„ბავშვთა სამყაროში“ ღამით მომხდარმა ხანძარმა უამრავი მოვაჭრე დააზარალა. ისინი აცხადებენ, რომ ბანკში აღებული ათასობით ლარის ვალით ჰქონდათ შეძენილი პროდუქცია, გაყიდული საქონლით აპირებდნენ ვალის დაფარვას, ამიტომ ახლა იმედოვნებენ, რომ მთავრობისგან კომპენსაციას მიიღებენ.
ზოგიერთ მათგანს უჩნდება ეჭვი, ხომ არ იყო ხანძარი ხელოვნურად გაჩენილი?! მოვაჭრეთა ნაწილის აზრით, ცეცხლი სპეციალურად რომ არ გაეჩინათ, ერთდროულად ყველგან არ მოეკიდებოდა. მათივე ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის აშენებას აპირებდნენ. გაიჟღერა იმანაც, თითქოს „კარფურის“ მსგავსი ცენტრი უნდა აშენებულიყო. ითქვა იმის შესახებაც, თითქოს ეს ტერიტორია აუქციონზე იყო გატანილი და გაიყიდა. მრავალგვარ ბრალდებას არ იზიარებს უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი. იგი ფიქრობს, რომ ბრალდება ხანძრის განგებ გაჩენის შესახებ ავადმყოფურია.
ადგილზე მუშაობენ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები. სპეციალურმა ჯგუფმა შეამოწმა ტერიტორია, სადაც საცავებია განთავსებული და დაადასტურა, რომ ოქრო-ვერცხლი დაზიანებული არ არის. ახლა ელოდებიან ექსპერტთა მეორე ჯგუფს, რომელიც დაადგენს, როგორ უნდა მოხდეს შენობიდან ნივთების უსაფრთხოდ გამოტანა.
უკვე ცნობილია, რომ „ბავშვთა სამყაროს“ შენობის ნაწილის დემონტაჟი მოხდება, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება დაზარალებულთა ნივთების გამოტანა.
ხანძრის შედეგად დაზარალებულთა შეძლებისდაგვარად დახმარებას ითხოვს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. მართლაც, იმ მოვაჭრეებს, რომელთაც საქონელი დაეწვათ, მაქსიმალურ შეღავთს გაუწევს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
ბოლო ინფორმაციით, სეიფები, სადაც ოქრო ინახებოდა, გადარჩენილია, ხოლო დახლზე დატოვებული სხვა პროდუქტები-არა.
For.ge „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ოქროთი მოვაჭრე რუსუდან ლომსაძეს ესაუბრა.
პირველადი ინფორმაციის საფუძველზე, რისი თქმა შეგიძლიათ, რა მოხდა, რა ეჭვები გაქვთ და რა ზარალი განიცადეთ ხანძრის შედეგად?
- ჯერჯერობით ის ვიცით, რომ ოქროს სეიფი გადარჩენილია. როგორც ამბობენ, დანარჩენი ნივთები, ფარდები და სხვა პროდუქცია, დამწვარია. თუკი სეიფი მართლაც გადარჩენილია, მაშინ ზარალი, ფაქტობრივად, არ გვექნება. თუმცა, ვისაც მაგიდებში ვერცხლი ჰქონდა შენახული, მათი ზარალის ოდენობაზე ვერაფერს მოგახსენებთ. მე თვითონ ოქროს ვყიდი.
სხვა მოვაჭრეები ამბობენ, რომ ათეულობით ლარს სცილდება მათი ზარალი, ვისაც ოქრო არ ჰქონია. მართალია, რომ „კარფური“ უნდა გადმოსულიყო და მოვაჭრეებს ემუქრებოდნენ, დაეცალათ ტერიტორია?
- რაც შეეხება „კარფურს“, ჩვენს ადმინისტრაციასთან თუ ჰქონდათ რაიმე მოლაპარაკება, არ მსმენია. ჩვენს დონეზე ასეთი საკითხები არ წყდებოდა. სხვათა შორის, მოვაჭრეებიც ლაპარაკობენ ამის შესახებ, მაგრამ არაფერი ვიცი.
მოვაჭრეთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს იყო ძალით გაჩენილი ხანძარი.
- ეჭვის დონეზე ვერაფერს ვიტყვი. ჩვენთან არ ყოფილა მაგის საშიშროება, რომ რაღაც მომხდარიყო. როდესმე ვინმეს რომ ეთქვა, რომ ასე მოხდებოდა, აღარ შევინახავდით ძვირფას ლითონებს ოქროს ბირჟაზე და სახლში წავიღებდით, მაგრამ ასეთი რამ არ ყოფილა. ყველას სხვადასხვა საფასურის ნივთები გვქონდა.
სხვა ვერსიაზეც რომ ვისაუბროთ, ხომ არ არის იმის ალბათობა, რომ ხანძრის მომენტში ოქროს მოპარვა სურდათ?
- ჩვენ ახლაც აქ ვზივართ და ველოდებით, არ გვიშვებენ შიგნით არავის და ახლაც საუბრობენ, რომ შესაძლოა, ოქრო გაიტაცონ. ვიყინებით, მაგრამ მაინც არ მივდივართ, იქნებ, როგორმე შეგვიშვან, რომ სეიფიდან გამოვიტანოთ ჩვენი ნივთები. მოგეხსენებათ, ხანძარი ღამით მოხდა, შეიძლება, გატაცებულიც არის ოქრო, მაგრამ დაცვის უფროსმა დაგვამშვიდა, ყველაფერი კარგად არისო.
ახლა რატომღა ნერვიულობთ? ოქროს ახლა როგორ გაიტაცებენ, პოლიცია ხომ იცავს პერიმეტრს?
- ამბობენ, რომ სეიფზე შეხებულები საერთოდ არ არიან. ბოლიც არ არის შიგნით, მაგრამ ვფიქრობ, ოქრო ახლაც დაუცველია. პოლიცია კი იმყოფება ადგილზე, არავის უშვებენ, მაგრამ შიგნით რა ხდება, არაფერი ვიცით. ისეთი დაცვის უფროსი გვყავდა და იმდენად გაძლიერებული დაცვა იყო, რომ კარგის მეტი არაფერი გვეთქმოდა, დაცვის წარმომადგენელ ოთარ კვიციანზე ცუდს ვერავინ იტყვის.
დროულად მოვიდა სახანძრო მანქანა?
- მე დილის ცხრა საათზე მოვედი და ხანძრის შესახებ გვიან გავიგე. როგორც ამბობენ, ხანძარი ღამის ორი საათიდან დაიწყო და დარეკვიდან ექვს წუთში მოსულა სახანძრო მანქანა.
მაშინ ასე მთლიანად როგორ დაიწვა ეს შენობა?
- აქ იმდენი ფარდა, ქსოვილი, ავეჯი, წამლებია, რომ წვას ყველაფერი ხელს შეუწყობდა.
სულ რამდენი მოვაჭრე მუშაობს „ბავშვთა სამყაროში“?
- ალბათ, სამი ათასი, მაგრამ ჩვენთან, ოქროს ბირჟაზე, ხუთასამდე კაცია.
ზოგიერთები ავრცელებენ ინფორმაცის, თითქოს ისანი-სამგორის გამგებლის გიორგი ბაგრატიონის მამა, „ახალი კიდობნის“ ოქროს ბირჟის მეპატრონე მუხრან ბაგრატიონი ვაგზლის ბირჟების მოვაჭრეებს გემუქრებოდათ და თავისთან გადასვლას ძალით გთავაზობდათ.
- ბაგრატიონი არ გვემუქრებოდა. ყოფილა შეთავაზებები, მასთან გადავსულიყავით, რადგან იქ უკეთესი პირობები იყო, მაგრამ, ვისაც გადასვლა უნდოდა, ის გადავიდა კიდეც. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გადასვლა არავის შემოუთავაზებია. არც ვიცნობ ბაგრატიონს. ტყუილია, თითქოს ვინმეს ემუქრებოდნენ.
