ბალტიის ქვეყნებში ნატოს ჯარების განთავსებას რუსეთი ნეგატიურად აფასებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისб სერგეი ლავროვის განცხადებით, ეს ყველაფერი ძალიან ცუდია, რადგან თუ ნატო ვერ ხედავს თავისი ჯარების სხვა რამეში გამოყენების შესაძლებლობებსა და საჭიროებებს, გარდა იმისა, რომ განათავსოს რუსეთის საზღვართან, ეს სამწუხაროა. აქვე ლავროვი დასძეს, რომ ნატოს დაზვერვა ცუდად მუშაობს.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ნატოს მე-5 მუხლს, ნატოს მთავარი ამოცანა არის უზრუნველყოს უსაფრთხოება და დაიცვას ალიანსის წევრი ქვეყნები. რაც შეეხება ბალტიის ზღვის რეგიონს, როგორც ცნობილია, 2017 წლიდან აღმოსავლეთ ევროპაში კონფლიქტების პრევენციისთვის NATO-ს 4 ბატალიონი განთავსდება. სექტემბერში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში 4000 სამხედროს გააგზავნიან. პროცესი უკვე დაიწყო, 2017 წლის გაზაფხულზე კი, ბრიტანული სამხედრო ძალების ესტონეთში გაგზავნა დაიწყება, რომელსაც საფრანგეთის, იტალიისა და დანიის შეიარაღებული ძალებიც შეუერთდებიან.
უკვე ცნობილია, რომ ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში უპილოტო თვითმფრინავებს, ჯავშანტექნიკას, მათ შორის ტანკ Challenger 2-ს და 800 ჯარისკაცს გაგზავნის. 4 ბატალიონის ლიდერები აშშ, ბრიტანეთი, გერმანია და კანადა იქნებიან. ბატალიონები პოლონეთში, ესტონეთში, ლიტვასა და ლატვიაში განლაგდებიან. მათ ზურგს NATO-ს 40 000- კაციანი სწრაფი რეაგირების ძალები გაუმაგრებენ, რომლებიც ოპერაციაში კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში ჩაერთვებიან.
შეგახსენებთ, რომ ბალტიის ქვეყნებში ნატო-ს სამხედრო ძალების გაზრდა მოითხოვა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრიმა. როგორც ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა, ლატვია შეშფოთებულია პირდაპირ მის საზღვრებთან მიმდინარე მზარდი რუსული მანევრებითა და სამხედრო ძალის კონცენტრაციით.
„რუსეთის შესაჩერებლად საჭიროა ადგილზე იყოს უფრო მეტი სამხედრო ძალა, ტექნიკა და საჰაერო თავდაცვის საშუალებები. ნატო-მ უნდა უპასუხოს უსაფრთხოების იმ გამოწვევას, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით დაიწყო 2014 წელს. მას შემდეგ კალინინგრადში მუდმივად ხდება შეიარაღების გაზრდა, იქ განთავსებულ რაკეტებს თავისუფლად შეუძლია ევროპის ნებისმიერ დედაქალაქს მისწვდეს“, - ამბობს ედგარს რინკევიჩსი.
ბალტიის ქვეყნებში ამერიკული შეიარაღებული ძალების გაზრდის გადაწყვეტილება პირველად უესლის სამიტზე გაჟღერდა, სადაც მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ სამხედრო ტიპის საფრთხე, რომელიც მომდინარეობს რუსეთიდან, პირველ რიგში, იმ ქვეყნებს ემუქრება, რომლებიც რუსეთის საზღვართან არიან გალაგებულნი.
შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გაიზარდოს სამხედრო შემაჩერებელი პოტენციალი ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, რაც უკვე აისახა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში, რაც ანალიტიკოსების შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად გახდება შემაკავებელი ფაქტორი რუსული შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ.
ანალიტიკური საბჭოს მკვლევარის, ზურაბ აგლაძის განცხადებით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრა, არავითარი დაზვერვა არ სჭირდება, რადგან საჯაროდ ცნობილი ფაქტია. მისივე შეფასებით, ლავროვის განცხადება, რომ დასავლეთის დაზვერვა ცუდად მუშაობს, საკამათო თემაა. რაც შეეხება ნატოს ჯარების დაბრუნებას რუსეთის საზღვართან, აგლაძის შეფასებით, რუსეთმა ნატოს ამ ქმედებაზე, პასუხი საკუთარ თავში უნდა ეძიოს.
