„ქალაქის მედეგობის მთავარი მრჩეველი“- დედაქალაქის მერიაში ახალი თანამდებობა იქმნება. ამის შესახებ პროგრამა „ასი მედეგი ქალაქის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
დავით ნარმანიას განცხადებით, ახალი სამსახურის მიზანი დედაქალაქის მედეგობის სტრატეგიის შემუშავება იქნება.
მისივე თქმით, აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში თბილისი პირველი ქალაქია, რომელიც აღნიშნულ ინიციატივას შეუერთდა. ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ქალაქებს ეხმარება გახდნენ უფრო მედეგნი სხვადასხვა გამოწვევის წინაშე.
პროექტი როკფელერის ფონდის მიერ ფინანსდება და მისი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე ქალაქების მედეგობის გაძლიერებაა. უკვე ცნობილია, რომ უცხოელები ამ პროექტის ფარგლებში ერთი მილიონი დოლარით დაგვეხმარებიან. ასევე, მომსახურებას გაგვიწევენ, რომ ჩვენი ქალაქი გახდეს უფრო მედეგი შოკებისა და რისკების მიმართ და ამ გამოწვევებზე რეაგირება უფრო ოპერატიული იყოს.
თუკი გავითვალისწინებთ, რომ განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით სიტყვა „მედეგი“ სიმტკიცეს, ურყეობას, გამძლეობას ნიშნავს, საინტერესოა, რაზე გაკეთდება აქცენტი და რის საფუძველზე შეიმუშავებენ დედაქალაქის მედეგობის სტრატეგიას?!
ქალაქდაგეგმარების სპეციალისტი ზურაბ ბაქრაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ შესაძლოა, აქ ტერმინთა აღრევაა და სიტყვა „მედეგის“ ნაცვლად, დედაქალაქის მერიას სურდა ეთქვა, რომ ჩვენი დედაქალაქი „მდგრადი განვითარების ქალაქი“ უნდა გახდეს.
„თუკი სიტყვა „მედეგის“ ნაცვლად გულისხმობენ მდგრადობას, მდგრადობა მოიცავს რისკებისა და კატასტროფების თავიდან აცილებას. შესაძლოა, სწორედ ამისთვის ქმნიან ახალ სამსახურს, რომ რისკები შეამცირონ, ღვარცოფების, წყალდიდობებისა და მიწისძვრების დროს მზად იყვნენ. ქალაქის მდგრად განვითარებაში, რომელიც გამოიხატება ინგლისური სიტყვით Sustainable იგულისხმება, ასევე, გარემოსა და სოციალური თვალსაზრისით მდგრადობა, რათა ქალაქი ვითარდებოდეს ისე, რომ საკუთარ თავს არ გამოფიტავდეს. მაგალითად, ამ თვალსაზრისით, ბუნება მდგრადია, ბუნება თვითონვე წარმოშობს თავისი რეგენერაციის ძალებს, ბუნება თავადვე აღადგენს თავის თავს და თავადვე ვითარდება, თუკი მასში ადამიანი არ ჩაერევა და არ გააფუჭებს. ადამიანის გაკეთებული კი არაფერი მდგრადი არ არის, რადგან ისე გენიალურად ვერ იქცევა ადამიანი, როგორც ბუნება იქცევა. ადამიანი უამრავ შეცდომას უშვებს, მისი ნამოქმედარი არ არის ისე ბრძნულად ჩართული კოსმიურ და ბუნებრივ განვითარებაში. ამიტომ ადამიანს სჭირდება, შეგნებულად გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომ მისი ნამოქმედარით, ეკონომიკური, სოციალური და გარემოს თვალსაზრისით, არ იფიტებოდეს დედაქალაქი. საუბარია სარეკრეაციო სივრცეების შექმნასა და ისეთი ეკონომიკური სისტემების მოგონებაზე, რომლებიც საბჭოთა სისტემასავით გამოფიტვაზე კი არ იმუშავებს, არამედ თვითონვე შექმნის ახალ ფასეულობებს“, - აღნიშნა ზურაბ ბაქრაძემ.
