„საფრანგეთი ისე არ არის განწირული, რომ მარინ ლე პენის ბოდვითი იდეებით იყოს შეპყრობილი“

„საფრანგეთი ისე არ არის განწირული, რომ მარინ ლე პენის ბოდვითი იდეებით იყოს შეპყრობილი“

საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მარინ ლე პენი ყირიმს რუსეთის ტერიტორიად აღიარებს. „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მწუხარებას გამოთქვამს, რომ რეფერენდუმი, რომელიც ნახევარკუნძულის მოსახლეობის ნების გამოსახატავად იყო ორგანიზებული, საერთაშორისო საზოგადოებისა და გაეროს მიერ არ იქნა აღქმული. არადა, მარინ ლე პენის თქმით, სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგმა აჩვენა ხალხის ნება, შეერთებოდნენ რუსეთს.

„მეც, ასევე, ვაღიარებ ყირიმს რუსეთის ნაწილად. უკრაინის შემადგენლობაში ყირიმის ყოფნა მხოლოდ ადმინისტრაციული საკითხი იყო საბჭოთა დროიდან. ნახევარკუნძული არასოდეს ყოფილა უკრაინული“, - აცხადებს ლე პენი, რომელიც გაპრეზიდენტების შემთხვევაში, რუსეთთან ურთიერობის გაუმჯობესებას და აშშ-სა და ნატოსგან საფრანგეთის დამოუკიდებლობის მიღწევას აპირებს. რა თქმა უნდა, არც რუსეთისთვის დაწესებულ „უსამართლო და არაეფექტურ“ სანქციებს ივიწყებს და ამ სანქციების მოხსნით იქადნება.

საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მარინ ლე პენი ერთადერთი არ არის, რომელიც პუტინთან მეგობრობაშია „ეჭვმიტანილი“. მეორე კანდიდატიც ფრანსუა ფიიონიც პუტინის თანამგრძნობია.

რაც შეეხება ყირიმს, ჯერ კიდევ სამი წლის წინ მიხეილ გორბაჩოვი ამ ნახევარკუნძულის რუსეთისთვის დაკანონებას მოითხოვდა. დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული გორბაჩოვი მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებდა, ყირიმი რუსეთის ტერიტორიად ეღიარებინათ. მისივე თქმით, 1954 წელს, როდესაც ის მხოლოდ 23 წლის იყო, უკრაინისთვის ყირიმის გადაცემის წინააღმდეგ გამოდიოდა.

თუმცა, თუკი გორბაჩოვის არგუმენტი ისაა, რომ ყირიმი 1954 წლამდე რუსებს ეკუთვნოდათ, მაშინ ამ ლოგიკით, რუსებზე გაცილებით დიდი ხნით ბატონობდნენ ყირიმში მონღოლები, შემდეგ უკვე - თურქები და მათაც უნდა ჰქონოდათ ყირიმის მიერთების პრეტენზია. კერძოდ, რუსეთს მხოლოდ 171 წლის განმავლობაში ეპყრა ყირიმი, მაშინ, როცა ოსმანურ იმპერიას 340 წელი ეკავა ყირიმი, მანამდე კი მონღოლების ხელში თითქმის 220 წელი იყო ეს ტერიტორია. კიევის რუსეთთან ერთად მონღოლებმა დაიპყრეს და „ოქროს ურდოში“ გააერთიანეს ყირიმის ნახევარკუნძული. მონღოლების ერთ-ერთ ტომს ერქვა „თათარი“ და ყირიმელი თათრების სახელწოდებაც აქედან უნდა მოდიოდეს.

რაც შეეხება სახელწოდება „ყირიმს“, ეტიმოლოგიურად ეს სახელი ყირიმელ თათრებს უკავშირდება. თურქული წარმოშობის ეს ეთნიკური ჯგუფი ნახევარკუნძულზე ოსმალეთის იმპერიის დროს დასახლდა და სახელი „ქირიმ“ სწორედ ამ დროიდან იღებს სათავეს. მე-15 საუკუნის შუა პერიოდიდან ნახევარკუნძული უკვე ოსმალეთის იმპერიის პროტექტორატი გახდა და მონებით ვაჭრობის ცენტრად ითვლებოდა ოსმალეთის იმპერიაში. მართალია, ანექსიის შემდეგ რუსეთი შეეცადა, ამ ნახევარკუნძულის სახელის შეცვლას და „ტავრიკას“ (ბერძნებისა და რომაელების დროს ყირიმს სწორედ „ტავრიკად“ მოიხსენიებდნენ) აღდგენას, თუმცა ტერმინი „ყირიმი“ მაინც გამოიყენებოდა და საბოლოოდ ამ ტერმინმა გაიმარჯვა.

