დედაენის ბაღიდან ვახუშტის ხიდამდე პირველი ველობილიკი განთავსდება

დედაენის ბაღიდან ვახუშტის ხიდამდე პირველი ველობილიკი განთავსდება

სავარაუდოდ, ყოფილი „ნაციონალი“ გოგა ხაჩიძე ერთადერთი არ იქნება, რომელიც თავის დროზე სამსახურში, ანუ პარლამენტში ველოსიპედით მივიდა. დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძეც გეგმავს, თავისივე ველოსიპედით მივიდეს სამსახურში. ხელმძღვანელის ასეთი ქმედება შესაძლოა, გადამდები აღმოჩნდეს ამავე უწყების სხვა თანამშრომლებისთვის და თბილისის ცენტრალურ უბნებში მცხოვრებმა მერიის თანამშრომლებმა ველოსიპედით მისვლა ამჯობინონ სამსახურში.

რაც შეეხება საამისო ინფრასტრუქტურას, საპილოტე პროექტი უკვე დაწყებულია. პირველი ველობილიკები თბილისში მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე არსებულ ტროტუარებზე განთავსდება და მოიცავს მარშრუტს დედაენის ბაღიდან ვახუშტის ხიდამდე, ანუ ეს იქნება წრიული მიმართულება.

ველოსიპედის, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის, განვითარების მიზნით თბილისში საწყის ეტაპზე 20-მდე ველოსადგომის მოწყობა იგეგმება. პირველი ველოსადგომი თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან მიცკევიჩის 29-ში უკვე განთავსდა და რვა ველოსიპედს იტევს.

როგორც მერიაში განმარტავენ, ველოსადგომებისა და ველობილიკების მოწყობის იდეა მოქალაქეთა ხშირი მიმართვიანობის საფუძველზე გაუჩნდათ.

ცხადია, თბილისს ველოსიპედის სატრანსპორტო საშუალებად გამოყენების დიდი ტრადიცია არ აქვს, როგორც, მაგალითად, კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას, სადაც 400 კილომეტრი სიგრძის საველოსიპედე ბილიკები ააშენეს. სხვათა შორის, ამ ქალაქში 1990-იანი წლების ბოლოდან დაიწყეს მომრავლებულ კერძო ავტომობილებთან ბრძოლა, რადგან ავტომობილები ორი თვალსაზრისით უქმნიდნენ საფრთხეს ბოგოტას: მოქალაქეებს ამყოფებდნენ დაუსრულებელ სატრანსპორტო საცობში და ჰაერს წამლავდნენ. 2010 წლის ანგარიშის მიხედვით, ბოგოტაში ჰაერის დაბინძურების შედეგად გაჩენილი რესპირატორული დაავადებები ბავშვებს შორის სიკვდილიანობის მთავარი გამომწვევი მიზეზი გახლდათ.

ბოგოტასგან განსხვავებით, თბილისის ქუჩები არაა ველოტრანპორტისთვის შესაბამისად მოწყობილი. ამიტომ ისეთი სტრატეგია უნდა შემუშავდეს, რომელიც თანაბრად გაითვალისწინებს მოძრაობის სამივე მონაწილის - ქვეითის, ველოსიპედისტისა და მძღოლის უსაფრთხოების ინტერესებს. ამ ეტაპზე ტრანსპორტის საქალაქო სამსახური შეისწავლის მარშრუტებს, სადაც ყველაზე მეტად არის მოსახერხებელი ველოსიპედისტების გადაადგილება.

თავად ველოსიპედისტები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ ზაფხულის პერიოდში შედარებით მარტივად ახერხებენ თბილისის განტვირთულ ქუჩებში გადაადგილებას. სხვა შემთხვევაში კი, ისინი ცდილობენ, ქვეითებს ხელი არ შეუშალონ და ქვეითთა სავალ ნაწილზე არ იმოძრაონ, სამაგიეროდ, სამანქანო ტრასაზე გადადიან, რაც მათი სიცოცხლისთვის სარისკოა.

რა პრობლემას აწყდებიან თბილისში ველოსიპედით მოსარგებლენი, ამის შესახებ For.ge-ს ველომოყვარულთა კლუბ „ჯეორაიდერების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიგა ძულიაშვილი ესაუბრა.

