საქართველოს თითქმის ყველა პრეზიდენტი, დაწყებული ზვიად გამსახურდიადან, ცდილობდა ევროპასთან დაახლოებას, მაგრამ ზოგიერთი პრეზიდენტი მხოლოდ სიტყვით უახლოვდებოდა ევროპას, საქმით კი შორდებოდა. ეს საინტერესოა იმ მხრივ, რათა გამოირიცხოს სპეკულაციები და ცალკეულმა ძალებმა არ მიიწერონ ვიზალიბერალიზაციის წარმარტება. რა გზა გამოვიარეთ ევროინტეგრაციის მიმართულებით, ვინ დაგვაბრკოლა ან დაგვაახლოვა ევროპულ ღირებულებებს? ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ესაუბრა.
ვახტანგ მაისაია: - აქ მარტო ზვიად გამსახურდიაზე არ არის საუბარი, ეს არის, ასევე, მერაბ კოსტავას და გია ჭანტურიას გზა. მაშინდელი ეროვნული მოძრაობის ლიდერების მთავარი ფრაზა იყო ევროპული გზის არჩევა და ეს ხდებოდა სწორედ საბჭოთა იმპერიაში ყოფნის დროს. პირველად სწორედ 9 აპრილს გაჟღერდა ნატოში გაწევრიანების თემა, რამაც გამოიწვია საბჭოთა იმპერიის გაღიზიანება, სადამსჯელო და კაცობრიობის საწინააღმდეგო ქმედება. სადისტურ მეთოდს მიმართა საბჭოთა არმიამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. მაშინ პირველად გამოიყენეს მომწამვლელი გაზი.
ანალოგიურად, როდესაც უნგრეთმა გააჟღერა ასეთი მცდელობა, რომ ის 1956 წელს ვარშავის პაქტის ხელშეკრულებიდან გამოსვლასა და ნატოსთან შეერთებას აპირებდა, საბჭოთა ჯარებმა სისხლში ჩაახშეს უნგრეთის მისწრაფება. მეორედ ასეთი ნაბიჯი გადადგეს 9 აპრილს. ვიმეორებ, ყველაზე ღირშესანიშნავი ფაქტია, რომ იმ პერიოდში, როცა საბჭოთა იმპერიაში ვიმყოფებოდით, საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა და მისი ლიდერები სწორედ ევროპული ფასეულობების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის მიმართულებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ამ მხრივ ჩვენ 27 წლის წინანდელი ბრძოლის მემატიანე გაგვაჩნია. ერთი პერიოდი, იძულებით ვიყავით რუსული საგარეო ორბიტის ფორმატში, რადგან აფხაზეთში ომი წავაგეთ და თავს მოგვახვიეს რუსული გავლენის ზონაში შესვლა. ამიტომაც შევედით დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების თანამშრომლობის ორგანიზაციაში, რომელიც დღესაც მოიაზრება როგორც ნატოს საწინააღმდეგო გაერთიანება. თუმცა 1999 წელს გამოვედით ამ გაერთიანებიდან, რაც სწორი გადაწყვეტილება იყო და დავიწყეთ პირდაპირი სვლა ევროპის მიმართულებით.
მინდა გავიხსენო ევროკავშირის უშუალო დახმარება საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში. 1993 წელს ამოქმედდა ტრასეკას პროექტი. ამავდროულად, ევროკავშირი გვეხმარებოდა ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებების ფორმატშიც. ფაქტობრივად, ახორციელებდა ერთგვარ მინი „მარშალის გეგმას“, რამაც გვასულდგმულა ურთულესი სამოქალაქო ომის პერიოდში. ევროკავშირმა ჩვენს ევროპულ მისწრაფებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და 1996 წლიდან დავიწყეთ სვლა ევროკავშირის მიმართულებით. ამის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი და 2003 წლიდან დაიწყო ინტენსიური განვითარების ტემპები.
