სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისთვის - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების თაობაზე თანხმდებიან, აზრთა სხვადასხვაობა კი, ქვეყნის კონსტიტუციის პრეამბულაში ნატოსა და ევროკავშირის ჩანაწერის დაფიქსირების სურვილმა წარმოქმნა.
პრეამბულა რაიმე მნიშვნელოვანი აქტის, საერთაშორისო შეთანხმების, ხელშეკრულების, დეკლარაციის შესავალი ნაწილია, რომელშიც ჩამოყალიბებულია აქტის მიღების მიზეზები, მისი ძირითადი პრინციპები და მთავარი მიზნები. როგორც წესი, პრეამბულას იურიდიული ძალა არ აქვს, შესაბამისად, მმართველი გუნდის ნაწილი პრეამბულაში ნატოსა და ევროკავშირის მიმართ საქართველოს დამოკიდებულების დაფიქსირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ოპოზიციის ნაწილი კი, საპირისპიროს ამტკიცებს.
როგორც for.ge-ს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ელენე ხოშტარიამ განუცხადა, თუ ქვეყანას ევროკავშირისა და ნატოს წევრობა სურს, ამ შემთხვევაში, კონსტიტუციის პრეამბულაში საერთაშორისო ორგანიზაციების თაობაზე ჩანაწერის გაკეთება იმის ჩვენება იქნება, რომ ეს მიმართულება სახელმწიფოს სტრატეგიული და ფუნდამენტური ამოცანაა.
მისი თქმით, ქვეყნის კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერების გაკეთების საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს და ამ თვალსაზრისით, ოპოზიციის მოთხოვნა უნიკალური არ არის.
კანონმდებელის მოსაზრებით, ეს საკითხი ამ ხელისუფლების ერთგვარი ტესტია იმის თაობაზე, არიან თუ არა მზად, მათ მიერ დეკლარირებული ამოცანა კონსტიტუციაში ასახონ.
„თუ ისინი ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ, მაშინ საგარეო კურსთან მიმართებაში პრეამბულაში საკუთარი პოზიციას დააფიქსირებენ. აბსოლუტურად გაუგებარი იქნება, თუ ხელისუფლება „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად ამგვარ ჩანაწერს უარყოფს. ეს ამ ხელისუფლებისთვის კლასიკური შემთხვევა იქნება, რადგან ერთი მხრივ, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ევროკავშირსა და ნატოში უნდათ და მეორე მხრივ, პერიოდულად, ნატოსა და დასავლეთს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. მმართველი გუნდის მხრიდან რუსულ პრობლემებზე თვალების დახუჭვა და დასავლეთის მიმართ პასიური პოლიტიკის წარმოება ხშირად ხდება, მაგრამ ეს თემა საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, მათ გულწრფელობაში კიდევ ერთი კითხვის ნიშანს გააჩენს“, - აღნიშნავს ხოშტარია.
თანაგუნდელის მსგავსად, ოპოზიციონერი დეპუტატი ირაკლი აბესაძე კონსტიტუციის პრეამბულაში მსგავსი ჩანაწერის დაფიქსირებას მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს.
for.ge-სთან საუბარში აბესაძე ამბობს, რომ კონსტიტუციის დონეზე მსგავსი ჩანაწერის არსებობა იმის წინაპირობა იქნება, რომ არც ერთ ხელისუფლებას არ ჰქონდეს შესაძლებლობა ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომელიც საგარეო კურსის თაობაზე კითხვებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ გააჩენს.
„სამწუხაროდ, ხელისუფლების მიერ ასეთი არაერთი ნაბიჯი იქნა გადადგმული, რომელმაც ინტერპრეტაციები გამოიწვია“, - დასძენს აბესაძე.
საპარლამენტო უმცირესობისგან განსხვავებით, კონსტიტუციის პრეამბულაში ნატოსა და ევროკავშირის სახელწოდებების ჩაწერის აუცილებლობას ვერ ხედავს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი.
როგორც for.ge-ს ინაშვილმა განუცხადა, მისი გუნდი ევროინტეგრაციის მომხრეა და ამ პროცესს არანაირად არ ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს მისწრაფებები კონსტიტუციის პრეამბულაში არ უნდა აისახოს, რადგან ეს საკითხი კონსტიტუციის საგანი არ არის.
„ჩვენი გეზი სწორედ ევროპისკენ არის, მაგრამ სრულიად უსაფუძვლოდ მიმაჩნია, რომ კონსტიტუციის პრეამბულაში ეს მისწრაფებები აისახოს“, - დასძენს ინაშვილი.
