„აშშ საქართველოსა და ამიერკავკასიას ვერ დაივიწყებს“

„აშშ საქართველოსა და ამიერკავკასიას ვერ დაივიწყებს“

„დაივიწყებს თუ არა თეთრი სახლი საქართველოს?!“-ასეთი კითხვითაა შეპყრობილი რუსული მედია. რუსული გამოცემის „ვესტნიკ კავკაზას“ რედაქციამ ცნობილ პოლიტოლოგებს გამოჰკითხა, როგორი იქნება ტრამპის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის მიმართ ორი მომენტის გათვალისწინებით. საუბარია პირველ შესაძლო ვარიანტზე, როცა მილიარდერის იზოლაციონისტური პოლიტიკა უცხოეთის ქვეყნებისადმი აშშ-ის ინტერესის შემცირებას გულისხმობს (მათ შორის, საუბარია პოსტსაბჭოთა სივრცეზეც); ხოლო მეორე შესაძლო ვარიანტი თეთრი სახლის კურსის რადიკალურ შეცვლას არ გულისხმობს დანარჩენი სამყაროსა და, კონკრეტულად, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ.

იმ აზრს, რომ სამხრეთ კავკასიისადმი ვაშინგტონის აქტიურობა შესუსტდება, ეთანხმება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი ალექსეი არბატოვი. ის აცხადებს, რომ ჯორჯ ბუშ უმცროსის დროს „რესპუბლიკელები“ განსაკუთრებულ სიყვარულს იჩენდნენ სამხრეთ კავკასიისადმი, უპირველესად კი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი საქართველოს მიმართ. სააკაშვილი ამერიკელებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, რომ ვაშინგტონმა რუსეთთან ურთიერთობაც გაამწვავა 2008 წლის ხუთდღიანი ომის შემდეგ. დღეს კი ალექსეი არბატოვი ფიქრობს, რომ თეთრმა სახლმა სამხრეთ კავკასიის შესახებ ცოტა რამ იცის და მომავალშიც ამ რეგიონში მიმდინარე მოვლენებით ნაკლებად დაინტერესდება. შესაბამისად, აშშ თავს აარიდებს ყოველგვარ აქტიურობას სამხრეთ კავკასიაში. გარდა ამისა, არბატოვის თქმით, აქ არის ყირიმისა და უკრაინის ერთგვარი ანალოგია. ყირიმიცა და უკრაინაც ვაშინგტონისთვის სულერთია, მაგრამ ყირიმის საკითხი მეტ-ნაკლებად მაინც პრინციპულადაა მიჩნეული. ყირიმის საკითხთან შედარებით სამხრეთ კავკასია უკვე ზანდუკშია ჩადებული, თანაც საკმაოდ დიდი ხნით.

„აქ ომიც რომ დაიწყოს, ეს უფრო ევროკავშირის თავის ტკივილი იქნება, ვიდრე ამერიკის“, - ასკვნის არბატოვი.

განსხვავებულ აზრს გამოთქვამს პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის დირექტორი ალექსეი მუხინი. მისი შეფასებით, ტრამპის მმართველობის დროს აშშ-ის საგარეო პოლიტიკური კურსი უფრო ხისტი და მიზანმიმართული გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ვაშინგტონი ამ რეგიონებით სერიოზულად არ იყო დაკავებული, მაინც სრულიად აშკარაა, რომ აშშ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში უფრო აქტიურ როლს შეასრულებს.

„ანგლოსაქსონური სამყარო სამხრეთ კავკასიას ტრადიციულად რუსეთზე ზეწოლისთვის იყენებს ხოლმე და, ალბათ, ვაშინგტონი უახლოეს მომავალში სწორედ ამ კურსს გააგრძელებს“, - აცხადებს ალექსეი მუხინი და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკაში დასავლეთის ჩარევას აქტიურად მოელის.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტად ვინც არ უნდა მოსულიყო, საგარეო მნიშვნელობის საკითხებში ერთ გოჯს არავინ დაუთმობდა არც რუსეთს და არც სხვა რომელიმე ასეთი ტიპის აგრესორ ქვეყანას. ასეთი კომპრომისი ტრამპის შემთხვევაშიც გამორიცხულია. თუ ვინმეს ამისთვის მოსული ჰგონია ამერიკის ადმინისტრაცია და, თუ ვინმე რუსეთში მას გულშემატკივრობდა, ეს შეცდომაა. გაცილებით უკეთესად შეაფასა ეს მდგომარეობა ჟირინოსვსკიმ, რომელმაც თქვა, რომ ტრამპი საშიშია რუსეთისთვის.