მანვე 13 ივნისის სტიქია გაიხსენა, როცა დედაქალაქის ხელმძღვანელობა ამ პრობლემის წინაშე მზად არ იყო. თუმცა ეს დანაშაული სააკაშვილის პერიოდს უფრო ეხებოდა, რადგან ამ საბედისწერო გზის აშენებით „ნაციონალებმა“ „დააპროგრამეს ნგრევა“. სავალალო ის იყო, რომ ამ ხელისუფლებამაც ეს გზა ისევ აღადგინა. ამას ემატება ისიც, რომ 13 ივნისს რისკებზე რეაგირების სამსახური არ ჰქონდათ, ბევრ შემთხვევაში, მაშველებმა ძალზე დაიგვიანეს. არადა, კატასტროფის დაწყებისთანავე ეს მაგისტრალი რომ ჩაეკეტათ, ადამიანები არ დაიღუპებოდნენ.
„ჩვენი ქალაქი თავის თავს გამოსჭამს, გამოფიტავს. დედაქალაქი იზრდება, რაღაც ნაგებობები მრავლდება, სამაგიეროდ, ის ფასეულობები, რომელიც ქალაქს აქვს, რომელიც ადამიანების ჯანმრთელი ცხოვრებისთვისაა საჭირო, მცირდება. ე.ი. რაღაცის ხარჯზე მიმდინარეობს ეს მატება და ეს ხდება ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური სიჯანსაღის გაუარესების ხარჯზე. თუ ასე გაგრძელდა, ბოლოს და ბოლოს, ყველანაირად დაავადდება ხალხი, მათ შორის, ფსიქიურად. ვერ აღიდგენს იმ ძალებს, რომელიც სჭირდება. პუნქტუალურად შემოსულ ფულზე არიან ორიენტირებულნი და უცბად შემოსული ფულისთვის აფუჭებენ ქალაქს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანთა ცხოვრებასაც აუარესებენ ქალაქში. ამდენად, სწორედ მდგრადი განვითარების საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამენ. თუკი მერია ახალ სამსახურს შექმნის და ქალაქგანვითარების ახალ პოლიტიკას შემოიღებს, ეს გამოჩნდება კიდეც“.
ფრაქცია „დედაქალაქის“ თავმჯდომარე ზაზა ვეკუა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ როკფელერის ფონდის შემოსვლა და ჩვენი დედაქალაქით მისი დაინტერესება ძალიან კარგია. ეს ნიშნავს ქალაქის დახმარებას როგორც ფინანსური, ასევე, ტექნიკური კუთხით. აქ საუბარია იმაზე, როგორ აღმოიფხვრას უმუშევრობა, დაიხვეწოს სატრანსპორტო სისტემა. მოკლედ, ამ ინიციატივას ბევრი მიმართულება აქვს. უბრალოდ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს დედაქალაქის მერია ამ ინიციატივის შინაარსიანად დანერგვას დედაქალაქში.
„მაგალითად, 13 ივნისის სტიქიამ გვაჩვენა, რომ ყველაფერი არ იყო წესრიგში ისე, როგორც საჭირო იყო. ვერ ვიტყვი, რომ ყველანი გულხელდაკრეფულნი ისხდნენ, მაგრამ არ არსებობდნენ ის სამსახურები, რომელთაც ამ რისკებთან ბრძოლა ევალებოდათ. მწარე გაკვეთილი მივიღეთ და დედაქალაქის მერია გულისყურით უნდა მიუდგეს მსგავს გამოწვევებს. უნდა გამოვლინდეს, რა რისკები შეიძლება იყოს დედაქალაქში, განისაზღვროს დედაქალაქის სტრატეგია. ბევრ სირთულესთან მოგვიწევს ბრძოლა, რადგან თითქმის ყველაფერს მოიცავს აღნიშნული პროექტი“, - აცხადებს ზაზა ვეკუა.