„ჩვენი საცოდავი არალეგალები, რომლებიც უცხოეთში ოჯახებში მუშაობენ, საქართველოთი ვინმეს დააინტერესებენ?“

„ჩვენი საცოდავი არალეგალები, რომლებიც უცხოეთში ოჯახებში მუშაობენ, საქართველოთი ვინმეს დააინტერესებენ?“

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მონიჭება ტურიზმის სფეროზეც აისახება. დადებითად წაადგება ეს ტურიზმს, თუ უარყოფითად, ამის შესახებ ტურიზმის სფეროს ექსპერტებში აზრი იყოფა. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ მცდარია შეხედულება, თითქოს საქართველოდან ხალხი ევროპას მიაწყდება. მათი აზრით, უფრო პირიქითაა მოსალოდნელი, რომ ევროპაში არალეგალურად მცხოვრები ქართველები იატაკქვეშეთიდან ამოვიდნენ, საქართველოში ჩამოვიდნენ, თანაც, თავიანთი ახლად შეძენილი უცხოელი მეგობრებიც ჩამოიყვანონ, ახალი პასპორტი აიღონ და ისევ ევროპას მიაშურონ. ოღონდ ამჯერად, ლეგალური სტატუსით. ამგვარი ოპტიმისტური გათვლით მიღებული შედეგებიც შთამბეჭდავია. კერძოდ, ასი ათასმა არალეგალმა ქართველმა 3-4 უცხოელი სტუმარი რომც ჩამოიყვანოს, ეს უკვე 1 მილიონ ტურისტს უდრის.

ასეთ ოპტიმისტურ პროგნოზს ეჭვის თვალით უყურებს ტურიზმის ექსპერტი, დოქტორი ეკონომიკის საკითხებში მარინა მეტრეველი. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან ტურისტები ისედაც შეზღუდვის გარეშე შემოდიოდნენ საქართველოში.

„ის, რომ ქართველები უცხოეთში მალულად აღარ იქნებიან, სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენი თანამემამულენი საქართველოში ჩამოიყვანენ უცხოეთში შეძენილ მეგობრებს. არ ველი, რომ ჩვენი არალეგალი მიგრანტები გამოიყოლებენ 3-4 უცხოელს. ვის გამოიყოლებენ, ვინ წამოყვება, ჩვენი საცოდავი არალეგალები, რომლებიც ოჯახებში მუშაობენ, ვინმეს დააინტერესებენ? მართალია, კარგი რამ მოხდა, რომ მათ ვიზებზე ზრუნვა აღარ დასჭირდებათ, მაგრამ წამოყოლის მომენტი არარეალურია. რად უნდათ ვინმეს წამოყოლა? ვისაც აინტერესებდა საქართველო, ისედაც მოდიოდა და ახლაც ჩამოვლენ. 2004 წლიდან საქართველომ ჭიშკარი გაუხსნა მთელ მსოფლიოს. არავის აღარ ჰქონდა საქართველოს ნახვის შეზღუდვა.

პირადი კონტაქტებით ხდება ჩამოყვანა. იყო დრო, როცა სულაც არ ჩადიოდა ხალხი ევროპაში, მაგრამ იმ პერიოდშიც კი საქართველოდან ვიწვევდით უცხოელ მეგობრებს და ისინიც ჩამოდიოდნენ. სწორედ ამისთვის არსებობს ელექტრონული ფოსტა, სკაიპი და ფეისბუკი, რომ ადამიანი მოიწვიო. ამიტომ ვიზალიბერალიზაციის ფაქტს უფრო მეტად ნუ შეალამაზებენ. ჯერ ერთი, ასე ადვილად არ გაიცემა ეს ვიზები. საჭირო იქნება უამრავი დოკუმენტი, ისევ მოსთხოვენ ადამიანს დეპოზიტზე არსებულ თანხას იმის შიშით, რომ, ღმერთმა ნუ ქნას, უცხოეთში რამე დაემართოს. ამიტომ უფულო ადამიანი იქ ვერ ჩავა. ადამიანები, რომლებსაც ლუკმა-პურის შოვნა უჭირთ, ვერ იმოგზაურებენ ევროპაში. დიდი სისულელეა, ადამიანმა ისესხოს თანხა და ისე წავიდეს ევროპაში. თანაც, 90 დღის განმავლობაში ვერც სამსახურს იშოვის და ვერც დასაქმდება. ამიტომ ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც საშუალება აქვთ, ევროპაში წავიდნენ, ევროპა დაათვალიერონ. 60 წლის ქალბატონი პენსიონერი მაინც ახალგაზრდად ითვლება, მაგრამ აქვს კი საშუალება, უცხოეთში ჩავიდეს?“ - აცხადებს მარინა მეტრეველი.

