„მექსიკას კედლების არ სჯერა“

„მექსიკას კედლების არ სჯერა“

რამდენად ცივილიზებული ფორმაა 21-ე საუკუნეში ორ ქვეყანას შორის კედლის აშენება და რამდენად შეასრულებს ის შემაკავებლის ფუნქციას მაშინ, როცა თანამედროვე საუკუნეში შეზღუდვები თითქმის არაფრის მომცემია?

მექსიკის პრეზიდენტი, ენრიკე პენია ნიეტო უკვე გამოეხმაურა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მექსიკა-ამერიკის საზღვართან კედლის აშენების თაობაზე და აღნიშნა, რომ გმობს აშშ-ის გადაწყვეტილებას, მექსიკა არ გადაიხდის კედლის აშენების ხარჯებს და „მექსიკას არ სჯერა კედლების“.

კედლის აშენება დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირების ნაწილი იყო. მას სჯეროდა, რომ ერი, რომელსაც საზღვრები არ ჰქონდა, ერი არ იყო. აშშ-სა და მექსიკას შორის კედლის აშენების თაობაზე ტრამპი წინასაარჩევნო პერიოდშიც ჩავიდა მექსიკაში, სადაც მექსიკის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა. იმის გამო, რომ წინასაარჩევნო გამოსვლებში ტრამპმა მექსიკას არაერთხელ უწოდა არალეგალებისა და ნარკოტიკების წყარო, ამ ვიზიტს პროტესტის გარეშე არ ჩაუვლია. თუმცა ტრამპმა მაშინაც დაიქადნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, კრიმინალი მიგრანტების წინააღმდეგ ნულოვან ტოლერანტობას გამოაცხადებდა.

დღეს კი ამერიკა-მექსიკას შორის დაძაბულობა მატულობს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბოლო მეოთხედი საუკუნეა, მექსიკის მთავრობები ცდილობდნენ ჩრდილოელი მეზობლისადმი ისტორიული წყენის მივიწყებას. საქმე ისაა, რომ 1846-48 წლებში ამერიკა-მექსიკის კონფლიქტი მიმდინარეობდა, რომელსაც შტატებში მოიხსნიებდნენ, როგორც „მექსიკურ ომს“, ხოლო მექსიკაში - „ამერიკის ინტერვენციას მექსიკაში“. ამ ომის შედეგად მექსიკის მნიშვნელოვანი ტერიტორიები აშშ-ს გადაეცა. მექსიკა დათანხმდა ტეხასის დაკარგვასაც და სახელმწიფო საზღვრის მდინარე რიო-გრანდეზე გატარებას.

რაც შეეხება კედლების აშენებას, ისტორიას შემორჩა 1378-კილომეტრიანი, ცივი ომის სიმბოლოდ ქცეული ბერლინის კედლის ნანგრევები. ბერლინის კედელი აშენებული არც იყო, როცა ამერიკელი და საბჭოთა ჯარისკაცები შემოწმების გარეშე მეორე მხარეს არავის უშვებდნენ. თავიდან ბერლინის ერთი კედელი აშენდა, შემდეგ მეტი სიმტკიცისთვის მეორეც ააგეს მის გვერდით. ორ კედელს შორის კი დარჩა მიწის პატარა მონაკვეთი, რომელსაც გერმანელები „არავის ქვეყანას“ ეძახდნენ. აღმოსავლეთიდან დასავლეთ ბერლინისკენ გაქცეულები მავთულხლართებზე შეხებისას კვდებოდნენ, ან კიდევ, მათ პოლიცია ესროდა.

ასევე, ისტორიის კუთვნილებაა 21 191-კილომეტრიანი ჩინეთის დიდი კედელიც, რომელის მშენებლობაც ძვ.წ. აღ-ის მესამე საუკუნეში დაიწყო, რათა მოსახლეობა მტრის შემოსევისგან დაეცვა და, ასევე, ჩინეთის მორჩილებაში მყოფთა გაქცევა არ დაეშვა.

რამდენად ცივილიზებულია 21-ე საუკუნეში კედლების აშენება და რამდენად მუშაობს ამგვარი შეზღუდვები მაშინ, როცა საბოლოოდ ასეთი კედლები ინგრევა?!

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მექსიკა-ამერიკის საზღვართან გარკვეული კედელი ისედაც არსებობს. ოღონდ ეს არის გამჭვირვალე, თხელი კედელი, პირობითად, კლეტკის ვარიანტი, რომელიც არალეგალთა ამერიკაში გადასვლას ზღუდავს. ტრამპი ახლა მოითხოვს, მექსიკამ თავის მხრიდანაც ააშენოს კედელი, რათა ორმხრივი ძალისხმევით მოხდეს მიგრანტთა შეკავება. თუმცა როგორ კედელს ააშენებს ტრამპი, არავინ იცის. შესაძლოა, ეს ფუნდამენტური ბერლინის კედლის ვარიანტიც იყოს. ტრამპს ბევრი ასეთი იდეა ჰქონია. მაგალითად, ტრამპმა უკვე ხელი მოაწერა ამერიკის გასვლას წყნარი ოკეანეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან, ის აპირებს ტორპედირება გაუკეთოს ევროკავშირ-ამერიკას შორის ტრანსატლანტიკური ვაჭრობის შეთანხმებასაც. ასევე, მოითხოვს ერაყის ნავთობზე ამერიკულ მონოპოლიას, ანუ ხელში ჩაგდებას. სავარაუდოდ, ეს ტრიადა გაგრძელდება. მით უმეტეს, რომ კედლის იდეა მისი წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თეზა იყო. ტრამპმა ამით მიანიშნა, რომ ის არის პოლიტიკოსი, რომელიც თავის წინასაარჩევნო სიტყვას ასე იოლად არ გადათქვამს.

