„ძალიან ბევრმა ადამიანმა იმუშავა იმისთვის, რომ სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია საქართველოს დაბრუნებოდა“, - ასე განმარტა იუსტიციის მინისტრმა სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატურების - ევა გოცირიძის, ალექსანდრე ბარამიძის და გიორგი ბადაშვილის ჩავარდის საკითხი.
თეა წულუკიანის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ეს არ არის გასაკვირი, რადგან მინისტრის განცხადებით, ისინი ყოველთვის მუშობდნენ საქართველოს წარუმატებლობისთვის საერთაშორისო ასპარეზზე. თუმცა, მისივე თქმით, ამ სიის საწინააღმდეგოდ იმუშავა სახალხო დამცველმა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ.
„საქართველოს ომბუდსმენდი ცოტა ხნის წინ იყო ჩასული სტრასბურგში და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, რომ არ დაეჭირათ მხარი ამ სიისთვის. ასევე იმუშავა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, რომელიც ევა გოცირიძის ფოტოებით და მუქარით, რომ იშიმშილებდნენ, ევროპელებს ეუბნებოდა, არ დაუჭიროთ საქართველოს მხარიო. ძალიან ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ და ოფიციალურმა პირმა, სამწუხაროდ, იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოს გუშინ ეს სია უკან დაბრუნებოდა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
1 მომხრე, 5 წინააღმდეგი, 2-მა თავი შეიკავა - ამ შედეგით დასრულდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ წარდგენილი კანდიდატების არჩევა, რაც ნიშნავს, რომ სამივე კანიდატი ჩავარდა. ერთი წლის წინ შერჩეული სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი ევროპის საბჭოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტს 25 იანვარს უნდა დაემტკიცებინა, თუმცა საკმარისი ხმები ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიიღო.
შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ სტრასბურგში მოსამართლეთა კანდიდატურების ახალი სია აპრილამდე უნდა წარადგინოს. რაც შეეხება სამომავლო პროცედურებს, იუსტიციის მინისტრის თქმით, მან ჯერ არ იცის, როგორ დაგეგმავს ახალი კონკურსის ჩატარებას და აცხადებს, რომ ახალი სია ალბათ, წლის განმავლობაში შედგება.
თავად ევა გოცირიძისთვის უცნობია მიზეზი, რატომ ჩავარდა მისი კანდიდატურა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. გოცირიძე ამბობს, რომ აკმაყოფილებდა ყველა სავალდებულო კრიტერიუმს და შეესაბამებოდა თანამდებობას, თუმცა მიიღებს თუ არ მონაწილეობას ახალ კონკურსში, ეს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს.
„პროცედურები, გასაუბრებები ჩატარდა, სხვა კანდიდატურებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, არაკორექტული იქნება ჩემი მხრიდან რამის თქმა. ვფიქრობ, რომ ჩემი გამოცდილებით და ცოდნით შევესაბამები ამ თანამდებობას. მოსალოდნელია, რომ ხელახლა ჩატარდეს კონკურსი, რადგან სია არის უკან დაბრუნებული. სხვა გამოსავალი აღარ ჩანს, ალბათ, ასე იქნება“, - ამბობს ევა გოცირიძე.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრეცედენტი არ არის კარგი, თუმცა დარწმუნებულია, რომ პარლამენტის ჩართულობით უზრუნველყოფილი იქნება ისეთი კანდიდატების შერჩევა, რომლებიც სტრასტბურგში წარმატებას მიაღწევენ. მდინარაძე არ ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში კითხვის ნიშნები პროფესიონალიზმთან დაკავშირებით იყოს, მაგრამ თვლის, რომ მეტი გარანტიები უნდა არსებობდეს წინასწარ იმის შესახებ, რომ კარგი კანდიდატები იქნება შერჩეული სტრასბურგის სასამართლოში.
„ეს გადასაწყვეტია იმ პირების, ვინც ევროსაბჭოში ამ გადაწყვეტილებას იღებენ და მონაწილეობენ კენჭისყრაში. თუ იქნება მათი მხრიდან რაიმე მინიშნება, ოფიციალური განცხადების ან დოკუმენტის სახით, ჩვენ ამას ყურადღებით შევისწავლით. საუბარი არაა კონკრეტულად რომელიმე კანდიდატზე, ჩვენ უნდა შევარჩიოთ ახალი კანდიდატები, რომლებიც ევროსაბჭოს გაეგზავნება და ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ისინი, ასე ვთქვათ, ამ ტესტს გაივლიან“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ უკეთესი იქნება მთავრობამ პროცედურები ხელახლა გაიაროს. აქვე ეკა ბესელია აცხადებს, რომ არასწორი და ცრუ ინფორმაციები გავრცელდა იმ პირების მხრიდან, ვინც არც ამ პროცესის მონაწილეა და არც პირველწყაროდან აქვს ინფორმაცია.
