ქართული მხარის შეთავაზებას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის თაობაზე დე ფაქტო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოფიციოზისგან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. თვითგამოცხადებულ ხელისუფალთ საქართველოსთან ნებისმიერი სახით დაახლოება აფრთხობთ და აცხადებენ, რომ მათ უკვე 25 წლის წინ გააკეთეს არჩევანი დამოუკიდებლობის სასარგებლოდ. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებასთან არანაირი ურთიერთობა არ სურთ.
სამაგიეროდ, განსხვავებულად ფიქრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა. სოხუმელი ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი აცხადებს, რომ მათ, ვინც ქართულ პასპორტს აიღებს, აფხაზეთის შიგნით ნეგატიურ რეაქცია ელით, აფხაზეთში მათ გაკიცხავენ, თუმცა ეს პროცესი გარდაუვალია და აფხაზებს შორის იქნებიან ადამიანები, რომლებიც ევროპაში მაინც ჩაფრინდებიან და იქ სელფს გადაიღებენ.
გახდება თუ არა ვიზალიბერალიზაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის აღდგენის საწინდარი? ამის შესახებ For.ge-ს „მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტ-საქართველოს“ ხელმძღვანელი ლევან გერაძე ესაუბრა.
აფხაზი ჟურნალისტი ირწმუნება, რომ აფხაზების მხრიდან ქართული პასპორტების აღების პროცესი გარდაუვალია და ევროპაში წასვლის მსურველი აფხაზები არ მოერიდებიან, რომ ამ საქციელით თავად აფხაზეთის შიგნით ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევენ. გაქვთ მოლოდინი, რომ აფხაზები ქართული მხარის შეთავაზებას უვიზო მიმოსვლის შესახებ გამოიყენებენ?
- ამის მოლოდინი აბსოლუტურად რეალისტურია. ცხადია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე იქნებიან ადამიანები, რომლებიც პასპორტის სადაურობას არად დაგიდევენ და აიღებენ ქართულ პასპორტს იმისთვის, რომ საკუთარი მიზნებისა და ამოცანების აღსასრულებლად გამოიყენონ. ეს მოსალოდნელია ისევე, როგორც თავის დროზე ბევრ აფხაზს ჰქონდა აღებული ქართული პასპორტი, რომელიც რუსეთის ფედერაციაში დაუბრკოლებლად შესვლის შესაძლებლობას იძლეოდა. ასე რომ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზეც გავრცელდება პასპორტი, რომელიც ევროპაში თავისუფლად მიმოსვლისა და სხვა სარგებლის მიცემას შეძლებს მისი მფლობელისთვის.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა შორის ქართული პასპორტის აღების მსურველი ბევრი იქნება?
- ძნელი სათქმელია, ბევრი მსურველი იქნება თუ არა. ეს უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და იმ საჭიროებაზე, რომელიც ჩვეულებივ მოქალაქეს ამ კონტაქტების სახით ექნება. თანაც, მარტო ევროპის ვიზალიბერალიზაციაზე არ არის საუბარი. პარალელურად, ამუშავდება ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება, რომელიც დიდ პერსპექტივას იძლევა ეკონომიკური, სოციალ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ყველაფერი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. მთავარია ის, რომ ეს გადაწყვეტილებები აჩენს ალტერნატივას იმ ადამიანებისთვის, ვინც კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს. ამ თვალსაზრისითაა საინტერესო მათთვის, რადგან ისინი ასეთ ალტერნატივს მოწყურებულნი არიან და რაღაც ახალი სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, ეს შეთავაზებები აბსოლუტურად რელევანტური იქნება და იქითა მხრიდანაც შესაბამისი გამოხმაურება მოჰყვება.
ჩვენი მხრიდან შეთავაზებები უფრო გრძელვადიან პერიოდზეა გათვლილი?