მისივე თქმით, ჩვენს არალეგალებს არც უღირთ გამოვიდნენ სამალავიდან, საქართველოში აიღონ პასპორტი და ისევ დაბრუნდნენ ევროპაში. ბევრი არალეგალი ამას არ გააკეთებს, რადგან აქედან რომ წავა, მხოლოდ 90 დღით დარჩენის საშუალება ექნება. წლებია, ისინი უკვე შეგუებულნი არიან ასეთ პირობებს, მით უმეტეს, არავინ დევნის.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ახლა უფრო დიდი პრობლემაა აშშ-დან არალეგალების გამოყრა. საქართველოს მოსახლეობის რიგები შეივსება, თუკი ამერიკა არალეგალებს გამოუშვებს. ცხადია, ისინი ახლა ევროპაში გადანაცვლებას მოინდომებენ, მაგრამ იქაც 90-დღიანი შეზღუდვა ელით.

„იცით, ევროპაშიც როგორი გამკაცრებული კონტროლი იქნება? მარტო ესპანეთში ქართველობამ უამრავი დანაშაული ჩაიდინა. მაინცდამაინც ნუ მოვიწონებთ თავს, კარგი ქვეყანა ვართ, მაგრამ უარყოფითიც გვაქვს. ღმერთმა ქნას, გაიზარდოს ტურისტების რაოდენობა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ სიძვირის გამო საქართველოს დიდ სასტუმროებში ვერ თავსდებიან ტურისტები. ისევ და ისევ ურჩევნიათ პატარა საოჯახო სასტუმროები, პატარა გესტჰაუზები, სადაც კარგი დიასახლისები ხვდებიან, რომელთაც იციან, როგორ მოეპყრან ტურისტებს“.

საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არალეგალი ქართველები იმდენად ცუდ პირობებში ცხოვრობენ ევროპაში, საეჭვოა, მათ გადახდისუნარიანი მეგობრები ჰყავდეთ და 3-4 უცხოელი საქართველოში სტუმრად ჩამოიყვანონ. ია თაბაგარს ეს გულუბრყვილო პროგნოზად ეჩვენება და არც იმის მოლოდინი აქვს, რომ ევროპიდან საქართველოს უამრავი ტურისტი მოაწყდება. უფრო პირიქით მოხდება, ამიერიდან საქართველოდან გაცილებით მეტი ხალხი იმოგზაურებს ევროპაში და იმ თანხას, რაც საქართველოში უნდა დაეხარჯათ, დახარჯავენ საზღვარგარეთ.

„როგორც ყველა, მეც ვხედავ საშიშროებას, რომ ვიზალიბერალიზაცია სულ რამდენიმე თვეში უკან არ შემოგვიტრიალდეს, გამომდინარე იქიდან, როგორ იქცევიან საქართველოდან ჩასულები. მოგზაურობა დაკავშირებულია ფულთან და რა რესურსები გააჩნიათ ევროპაში მცხოვრებ ქართველ არალეგალებს? რომც ჩამოვიდნენ არალეგალები და პასპორტი საქართველოში აიღონ, ზუსტად იმის გამო, რომ დაფიქსირებულები არიან არალეგალებად, შესაძლოა, უკან აღარ შეუშვან ევროპაში“, - აღნიშნა ია თაბაგარმა.