ამ გზაზე იყო ჩავარდნებიც. დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებულნი გვაშორებდნენ ევროპულ ღირებულებებს და მხოლოდ სიტყვიერად აღიარებდნენ დასავლურ ფასეულობებს.
- სამწუხაროდ, სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა ამ გზაზე ჩვენი სვლა დაახშო და გადასწია ეს ვადები. საქართველოში ილახებოდა ადამიანის უფლებები, რაც ევროკავშირის ფუნდამენტური ელემენტია. მას შემდეგ, რაც სააკაშვილის რეჟიმი დაემხო, 2013 წლის 28-29 ნოემბერს საშუალება მოგვეცა, გავმხდარიყავით ევროკავშირის ასოცირებული და ასპირანტი წევრები და ევროკავშირის რეალურ წევრობაზეც დაგვედო თავი. ევროვიზალიბერალიზაცია დიდი გამარჯვებაა, მინდა მივულოცო ქართველ ერს ევროპულ ოჯახში დაბრუნება. თუმცაღა, ევროპელებმა ერთხელ უკვე მოგვიხურეს კარი და ეს მოხდა 1919-20 წლებში, როცა საქართველო ერთა ლიგის წევრი ვერ გახდა. ამიტომ დღევანდელი წარმატება 1918-21 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმატებაცაა.
გავიხსენოთ ზურაბ ჟვანიას ცნობილი ფრაზა, რომელიც მან წარმოთქვა ევროსაბჭოს გენერალურ ასამბლეაზე 1999 წელს- „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“ ზურაბ ჟვანია იყო ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი, იდეოლოგი ევროპული ინტეგრაციის განვითარების გზაზე. მისი ეს ფრაზა და მცდელობა, საქართველო ყოფილიყო ევროპული ოჯახის წევრი და ევროსაბჭოში ჩვენი მიღება, იმ დროისთვის ჩვენი გამარჯვება იყო. ახლა კი ამ ფაქტის სრული დაგვირგვინება მოხდა.
პერსპექტივრები ამის შემდეგ რა არის, ევროკავშირსა და ნატოსთან უფრო მეტი ინტეგრაცია? ეს ნიშნავს ევროკავშირში სამომავლო გაწევრიანებას?
- იმის მიუხედავად, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ორი ცოტა განსხვავებული მიმართულებაა, ჩვენს შემთხვევაში, ეს მაინც ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტო ვიზალიბერალიზაცია, ეს არის ევროკავშირის წევრობისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი. ევროკავშირის წევრებად ითვლებიან სახელმწიფოები, რომელთაც გარკვეული სავიზო რეჟიმი ჰქონიათ დაწესებული. როდესაც ჩვენ გვიხსნიან სავიზო რეჟიმს და ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად გადავაადგილდეთ ევროკავშირისა და შენგენის ზონაში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვხდებით ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორები. ეს გამოიწვევს ბიზნესურთიერთობის, განათლების სფეროს კიდევ უფრო დაახლოებას ევროპასთან.
არ დაგიმალავთ, პირადად ჩემს მაგალითზე გეტყვით, მე მექმნებოდა პრობლემები, რადგან მე გახლავართ ევროპის სამი უნივერსიტეტის პროფესორი. ამიერიდან ვიზალიბერალიზაცია დამეხმარება, სრულად ვიყო ინტეგრირებული ევროპულ აკადემიურ სისტემაში. შემიძლია, სამი-ოთხი თვის განმავლობაში დავრჩე ევროპაში და ვასწავლო, განსხვავებით იმ პერიოდისგან, როცა ვიზების პრობლემა არსებობდა. ჩვენ უფრო ახლოს გავიზიარებთ ევროპულ ფასეულობებს და კულტურას, უფრო მეტი ადამიანი იმოგზაურებს ევროპაში. ამით ჩვენი დემოკრატიული ფასეულობები კიდევ უფრო გამყარდება. შეიძლება, ძალზე პათეტიკურიც იყოს, მაგრამ ევროკავშირმა, ფაქტობრივად, სტრატეგიულ პარტნიორად გვაღიარა.