- რასაკვირველია, ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა, მყისიერ შედეგს არ უნდა ველოდოთ. პირიქით, შესაძლებელია, ამ გადაწყვეტილების შემდეგ უფრო გართულდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებთან ურთიერთობა. მით უმეტეს, იქ დე ფაქტო პარლამენტის არჩევნებია მოსალოდნელი და, როგორც წესი, პოლიტიკური არასტაბილურობის მოლოდინია, რომელიც საარჩევნო პროცესს თან ახლავს. შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს როგორც ენგურზე გადასვლის რეჟიმი, ასევე, დამოკიდებულებებიც. თუმცა ასეთი რეჟიმი დიდი ხნით არ გაგრძელდება. ჩემი აზრით, სადღაც გაზაფხულის ბოლოდან ბევრად უკეთესი მდგომარეობა იქნება, ვიდრე ახლა. მხედველობაში მაქვს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა, მიმოსვლა და ა.შ. რამის პროგნოზირება ძალიან რთულია, ეს იმდენ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, იმაზეც, როგორ ხასიათზე იქნება ესა თუ ის ადამიანი, ვისაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. აქ ვგულისხმობ იმ პირებს, რომლებიც დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე ვითარებას ეფექტურად აკონტროლებენ. კერძოდ, სეპარატისტებს თუ მათ უკან მდგარ ოკუპანტებს, ანუ რუსებს.
როგორც წესი, პატარა ერებს გლობალურ სამყაროში გასვლა აფრთხობთ. ამ მხრივ არც აფხაზები არიან გამონაკლისნი. ელზასისა და ბავარიის პრეცედენტები მათი დამშვიდების საფუძველს იძლევა? მე-20 საუკუნეში ელზასი სამჯერ გადავიდა ხელიდან ხელში, იქაურმა მოსახლეობამ სამჯერ გამოიცვალა მოქალაქეობა ისე, რომ საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია. ეს პრეცედენტები შეგვიძლია განვიხლოთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით?
- როდესაც საუბრობენ ევროპეიზაციასა და იდენტობის დაკარგვის საფრთხეზე, ეს მაგალითები ამტკიცებენ, რომ არანაირი საფრთხე ევროპეიზაცია იდენტობისთვის არ არის. ამ მხრივ შეგვიძლია მოვიყვანოთ გერმანიაში ბავარიის შემთხვევა, რომელსაც არ დაუკარგავს იდენტობა და ერთ-ერთი წარმატებული რეგიონია. არა მხოლოდ ბავარიას, პრაქტიკულად, არავის დაუკარგავს იდენტობა. ელზასშიც იგივე ხდება და ის დანარჩენი საფრანგეთისგან განსხვავებულია. სტრასბურგი არის ელზასის ისტორიული დედაქალაქი, სტრასბურგი არის, ასევე, ევროსაბჭოს დედაქალაქი, ევროპის შუაგული. თუკი ევროპეიზაციამ ელზასს არანაირი საფრთხე არ შეუქმნა, რატომ უნდა შეუქმნას სხვა ქვეყანას? ამაზე მეტი ევროპა ხომ არ არსებობს. ბავარიაშიც პირიქით, თავისი გადაწყვეტილებებით ევროპა ხელს უწყობს თვითმყოფადობის შენარჩუნებას, თუნდაც იმავე რეგიონალური ენების გადარჩენის, კულტურის გადარჩენის კუთხით. ამიტომ საფრთხეს ვერ ვხედავ, რომ ევროპეიზაცია რაიმე საფრთხეს შეუქმნის ან აფხაზებს, ან ოსებს, ან ვინმე სხვას.
აფხაზები გვახსენებენ ე.წ. ნეიტრალური პასპორტების ჩავარდნის პროცესს და მათთვის შეთავაზებულ ვიზალიბერალიზაციასაც საქართველოს ხელისუფლების მორიგ სატყუარად მიიჩნევენ, ხოლო ოსები გვეუბნებიან, თითქოს ეს არის ქართველების „გადაბრუნებული ლოგიკა“, რადგან ვიზალიბერალიზაცია ეხებათ მხოლოდ ქართველებს და არა - დე ფაქტო ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს.
