„დღევანდელი მსოფლიო კრიზისულ სიტუაციაში იყო და არის, ხოლო ტრამპი არის კრიზისმენეჯერი“

„დღევანდელი მსოფლიო კრიზისულ სიტუაციაში იყო და არის, ხოლო ტრამპი არის კრიზისმენეჯერი“

ამერიკელ დიპლომატებს თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციისთვის იმის შეხსენება უწევთ, რას წარმოადგენს რუსეთის პოლიტიკა და ვინ არის სინამდვილეში ვლადიმერ პუტინი. აშშ ყოფილმა სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის განცხადებით, დიპლომატებს ვაშინგტონში არ უნდა დაავიწყდეთ, რომ პუტინი სუკ-ის ყოფილი აგენტია.

საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას ოლბრაიტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონს საერთაშორისო წესრიგის შექმნასა და შენარჩუნებაში განსაკუთრებული როლი აკისრია. ამასთან, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა რუსეთის და პოსტ-საბჭოთა სივრცისადმი, ამერიკის პოლიტიკის მისეულ ხედვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკის პოლიტიკა არ უნდა იყოს აგებული იმაზე, მოწონს თუ არა რუსეთს ვაშინგტონი.

„ძალის დემონსტრირება მოსკოვისადმი სწორი მიდგომაა. უნდა გვესმოდეს ისტორია. რუსეთი იყო იმპერია, შემდეგ საბჭოთა კავშირი, რომელსაც უზარმაზარი ძალა ჰქონდა. ის საბჭოთა კავშირი ჩვენი მთავარი მტერი იყო. მოხდა ჩვენთვის უპრეცედენტო რამ, მთავარი მეტოქის ძალაუფლება ჩამოიქცა ომის გარეშე და ამის შემდეგ ჩვენ ვცდილობდით გაგვერკვია როგორ გვემუშავა რუსეთთან.

მართალია, ვერ შევთანხმდებით ყველაფერზე, მაგრამ საჭიროა გაარკვიო რაზე თანხმდები და რაზე არა. სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას, ელცინმა მკითხა თუ რატომ ფართოვდებოდა ნატო. მე ვუთხარი, რომ ეს მათ წინააღმდეგ არ იყო მიმართული და რაღაც ეტაპზე თუ მათ სურვილი ექნებოდათ, თვითონაც გამხდარიყვნენ ნატო-ს ნაწილი, ჩვენ მზად ვიყავით ისინი მიგვეღო“,- განაცხადა მადლენ ოლბრაიტმა.

როგორც ყოფილი სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რუსეთი ცდილობს ევროკავშირის და ევროპის ერთიანობისთვის ძირის გამოთხრას, იყენებს პროპაგანდას რათა მოახდინოს სხვადასხვა საკითხებით მანიპულირება და უთანხმოებების გაღვივება.

„პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა რუსეთში იდენტობის კრიზისის დროს. ის ცდილობს რუსეთს მსოფლიო ძალის სტატუსი დაუბრუნოს და ეს მის პოპულარობას ეხმარება. ის იყენებს ასიმეტრიული ბრძოლის ხერხებს, კიბერ და საინფორმციო ომის ტაქტიკას. ის ერთიან ევროპას საშიშროებად მიიჩნევს და ცდილობს გავლენის სფეროების შენარჩუნებას.

პუტინი იარაღად იყენებს დევნილებს, რაც ბევრი ქვეყნის დესტაბილიზაციას იწვევს ევროპაში. საჭიროა მკაფიოდ ითქვას, რომ არ ვაპირებთ სანქციების გაუქმებას ვინაიდან რუსები არ ასრულებენ ამისთვის საჭირო პირობებს. პუტინის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინაში შეჭრა არალეგალურია. პუტინი აფასებს ძალას, და ვფიქრობ საჭიროა ძალის გამოჩენა. ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის რუსებს მოსწონდე. ამერიკა რუსეთთან ურთიერთობებში ფრთხილად უნდა იყოს და არ უნდა იმოქმედოს იმ პრინციპით, რომ შესაძლოა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი სიმპათია ჩამოყალიბდეს“, - აღნიშნა მადლენ ოლბრაიტმა.