ხომ არ დაძაბავს ეს ურთიერთობას აშშ-მექსიკას შორის? ამის შესახებ ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ კედლის აღმართვაზე მეტად, მექსიკისთვის უფრო სერიოზული ზიანის მომტანია „ნაფტას“ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან ამერიკის გამოსვლა, რომელიც 1994 წელს გაფორმდა ამერიკას, კანადასა და მექსიკას შორის. „ნაფტას“ ჩაშლა ნიშნავს, რომ მექსიკა და კანადა შტატების ბაზარზე წვდომას დაკარგავენ. თუმცა ამ შეთანხმების გაუქმებამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ამერიკის ეკონომიკასაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოში უმსხვილესი ნავთომომპოვებელი მექსიკა ამერიკაში დიდი რაოდენობით ნავთობის რესურსს აგზავნიდა. კანადიდანაც შედიოდა მნიშვნელოვანი პროდუქცია და ამ შეთანხმების საფუძველზე ამერიკამ რამდენიმე სერიოზული პრობლემის მოგვარება შეძლო.

„თავის დროზე რკინის ფარდა არსებობდა საბჭოეთში და ეს ნეგატიური მოვლენა იყო, მაგრამ მექსიკასთან კედლის აშენებას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ლოგიკა. ამერიკაში მექსიკიდან მასობრივად შედიან არალეგალები, არა მარტო მექსიკელები, არამედ სხვა ქვეყნის არალეგალებიც. პარალელურად, გადააქვთ ნარკოტოკები, იარაღი. ეს სენსიტიური თემაა. ტრამპის ასეთი არაორდინარული გადაწყვეტილების აღსრულება ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი მცდელობაა. ასევე, უკრაინაც აპირებს რუსეთთან ააგოს კედელი იმის გამო კი არა, რომ ეს უკრაინის ახირებაა, არამედ იმ საზღვრებიდან ხდება სეპარატისტების, შეიარაღების, მებრძოლების, სანოვაგის გადატანა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ცინიკური შებღალვა. მეორე მომენტია, რამდენად მოხდება ტრამპის გადაწყვეტილების აღსრულება. შესაძლოა, ამას რამდენიმე წელიც დასჭირდეს. ამერიკა-მექსიკის საზღვარი არ არის პატარა საზღვარი, რამდენიმე ათას კილომეტრს მოიცავს. ტრამპი ამით ცდილობს, რაღაცნაირად დააწყნაროს მიგრანტებისგან შეწუხებული საზოგადოება. მექსიკელი არალეგალებისთვის შეიძლება ეს მართლაც ერთგვარი შემაკავებელი ფაქტორი გახდეს, მაგრამ არა მგონია, ნარკობარონებისთვის შემაკავებელი იყოს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მთელი მსოფლიო სავსეა პრობლემებით, განსაკუთრებით, ეს ეხება მიგრაციას, რაც ბევრი ქვეყნის თავის ტკივილია. მით უმეტეს, ისეთი ტრადიციული ქვეყნისთვის, რომელსაც უამრავი მიგრანტი მიუღია. საუბარია შეერთებულ შტატებზე.

„შეშფოთებისა და შეწუხების საფუძველი აშშ-ს აქვს, მაგრამ გადაწყვეტის გზა, რომელსაც ამერიკელ ხალხს სთავაზობს მისი პრეზიდენტი, არა მგონია, უალტერნატივო იყოს. მით უმეტეს, იგი აბსოლუტურად მიუღებელი იქნება მისი მეზობლებისთვის. ტრამპის იდეა, ააშენოს კედელი მექსიკასთან და გადაახდევინოს საფასური მექსიკას, ზღაპარშიც ვერ წარმომიდგენია. ვერ ვხედავ მექსიკის ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ერთ კაცსაც კი, ვინც ამ იდეას დაეთანხმება. მსგავსი იდეა რეალისტური არ არის. აშშ-ს, როგორც ქვეყანას, სრული უფლება აქვს, პრეზიდენტად აირჩიოს ის, ვინც მას მოეწონება, მაგრამ იქ არის ე.წ. ჩეკ ენდ ბალანსის, ანუ შემოწმებისა და გაწონასწორების სისტემა, რომელიც პრეზიდენტსაც კი არ აძლევს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას. ამიტომ როგორ მოიქცევა სენატი და კონგრესი, ამას მომავალი გვიჩვენებს. ასეთი რთული საკითხები ასე მარტივად არ გადაწყდება და ტრამპის ამ გადაწყვეტილებას წინააღმდეგობა შეხვდება თვითონ აშშ-შიც. დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატების მოსახლეობა, რომლის ნახევარსაც არ აურჩევია ეს პრეზიდენტი, არ გაჩერდება და არ უყურებს, ამერიკული მილიარდები კედლის აშენებისთვის როგორ წავა. ამიტომ დაძაბულობა დაიწყება მანამ, სანამ მექსიკის კედელზე ერთი აგური დაიდება“, - აღნიშნავს ლევან ბერძენიშვილი.

ამასთან, მიიჩნევს, რომ ისტორიის თანახმად, კედლები ხან შენდება, ხან ინგრევა. თანამედროვე სამყაროში კი კედლები შენდება კანონის ენაზე. ფიზიკური კედლის აშენებაა ცოტა მოულოდნელი და წარმოუდგენელი, რადგან ფიზიკური კედელი რამდენიც აშენდება, იმდენი დაინგრევა. რა სიმაღლისაც უნდა იყოს, ის თავის ამოცანას ვერ შეასრულებს, რადგან მაშინვე გაჩნდება გვირაბები და თხრილები.