„კომიტეტი დახურულია და ინფორმაცია კონფიდენციალურია, იცავს ამ წესებს და განსაკუთრებით მათ, ვისაც დიპლომატიური წარსული აქვთ, უნდა იცოდნენ, რომ ასეთი არასწორი ინფორმაციების გავრცელება დახურული კომიტეტის შინაარსობრივ ნაწილზე არ შეიძლება. რეალობა არის ის, რომ კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ უკეთესი იქნება თუ პროცედურები იქნება გავლილი თავიდან“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ სტრასბურგის მიერ საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების ჩავარდნა ქვეყნის პრესტიჟისთვის ცუდია.
„ყველა ხვდება მთავრობის გარდა, რომ ევა გოცირიძის მოსამართლეობა სირცხვილია. ასევე ყველა ხვდება, რომ პროცედურების დაცვა და გამჭვირვალეობა მნიშვნელოვანია. მთავრობა კი, ბოლო დღეები ჩვენს მეგობარ ქვეყნებს „ემათხოვრებოდა“ გოცირიძეს მხარი დაუჭირეთო.
ძალიან ცუდია ქვეყნის პრესტიჟისთვის, რომ სია ჩავარდა, მაგრამ გაცილებით უარესი იქნებოდა ევა გოცირიძეს ამჯერად, სტრასბურგში ემტკიცებინა, რომ მაუწყებლისთვის სარედაქციო პოლიტიკის შეზღუდვა შესაძლებელია, რასაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე ამტკიცებდა. საქართველოს თავიდან მოუწევს ყველა პროცედურის გავლა და იმედია, ამჯერად გაცილებით ღირსეული კანდიდატი შეირჩევა“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.
შეფასებას, რომ სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატურების ჩაგდება საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს დააზიანებს, არ იზიარებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.
„სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ევროსასამართლოში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების დამტკიცება. არ ვიცი, რა კრიტერიუმების გამო მოხდა კანდიდატების ჩავარდნა, რაზეც არ მაქვს ინფორმაცია, ბუნებრივია, კომენტარს ვერ გავაკეთებ. დანარჩენს მომავალი გვანახებს.
თუკი ვინმეს შეიძლება ქონდეს ავტორიტეტი, საქართველოს ავტორიტეტი არის ერთ-ერთი სერიოზული. რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი ბრიუსელიდან, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. საქართველო არის ფლაგმანი აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში და ამაზე მეტყველებს ნებისმიერი კვლევა და, როდესაც საქართველოს ავტორიტეტზე არის საუბარი, მე ვფიქრობ, რომ მას ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ, მათ შორის ჟურნალისტები“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ფაქტი სამწუხაროა, მაგრამ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის შემთხვევაშიც ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
„ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხშირ შემთხვევაში ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი უწყების და კომისიის მიერ შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
თუმცა, ასე არ ფიქრობს საიას თავმჯდომარე. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის სასიამოვნო არ არის, როდესაც წარდგენილი სამი კანდიდატიდან არც ერთი არ მტკიცდება, რაც მისი თქმით, ევროსაბჭოს ქვეყნებში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა არ არის.
„მე ვიყავი შესარჩევი კომისიის წევრი, არ მიმაჩნდა, რომ პროცესი დაფუძნებული იყო სწორ ხედვაზე. რეალურად, შესარჩევი კომისიის მიზანი არ იყო ის, რომ გამოვლენილი ყოფილიყვნენ ყველაზე უფრო კომპეტენტური, კეთილსინდისიერი და პრინციპული ადამიანები, სამწუხაროდ, კომისიამ ამ მიმართულებით არ იმუშავა და მრავალი კითხვის ნიშანი გააჩინა იმთავითვე. ის საუკეთესო 5 კანდიდატი, რომელიც კომისიას უნდა გამოგვევლინა და აქიდან 3 საქართველოს მთავრობას უნდა დაემტკიცებინა, ვერ მოხვდნენ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტები.