ნატოსგან განსხვავებით, ევროკავშირი ტერიტორიულ მთლიანობას მაინცდამაინც არ აქცევს ყურადღებას, კვიპროსთან მიმართებით ეს პრობლემა არ ყოფილა. კვიპროსი ისე გახდა ევროკავშირის წევრი, რომ მას ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აწუხებდა. ასეთივე სიტუაცია იყო საბერძნეთთან მიმართებით, რომელიც მაინც გახდა ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთთან ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნდა. შესაძლოა, ნატოში გაწევრიანებისას ეს შემაფერხებელი გარემოება იყოს, რადგან ნატოს აქვს პოლიტიკური ამოცანები და ის არის ევროპული რეგიონალური უსაფრთხოების გარანტი ორგანიზაცია. მას სამხედრო უსაფრთხოების კონტექსტში მოეთხოვება კრიტერიუმების დაწესება, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაც შეიძლება არ აღმოჩნდეს დამაბრკოლებელი.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაგალითი გავიხსენოთ, იმ დროს ერთიანი მთლიანი გერმანია არ არსებობდა და აღმოსავლეთ გერმანია ოკუპირებული იყო, მაგრამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მაინც გახდა ნატოს წევრი სახელმწიფო. თუმცა ევროკავშირში ეს საკითხი უფრო დაბალ დონეზეა, ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები გავხდეთ.
ევროპარლამენტში ისლამურ საფრთხეზე საუბრისას საქართველოს კონტექსტმა გაიელვა. რას ნიშნავს ევროპარლამენტარ სტივენ ვულფის განცხადება, რომ ისლამური სახელმწიფოს წევრები საქართველოს იყენებდნენ, როგორც სატრანზიტო დერეფანს და გთხოვთ, ნუ გაიმეორებთ ამ შეცდომებსო?
- ამ კონტექსტში გამაკვირვეს ევროპარლამენტარებმა, თურმე ჩემი ციტირება გააკეთეს ევროპარლამენტის სხდომაზეც. დიანა ტრაპაიძემ აღნიშნა, რომ „რეზონანსში“ დაბეჭდილი სტატიიდან ჩემი ციტირება მოიყვანეს ევროპარლამენტარებმა საფრთხეებზე საუბრისას. რა კონტექსტში იყო ნათქვამი, არ ვიცი. ახლა მე თავის ქებას არ დავიწყებ, მაგრამ ევროპარლამენტსა და ნატოშიც მიცნობენ, მათთან ხშირი ურთიერთობა მქონია და ეს საკითხი არასდროს დამიყენებია. ის, რომ საქართველო არ გახდეს სატრანზიტო ქვეყანა, მე მგონი, ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, ეს ჩვენს მთავრობას მიანიშნებს, კიდევ უფრო გააძლიეროს ანტიტერორისტული ღონისძიებები და ევროპასა და საქართველოს შორის უფრო მეტად გაძლიერდეს ამ ტიპის თანამშრომლობა. ეს დადებით კონტექსტში იყო ნახსენები. თუ ევროპარლამენტარები კითხულობენ ქართულ მასმედიას, ეცნობიან ქართველი ექსპერტების მოსაზრებებს, მე მგონი, ეს პოზიტიურია.
ისლამისტების მხრიდან სატრანზიტო დერეფნად საქართველოს გამოყენების საშიშროება კვლავაც არსებობს?