„ვერ გეტყვით, როდის და რომელ მოსახვევში რა მოხდება, მაგრამ პუტინის ხათრითა და არბატოვის მოსაზრებების გათვალისწინებით, აშშ საქართველოსა და ამიერკავკასიას ვერ დაივიწყებს, რადგან ეს სტრატეგიული საკითხია. აქ უამრავი რამ არის გაკეთებული, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. ბოლოს და ბოლოს, ეს რეგიონი იმდენადაა დავალებული შეერთებული შტატებისგან, იმხელა ამაგი აქვს შეერთებულ შტატებს ჩვენზე, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მეგობრებისა და მეგობრების შვილების მიმართ. ამიტომ წარმოუდგენლად მიმაჩნია ტერმინ „დავიწყების“ გამოყენება და გაუგებარია ასეთი მოსაზრება, რომ თურმე ღამით არ უნდა გვეძინოს იმის შიშით, რომ ვიღაცას დაავიწყდება, ჩვენი რეგიონი სადაა და რომელია. ამაზე პასუხს ძალიან მალე მივიღებთ. პრაქტიკულად, პირველი ნაბიჯი იქნება უვიზო მიმოსვლა. ასევე, მინდა მიაქციოთ ყურადღება, რომ პირველად ჩვენი კომიტეტების მუშაობაში, ასოცირების კომიტეტის მუშაობაში ევროპული მხარის თანხმობით ჩაიწერა „საქართველოს ევრომისწრაფება“. მანამდე ასეთ რამეს დოკუმენტებში არ გვიწერდნენ, ახლა კი პირველად წერია, რომ საქართველოს ყოველთვის შეუძლია გამოიყენოს თავისი უფლება, ევროსაბჭოს მიმართოს წევრობაზე. შემთხვევითი არაფერია“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი For. ge-სთან საუბარში და მიიჩნევს, რომ აშშ-ს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ადამიანის უფლებებითა და სხვა მიმართულებით საშიში „მემარჯვენეა“, მაგრამ, ამავე დროს, ეს ნიშნავს, რომ ტრამპი ძალიან მტკიცე იქნება საგარეო პოლიტიკაში.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, ბავშვიც კი მიხვდება, რომ, თუკი ტრამპს პრობლემები აქვს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, პრობლემები ექნება რუსებთან. ტრამპი ძალიან კოსერვატორი კაცი ჩანს საიმისოდ, რომ ვინმეს რამე დაუთმოს. მას სურს ამერიკის დიდების აღდგენა და მის ინტერესში კავკასიასა და ინდოეთის ოკეანეში რუსების გაშვება არ შედის.

„დარწმუნებული ვარ, თუნდაც ასეთი პრეზიდენტის ხელში ამერიკული ყურადღება არ მოგვაკლდება“.

ექსპერტი უსაფრთხების საკითხებში ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ალექსეი არბატოვი ლიბერალური იდეების მქონე, მოაზროვნე პიროვნებაა და დიდი ხნის განმავლობაში ამერიკის მიმართულებით მუშაობდა. ცხადია, მისი აზრი საინტერესო კონტექსტში განიხილება, თუმცა მთლად ასე არ არის, რომ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობამ ზენიტს მიაღწია. მართალია, ქარტიასაც ხელი მოეწერა, მაგრამ ობამას ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილს, ფაქტობრივად, შეუწყვიტა ყოველგვარი ურთიერთობა და ერთგვარი სანქციების ფორმატში მოაქცია. საუბარია არაფორმალურ სანქციებზე, მათ შორის, ეს იყო ეკონომიკური დონის სანქციები, განსაკუთრებით, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით შემწყდარი თანამშრომლობა. სააკაშვილის დროს ამერიკამ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის ტემპები შეაჩერა და, ფაქტობრივად, საქართველოში ემბარგო შემოიღო იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით.

„ამერიკას საკმაოდ სერიოზული ინტერესები გააჩნია რეგიონში, თუნდაც იმიტომ, რომ აქ არის კასპიისპირა ნავთობისა და მისი ტრანზიტის პერსპექტივა და ახლა უკვე გაზის პერსპექტივაზეა საუბარი. ტრამპი ენერგოლობისტების პირმშოა, რადგან ის ეყრდნობა დიდი შვიდეულის, დენვერის შვიდეულის სინდიკატს, რომელიც ყველაზე უმსხვილესი გაერთიანებაა ენერგომწარმოებლების კონტექსტში. ეს ჩანს კიდეც, რადგან ტრამპი სწორედ ამ სინდიკატიდან ნიშნავს სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს. სხვათა შორის, 1998 წელს დენვერში ტილერსონთან, ამ აკადემიური განათლების მქონე პიროვნებასთან, მქონია შეხვედრა. მას კარგი ბეგრაუნდი გააჩნია. ცოტა რთულია იმის თქმა, საქართველოს მიმართ თეთრი სახლის ინტერესი როგორი იქნება. ფაქტია, რომ ამ ეტაპზე საქართველოსა და უკრაინის თემა რადარებიდან გამქრალია და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი ამ ფაქტორს არ იყენებდა. თუმცა ტრამპი სწორედ ენერგოლობისტების წარმომადგენელია და იძულებულია, გაითვალისწინოს მათი ინტერესები. მით უმეტეს, ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, რომ ერაყის ნავთობი მონოპოლიზირებული უნდა იყოს ამერიკის მიერ. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, შეიძლება ეს ინტერესი კავკასიის მიმართაც შენარჩუნდეს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

თუ რამდენად შენარჩუნდება ეს ინტერესი საქართველოს მიმართ, ექსპერტი თვლის, რომ ეს უკვე ჩვენი ხელისუფლების აქტიურობაზეა დამოკიდებული. მთავარია, უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი პოზიცია ამერიკის ახალი ადმინისტრაციის წინაშე.