პოლიტოლოგის, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარის თამარ კიკნაძის განცხადებით, ტრამპი არის ფიგურა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა აშშ-ის პოლიტიკა. გამორჩეულია იმითაც, რომ როდესაც პრეზიდენტები საარჩევნო კამპანიას მართავენ, ისინი ხშირად პოპულიზმის გამო აკეთებენ განცხადებებს და მერე მათი შესრულება, იმპლემენტაცია ეფექტური არ არის ხოლმე. ტრამპის შემთხვევაში სახეზეა, რომ საარჩევნო დაპირებებს ასრულებს ემიგრანტებთან, ისლამის მიმდევრებთან, ტერორისტებთან და იგივე მექსიკის კედლის აშენების კუთხით.

„საერთოდ, ჩემი აზრით დღევანდელი მსოფლიო კრიზისულ სიტუაციაში იყო და ახლაც არის. ამიტომ, გარკვეულწილად, ტრამპი არის კრიზისმენეჯერი. იგივე აშშ-ის პოლიტიკას თუ შევაფასებთ, კი, იგი იყო ამ ერთპოლუსიანი სამყაროს ურყევი ლიდერი, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობებში ჰეგემონის ფუნქცია არ შეიძლება იყოს ძალიან გრძელვადიანი და მით უმეტეს დღევანდელ დღეს.

სახელმწიფოს ჰეგემონობა მოითხოვს ძალიან ბევრ დანახარჯს და აშშ უბრალოდ თვითონ აღმოჩნდა არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში. მოვიდა არაორდინალური ადამიანი, რომელსაც შესწევს არაორდინალური გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარება“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.

რაც შეეხება პუტინისა და ტრამპის ურთიერთობებს, პოლიტოლოგი არ ფოქრობს, რომ პუტინმა დიდი გავლენა მოახდინა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მისი თქმით, ის კამპანია, რაც დღეს ამერიკაში პუტინის მიმართ მიმდინაროიბს, მის რეიტინგს უფრო ზრდის, რაც ამერიკული ისტებლიშმენტისთვის მომგებიანი ნამდვილად არ არის.

„მე გახლდით ამერიკაში და დაახლობით ვიცი რა სიტუაციაა. ტრამპი არის საშუალო ამერიკელების სასურველი პრეზიდენტი. იმიტომ, რომ ბოლო დროს ამ ლიბერალიზმმა თვითონ ადამიანის ნორმალურ ყოფას შეუქმნა გარკვეული პრობლემა. შემთხვევითი არ არის, რომ თეთრი სახლის ვებ-გვერდიდან ე.წ. ლგბტ თემის მხარდამჭერი განცხადება გაქრა. ტრამპი არის ტრადიცული ოჯახის მიმდევარი და თავისი პოლიტიკით ხელს უწყობს ამერიკის შიდა ეკონომიკის გაჯანსაღებას.

რაც შეეხებას პეცსამსახურებს, საერთოდ, დღეს სპეცსამსახურები ძალიან დიდ როლს თამაშობენ პოლიტიკაში. თვით ამერიკელი პოლიტიკოსებიც ძალიან მჭიდრო კავშირში იმყოფებიან სპეცსამსახურებთან. ეს არავითარი დიდი დისკრედიტაციის პირობა არ არის. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი პუტინის კიდევ უფრო პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

რაც შეეხება დიპლომატებს, დიპკორპუსი ძირითადად დაკომპლექტებული იყო დემოკრატიული პარტიის მომხრეებით. თითქმის ყველა სახელმწიფო დეპარტამენტის მუშაკმა დატოვა პოსტი, თვით სახელმწიფო მდივნის მოადგილემაც. დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს რადიკალური ცვლილებები სახელმწიფო დეპარტამენტში. პოლიტიკური ინსტებლიშმენტის გარკვეული ნაწილი არის ტრამპის პოლიტიკის მოწინააღმდეგე. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.

