უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს - ბესარიონ ალავიძეს და პაატა ქათამაძეს შეტყობინებები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნისგან მიუვიდათ, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მათ შორის მთავარი პროკურატურა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ მაღალჩინოსანის ვინაობას არ აკონკრეტებს. თუმცა, როგორც for.ge–ს მთავარ პროკურატურაში არაოფიციალურად განუცხადეს, ეს მაღალჩინოსანი, რომელიც მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებდა, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძეა.
თავად დავით საყვარელიძე „რუსთავი 2“– თან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ადრე თუ გვიან, გაირკვევა იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ამ დანაშაულებრივ საქმეში აქტიურობენ და მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენენ. საყვარელიძე აქვე დასძენს, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც „რუსთავი 2“ – ის წართმევის სქემაში აქტიურად მონაწილეობენ.
„ვის მოუვიდა აზრად ასეთი იდიოტობა, რომ მე და მიხეილ სააკაშვილი ცალ-ცალკე, გვერდიგვერდ ოთახებში ვსხდებით, ერთმანეთს თითქოს „ვაიბერით“ ვუმესიჯებთ იმ მოსამართლეებზე (რომელსაც არ ვიცნობ და რომელთა სახელებიც პირველად გავიგე), ზეწოლის ფაქტებს. ბავშვისთვისაც კი გასაგებია რა ხდება.
დაიწყო ახალი შეტევის კამპანია „რუსთავი 2“ – ის წინააღმდეგ და ისე, როგორც „რუსთავი 2“ – მა და თავისუფალმა სიტყვამ ბევრჯერ გაიმარჯვა საქართველოში, ამ შემთხვევაშიც გამარჯვება იქნება გარდაუვალი. ეს ადამიანები კი, ვინც დღეს ბრმად მიჰყვებიან ბიძინა ივანიშვილის დავალებებს, ამაზე პასუხს აგებენ აუცილებლად“, – განაცხადა დავით საყვარელიძემ.
ნინო გვენეტაძეს იუსტიციის საბჭოს წევრებისთვის „რუსთავი 2“-ის საქმეს განმხილვეელი მოსამართლეებზე ზეწოლის შემცველი წერილების შინაარსი არ გაუცვნია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბესარიონ ალავიძეზე და პაატა ქათამაძეზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ მასალები პროკურატურაში ოპერატიულად გადაგზავნა. თუმცა, ინფორმაცია არ გაუსაჯაროვებია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან თევზაძე აცხადებს, რომ კანონით ნინო გვენეტაძეს ამის ვალდებულება არ ჰქონდა. იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სწრაფი რეაგირებისთვის შექება ეკუთვნის.
„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოიქცა სწრაფად და მას პირიქით, ეკუთვნის შექება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გადაგზავნა პროკურატურაში ეს საქმე, სწორედ ამაში გამოიხატება მისი მოკავშირეობა საკუთარი მოსამართლეებისადმი, რადგან მას ასე ევალებოდა კანონით.
გამოუცხადა მხარდაჭერა იმ თავის კოლეგებს, ვისზეც, როგორც ეს კოლეგები ამბობენ, ყოფილი მაღალჩინოსნებისგან ხორციელდებოდა და ხორციელდება ზეწოლა. უნდა ვიყოთ მოხარულნი, რომ არავინ დახუჭა თვალი ამგვარ ბრალდებაზე, რომელიც მომდინარეობს არა რიგითი მინისტრისგან ან რომელიმე მოქალაქისგან, არამედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისგან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პირველადი ინფორმაციით, მოსამართლეებზე ზეწოლის კვალი სააკაშვილის ხელისუფლებისკენ მიდის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, არავის გაუკვირდება, რომ კიევიდან კვლავ ვიღაცა ვიღაცის მოსყიდვას ან ზეწოლის მოხდენას ცდილობდეს. ბესელიას მართებულად მიაჩნია პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყება, ვინაიდან როგორც აღნიშნა, გამოძიებით დადგინდება, თუ ვინ ახდენდა ან ცდილობდა მოეხდინა ზეწოლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე.
„სასურველია, რომ ესოდენ რეზონანსული, „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობდნენ და ყოველგვარ ეჭვს მიღმა იდგნენ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, პროკურატურამ ყველა კითხვას გასცეს ამომწურავი პასუხი. „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ სტილში აგრძელებს ცილისმწამებლურ კამპანიას და კვლავ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობს.