რამდენად ხელსაყრელი იყო მანდ ვაჭრობა და ამიერიდან სად გააგრძელებთ მუშაობას?
- ჯერჯერობით არაფერი ვიცით. პირველ რიგში, გვინდა, ჩვენი ოქრო სეიფიდან გამოვიტანოთ. თუ გამოვიტანთ, ან ისევ ბირჟაზე დავდგებით, ან „ცენტრალში“. სადაც ადგილი იქნება, იქ მივალთ.
მომხდარის გამო ხომ არ გააძვირებთ ძვირფას ლითონებს?
- არა მგონია. ოქრო ისედაც იმდენად გაძვირებულია, რომ მეტი არაფერი მოემატება.
„ბავშვთა სამყაროს“ შენობის აღდგენის იმედი აღარ გაქვთ?
- გინდაც აღდგეს ეგ შენობა, მანამდე უმუშევარი ხომ არ იქნება ხალხი?
საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, უმჯობესია, ეს შენობა დაინგრეს, რადგან უკვე ავარიულია.
- ნამდვიულად ასეა. იმიტომაც არ უშვებენ შიგნით არავის, რომ ჩამონგრევის ეშიანიათ.
თუკი ვერცხლს სეიფებში არ ინახავდნენ, ალბათ, ვერცხლით მოვაჭრეები უარეს მდგომარეობაში არიან.
- ჩვენი ერთ-ერთი ვერცხლის მოვაჭრე მაგიდაში ინახავდა ყველა ნივთს. ჯერ არ იცის, მისი ნივთები დაიწვა თუ არა. როგორც სხვა მოვაჭრეები მეუბნებიან, ვერცხლეულობა დამწვარია, მაგრამ რაც დაიწვა, იქიდანაც ამოარჩევს ვერცხლს. ვერცხლი დადნებოდა, მოვაჭრეც გადაადნობს და ჯართად გაყიდის. კიდევ კარგი, ოქროს სეიფებში ვინახავდით, თანაც, ჰერმეტულად იკეტებოდა.
ადმინისტრაცია ზრუნავდა იმაზე, რომ ყველა ნივთი დაცული ყოფილიყო?
- ყველანაირ პირობას გვიქმნიდნენ. მთლიანობაში, „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციის შესახებ ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ოქროს განყოფილების ადმინისტრაცია და დაცვა ჩვენზე ყველანაირად ზრუნავდნენ.
მაგრამ, ალბათ, სასურველი იყო, ადმინისტრაციას მიეხედა სხვა მოვაჭრეებისთვისაც, თუნდაც ვერცხლეულით მოვაჭრეებისთვის.
- როგორ მიხედავდნენ, როცა გაფრთხილებულები იყვნენ, ვერცხლი შეენახათ სეიფში და არ ინახავდნენ, ეზარებოდათ ყოველდღიურად ვერცხლის გაშლა, ეგრევე გადააფარებდნენ გადასაფარებელს და ინახავდნენ. სულ აფრთხილებდნენ, სეიფები აიღეთო. სეიფები აღებული კი ჰქონდათ, მაგრამ არ იყენებდნენ. თუმცა ვერცხლით ყველა მოვაჭრეზე ამას ვერ ვიტყვი, ზოგიერთები ფრთხილად იქცეოდნენ. მსგავსი ტრაგიკული ფაქტები „ბავშვთა სამყაროსთან“ მიმართებით არასდროს მსმენია. ოქროს განყოფილება ყოველთვის დაცული იყო. სხვა დროსაც, როცა გარედან შემოჰქონდათ ყველი, მწვანილები ან სხვა პროდუქტი, ჩვენი დაცვის უფროსი არავის უშვებდა შიგნით, თუკი ვინმეს საეჭვოს შენიშნავდა.