„დევნილის სტატუსის შესახებ განცხადების განხილვისას პრიორიტეტს სირიელ ქრისტიანებს მივანიჭებთ“, - დონალდ ტრამპი მზადაა, სირიელ ქრისტიანებს დაეხმაროს, რადგან მათ სასტიკად ეპყრობიან.
ამას ემატებოდა აქამდე არსებული გაუგებარი პოლიტიკაც ამ ადამიანების მიმართ. კერძოდ, თუ თქვენ იყავით ქრისტიანი სირიიდან, შეუძლებელი და ძალიან რთული იყო აშშ-ში მოხვედრა, სამაგიეროდ, თუ თქვენ მუსლიმანი იყავით, ეს შესაძლებელი გახლდათ და ეს მაშინ, როცა დონალდ ტრამპის თქმით, ქრისტიანები სირიაში ტერორისტების მხრიდან განსაკუთრებულად იტანჯებოდნენ.
„ისინი (ტერორისტები) ყველას თავებს კვეთდნენ, მაგრამ ყველაზე დიდი რაოდენობით-ქრისტიანებს. ასე რომ, ქრისტიანებს დავეხმარებით“, - დასძინა ტრამპმა.
მანვე 120 დღით შეაჩერა დევნილთა მიღება, სირიელი დევნილების მიღება კი განუსაზღვრელი ვადით აკრძალა და განმარტა, რომ ეს ქვეყნის დაცვაა უცხოელი ტერორისტების ჩამოსვლისგან. დევნილთა მაქსიმალური რაოდენობა, რომლის მიღებაც ტრამპმა დაუშვა მიმდინარე ფინანსურ წელს (რომელიც 30 სექტემბერს სრულდება), 50 ათასია. თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-მა უკვე 30 ათასი დევნილი მიიღო, დარჩენილ პერიოდში კიდევ 20 ათასი დევნილის მიღებას შეძლებს.
რა რეაქცია ექნებათ დევნილთა მუსლიმანებად და ქრისტიანებად დაყოფის გამო არასამთავრობოებს და ატეხავენ თუ არა ერთ ამბავს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებით? არის თუ არა ტრამპის გადაწყვეტილება პრაგმატული, რადგან ტერორისტები ძალიან კარგად იყენებენ ფსევდოლიბერალური ფასეულობების დამცველთა მხარდაჭერას?! რამდენად ქმედითი იქნება ტრამპის მიერ დაწესებული აკრძალვა მაშინ, როცა რადიკალურად მოაზროვნე ადამიანს შეუძლია, მოჩვენების მიზნით თავი ქრისტიანად წარმოაჩინოს, ანუ ერთი დღე ქრისტიანად წარადგინოს, ხვალ კი -მუსლიმანად?!
იურისტი ლევან ალაფიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საერთაშორისო ტერორიზმი და ძალადობა გლობალური საფრთხეა და სულაც არ არის ერთი რომელიმე ეთნოსის ან რელიგიური კუთვნილების მქონე პირთა ჯგუფისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისება. ამიტომ არასწორია მსჯელობა სირიიდან, ან თუნდაც ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ. შესაბამისად, თუკი სიფრთხილე არ გამოიჩინეს პოლიტიკოსებმა, შესაძლოა, გამოუსწორებელ შედეგამდე მიგვიყვანოს რელიგიური ნიშნით ადამიანების დაყოფამ. უფრო მეტიც, ამ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არც ერთი მხარისთვის არ დამთავრდება წარმატებით, მიუხედავად „გამარჯვებულისა“ ან „დამარცხებულისა“.
