ღირს თუ არა დოლარში აღებული სესხის ლარში გადაყვანა და გალარების პროგრამით სარგებლობა? ბანკების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მოსახლეობას ამ პროგრამით სარგებლობისკენ მოუწოდებს. მსესხებელთა აზრი კი სესხების გალარებასთან დაკავშირებით იყოფა და ზოგიერთი მათგანი შემოთავაზებულ პროექტში სარგებელზე მეტ რისკს ხედავს. სესხების გალარების სოციალურ პროექტთან დაკავშირებით, რომელზეც მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთდროულად მუშაობდნენ, For.ge-ს ექსპერტი საბანკო საკითხებში ლია ელიავა ესაუბრა.
ეროვნული ბანკის გათვლით, დაახლობით 27 ათასი ადამიანი შეძლებს ერთჯერადად და ნებაყოფლობით 2015 წლამდე დოლარში აღებული სესხის ლარში კონვერტაციას ორი თვის განმავლობაში. წინასწარი გათვლით, იმ განსხვავების სუბსიდირება მოხდება, რაც წარმოიქმნა დოლარის კურსის გამყარების გამო. თუმცა რისკი იმისა, რომ ამ ღონისძიების შედეგად ლარი უფრო გაუფასურდება, მაღალია. უღირთ კი ჩვენს მსეხებლებს გალარების პროგრამით სარგებლობა?
- უდავოდ ღირს კომერციულ ბანკებში მისვლა და იმის მოსმენა, თუ რას სთავაზობენ მსესხებლებს. ამავდროულად, თუ გალარებული სესხის საპროცენტო განაკვეთი მაღალი იქნება, თუ ის მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და, თუ მსესხებლის ხარჯი, პრაქტიკულად, არ შეიცვლება, მაშინ მსესხებელი ათჯერ უნდა დაფიქრდეს და მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება. გარეგნულად ამ პროგრამას ისეთი პირი უჩანს, რომ, ეტყობა, აქედან სარგებელს მიიღებენ ისევ კომერციული ბანკები. პირველ რიგში, კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელების ხარისხი გაუმჯობესდება.
გულისხმობთ სახელმწიფოს მხრიდან გაღებულ სუბსიდირებას?
- დიახ, კომერციული ბანკები სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებენ ძალიან სერიოზულ დაფინანსებას, ანუ ხეირი ისევ ამ ბანკებს ექნებათ. მერწმუნეთ, გალარების შემთხვევაში, კომერციული ბანკები არაფერს დაკარგავენ. ამიტომ, პირველ რიგში, მსესხებელმა უნდა გაიანგარიშოს და გაითვალისწინოს, მისთვის რამდენად ხელსაყრელია გალარების ასეთი პროცესი. პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს არის წმინდა წყლის პიარ-აქცია. ასეთი პიარ-აქციები ჩვენ გვახსოვს 2015 წლის დასაწყისიდან, როდესაც ეროვნული ბანკის იმდროინდელი პრეზიდენტი ხალხს ჰპირდებოდა, რომ კომერციულ ბანკებს დაელაპარაკებოდა და სთხოვდა, მსესხებლებისთვის შეემსუბუქებინათ მდგომარეობა. ასეთი რამ ორჯერ თუ სამჯერ იყო ნათქვამი, მაგრამ ნულოვანი ეფექტით. დაახლოებით ასეთივე ეფექტი ექნება ამ ღონისძიებასაც, რადგან გალარების პიარ-აქციაც ეროვნული ბანკის მიერ არის შემუშავებული. როგორც წესი, რასაც აკეთებს ეროვნული ბანკი, მას ხელშესახები შედეგი არ მოჰყვება.
სავარაუდოდ, მსესხებელთა 50%, ალბათ, მიიღებს სესხების გალარების გადაწყვეტილებას, თუმცა ეს ძალზე ინდივიდუალურია და ვერავის დავაძალებთ დათანხმდეს გალარებას. მსესხებელთა გარკვეული ნაწილი უკვე ფრთხილობს და არ მალავს, რომ არ აპირებს ამ პროგრამით სარგებლობას, რადგან შესაძლოა, დოლარის კურსმა დაიწიოს და მაშინ მათი წაგება გარდაუვალია.