- 2016 წლის ივლისის პერიოდში ამის საშიშროება არსებობდა, რადგან სერიოზული ტერორისტული აქტები მოხდა სტამბოლში, ჩრდილო კავკასიაში, დაღესტანში, ტერორისტული ჯგუფები გამოავლინეს აზერბაიჯანში და სხვაგან. შესაძლოა, ეს საფრთხე არც დღეს იყოს მოხსნილი, რადგან დღესაც ახლო აღმოსავლეთში სერიოზული ბატალიებია. ჩრდილო კავკასიაში გააქტიურებულია ისლამურ-კავკასიური სეგმენტი, მაგრამ ევროინტეგრაციის გზაზე ეს არ არის შემაფერხებელი ფაქტორი. პირიქით, კიდევ უფრო ყურადსაღები და გამოსაფხიზლებელია, რომ ერთობლივად ვითანამშრომლოთ ამ საფრთხეების წინააღმდეგ. ეს დადებით კონტექსტშია ნახსენები, რომ არ გავხდეთ არალეგალური მიგრაციის სატრანზიტო ზონა.
ევროპარლამენტარს ეს უარყოფით კონტექსტში არ უთქვამს, მან თქვა, რომ ამაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. სხვათა შორის, ბატონმა შულცმა საქართველოს დაუჭირა მხარი, რომელმაც გააჟღერა ისლამური ხალიფატის საფრთხის შესახებ.
მე მგონი, ევროპას ყველა ქვეყნიდან შეიძლება ემუქრებოდეს ტერორისტული საფრთხე.
- ეს თავისთავად ცხადია. გერმანიაში ტერაქტი რომ მოხდა, პოლონეთიდან განხორციელდა ტერორისტების გადასვლა.
ევროპარლამენტარი ვიკი მაიერიც არ იყო ჩვენს მიმართ დადებითად განწყობილი. ის ამბობდა, ვიზალიბერალიზაცია ნამდვილად არ გვჭირდება, რადგან ეს გაამძაფრებს ორგანიზებულ დანაშაულს. მანვე გაიხსენა გასულ წელს გერმანიაში საქართველოდან გადასული ორგანიზებული დამნაშავეები. ევროპის 30 ქვეყანას მართლაც ემუქრება ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფებისგან საფრთხე?
- ეს საფრთხე არ არსებობს, თვითონ ტერმინი „ქართული ორგანიზებული დამნაშავეთა ჯგუფი“ გაზვიადებულია. გერმანიაში მოქმედებენ გაცილებით უფრო სხვა ეთნიკური ორგანიზაციული ჯგუფები, თუნდაც იმავე კოსოვოელი ალბანელებისა და სხვა ჯგუფები. ისინი გაცილებით საშიშნი და აგრესიულნი არიან. წინა რეჟიმს ბევრი უარყოფითი ჰქონდა, მაგრამ მათ ენერგიული ბრძოლა განახორციელეს კრიმინალურ სამყაროსთან. ეს ტენდენცია დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ბევრად უფრო გაძლიერებულია. ე.წ. ჯიჰადისტური საფრთხის ელემენტი შეიძლება უფრო მაღალი იყოს, ვიდრე კრიმინალური დაჯგუფების, რადგან ჯიჰადისტური საფრთხე შეიძლება ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით განვითარდეს. ზოგადად, კრიმინალი ყველგან ხდება, გარკვეული ეპიზოდური შემთხვევები არსებობს, მთავარია, მას არ ჰქონდეს ორგანიზებული დანაშაულის ფორმა, „ობშჩიაკის“ შეკრება და სხვა. ამ დარგის სპეციალისტი ვარ და ვიმეორებ, ასეთი რამ სხვა ეთნიკურ ჯგუფებს უფრო ახასიათებთ, მაფიოზური და კლანური ელემენტების კუთხით. საქართველოდან წასულთა ამავე კონტექსტში მოხსენიება კი სასაცილოა.
