„ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ როდესაც მისი ოპონენტი ერევა, მით უმეტეს, სასამართლოს საქმიანობაში, ეს შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს ქვეყანას“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ექპერტი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, ხელისუფლების უნიათობა ყველაზე მეტად იმაში გამოიხატება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა აყვავების საშუალება.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ღიად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, რომელიც ხშირ შემთხვევაში ანტისახელმწიფოებრივია. გვახსოვს გუბერნატორი სააკაშვილის განცხადებებიც, თუმცა, ყველა მისი განცხადება და ქმედება რეაგირების გარეშე რჩებოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ამ შემთხვევაში რა რესურსები გააჩნია უკრაინის ხელისუფლებას იმისათვის, რომ აღკვეთოს მოქალაქე სააკაშვილის ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში და მით უფრო სასამართლო სისტემაში?
რამაზ საყვარელიძე: სააკაშვილი უკვე აღარ არის უკრაინის სახელისუფლებო სტრუქტურების წევრი, რაც ნიშნავს, რომ უკრაინის ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც საქართველოზე ენას ასველებს, მასზე ზემოქმედების ინსტრუმენტი არ აქვთ. ამ შემთხვევაშიც, ალბათ, ხელისუფლება ისევე უძლური იქნება, როგორც ადრე. ასე რომ, ამ შემთხვევაში საქართველომ საკუთარ თავს თავად უნდა მოუაროს.
ამ შემთხვევაში საქართველომ როგორ უნდა დაიცვას საკუთარი თავი?
– როდესაც ვიღაცა ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, საქართველომ უნდა დაიცვას თავი და არა იმ ქვეყანამ, რომლისგანაც მომდინარეობს ასეთი ფაქტი. გვახსოვს აფხაზეთის ომი, რომელშიც ჩაერია რუსეთი და ეს იყო სერიოზული სამხედრო ჩარევა. მაშინ რუსეთი იძახდა, რომ ეს ჩარევა მე არ მეხება, საომარ მოქმედებაში მოხალისეები მონაწილეობენო. ეს ქვეყნის ოფიციალური გადაწყვეტილება არ არის, პირადი გადაწყვეტილება არის, შესაბამისად, ამ შემთხვევაში ქვეყანა უძლურიაო. ანალოგიურია სააკაშვილის შემთხვევა, ტელეფონის ზარები და ინტრიგები საერთოდ არ ეხება უკრაინის ხელისუფლებას. შესაბამისად, მეეჭვება, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს რამე მექანიზმი ჰქონდეს.
როდესაც სამართლებრივი საკითხზეა საუბარი, საინტერესოა ფაქტი, როცა სააკაშვილი ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩავიდა აშშ-ში. ერთია, როცა მას არ მისცეს დასწრების საშუალება, მაგრამ ჩნდება კითხვა, როდესაც საქართველოს მიერ ძებნილი ადამიანი შედის სხვა ქვეყანაში, რატომ არ რეაგირების ის ქვეყანა, მით უმეტეს, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია?
– ეს საერთოდ დიდი და გრძელი პრობლემაა. ვიცით, რომ ევროპის ქვეყნებსაც არ ჰქონდათ რეაქცია. აგერ უკრაინამ საერთოდ მოქალაქეობა მისცა და მაღალ თანამდებობაზეც დანიშნა. ამიტომ, ამ სიტუაციის ერთადერთი ახსნა არის ის, რომ შენ როგორც სახელმწიფოს იმ პატივს არ გცემენ, რასაც წესით უნდა გცემდნენ.
რითი აიხსნება ქვეყნის მიმართ ეს უპატივცემულობა?
– ნაწილობრივ იმით, რომ მართლა, ჯერჯერობით, სუსტი და პატარა ხარ, მეორე მხრივ, ალბათ, იმითაც, რომ გავლენა, სხვა ქვეყნებზე ნაკლები გაქვს. როცა გავლენა ნაკლები გაქვს, იქ ნაკლებად გიწევენ ანგარიშს. შევხედოთ ადამიანების ყოველდღიურობას – ვის უფრო უწევენ ანგარიშს, თანამდებობის პირს, თუ ბომჟს? უფლებრივად ორივე ერთნაირი ადამიანია, მაგრამ ანგარიშს უწევენ თანამდებობის პირს, იმიტომ, რომ იმას გავლენა აქვს სხვა ადამიანების ბედ–იღბალზე. როგორც ადამიანების ურთიერთობა, ისეთივე არის ქვეყნებს შორის ურთიერთობაც. ფსიქოლოგია დაახლოებით ერთნაირია.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის მიერ მის საქმიანობაში უხეში ჩარევის ფაქტზე პროკურატურას მიმართეს. ყველა მოსამართლე, რომელიც ამ საქმეში პირდაპირ თუ ირიბად იყო ჩართული, თავდახმის და შეურაცხყოფის ობიექტი გახდა როგორც „რუსთავი 2“–ის, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. როგორ ხსნით „ნაციონალური მოძრაობის“ და უშუალოდ სააკაშვილის დიდ ინტერესს სასამართლო პროცესების მიმართ, ამბობს, რომ მესაკუთრე არ არის, მაგრამ ვხედავთ რამდენად დაინტერესბულია ამ პროცესით?