ამდენად, ისტორიული კიევის რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის ნახევარკუნძული არასდროს ყოფილა და ძველი რუსები იქ არ ცხოვრობდნენ. ყირიმის დაპყრობა რუსეთის იმპერატორ ეკატერინე მეორის სახელს უკავშირდება, როცა რუსეთმა თურქეთი დაამარცხა და ქუჩუკ-კაინარჯის ზავით, ყირიმის სახანო გამოცხადდა დამოუკიდებლად. ეს თურქეთისთვის დარტყმა იყო, რადგან ყირიმის სახანო გაიწირა. მოგვიანებით თურქეთმა ყირიმის სახანო რუსეთის ტერიტორიად ცნო.

მას შემდეგ, რაც წითელმა არმიამ სრულად აღადგინა კონტროლი გერმანელებისგან დაპყრობილ ყირიმზე, ფაშისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით, სტალინმა ყირიმელი თათრები თითქმის სრულად გადაასახლა ცენტრალურ აზიაში და, ფაქტობრივად, გაწმინდა ნახევარკუნძული სხვა ეთნიკური ჯგუფებისგან.

მოგვიანებით ნიკიტა ხრუშჩოვმა ყირიმის ტერიტორია უკრაინელებს აჩუქა. ამ „სულგრძელობის“ შესახებ დღემდე არ წყდება დავა, თუ რით აიხსნება ხრუშჩოვის კეთილი ჟესტი. იმით ხომ არა, რომ ის წარმომავლობით შესაძლოა, უკრაინელი ყოფილიყო, ან კიდევ, უკრაინისთვის ყირიმის გადაცემით ხრუშჩოვმა ხომ არ მიართვა საჩუქარი უკრაინელ მეუღლეს?! ზოგიერთები ხრუშჩოვის უცნაურ საჩუქარს ყირიმის მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობით ხსნიან. 300 ათასი ყირიმელის აზიაში გადასახლების შემდეგ სამამულო ომის გამო განადგურებულ ყირიმს გაუჭირდა. ამიტომ საჭირო იყო უკრაინის ტერიტორიის გაფართოება და გადასახლებული ყირიმელი თათრების უკრაინელებით ჩანაცვლება.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სოლომონ ლიონიძე, ერეკლე მეფის კანცლერი, ეუბნებოდა რუს მოხელეს-ლიტვინოვს, თქვენ ისევე დაიპყარით ყირიმი და ქართლ-კახეთი, როგორც იმერეთის სამეფოს დაიპყრობთო.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ყირიმის სახანო რუსებმა „მიიერთეს“ და მოგვიანებით უკრაინას გადასცეს, მაშინ ყველაფერი უკვე გარკვეულია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საზღვრები უკვე დადგენილია და, როგორც წესი, მათი გადახედვა არ ხდება.

როგორ უნდა იქნას აღქმული ყირიმთან დაკავშირებით მარინ ლე პენის განცხადება სამაჩაბლოსა და აფხაზეთის კონტექსტში? ხომ არ იქნება ეს წამგებიანი ქართული მხარისთვის ამ ტერიტორიების დაბრუნების თვალსაზრისით?

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ ქალბატონი ლე პენი საფრანგეთის პრეზიდენტი ბევრი მიზეზის გამო ვერ გახდება. რომც მოხდეს საოცრება და ლე პენი გახდეს საფრანგეთის პრეზიდენტი, ყირიმთან დაკავშირებულ მის ამ განცხადებებს არასოდეს დაეთანხმება არც საფრანგეთის სენატი და არც ეროვნული საბჭო.

