მთავარმა პროკურატურამ ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა უკაინულ მხარეს, მისი ძებნის ინიციატორი მხარისთვის გადაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ცერცვაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით გაგრძელდება ინტენსიური კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან, რათა არ განხორციელდეს მისი ძებნის ინიციატორი სახელმწიფოსთვის, რუსეთისთვის გადაცემა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველომ უკრაინასთან უკვე განახორციელა ნაბიჯები იმისთვის, რომ გიორგი ცერცვაძის ინტერესები უკრაინის ტერიტორიაზე იყოს დაცული. თეა წულუკიანის განცხადებით, ხელისუფლებას ხმამაღლა მყვირალი ზოგიერთი ადამიანის მოწოდება არ ჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქისინტერესები დაცული იქნას უკრაინის ტერიტორიაზე.
„ეს არის ის, რაც ამ წუთში მე შემიძლია გითხრათ ისევ და ისევ მოქალაქე ცერცვაძის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩემი და მთავრობის, მთელი სამართალდამცავი ბლოკის უმორჩილესი თხოვნა იქნებოდა, რომ რაც შეიძლება თავი შევიკავოთ აჟიოტაჟისგან ამ თემის გარშემო, რადგან ეს არ ემსახურება თვითონ მოქალაქე ცერცვაძის სასიცოცხლო ინტერესებს. თანამშრომლობა მიმდინარეობს უკრაიანასთან და დაველოდოთ შედეგებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც მინისტრი ამბობს, მის უწყებაში ყველა ადამიანის და მათ შორის ვიცე-პოლკოვნიკის პირადი მონაცემი დაცულია.
„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში თითოეული ადამიანის, მათ შორის მოქალაქე ცერცვაძის პირადი მონაცემები არის მკაცრად დაცული, მასზე ხელი არ მიუწვდება არავის, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევისა. შესაბამისად, არც ერთ პირად მონაცემზე, რომელიც შეიძლება ჩვენს სისტემაში ინახებოდეს, მით უმეტეს არ მიუწვდება ხელი ოკუპანტ ქვეყანას“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს წინაპირობა, რომელიც სიცოცხლის საფრთხეზე ან წამების ალბათობაზე მიანიშნებს, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში უკრაინა ექსტრადირებაზე უარს ამბობს. მისი თქმით, როდესაც ცერცვაძე ჟულიენის აეროპორტში დაეშვა, სისტემამ აჩვენა, რომ ეს პიროვნება საერთაშორისო ძებნაშია.
„ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთმა ექსტრადაციის მოთხოვნა გამოაგზავნა. საერთაშორისო კონვენციებით მათ ამისთვის 40 დღე აქვთ. ამ ეტაპზე არ ვფლობ ინფორმაციას, რომელი გამსვლელი პუნქტები გაიარა ცერცვაძემ, როდესაც უკრაინაში მოემგზავრებოდა. თუმცა, როდესაც ჟულიენის აეროპორტში დაეშვა, სისტემამ გვაცნობა, რომ ეს პიროვნება საერთაშორისო ძებნაშია. სხვადასხვა მიზეზები არსებობს იმისა, თუ რატომ არ მუშაობს სისტემა და სიფრთხილეს გამოვიჩენდი შეფასებისას, რატომ არ აჩვენა ეს საქართველოში“, - აღნიშნა ევგენი ენინმა.
რაც შეეხება რუსეთის და საქართველოს სპეცსამსახურების კონტაქტებს, ევგენი ენინმა აღნიშნა, რომ ეს მათი კომპეტენცია არ არის. მისი თქმით, ცნობილია, რომ ცერცვაძე ომში მონაწილეობდა, შესაბამისად, მისი განმარტებით, როგორც კი აღნიშნული ფაქტი დადასტურდება, უკრაინის პროკურატურა მის გათავისუფლებას მოითხოვს.
„ჩვენ გვსურს მივმართოთ ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისიას, რომ გაარკვიონ, მოხდა თუ არა ცერცვაძის საქმის საფუძვლიანი მოკვლევა, სანამ ის საერთაშორისო ძებნაზე გადასცეს. თუკი არსებობს რაიმე ინფორმაცია, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, ან სამხედრო დანაშაულისთვის დევნა, ასეთ შემთხვევაში, ინტერპოლის წესდება პირის ძებნაში გადაცემას კრძალავს“, - განაცხადა ევგენი ენინმა.
ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე წარმოშობით აფხაზეთიდან არის. მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში. 2014 წლიდან უკრაინაში 92-ე ბრიგადაში ირიცხებოდა. რუსეთი ცერცვაძეს 2003 წელს დანაშაულის ჩადენას ედავება, თუმცა საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.
for.ge-სთან საუბრისას ვიცე-პოლკოვნიკის მეუღლე, ტატიანა ცერცვაძე აცხადებს, რომ თუ უკრაინამ გია ცერცვაძე გადასცა რუსეთს, რომელსაც არაერთ ოპერაციაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მას რუსეთში აუცილებლად მოკლავენ.
„2014 წლიდან არის უკრაინაში. 92-ე და 85-ე ბრიგადაში მუშაობდა და იბრძოდა ქართველებთან ერთად. თავის გამოცდილებას უზიარებდა უკრაინელებს. დასაქმებული იყო. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების ქმედებას, გაწირეს ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანას იცავდა. ამაზე მეტი რა უნდა გააკეთონ? ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ ჩემი მეუღლე ძალიან ბევრ ოპერაციაში მონაწილეობდა და ამ ხალხის მოშორება უნდათ, რუსეთის დავალებით“, - აღნიშნა ტატიანა ცერცვაძემ.