- სხვანაირად არც შეეძლო ესაუბრა იმ მხარეს, რადგან ყველა წარმატება, ევროინტეგრაციის თუ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აღიქმება საფრთხედ. ის პირები, ვინც დღეს ეფექტურად აკონტროლებენ სიტუაციას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ამ კონტროლის მექანიზმს ნელ-ნელა კარგავენ. იზოლაცია ხდება ევროპისა და წარმატებული დასავლური სამყაროს ხარჯზე და არა იმის ხარჯზე, რომ უფრო აქტიურად იმოძრავებენ რუსეთის ფედერაციაში. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპას ვერ აკონტროლებენ, ევროპასთან ურთიერთობა მათთვის გარკვეული საფრთხის შემცველია.
რაც შეეხება „ნეიტრალურ პასპორტებს“, ამ პასპორტებმა იმიტომ ვერ იმუშავა, რომ დანარჩენ მსოფლიოს ისინი არ ჰქონია აღიარებული იმ დონეზე, როგორც ეს ქართული პასპორტების შემთხვევაში ხდებოდა. ნეიტრალური პასპორტით ევროპის ტეროტორიაზე თავისუფლად ვერ გადაადგილდებოდით, ის მხოლოდ ვიზის მიღების შესაძლებლობას იძლეოდა. თანაც, რთულად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებით კი სულ სხვა მომენტია. აქ არანაირი ვიზა საჭირო არ იქნება. პასპორტის მფლობელი, თუ იგი არ აღძრავს გარკვეულ ეჭვებს შესაბამის სამსახურებში, თავისუფლად გადაკვეთს საზღვარს და 90 დღის განმავლობაში ევროპის ტერიტორიაზე ყოფნას შეძლებს.
არსებობს იმის მოლოდინი, რომ რუსები გაამარტივებენ რუსეთის მოქალაქეობის მიღების რთულ პროცედურას იმისთვის, რომ აფხაზებმა და ოსებმა ქართული შეთავაზებით არ ისარგებლონ? რამდენად რთული იყო რუსული პასპორტის აღება?
- რასაკვირველია, რუსები შეეცდებიან გაამარტივონ ეს პროცესი და ეს იქნება პირველი რეაქცია. რუსული პასპორტის აღება რთული იყო. ორთვენახევარი, სამი, ოთხი თვე ელოდებოდნენ და არ ჰქონდათ იმის გარანტია, რომ აუცილებლად აიღებდნენ. რაც შეეხება მოქალაქეობის მიღებას, ეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, განსხვავებით სხვა ხალხისგან.
კერძოდ, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის თანახმად, თუკი ათი წლის განმავლობაში ცხოვრობდით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მოქალაქეობის მიღების უფლება გენიჭებოდათ. მიუხედავად ამისა, რუსეთის მოქალაქეობას არ აძლევდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეს ცხოვრობდენ, ე.წ. თურქი-მესხების სახით. ისინი ითხოვდნენ იქაურ მოქალაქეობას და აპირებდნენ იქ დარჩენილიყვნენ საცხოვრებლად. ასევე, პრობლემები უჩნდებოდათ იმ ადამიანებს, რომლებიც ადრე ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკაში და შემდეგ უკვე რუსეთის ფედერაციას ემსახურებოდნენ. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იყო იმ სამხედრო პირის საქმე, რომელიც საბჭოთა კავშირის შემდეგ რუსეთის არმიის სამსახურში დარჩა და აღმოჩნდა, რომ მის ოჯახს მოქალაქეობა არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.
მათგან განსხვავებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებნი მოქალაქეობას თავისუფლად იღებდნენ. ბევრი ახლობელი და მეგობარი მყავს, ვინც პრობლემის გარეშე აიღო მოქალაქეობა. თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთების, პასპორტის აღებას ხანგრძლივი პროცედურა სჭირდებოდა. სათანადო ორგანოებიდან პასუხს დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ელოდნენ.