სააკაშვილმა ყველა კრიმინალური ავტორიტეტი აიძულა, დაეტოვებინათ საქართველო. ანუ სააკაშვილმა მათი იზოლაცია კი არ მოახდინა, არამედ ისინი გააძევა ჩვენი ქვეყნიდან და ეს პასუხისმგებლობა სხვა სახელმწიფოებს გადააბარა, ისინი მოიშორა. კრიმინალებიც სხვა ქვეყნებში გადავიდნენ და შესაძლოა, იქ მართლაც შექმნეს სინდიკატური გაერთიანებები. თუმცა ბევრი მათგანი წავიდა არა დასავლეთის ცივილიზებულ სამყაროში, არამედ უფრო ჩრდილოეთისკენ, რადგან იქ ბევრად ნოყიერი ნიადაგი ჰქონდათ, ვიდრე დასავლეთში. თუ ვინმე დასავლეთში წავიდა, იქ ვერ გაძლო და ისევ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყანას მიაშურა.
ალბათ, ეს იმითაც აიხსნება, რომ დასავლეთში უფრო მაფიოზური სამყარო მძვინვარებს, ვიდრე ქურდული, რომელიც თავისი არსით უფრო პოსტსაბჭოური მოვლენაა.
- ეს ასეა. ევროპაში ყველას სმენია სიცილიური მაფიის შესახებ, არსებობს კორსიკული, ირლანდიული დანაშაულებრივი სინდიკატი. ასევე, არსებობს ალბანური მაფიაც. თურქული კრიმინალური დაჯგუფებებიც აქტიურად არიან წარმოდგენილნი ევროპაში. ასეთ დონეზე ქართული კრიმინალური სამყარო ვერ მივა, რადგან ქართული კრიმინალური მენტალიტეტი მიმართულია სულ სხვა საზოგადოებრივი მენტალიტეტისკენ. ის უფრო მიესადაგება ევრაზიულ მენტალიტეტს, ვიდრე ევროპული ცხოვრების წესს.
და ბოლოს, ვიზალიბერალიზაციის საპასუხოდ რას მოიმოქმედებს რუსეთი? ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ, სავარაუდოდ, ტრამპს ისევ სურს რუსეთთან ურთიერთობის დათბობა. შესაძლოა, პუტინმა ნატოს გაფართოების შეჩერება აქტიურად მოითხოვოს ისევე, როგორც რუსული გავლენის სფეროების აღიარება.
- სამწუხაროდ, საშიშროების ელემენტები არსებობს, რადგან ჩვენ ვიცით, უკრაინაში რაც გააკეთა რუსეთმა. „მაიდნის რევოლუციის“ შემდეგ უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ როგორც კი აიღო კურსი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ამას ეგრევე მოჰყვა ყირიმის ანექსია და დონბასში სეპარატიზმის წახალისება. ასევე, გავიხსენოთ მოლდოვაში არსებული სიტუაცია, სადაც რუსეთმა პრორუსული პოლიტიკური ძალის -პრეზიდენტ დოდონის მოყვანა შეძლო. დოდონი უკვე ეჭვქვეშ აყენებს მოლდოვის ევროპული ინტეგრაციის მიმართულებას. თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენი საზოგადოება განსხვავდება უკრაინისა და მოლდოვის საზოგადოებისგან. ჩვენ ევროპული ფასეულობების განუხრელი მომხრენი ვართ. ამის ისტორიული ბეგრაუნდი გაგვაჩნია.
ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს ახალგაზრდების 75% ცალსახად უჭერს მხარს ევროატლანტიკური ინტეგრაციის განვითარებას. ეს დიდი მაჩვენებელია. თუმცა მოსკოვმა შეიძლება აამოქმედოს სეპარატისტულ რეჟიმთა კიდევ უფრო წახალისების გეგმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, შეიძლება დაიწყოს მცოცავი ოკუპაციის ელემენტების გამოყენება, ჩვენს წინააღმდეგ გააძლიეროს საინფორმაციო ომი. ამისგან დაზღვეულნი არ ვართ, მაგრამ აბსოლუტურად მჯერა ქართველი ერის ერთიანობის.