გიორგი ცერცვაძეს თავდებში უდგებიან საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებმაც უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შესაბამისი წერილი გადასცეს. უმცირესობის წევრები ითხოვენ, რომ გიორგი ცერცვაძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან და ასევე არ მოხდეს რუსეთის ფედერაციისთვის მისი გადაცემა. წერილს ხელს 21 დეპუტატი აწერს, რომლებიც საპარლამენტო უმცირესობის ფრაქციებში შედიან.
როგორც ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ სერგო რატიანმა განაცხადა, უმცირესობა ასევე ძალაში ტოვებს პარლამენტში სამი მინისტრის დაბარების საკითხს, მათ შორის - შს მინისტრის.
„საქართველოს ხელისუფლების, კერძოდ, შს მინისტრის ბრალეულობა არის ამ შემთხვევაში. გარკვეულწილად რეალურად არ მოხდა მისი გაფრთხლება, რომ იძებნება. ხელისუფლებამ ითანამშრომლა რუსულ მხარესთან, ამიტომ აუცილებელია მათი დაბარება და გასარკვევია, თუ რა მასშტაბის ბრალეულობა აქვთ მათ ამ საქმეში“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, გეორგი ნაზაროვი აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გიორგი ცერცვაძის საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საელჩოსთვის არ მოუმართავს.
„სამწუხაროდ, საელჩო ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობს გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით, რამდენადაც ვიცი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ამ დროისთვის საქმე გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ორგანოების დაქვემდებარებაშია“, - განაცხადა გეორგი ნაზაროვმა.
სამართალმცოდნე თემურ მონიავას განმარტებით, ქვეყანამ იგივე დიპლომატიური არხებითუნდა მიაღწიოს შეთანხმებას, რომ მისი მოქალაქე არ გადაეცეს სხვა ქვეყანას. მისივე თქმით, კანონმდებლობა უშვებს, რომ საქართველომ მოითხოვოს კრაინული მხარისგან ვიცე-პოლკოვნიკის სასჯელის მოსახდელად საქართველოს გადმოცემა.
„რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, საქართველო არ ედავება ამ პიროვნებას დანაშაულის ჩადენას. აქედან გამომდინარე, ის წავიდა უკრაინაში. როგორც ჩანს, რუსეთის სპეცსამსახურებს ჰქონდა ინფორმაცია ამ პიროვნების შესახებ და იმ ქვეყნისგან, სადაც იმყოფება, მოითხოვეს მისი ექსტრადირება. რითი ვამტკიცებთ, რომ ქართულმა მხარემ მიაწოდა რუსეთის სპეცსამახურებს ეს ინფორმაცია?
ჩვენ რომ მოვითხოვოთ ამ პიროვნების საქართველოსთვის გადმოცემა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა დავამტიცოთ, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოს ტერიტორაზე. ამ პიროვნებას საქართველოში ჩადენილ დანაშაულს არ ედავებიან. ამიტომ, ქვეყანამ უნდა მიაღწიოს, იგივე დიპლომატიური არხებით, რომ მისი მოქალაქე არ გადაეცეს სხვა ქვეყანას, უკიდურეს შემთხვევაში - სასჯელი მოიხადოს უკრაინაში. მაგრამ საქართველოს შეუძლია მოითხოვოს მისი საქართველოს გადმოცემა სასჯელის მოსახდელად, რასაც კანონმდებლობა უშვებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თემურ მონიავამ.
„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარის, ბესიკ ალადაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ და შესაბამისმა უწყებებმა გააკეთეს განცხადება, რომ რუსეთისთვის არანაირი ინფორმაცია მიუწოდებიათ, შესაბამისად, პირდაპირი კავშირი რუსეთსა და საქართველოს შორის არ ყოფილა.
„მით უმეტეს, როდესაც საიდუმლო ინფორმაციაზეა საუბარი. როგორც ირკვევა არც ერთი ცირკულარი არ ითხოვს და რომც ითხოვდეს, რატომ უნდა ჩაწერონ რომელ ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას?! ასეთი რამ გამორიცხულია. საქართველოდან რა დოკუმენტი წავიდა ინტერპოლში, ეს არ დაიმალება. აქ საინტერესოა, რა მკვლელობას ედავება რუსეთი მას.
ეს არის ჭიქაში ატეხილი ხელოვნული ღელვა, პოლიტიკური მიზნისთვის. რაც შეეხება დაკავებას, როგორც ჩანს შიგნით არ აქვთ გარკვეული. ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქე თავისი პროფესიიდან გამომდინარე, გარკვეული მიზნით ჩადიოდა უკრაინაში. ისევ ურაინელებისთვის სასარგებლო მიზნით ჩადიოდა. ფაქტია, რომ უკრაინა არც ერთ შემთხვევაში არ გადასცემს ცერცვაძეს რუსეთს. აქ ჩვენი პოლიტიკოსების მიერ ხელოვნური განგაშია ატეხილი.
ზოგადად საქართველოს პრობლემაა არაპროფესიონალიზმი და ამბიციები, ეს ორივე ერთად როდესაც არის, ძალიან რთულია იმ ქვეყენაში ვინმე საღ აზრამდე მივიდეს. დემონსტრაციები - „გადავარჩინოთ ჩვენი ვიცე-პოლკოვნიკი ცერცვაძე“, ეს უკვე არის პოლიტიკური ქულები. ამაზრზენი ხდება, როდესაც პოლიტიკური პარტიები ელოდებიან. რომ რაღაც ცუდი მოხდეს, რომ ამაზე მერე პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.