ასე რომ, პირველადი ინფორმაციით, კვალი სააკაშვილის ხელისუფლებისკენ მიდის. არაერთ შეკითხვას ბადებს რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებული ჩანაწერიც, რომელშიც აღნიშნული მოსამართლეები არიან ნახსენები. ამასაც აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
პარალელურად მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანს 6 000 000 ლარი და ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომაპნიები აღმოუჩინეს. შეგახსნებეთ, რომ სწორედ ახვლედიანი იყო პირველი მოსამართლე, რომელმაც ხელისუფლება მოსამართლეებზე ზეწოლაში დაადანაშაულა.
„უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე“ ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემიდან წასვლის შემდეგ მამუკა ახვლედიანმა მილიონებად შეფასებული ქონება იყიდა. ფაქტს ადასტურებს მამუკა ახვლედიანი, თუმცა აცხადებს, რომ ეს ქონება მთლიანად კრედიტით არის შეძენილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ფიქრობს, რომ ფაქტი ძალიან საინტერესო და ყურადსაღებია, რომლის დადასტურების შემთხვევაში,სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.
მისივე განცხადებით, ახვლედიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება საჯარო სექტორში აქვს გატარებული, საკუთარი ხელფასით ამხელა თანხას ვერ შეაგროვებდა. როგორც დეპუტატი აცხადებს, გასათვალისწინებელია მამუკა ახვლედიანისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ურთიერთობა.
„ჩვენ ვიცით, გვარამია-ახვლედიანის გარკვეული ტანდემი, მოვისმინეთ კიდეც მათი საუბრის ჩანაწერები. ძალიან ცუდად ემთხვევა ეს სიტუაცია, რაც „რუსთავი 2“-ის მიმართ არსებულ სამოქალაქო დავასთან დაკავშირებით ხდება - ტელევიზიის ხელმძღვანელის და მოქმედი მოსამართლის შესაბამისი კომუნიკაცია.
ამ ყველაფრის ფონზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყოფილ საჯარო მოხელეს, ლეგალური წყაროებით, ჩემი აზრით, ასეთი ქონება ვერ უნდა შეეძინა. აღმოჩნდა, რომ აქვს ძალიან დიდი თანხა გადახდილი - თუ არ ვცდები 6 მილიონ დოლარზე საუბრობს ნიკოლოზ მჟავანაძე.
ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ეს კონკრეტული კომუნიკაცია და მჟავანაძის ინფორმაციები ერთმანეთს. თუკი სამართალდამცველების ინტერესების სფეროში იქნება ეს საკითხი, არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცა უკანონო გარიგებების ფაქტებიც დადგინდეს. უპირველესად, ეს ინფორმაცია სათანადოდ უნდა დადასტურდეს და თუკი ამ ქმედებაში აღმოჩნდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, კარგად უნდა გამოიძიონ სამართალდამცველებმა“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“ – ის დირექტორმა მოსამართლეების ზეწოლაზე გაკეთებული განცხადებით, მამუკა ახვლედიანის ქონებაზე ინფორმაციის გადაფარვა სცადა. როგორც ხაინდრავა აცხადებს, გვარამია-ახვლედიანის საუბრის ჩანაწერში, რომელიც გასულ წელს გავრცელდა და რომელშიც საქალაქო სასამართლოში შექმნილ ვითარებაზეა საუბარი, სწორედ აღნიშნული ოდენობის თანხა იყო დასახელებული.
„რამ გაამწარა ნიკა გვარამია? ყველას გვახსოვს ჩვენ მისი საუბარი მამუკა ახვლედიანთან, ორივე მათგანმა დაადასტურა ამ საუბრის ავთენტურობა, მეტსაც გეტყვით, როცა ეს ყველაფერი გაცხადდა და ახვლედიანი დაემუქრა გვარიამიას, რომ აღძრავდა საქმეს, ბოდიშის მოხდაც მოსთხოვა. იქ ფიგურირებდა თანხა, 6 მილიონი.
გუშინ, გუშინწინ და დღეს ეს გაცხადდა და აღმოჩნდა, რომ ბატონ მამუკა ახვლედიანს ამ თანხის ქონება ჰქონია შეძენილი სულ ახლახანს, 2016 წლის დეკემბერში, ნაწილი საქართველოში, ნაწილი ოფშორულ ზონაში და ეს დადასტურდა არა ვიღაცის ლაპარაკით არამედ დოკუმენტებით, რომლებიც ამოღებული იქნა საჯარო რეესტრიდან. დოკუმენტებით დასტურდება რომ ქონება გადაფორმებული აქვს ცოლზე, შვილზე, სიძეზე და თავის ნაწილი ოფშორში. ეს არის მარტივი სქემა. ნათლად ჩანს, რომ რაზეც იქ საუბრობდნენ ეს შედგა. დღევანდელმა ფაქტმა პირდაპირ დაადასტურა რა აეწვა გვარამიას. ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომლის ქმედებებიც არის დასჯადი“, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.