- ამ იდეას არსებობის უფლება აქვს, რომ ლარი გამყარდება, თუმცა გამყარების ალბათობა ნულისკენ მიისწრაფვის. პრაქტიკულად, გამორიცხეთ ლარის გამყარება. ამაში უფრო სხვა დიდი უბედურება დევს - სესხის მიღმა რეფინანსირების განაკვეთი. ეროვნული ბანკი ისე ათამაშებს ამ რეფინანსირების განაკვეთს, თვითონვე აზრზე არ არის, რას აკეთებს. ამიტომ გამორიცხული არ არის, რეფინანსირების განაკვეთი ასწიოს ეროვნულმა ბანკმა და, შესაბამისად, მსესხებელთა ხარჯებიც ძალზე სწრაფად და ეფექტურად აიწიოს მაღლა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ინფლაციის ფაქტორიც. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ინფლაცია მოქმედებს მხოლოდ ლარზე და არა-დოლარზე, ფულის მსყიდველობითი უნარიანობაც შეიძლება მკვეთრად დავარდეს. ანუ ესეც პრობლემებს შეუქმნის მსესხებლებს. მინდა სწორად გამიგოთ, მე ნამდვილად არ ვეწევი გალარების წინააღმდეგ აგიტაციას, მე ყველას მოვუწოდებ, აწონ-დაწონონ თავიანთი შესაძლებლობები, გაითვალონ მომავალი ხარჯები და ისე მიიღონ გადაწყვეტილება.
რეალობიდან თუ ამოვალთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ გალარების პროგრამის მთავარი მიზანი სწორედ დოლარზე მოთხოვნის შემცირებაა? აქ ხომ ვაწყდებით მეორე პრობლემას, რომ ამ ეტაპზე ლარის მოწყვეტა უცხოური ვალუტისგან შეუძლებელია. იმდენად არის ეს ვალუტები ერთმანეთთან გადაჯაჭვული, ეს პროცესი კიდევ ხომ არ გააუარესებს ვითარებას?
- მთავრობისა და ეროვნული ბანკის პოზიცია შესანიშნავად არის ჩამოყალიბებული ფინანსთა მინისტრის სიტყვებში, რომ თურმე მსესხებლები მირბოდნენ სავალუტო ჯიხურებში, იქ ფულს ახურდავებდნენ სესხების გასასტუმრებლად და იმიტომაც ვარდებოდა თურმე ლარის კურსი და ახლა მსესხებლები ამას აღარ გააკეთებენ და ლარიც მყარი იქნება. ეკონომიკის სფეროში არაპროფესიონალიზმი ძალზე მტკივნეულად აისახება მთლიანად ეკონომიკასა და მოსახლეობის ჯიბეზე. რა თქმა უნდა, გალარებას არანაირი კავშირი არ აქვს სავალუტო კურსთან. საქართველოში სავალუტო კურსი ცოტა სხვანაირად, არასაბაზრო მეთოდებით ყალიბდება ისევე, როგორც ლარის ახლანდელი ვარდნა გამოწვეული იყო კაპიტალის გაქცევით ქვეყნიდან და არანაირი კავშირი არ ჰქონდა მსესხებლების გადახდის პროცესთან. ეკონომიკურ პროცესთა სიღრმისეული ცოდნის ნაკლებობა იწვევს არასწორი გადაწყვეტილებების მიღებას და მათ გაუთვლელობას. არავინ ფიქრობს, ასეთი გადაწყვეტილებები შემდგომში რა ეფექტს მოგვცემს.
ნუთუ მთავრობა და ეროვნული ბანკი არ დაფიქრდნენ იმაზე, რომ 2014 წლის მდგომარეობით მსესხებლებისთვის გარკვეული პრეფერენციების შემუშავება აუცილებლად გულნატკენს დატოვებს 2015 და 2016 წლებში სესხების ამღებ პირებს?! სოციალური უსამართლობის შეგრძნება მოსახლეობაში დარჩება. გარდა ამისა, ბევრი მირეკავს და მეკითხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებების თაობაზეც. ანუ მარტო კომერციულ ბანკებზე ორიენტაცია სოციალურად სამართლიანი არ არის. ამიტომ ვერანაირად ვერ მოვიწონებ ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიერ გამოჩენილ ინიციატივას სესხების გალარების პროგრამით სარგებლობასთან დაკავშირებით. ეს არ წაადგება ქვეყანას.