ამერიკელი დიპლომატების შიშს, ტრამპის პიროვნებას უკავშირებს ანალიტიკური საბჭოს მკვლევალი ზურაბ აგლაძე, რომლის განცხადებით, ვაშინგტონში პოლიტიკური ინსტებლიშმენტისთვის ძალიან ძნელია იმის განჭვრეტა, თუ რას აპირებს ტრამპი.

„მის მიერ განხორციელებული საკადრო ცვლილებიდან გამომდინარე რთულია რაღაცის პროგნოზირება, მისი ქმედებებიდან გამომდინარე კი, საერთოდ რთულია. ამიტომ, ამერიკელი დიპლომატები პრევენციას უფრო ახდენენ, რომ ტრამპმა რაღაცა ნაბიჯები არ გადადგას. პრევენციის სახე უფრო აქვს, როდესაც აფრთხილებენ საზოგადოებას და ტრამპსაც, რომ ცუდის მომტანი იქნება რუსეთთან დაახლოება.

საკმაოდ რთული იქნება იმის განსაზღვრა რას აპირებს ტრამპი რუსეთთან მიმართებაში. ვფქრობ, რომ ჯერ თვითონაც არ არის ჩამოყალიბებული. ახალი შესულია ოვალურ კაბინეტში, სხვა ინფორმაცია მიდის მასთან, რომელსაც სჭირდება პოზიციების ჩამოყალიბება, რისთვისაც დრო სჭირდება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თვითონაც არ არის ჩამოყალიბებული როგორი პოლიტიკა ექნება რუსეთთან და პუტინთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, რომ ტრამპს და პუტინს გაუჭირდებათ კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძე.

პოლიტოლოგის სოსო ცისკარიშვილის განმარტებით, სრულიად სანდო და მკაფიო იყო ფასეულობათა კრიალოსანი, რომელიც აშშ-ის მიერ იყო ინიცირებული, განხორციელებული და მოწონებული ჩვენი პლანეტის უდიდესი ნაწილის მიერ. მისვე თქმით, საგულისხმოა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში მადლენ ოლბრაიტი არ გამოირჩევა აქტიური განცხადებებით, თუმცა, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, უკვე მეორე კრიტიკული განცხადება გააკეთა ამერიკის ახალი პრეზიდენტის მიმართ.

„პირველი ხმაურიანი განცხადება გახლდათ ის, რომ თუ ახალი პრეზიდენტი მრწამსის მიხედვით მიიღებდა გადაწყვეტილებას სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა მიმართ, ამ შემთხვევაში იგი მზად იყო, რომ მიეღო ისლამი და განრიდებოდა ქრისტიანობას. ესეც პოლიტიკური სვლა არის და არა რაიმე განსაკუთრებული რელიგიური პროცესი.

ახლა უკვე, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ადრე თუ გვიან, აშშ-ს მოუწევს, კვლავ თავი მოაწონს მის ევროპელ პარტნიორებსაც, ჩემი აზრით, უფრო ოპტიმისტური მომავალი შეიძლება ვიხილოთ ამერიკის ახალი ხელისუფლების ურთიერთობაში, როგორც ევროპულ სივრცესთან, ასევე ყველა სხვა კონტინეტთან. თუმცა, მისი პირადი დამოკიდებულება რუსეთთან, მუდმივად იქნება გამადიდებელი შუშით მოძიებული ინფორმაცია.

ბოლო განცხადებაში არაპირდაპირ, მაგრამ ირიბად მაინც ვიხილეთ რუსეთისა და პუტინის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტრამპი, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ მიუღებელია რუსეთის პოლიტიკა ირანთან, უკრაინასთან და მის მეზობლებთან. ვფიქრობ, რომ რუსეთის მეზობლად სწორად საქართველო არის აღქმული. პროგნოზირება იმისა, ვინ, როგორ, რას იტყვის და რა იქნება შედეგი, ყოველისშემძლე ვანგასაც გაუჭირდებოდა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.