რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულს მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ გიორგი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა.
გამოძიების თანახმად, 2017 წლის 24 იანვარს 23:30 საათზე ჯაფარიძემ, რომელიც „მერსედესის“ მარკის ავტომობილს მართავდა, საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნა დაარღვია, გასწრების მიზნით ღერძულა ხაზი გადაკვეთა, სავალი გზის საპირისპირო ზოლში გადავიდა, სადაც „ოპელისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილებს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად „ოპელის“ მგზავრი სოფო ბერიძე ადგილზევე დაიღუპა, დანარჩენებმა კი მძიმე და საშუალო ხარისხის დაზიანებები მიიღეს.
სოფო ბერიძის დაღუპვას და ამ მძიმედ სანახავ ავარიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა თვითმხილველებსა და ინტერნეტმომხმარებლებში. უამრავი ვერსია ვრცელდებოდა, მათ შორის ისიც, რომ მძღოლი ნასვამი იყო. ზოგიერთები მომხდარს ნარკოტიკების მოხმარებას აბრალებდნენ.
ოფიციალური დასკვნით კი, სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის მიერ მითითებულია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, ხოლო ნარკოლოგიური შემოწმებით გიორგი ჯაფარიძეს ლაბორატორიულად ნარკოტიკული საშუალების „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანას) მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
საზოგადოების ნაწილი აცნობიერებს, რომ არც ისე უწყინარი ყოფილა მარიხუანას მოხმარება. თუმცა ნარკოლოგთა ნაწილი დღემდე მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ემხრობა, ოღონდ რეგულაციების გამკაცრების პირობით, რათა მარიხუანას მოხმარება ავტოსაგზაო შემთხვევის განმაპირობებელი არ გახდეს.
სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ სიხარულიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ მომხდარ ინციდენტში, სავარაუდოდ, ალკოჰოლის მოხმარებასაც ექნებოდა თავისი ბრალი. ამიტომ რატომ აკეთებენ მარიხუანას მოხმარებაზე აქცენტს, მისთვის უცნობია.
„თქვან, რა საშუალება მოიხმარა ავტომანქანის მძღოლმა. ჯერ გაარკვიონ, რა დონის ალკოჰოლი აღმოჩნდა მის ორგანიზმში და მერე განმარტონ, რა ოდენობით მოიხმარა „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ორივე შემთხვევაში, ავტომანქანა არ უნდა მართოს ადამიანმა, როცა ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ჩემი ინფორმაციით, საკმაოდ მძიმე სიმთვრალე ჰქონდა და მთვრალ მდგომარეობაში მართავდა მანქანას. რა თქმა უნდა, არც ერთი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვის უფლება არ არის კარგი, მაგრამ აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ მარტო მარიხუანას მოხმარების გამო მოხდა ავარია, სწორი არ არის. ზოგადად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა არაფხიზელ მდგომარეობაში დიდი დარღვევაა, გინდა მარიხუანა მოიხმარონ, გინდა სხვა რომელიმე ფსიქოაქტიური ნივთიერება“, - აღნიშნა ზურაბ სიხარულიძემ.
მისივე თქმით, ნებისმიერი თრობა იწვევს კოორდინაციის დარღვევას. ამ შემთხვევაში, წამყვანი მაინც ალკოჰოლია, რადგან ალკოჰოლის დიდი რაოდენობა საკმაოდ მძიმედ აისახება ადამიანის ცნობიერებაზე. მით უმეტეს, მიქსი უარესია. მოხმარებიდან 24 საათში ალკოჰოლი ორგანიზმში არ რჩება, ხოლო მარიხუანა ერთი თვის განმავლობაში შეიძლება აღმოვაჩინოთ ორგანიზმში. ამიტომ საინტერესოა, გიორგი ჯაფარიძეს იმ დღეს ჰქონდა მოხმარებული მარიხუანა, თუ ერთი დღის, ორი დღის ან ერთი თვის წინ. სპეციალური ანალიზის გარეშე კი ამის დადგენა რთულია. თანაც, ალკოჰოლის შემთხვევაში, ეს მაშინვე აისახება, რადგან იმ წუთასვე ხდება ინტოქსიკაცია და მალევე გადის ორგანიზმიდან.
ნარკოლოგის განმარტებით, როცა ვაკეთებთ ისეთ საქმეს, რომელიც ჩვენგან ნატიფ ქმედებას ან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, არ არის სასურველი, ალკოჰოლის თუ მარიხუანას ქვეშ ვიმყოფებოდეთ და ვმართოთ ავტოტრანსპორტი. რომელი უფრო მეტი ზიანის მომტანია, ალკოჰოლი თუ მარიხუანა, ეს კონკრეტულ ინდივიდზეა დამოკიდებული. თუმცა სახიფათოა ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ფსიქიკის ცვლილებას იწვევს.
ამიტომ მარიხუანასა და ალკოჰოლის ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვა ადმინისტრაციულ დარღვევად თანაბრად უნდა ჩაითვალოს და ამან მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე უარი არ უნდა გვათქმევინოს.
მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრეა თელავის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი ლია კირვალიძეც. თუმცა მიიჩნევს, რომ შესაბამისი დაცვითი მექანიზმები დეკრიმინალიზაციის პირობებშიც შეიძლება შემუშავდეს, რათა მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირისთვის (ზოგადად მომხმარებლისთვის) მართვის უფლება შეზღუდული იყოს.
„გარკვეული რისკები ახლავს ამ პროცესს, მაგრამ რეგულაციის პირობებში პრობლემა არ უნდა შეიქმნას. არ შეიძლება, მარიხუანას მომხმარებელი იმავე დღეს მიუჯდეს მანქანას, რადგან მას შეცვლილი აქვს ქცევა, რეაქცია, მათ შორის, ნევროლოგიური ქცევაც. მარიხუანას ერთჯერადი მოხმარება დაახლოებით 6-10 საათის განმავლობაში აისახება ნევროლოგიურ პროცესებზე. სისტემატური მოხმარებისას კი საქმე უფრო რთულადაა. თუმცა ცოტა სადავო თემაა, რამდენად შეიძლება გახდეს ადამიანი მარიხუანაზე დამოკიდებული. თუ ადამიანი წამალდამოკიდებულია, ზოგადად უნდა აეკრძალოს ავტომანქანის მართვა, ვინაიდან ასეთ დროს ადამიანს ყურადღებისა და მხედველობის კონცენტრაცია უქვეითდება, შენელებული რეაქციები აქვს. ეს ქმნის ავტოსაგზაო შემთხვევათა რისკს“, - აცხადებს ლია კირვალიძე For.ge-სთან საუბრისას.