კიდევ ერთ მინუსზე ვისაუბროთ. ლარში კონვერტაციას უარყოფითი ისიც აქვს, რომ ეს პროცესი ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების შემცირებას გამოიწვევს. ანუ კლიენტზე გაცემული ლარის სანაცვლოდ ეროვნული ბანკი იძულებული გახდება, კომერციულ ბანკებს მიაწოდოს დოლარის რესურსები.
- რაც შეეხება სავალუტო რეზერვების ხარჯვას, ეროვნულ ბანკს ადრე უნდა მოეფხანა კეფა და დაეხარჯა სავალუტო რეზერვები იმისთვის, რომ ლარის კურსი არ დავარდნილიყო. მას შეეძლო სავალუტო რეზერვები გასაყიდად გამოეტანა, განეხორციელებინა ინტერვენციები და, ელემენტარულად, მიეცა სავალუტო სესხი კომერციული ბანკებისთვის, როგორც ეს გააკეთეს სხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა. ყველაფერს ცოდნა და გადაწყვეტილებების სითამამე სჭირდება. სავალუტო რეზერვები მაინც მოხვდებოდნენ კომერციული ბანკების ჯიბეებში, ოღონდ ეს უფრო სარგებლიანი იქნებოდა ქვეყნისთვის, ვიდრე ახლა გაურკვეველი ღონისძიების ფარგლებში.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ლარიზაცია უკვე სიტუაციის გაუარესების აღიარებაა მთავრობის მხრიდან. ანუ მთავრობამ აღიარა, რომ აღარ უნდა ველოდოთ ლარის გამყარებას და ლარი უფრო გაუფასურდება. ამიტომაც გამოსავლად იპოვეს ის, რომ სესხი გადაიტანონ დოლარიდან ლარში, რათა გაუფასურების შედეგად წნეხი ნაკლები იყოს. იზიარებთ ამ პოზიციას?
- მთავრობამ და, პირველ რიგში, ეროვნულმა ბანკმა აღიარეს, რომ მათ სურვილი არ გააჩნიათ, რაღაც მოიმოქმედონ ლარის კურსის გასამყარებლად, არადა, მათ ამის შესაძლებლობა აქვთ. მართლაც, ეს არის ხელმოწერა იმაზე, რომ 2015-16 წლებში ლარის ვარდნა სწორედ მათი დანაშაულით მოხდა. ამით იზარალა მოსახლეობამ. ეს ირიბი აღიარებაა. რაც შეეხება, ზოგადად, ქვეყნის დედოლარიზაციას, ეს პროცესი დასაწყები იყო ჯერ კიდევ ათეულობით წლის წინ და მაშინ დღეს კარგი მდგომარეობა გვექნებოდა. ამჟამად კი თვითონ ლარიზაციის პროცესი იქნება რთული ეროვნული ბანკისთვის, ვინაიდან იმისთვის, რომ შეამცირო დოლარის მოცულობა, აუცილებელია, გაზარდო ლარის მოცულობა. ეროვნულ ბანკს კი არ აქვს იმის უნარი, მოუაროს გაზრდილი ლარის მოცულობას ისე, რომ არ გამოიწვიოს ინფლაციური პროცესები. ეროვნული ბანკის ინტელექტუალური დონე არ ეყოფა იმას, რომ მან წარმატებით განახორციელოს ქვეყნის დედოლარიზაცია. ვგულისხმობ იმ ადამიანურ რესურსებს, რომლებიც ამ ეტაპზე ეროვნულ ბანკშია. შესაბამისად, მათი ინიციატივები იქნება უსახური, არაფრის მთქმელი და ნულოვანი შედეგის მომტანი ქვეყნისთვის.