„ტერორიზმი თანაბრად ემუქრება ამერიკასაც, აზერბაიჯანსაც, თურქეთსაც, საქართველოსაც და რუსეთსაც. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, ტერორიზმი როგორ „ჭკვიანდება“ და ვირტუალური ორგანიზაციის თუ სახელმწიფოს სახეს იღებს. სწორედ ეს არის უმთავრესი გამოწვევა. ამავე დროს, სახელმწიფოს ძველი ადმინისტრაციული, ვერტიკალური მოწყობის სისტემა ნელ-ნელა ფუნქციას კარგავს, რაც აიხსნება ინტერნეტიზაციის და ამ ტიპის ე.წ. ჰორიზონტალური ურთიერთობების გათვალისწინებით. რაც შეეხება ტრამპს და მის განცხადებებს, ის ჯერ არ არის გამოსული წინასაარჩევნო კამპანიიდან და პოლიტიკური პოპულიზმიდან. მის ასეთ ქცევებს სკეფსისით არ ვუყურებ, რადგან რეალურად ამერიკის სახელმწიფო, ამერიკის სისტემა და მისი პრეზიდენტი არ არის იმპერატორი. ასეთ გადაწყვეტილებებს სჭირდება საკანონმდებლო უზრუნველყოფა. ტრამპისავე თანაპარტიელები არ დაუშვებენ ამგვარ პოპულისტურ მიდგომებს. ამას არ დაუშვებს ამერიკის ხაზინა, კონგრესი თუ სენატი. ამავე დროს, ამერიკაში არის ძლიერი სასამართლო სისტემა, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილეაბში ჩარეულა და მათი აღსრულება შეუჩერებია“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
მისივე თქმით, ტრამპმა თვითონვე ძალიან კარგად იცის, რომ ასეთ საკითხებზე მისი კაბინეტის წევრები კი არ იღებენ გადაწყვეტილებას, არამედ - საიმიგრაციო სამსახურები, რომელთა საქმიანობაში პრეზიდენტიც ვერ ჩაერევა. მათი სახელმძღვანელოა მხოლოდ და მხოლოდ კანონი და კანონს იქით უკვე სასამართლოა. ამიტომ ტრამპი ვერ დაანგრევს საერთაშორისო სამართალს. ამერიკის მოქალაქეები და ამერიკული სისტემა მას ჭკუაზე მოიყვანს და ჩვენ ვნახავთ, რომ ეს ის ტრამპი აღარ არის და ისე შემართებით აღარ პოპულისტობს, როგორც პრეზიდენტობის საწყის ეტაპზე.
რაც შეეხება რადიკალი მუსლიმანებისგან წამოსულ ტერორისტულ საფრთხეს, ლევან ალაფიშვილი ყველას ურჩევს, ინტერნეტით მოიძიონ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ტერორისტთა შორის იყვნენ თუ არა ქრისტიანები და რამდენი. ეს ისეთი რამეა, რომელსაც ეროვნება და რელიგია არ აქვს და ასეთ დროს შეუძლებელია განვასხვავოთ ე.წ. ტრადიციული რელიგიები და არატრადიციული რელიგიები, ან კიდევ რომელიღაც ახალი ჯგუფის მიმდევრები, რომლებიც საკუთარ თავს რელიგიურ ჯგუფს მიაკუთვნებენ.
ორგანიზაცია „საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობები და ახალგაზრდა თურქოლოგთა ასოციაციის“ თავმჯდომარე რომან კვიციანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რელიგიური ნიშნით დაყოფა კარგს არაფერს მოუტანს არა მხოლოდ ამერიკას, არამედ ახლო აღმოსავლეთსაც და მსოფლიოსაც. მისი აზრით, ტრამპის მიერ სირიელი დევნილების დაყოფა ქრისტიანებად და მუსლიმანებად არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან მან ისლამურ რესპუბლიკას ვიზები უკვე შეუჩერა. თუმცა სირიელი დევნილების რანგირების საკითხი, ალბათ, გადაიხედება, რადგან არა მარტო არასამთავრობოები, არამედ მსოფლიოს სხვა ლიდერებიც მწავედ შეხვდებიან ასეთ გადაწყვეტილებას.
„რელიგიურად თუ მივუდგებით, მარტო მუსლიმანები არ აწყობენ ტერორისტულ აქტებს. გავიხსენოთ ბრეივიკის შემთხვევა, ის არ ყოფილა მუსლიმანი, მაგრამ ერთი ადამიანის კვალობაზე ბევრი უდანაშაულოს სიცოცხლე შეიწირა. ამდენად, ისიც ჩვეულებრივი ტერორისტია. ცხადია, რელიგია არ განსაზღვრავს ტერორიზმს. ტერორისტები ვინც არიან, ყველასათვის ცნობილია- ისლამური რესპუბლიკა იქნება ეს, „ალ-ქაიდა“ თუ სხვა რომელიმე ტერორისტული დაჯგუფება და არა სრულიად მუსლიმანები. ის, რომ ადამიანები მუსლიმანები არიან, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ტერორისტები არიან და არ უნდა შემოვუშვათ. ეს დისკრიმინაცია იქნება. აშშ-მა დევნილთა მიღება 120 დღით შეაჩერა და ეს ნორმალურია, რადგან ქვეყანას აქვს თავისი პოლიტიკა და ამ 120 დღეს გამოიყენებს სწორედ იმის დასალაგებლად, რომ განსაზღვროს მომავალი პოლიტიკა. დევნილების მიღება-არმიღება მხოლოდ სირიას არ ეხება, ეს იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გახსოვთ, ალბათ, ტრამპის გადაწყვეტილება მექსიკასთან კედლის აშენების თაობაზე. ზოგადად, მისი პოლიტიკა ხისტია. მას სურს, ამერიკა მარტო ამერიკელებისთვის იყოს, სიკეთე მხოლოდ ამერიკელებს მოუტანოს და არა -დანარჩენ სამყაროს“.