ამ 5 საუკეთესო კანდიდატს შორის მოხვდნენ ადამიანები, რომლებსაც არასახელისუფო კომისიის წევრებმა უკიდურესად დაბალი ქულები დავუწერეთ და შემდეგ, უკვე, ისინი საუკეთესო სამეულშიც შევიდნენ. გაცილებით უფრო კომპეტენტური კადრები აქამდეც ვერ მივიდნენ. თვალსაჩინოა, რომ პრობლემური იყო კომისიის მუშაობა.
როგორც მართლმსაჯულების კოალიციის თავმჯდომარემ წერილით მივმართე პრემიერ-მინისტრს, გვქონდა იმედი, რომ სამოქალაქო საზოგადოების ხმა იქნებოდა მოსმენილი ეროვნულ დონეზე, საკითხი არ მივიდოდა სტრასბურგამდე და ასეთი პრობლემური შედეგი არ დადგებოდა, როგორიც დღეს დადგა. სამწუხაროდ, ჩვენი ხმა მოსმენილი არ იქნა საქართველოში, მაგრამ მოსმენილი იქნა სტრასბურგში, სადაც გავაგზავნეთ ჩვენი შეფასებები. ამიტომ, არ მიკვირს, რომ ეს სია არ დამტკიცდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანა ნაცვლიშვილი.
მისივე შეფასებით, გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან არის ის, რომ დაკომპლექტდეს ახალი კომისია და მისი მუშაობა ჩამოყალიბდეს ისე, რომ პრობლემები, რაც ახასიათებდა კომისიას აღარ განმეორდეს.
„ისეთი სია უნდა გავგზავნოთ, რომელიც არ ჩავარდება. სხვა გამოსავალი ხელისუფლებას არ აქვს. თუ ისევ წარდგენილი იქნება სია, რომელსაც აქვს პრობლემები, ისევ დაგვიბრუნდება. მეორედ იგივე პრეცედენტის განმეორება, უკვე ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება ჩვენი იმიჯისთვის. ამიტომ, გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებამ ეს მესიჯი ვერ გაიგოს. შეიძლება ღიად არ აღიაროს შეცდომა, მაგრამ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც სწორად გაიგებენ ამ მესიჯს და მიიღებენ ზომებს იმისთვის, რომ შემდეგი სია იყოს უფრო უკეთესი და მისაღები სტრასბურგის სტანდარტებისთვის“, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, იურისტრი დავით ასათიანი ამბობს, რომ სტრასბურგის შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს არ გაუმახვილებია ყურადღება კონკრეტულად რომელიმე კანდიდატზე. მისი თქმით, საუბარი იყო მთლიანად წესზე, რომლითაც მოხდა კონკურსის ჩატარება და ამ კონკურსის საფუძველზე წარდგენილი იქნა 3 კანდიდატი.
„მიუღებელი იყო არჩევის წესი, რომელიც არ ჩაითვალა სათანადოდ მიღებულ წესად და ამაზეა საუბარი. გაგახსენებთ, რომ თავდაპირველი სამი კანდიდატი, რომელიც წარადგინა საქართველოს მთავრობამ, ევა გოცირიძე საერთოდ არ ფიგურირებდა. მაგრამ იმ სამ კაციან სიასაც ჰქონდა პრობლემა, კერძოდ ერთ-ერთი იყო დაკავშირებული იმასთან, რომ ამ კანდიდატებს არ ჰქონდათ სათანადო კვალიფიკაცია.
ევროპის საბჭო პირდაპირ არასოდეს ამბობს, რომ რომელიმე კანდიდატი არის მიუღებელი, ან ვერ აკმაყოფილებს განსაკუთრებულ კრიტერიუმებს, ეს საერთოშორისო ორგანიზაციაა, სადაც დიპლომატიური და ქვეყნის პატივისცემის წესები მოქმედებს. ევროპის საბჭოს პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება იმაზე დაფუძნებით, რომ წესები, რომლითაც იქნა შერჩეული კანდიდატები, არ იყო მთლად სამართლიანი და გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე სახელმწიფოს ეთხოვა, რომ თავიდან უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურით შეარჩიოს კანდიდატები. ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილების რომელიმე კანდიდატთან დაკავშირება, არასწორია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ასათიანმა.