მისი თქმით, პრობლემები ერთი და იგივეა თბილისშიც და თუნდაც რუსთავში, სადაც, მართალია, მოწყობილია ველობილიკები, მაგრამ გადასაადგილებლად მაინც რთულია, რადგან იქაც მანქანები უშლიან ხელს. მანქანების გარდა, ხალხიც ველობილიკებზე გადადის და ველომოყვარულებს უჭირთ ნორმალურად გადაადგილება. ამიტომ ისევ სამანქანო გზაზე უწევთ სიარული, რათა შედარებით სწრაფად გადაადგილების საშუალება მიეცეთ.

„დედაქალაქსა და ნებისმიერ სხვა ქალაქშიც კარგი იქნება ველობილიკების მოწყობა, მაგრამ თვითონ ადამიანების მოძრაობაა დასარეგულირებელი, რადგან რუსთავის ანალოგიურად, თბილისშიც ხალხი თავის სავალ ნაწილზე ნაკლებად ივლის და ველობილიკებს ამჯობინებს. არც ადამიანები იცავენ ამ წესებს, არც - მანქანები. ჩვენ პრობლემებს ვაწყდებით გადაკვეთის ადგილებში, ანუ ბილიკიდან რომ ჩამოვდივართ, უსაფრთხოდ უნდა ვგრძნობდეთ თავს. ამ დროს კი შესაძლოა, ავტომანქანა ველობილიკზე იდგეს და ნორმალურად ვეღარ გამოვიდეთ იმ ველობილიკიდან“, - აღნიშნა გიგა ძულიაშვილმა.

მანვე განმარტა, რომ მიცკევიჩის 29-ში ველოსადგურის განთავსება გონივრულია, რადგან დაცვის პოლიციის სადგური იქვეა და ველოსიპედს ვერავინ მოიპარავს. მოპარვის საფრთხე კი არსებობს, მით უმეტეს, ისეთ ადგილებში, სადაც ვიდეოკამერები არ არის. ყოფილა შემთხვევა, როცა ველოსიპედი აივნიდანაც და სარდაფებიდანაც მოუპარავთ. ამიტომ გადაადგილების ამ საშუალების უყურადღებოდ დატოვება საქართველოში არ შეიძლება.

გიგა ძულიაშვილის თქმით, ჩვენში ველომოყვარულთა რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს, თუმცა გადაადგილების პროცესში ველომოყვარულთათვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება მანქანების გამონაბოლქვი. ამდენად, თუკი მანქანების რაოდენობა შემცირდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლი გაიზრდება, ეს ველოსიპედების რაოდენობის ზრდასაც გამოიწვევს.

„სამანქანო გზაზე ველოსიპედისტის გადაადგილება სახიფათოა. რუსთავში მოძრაობა კიდევ ნაკლებია, მაგრამ თბილისში ეს დიდი ხიფათის შემცველია და თბილისში უფრო საჭიროა ველობილიკები. ველომოყვარულისთვის ვარაზისხევის მონაკვეთი ცოტა რთულია ვაკეში ასასვლელად. ამდენად, სადაც არ არის დიდი აღმართები, იქ აუცილებლად უნდა მოეწყოს ველობილიკები. დედაენის ბაღიდან ვახუშტის ხიდამდე მიმართულება სწორად შეურჩევიათ. აქ ბევრი დაღმართიც არ არის და გადასაადგილებლადაც კარგია. მთავარია, უსაფრთხოება იყოს დაცული, თორემ ველობილიკი ერქვას და ველომოყვარულებმა მასზე არ იარონ, ეს უაზრობა იქნება“.

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერიის ამბიციით, 2030 წლისათვის თბილისმა უნდა მიაღწიოს იმას, რომ განვითარდეს ფეხით მოსიარულეთა, ველოსიპედისტთა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა. ის ფაქტი, რომ ასეთ მძიმე პირობებში უხდებათ ველოსიპედისტებს გადაადგილება, ისინი რისკავენ და ყოველ წუთში შეიძლება მანქანა დაეჯახოთ, მიუთითებს იმას, რომ დედაქალაქში ამ სისტემის დანერგვა აუცილებელია.