ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში რამდენიმე კლინიკასთან ხელშეკრულებას აღარ გააფორმებს. გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია, რასაც ადასტურებს, როგორც მინისტრი, ასევე პარლამეტის ჯანდაცვის კომეტეტი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული აცხადებს, რომ კლინიკები, რომლებსაც არ ექნებათ სამედიცინო სერვისების უწყვეტობა, პროგრამაში ვეღარ ჩაერთვებიან.
„ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ე.წ. სელექტიურ კონტრაქტირებაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომლის საფუძვეზეც მოხდება სამედიცინო დაწესებულებების შერჩევა, იქნება სამედიცინო სერვისების უწყვეტობა. მოგეხსენებად, რომ ბაზარზე არიან ისეთი სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც მოქალაქეებს სერვისებს ან ფრაგმენტულად აწვდიან, ან შეუსაბამო სერვისები აქვთ. პრობლემაა ისიც, რომ პაციენტის რეფერირებისას მნიშვნელოვნად იზრდება ხარჯები. ისეთი ტიპის დაწესებულებები გამოეთიშებიან და აღარ იქნებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულები, ვისაც არ ექნებათ სერვისების უწყვეტობა“, - განაცხადა ბერძულმა.
ამ ეტაპზე სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს ამოწმებს და ზუსტი მონაცემები უკვე თვის ბოლოს გახდება ცნობილი, თუმცა ასეთი კლინიკების რიცხვი არ იქნება დიდი, ალბათ, რამდენიმე ერთეული.
„მეორე მთავარი კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც კლინიკებს შევარჩევთ, ეს იქნება სამედიცინო სერვისების მოცულობა. ჯანდაცვის ინდუსტრიას აქვს თავისი დაწესებული ნორმები, თუ რამდენი ინტერვენცია უნდა ჩაატაროს კლინიკამ, რამდენი ქირურგიული ოპერაცია, რათა მან უზრუნველყოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. თუ ერთი სამედიცინო დაწესებულება წელიწადში 20 ოპერაციას აკეთებს, მეორე კი 500-ს, ცხადია, სადაც ბევრი ოპერაცია ტარდება, იქ ხარისხიც მაღალი იქნება. თუმცა არც იქ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ იქ მაღალი ხარისხის მომსახურებას მიიღებს პაციენტი. ამიტომ ამასაც შევამოწმებთ და გადაწყვეტილებას ხარისხის და მომსახურების რაოდენობის გათვალისწინებით მივიღებთ“, - განუცხადა „კომერსანტს“ ბერძულმა.
ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარების თაობაზე დაახლოებით 1 თვის წინ ყურადღება პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც გაამახვილა და ჯანდაცვის მინისტრს მომსახურების ხარისხის კონტროლი დაავალა. მან დავით სერგეენკოს მიმართა, რომ პაციენტებისთვის სერვისის გაუმჯობესების მიზნით, კლინიკების მენეჯმენტთან აქტიურად ითანამშრომლოს, რათა კლინიკური აუდიტის ფორმით სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლა მოხდეს.
დღეს კი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ზოგიერთმა კლინიკამ საყოველთაო ჯანდაცვით გათვალისწინებული თანხები დახარჯეს მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდებზე და მხოლოდ მცირედი ნაწილი მიმართეს მედპერსონალსა და პაციენტებზე. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო ასეთ მიდგომას არ შეეგუება და ასეთ კლინიკებთან სამომავლოდ თანამშრომლობას არ გააგრძელებს.
„რიგ კლინიკებს შეექმნა მცდარი მოლოდინი. მათ დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ ეს თანხები დაეხარჯათ მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდებზე და მინიმალური მიემართათ პაციენტებისთვის. ამის ატანას არც ვაპირებდით და არც ვაპირებთ მომავალში.
იკვეთება კლინიკები, რომლებმაც არარსებული ნონსენსი მოიფიქრეს და დააფუძნეს ისეთი ფრაგმენტული სერვისები, როგორც არის მაგალითად მხოლოდ რეანიმაციული განყოფილება - ქუჩიდან იღებენ პაციენტს და ქუჩაშივე უშვებენ. ასეთი სერვისების მომწოდებლებთან ვერ გავაგრძელებთ ურთიერთობას. სახელმწიფო მოწესრიგებულად იხდის თანხებს, მაგრამ იკვეთება სიტუაციები, როდესაც თითქმის 90% გადახდილია მოთხოვნილი თანხის, 10% დარჩენილია როგორც სადავო და კლინიკის მენეჯმენტი ამას იყენებს საფუძვლად, რომ ექიმებს და ექთნებს უთხრას, რომ სახელმწიფო არ გვიხდის ფულს და ამიტომ გიგვიანებთ ხელფასებს. ამ დროს, 90% გადახდილი გვაქვს და 10%-იც ძალიან მალე მოგვარდებოდა, რომ ამ კლინიკებთან საქმიანი ურთიერთთანამშრომლობა გვქონოდა“, - აღნიშნა სერგეენკომ.
ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე კლინიკების ნაწილს საამქროებს უწოდებს. ასეთი შეფასება დეპუტატმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ცვლილება იწყება სწორედ პაციენტის უსაფრთხოების, სამედიცინო მომსახურების ხარისხის მიმართულებით. ზოგიერთ დაწესებულებას კლინიკებს ვერც დავარქმევდი, არაერთხელ ვუწოდე, რასაც ვფიქრობ - ეს არის საამქრო, რომელიც ემსახურება კონკრეტულად სახელმწიფოდან ფულის გადამუშავებას იმ ადამიანების ინტერესებისთვის, რომლებიც ამ საამქროებს ფლობენ. სახელმწიფო ინტერესი კი ამ შემთხვევაში, სწორედ პაციენტის ინტერესია, ერთადერთი ამოცანა სწორედ ეს გახლავთ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.