ჩანაწერის ავთენტურობის არ სჯერათ „ნაციონალურ მოძრაობაში“. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მთავრობის მხრიდან ფარული ჩანაწერების გავრცელება უკვე იქცა სასაცილო ბავშვურ ახირებად და წარმოუდგენელ სიბინძურედ.

„არ მომისმენია ეს ფარული ჩანაწერი, მაგრამ ჩვენი მთავრობის მხრიდან რაღაც ფარული ჩანაწერების გავრცელება უკვე იქცა სასაცილო ბავშვურ ახირებად და წარმოუდგენელ სიბინძურედ. საქართველოს მთავრობა რაღაც დამონტაჟებულ ფარულ ჩანაწრებს ავრცელებს და ვის სჯერა რომ ეს არის ავთენტური? ეს დიდი სისულელეა და ამის არავის არ სჯერა“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.