ოპოზიციის მსგავსად, საკითხის თაობაზე აზრი ორად უმრავლესობაშიც იყოფა. მმართველი გუნდის ნაწილი კონსტიტუციის პრეამბულაში მსგავსი ჩანაწერის გაჩენაში პრობლემას ვერ ხედავს, მეორე ნაწილი ამას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ფიქრობს, რომ პრეამბულაში გარკვეული სულისკვეთება უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რადგან ევროატლანტიკური ინტეგრაცია გარკვეული სტანდარტის შექმნას გულისხმობს.
for.ge-სთან საუბარში ვოლსკი ამბობს, რომ აუცილებელი არ არის, კონსტიტუციაში იმ სტრუქტურების დასახელებები ჩაწერო, რომელიც ევროპული ღირებულებების სტანდარტებს შეეფერება.
„კონსტიტუციის ფორმულირება ჩვენი ქვეყნის მთავარ პრინციპებს - ევროპულ მისწრაფებებს განსაზღვრავს. აუცილებლი არ არის, პრეამბულაში სტრუქტურა დაასახელო, ისევე როგორც კატეგორიულად მიუღებელია უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით კონსტიტუციის ფარგლებში ისაუბრო. ადამიანები, რომლებიც ასე არ ფიქრობენ, არ შეიძლება, კონსტიტუციის გარეთ დატოვო. ყველა ჩვენი მოქალაქეა და შეიძლება მათ სხვადასხვა მოსაზრებები ჰქონდეთ“, - აცხადებს ვოლსკი.
ვოლსკის მსგავსად, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წევრი კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ პრეამბულაში მსგავსი ჩანაწერი არ უნდა იყოს.
როგორც for.ge-ს ნარჩემაშვილმა განუცხადა, ოპოზიციის მხრიდან ამ თემაზე საუბარი ტიპიური პიარაქციაა იმისათვის, რომ ხალხში განცდა გააჩინონ, თითქოს და საქართველო ევროატლანტიკური მისწრაფების ქვეყანა არ არის და საქართველოს ამის დეკლარირება არ უნდა. დეპუტატის შეფასებით, სამართლებრივად კონსტიტუციაში ასეთი რამის ჩაწერა არ შეიძლება.
„ამას გეუბნებით, როგორც იურისტი. ეს პოლიტიკურადაც მიუღებელია. ევროატლანტიკური ღირებულებებია დემოკრატიული პროცესების მიმართ ერთგულება, რაც გულისხმობს სიტყვის თავისუფლებას, გამოხატვის უფლებას, საკუთრების უფლებას და ა.შ. ეს პოლიტიკურად იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენს სუვერენიტეტზე უარს ვამბობთ. ჩვენი კონსტიტუცია გვაქვს, რომელიც დემოკრატიულია და ამ ჩანაწერების გაკეთება აუცილებელი არ არის“, - დასძენს ნარჩემაშვილი.
თანაგუნდელებისგან განსხვავებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეამბულაში მსგავსი ჩანაწერის დაფიქსირების წინააღმდეგი არ არის და არ თვლის, რომ რაიმე პრობლემას წარმოადგენს, რომ ეს საკითხი პრეამბულაში ეწეროს.
„ქვეყნის საგარეო კურსი გადახედვას არ ექვემდებარება. პროცედურული საკითხია ის, რამდენად უპრიანია, კონსტიტუციაში ასეთი რაღაცის ჩაწერა“, - აღნიშნავს მდინარაძე.
რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ახალი ინიციატივის გაჟღერებას, იდეა საკონსტიტუციო კომისიის წევრს, ავთანდილ დემეტრაშვილს ეკუთვნის.
დემეტრაშვილი განმარტავს, რომ კონსტიტუციაში უნდა დაფიქსირდეს, რომ განდგომად რეგიონებს განსაკუთრებული სტატუსი გააჩნიათ. მისი მოსაზრებით, ეს იმისთვის გაკეთდება, რომ აფხაზებმა და ოსებმა გაიგონ, ქართული მხარე მათ რას სთავაზობს.
„ჩვენ ვამბობთ, რომ მათ სხვა ტერიტორიულ ერთეულებთან შედარებით, უფრო მაღალი სტატუსი ექნებათ. ეს მაღალი სტატუსი რაში გამოიხატება, ეს შეიძლება ან კონსტიტუციაში დაფიქსირდეს, ან მათთან მოლაპარაკების შემდგომ. შემდგომი სხდომისთვის კონკრეტულ ნორმატიულ ნაწარმოებს მოვამზადებ, თუ რას ნიშნავს განსაკუთრებული სტატუსი. ამით მათთან შერიგებისთვის არა მხოლოდ ნაბიჯს გადავდგამთ, არამედ ამ პრობლემის აქტუალიზაციას მოვახდენთ, რადგან თითქოს, ეს პრობლემა გაიყინა. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საკონსტიტუციო კომისია ამაზეც მსჯელობს და გამორიცხული არ არის, რომ კონსტიტუციაში ეს მაღალი სტატუსი დაფიქსირდეს. ასევე ამით საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართავთ, ამ პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარონ“, - აცხადებს დემეტრაშვილი.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო და მას ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე ისევ იმსჯელებს, თუმცა კომისიის წევრებს კონკრეტული ხედვების ფურცელზე გადატანა მოუწევთ.