„ზოგიერთებს ჰგონიათ, რადგან ამერიკაში ტრამპმა მოიგო, ამის გამო შეიძლება ლე პენმაც მოიგოს საფრანგეთში, მაგრამ მათ შორის მკვეთრი განსხვავებაა. ლე პენისნაირი აღიარებული და პირწავარდნილი ფაშისტი ევროპაში რომც მოვიდეს, მეორე დღესვე პოლიტიკურად დაამთავრებს მოღვაწეობას იმიტომ, რომ საფრანგეთში პარლამენტი და ხალხი არსებობს. არ არის საფრანგეთი ისე განწირული, რომ ასეთი ბოდვითი იდეებით იყოს ყველა შეპყრობილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ლე პენის ეს განცხადება საფრთხის შემცველია ისევე, როგორც ბატონი ტრამპის ზოგიერთი განცხადებაა ძალზე საეჭვო, თუნდაც სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი მსოფლიო მასშტაბით მუშაობს და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევს. თუმცა დედამიწის ზურგზე ვერავინ შეძლებს, რუსეთის აგრესია გაამართლოს და ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს ტერიტორიები აჩუქოს. მთავარი არ არის, ისტორიულად ვის რა ეკუთვნოდა, საქმე ისაა, რომ მსოფლიომ გადაწყვიტა, არ დაუთმოს რუსეთს ამ კონკრეტულ შემთხვევაში“,-აცხადებს ლევან ბერძენიშვილი For.ge-სთან საუბარში.

მისივე განმარტებით, თუკი მსოფლიოში შემთხვევით ვინმე დაუშვებს ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის გამართლებას, მაშინ საქართველოსაც შეექმნება პრობლემები და თავის მოტყუებას აზრი არ აქვს. სწორედ ასე მოხდა კოსოვოს შემთხვევაშიც, რამაც ძალზე სერიოზულად იმოქმედა ჩვენზე.

„ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ საქართველოზე არაფერი იმოქმედებს. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენთვის არ არის სასარგებლო ისეთი ფიგურის გაძლიერება, როგორიც ლე პენია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ შეუძლებელია, რუსეთის პოლიტიკას არ ჰქონდეს დასასრული. წარმოუდგენელია, რომ ქვეყანას, რომელსაც ამდენი ეკონომიკური პრობლემა აქვს, გამუდმებით აღმავლობა ჰქონდეს საგარეო პოლიტიკაში. რომის იმპერიიდან მოყოლებული ასეა და ეს იქიდანაც ჩანს, რომ ტრამპის წინადადება რუსეთისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ყველას ეგონა, რუსები ტაშით შეხვდებოდნენ ტრამპის ნათქვამს რუსეთისთვის სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით, მაგრამ ტრამპმა იქვე მიაყოლა, სანქციებს მოვხსნი ამა და ამ პირობებითო. ის პირობები კი მიუღებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა რუსეთისთვის. ამიტომაც გაოგნებულნი არიან რუსები და შეიძლება ინანონ კიდეც, რომ ტრამპს გულშემატკივრობდნენ“.

ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან პირდაპირი ანალოგია არ გვაქვს, რადგან რუსეთმა ყირიმი შეიერთა თავის ტერიტორიად, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კი არ მიუერთებია და არ თვლის საკუთარ ტერიტორიად. შესაბამისად, ეს ერთი და იგივე პრობლემა არ არის. თუმცა ირიბად ამ ტიპის ტენდენციებმა შეიძლება რაღაც რისკები გააჩინოს.

„მარინ ლე პენის განცხადებას ყირიმთან მიმართებით საქართველოსთვის პირდაპირ საფრთხედ არ განვიხილავდი. ცხადია, ირიბი რისკები არსებობს. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ევროსკეპტიკური განწყობები ძალზე ძლიერია და ეს განწყობები ვითარდება რუსეთთან ლოიალობის ნიშნით. რუსეთთან ლოიალობის ძირითადი გზავნილები კი სწორედ ყირიმისა და სხვა ტერიტორიების რუსეთისთვის დათმობაა. დამერწმუნეთ, მარინ ლე პენმა აფხაზეთის შესახებ არაფერი იცის. აფხაზეთის რეფერენდუმის საკითხთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნებია, რადგან ადგილობრივი ქართული მოსახლეობის უმეტესობამ დატოვა აფხაზეთი და ამის შემდეგ ჩაატარეს ე.წ. რეფერენდუმი, ყირიმში კი ასე არ ყოფილა“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.