„ვიცით, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად განიმუხტა სიტუაცია, შემცირდა წევრი ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტი. ნატო რუსეთს, როგორც საფრთხეს, აღარ განიხილავდა. ამიტომ, ნატოს ჯარების დაბრუნება გამოწვეულია რუსეთის ქმედებით.
რაც შეეხება რუსეთის საპასუხო ნაბიჯებს, რუსეთის საპასუხო ნაბიჯები უკვე შეზღუდულია. დიდი მანევრის საშუალება არ გააჩნია. ვფიქრობ, რომ მიჰყვება გაცხადებულ სქემას - ეს იყო კალინგრადში ისკანდერის ტიპის რაკეტების დამონტაჟება და დამატებით ორი დივიზიის შექმნა მაგ მიმართულებაზე, რომ დაუპირისპირდნენ ნატოს ჯარებს.
ყველაფერი, რასაც რუსეთი მოიმოქმედებს, ალბათ, მაინც უფრო ქვეყნის შიგნით გადაადგილება და ჯარების განთავსება იქნება. ეს იქნება მათი საპასუხო ნაბიჯი, იმიტომ, რომ რუსეთს სამანევრო სივრცე შეზღუდული აქვს, საერთაშორისო არენაზე ვერაფერს მიაღწევს. ერთადერთი, გააგრძელებენ იმ პოლიტიკას, რომ როგორმე განხეთქილება ჩამოაგდონ ნატოს წევრ ქვეყნებში და ბზარი შეიტანონ მათ ერთიანობაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძე.
სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ნატოს ხელმძღვანელობის მხრიდან მე-5 მუხლის ამოქმედებამ შეიძლება გაზარდოს დაპირისპირების საფრთხე და ახალ დონზე ავიდეს დაპირისპირების ეს ფაზა. როგორც მაისაია აცხადებს, დაპირისპირების ზონაში უკვე ექცევა ბალკანეთი. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ მთლიანად შავი ზღვის რეგიონი რუსეთსა და ნატოს შორის დაპირისპირების განვითარების ეპიცენტრი გახდეს.
„საზღვართან ოთხი ბატალიონის განთავსება და პლუს კიბერუსაფრთხოების ელემენტების გაძლიერება, რომელიც ბალტიის სახელმწიფოების და პოლონეთის მიმართულებით ხორციელდება, შეიძლება რუსეთის მხრიდან გამოიწვიოს მორიგი ესკალაციის დაწყება და შეიძლება გარკვეულ სამხედრო პროვოკაციებსაც ჰქონდეს ადგილი. საკმაოდ რეალური სურათია ამ მიმართულებით. არა მარტო ბალტიის რეგიონი, არამედ უკვე ბალკანეთიც ექცევა ამ დასპირისპირების არეალში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
სამხედრო ექსპერტის განცხადებით, ბალკანეთი რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების ახალ კერას წარმოადგენს, რომელიც შეიძლება კონფლიქტშიც გადაიზარდოს. როგორც მაისაია აცხადებს, რუსეთმა უკვე გააძლიერა თავისი პოზიციები შავი ზღვის აკვატორიაში, ასევე აძლიერებს პოზიციებს ბალტიის ზღვის აკვატორიაშიც. გარდა ამისა, რუსეთი ცდილობს გააძლიეროს ბალკანეთში ის პოზიციები, რომელიც 1999 წელს დაკარგა, როდესაც კოსოვოში ნატოს სამშვიდობო ჯარები იქნა შეყვანილი.
„რუსეთი ცდილობს სიტუაციის აღრევის შედეგად დასავლეთს მოუსპოს ბალკანეთში დასაყრდენი წერტილი, ასევე გააღრმავოს ევროკავშირის შიგნით არსებული მყიფე ტენდენციები და შეიტანოს განხეთქილება ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის. ბალკანეთში სიტუაციის არევა პირდაპირ კორელაციური იქნება კავკასიაში არსებული ვითარების განვითარებისა, რამაც, შესაძლოა, რეგიონში არსებულ კონფლიქტების გართულება გამოიწვიოს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.