– ვინმე ამბობს, რომ სააკაშვილი კავშირში არ არის „რუსთავი 2“–თან? გასაგებია, სააკაშვილი იძახის, რომ არხი მისი არ არის, მაგრამ თუ დავუჯერებთ იმას, რასაც სააკაშვილი იძახის, ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდებით. მიშა რომც არაფერს იძახდეს, თვითონ „რუსთავი 2“–ს ეტყობა ტენდენციურობა. იკითხება ეს კავშირი, მათ შორის როგორც იმ დიალოგებით, რაც არაერთხელ გამოქვეყნდა, მიშას ტექსტებში ფიგურირებს „რუსთავი 2“, ისე თავად ტელევიზიის მოქმედების ვექტორი აშკარად მიმართულია „ნაციონალური მოძრაობის“ინტერესების დაცვაზე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში კითხვების დასმის საფუძველი არ არის. ამიტომ გამოვიდეთ არა ნათქვამიდან, არამედ ფაქტებიდან. გამოვიდეთ იქიდან, რამდენად შემცირდა განაჩენის პროცენტული მაჩვენებელი, აქიდან მივხვდებით ხელისუფლების ზეწოლა არის თუ არა სასამართლოზე. ამიტომ, მოდით დავაზუსტოთ – სხვა არის „რუსთავი 2“ და სხვა არის გვარამია.
იმ ცვლილებებით, რაც მოხდება, „რუსთავი 2“–ს არაფერი არ ემუქრება. როგორც ვიცით, არავინ „რუსთავი 2“–ის დახურვას არ აპირებს. მაგრამ „რუსთავი 2“–ს მენეჯმენტი შეიძლება შეიცვალოს, ამდენად გვარამია დაინტერესებულია, რომ მის მიმართ ლოიალური იყოს მფლობელი. გვარამია თავის ინტერესებზე ზრუნვას. გადაჭარბებულია გვარამიას ზრუნვის გაფორმება, როგორც ზრუნვა თავისუფალ სიტყვაზე.
სატელეფონო საუბრები ახსნეთ, გამოქვეყნდა არაერთი სატელეფონო საუბარი სააკაშვილი–გვარამია–საყვარელიძე–თარგამაძე და ამ ჯგუფის მონაწილეობით, გვახსოვს ჭიკაიძის განცხადება საბურავებზე, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ საზოგადოებისთვის გამოძიების შედეგები უცნობია. იქნებ ხელისუფლების ბრალიც არის რაც ხდება, როდესაც ბოლომდე არ მიიყვანა საგამოძიებო მოქმედებები და პასუხისგებაში არ მისცა კონკრეტული ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ ქვეყანაში?
– პარადოქსი იმაშია, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იძახის, რომ ხელისუფლება უნიათო არისო. ხელისუფლების უნიათობა ყველაზე მეტად იმაში გამოიხატება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა აყვავების საშუალება და ამ შემთხვევაში ვეთანხმები მათ. უმარტივეს პრობლემებს ვერ მოაბეს თავი. გადაუწყვეტელია უმარტივესი პრობლემები, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით.
ამ გადაუწყვეტელობის უკან არის რაიმე ინტერესი, თუ ეს მართლა უნიათობის ბრალია, ამის შეფასება მე მიჭრს. მაგრამ ფაქტია და საზოგადოების გაღიზიანების დიდი წილი სწორედ იმით არის განპირობებული ხელისუფლებასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნაციონალების საკითხში პრაქტიკულად ვერსად ვერ მოიგო.
ის, რითაც დაპატიმრებული იყვნენ უკვე განთავისუფლებული გიგი უგულავა, მერაბიშვილი, ახალაია, ეს საზოგადოების მიერ აღიქმება როგორც მიზერული ნაწილი იმ ცოდვებისა და დანაშაულისა, რომელიც თითოეულ მათგანს აკისრია. რა პრობლემა იყო მათი ცოდვების გამოაშკარება და მათი ბრალდებად ქცევა, ეს გაუგებარია როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ჩემთვის. ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ როდესაც მისი ოპონენტი ერევა, მით უმეტეს, სასამართლოს საქმიანობაში, ეს შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს ქვეყანას.