„ერის გამთლიანების გზა იოლი არ არის, ამის გამო მოკლეს ილია ჭავჭავაძე“

„ერის გამთლიანების გზა იოლი არ არის, ამის გამო მოკლეს ილია ჭავჭავაძე“

„ვახდენთ საინტერესო ადამიანებისა და ორგანიზაციების მოკრებას“, - ასეთია მამუკა გამყრელიძის გზავნილი, რომელმაც სასტუმრო „ბილტმორში“ ახალი პლატფორმის „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გამართა.

მამუკა გამყრელიძე, რომელიც „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირდებოდა და მოგვიანებით თითქოს მას გაემიჯნა, გაერთიანდა რა მოძრაობა „ივერიაში“ გრიგოლ ვაშაძესა და სხვა ყოფილ „ნაციონალებთან“ ერთად, დღეს აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილმა სიტუაციამ აუცილებელი გახადა ახალი პლატფორმის შექმნა, რომელიც გააერთიანებს საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს.

„არა მარტო ხელისუფლებას ჰყავს ოპოზიცია, ოპოზიციასაც გაუჩნდა ოპოზიცია. ეს ნიშნავს, რომ ერი გათიშული და დაპირისპირებულია ერთმანეთთან. ამიტომ ჩვენი იდეაა, სხვადასხვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალას შევთავაზოთ მაკონსოლიდირებელი იდეა, რომელზეც შეიძლება დაფუძნდეს მომავალი ქართული სახელმწიფოებრიობის შექმნა“, - აცხადებს მამუკა გამყრელიძე, რომელიც ამ ეტაპზე ნაადრევად მიიჩნევს იმაზე საუბარს, გარდაიქმნება თუ არა ახალი მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად, თუმცა ხელისუფლებასთან ურთიერთობას არ გამორიცხავს.

თუკი გავითვალისწინებთ მამუკა გამყრელიძის უცნაურ ბეგრაუნდს, როცა ის, ერთი მხრივ, გმობდა „ნაცების“ ხისტ მეთოდებს, მეორე მხრივ, ამართლებდა მათ ნამოქმედარს, საინტერესოა, რამდენად შესწევს მას ერის გამაერთიანებლის მისიის საკუთარ თავზე აღების უნარი? ან კიდევ, რამდენად აქვს ჩვენს ხალხს „ნაციონალებთან“ გაერთიანების სურვილი, „ნაციონალების“ მონანიებისა და სამართლიანობის აღსრულების გარეშე? და აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, ვინ სთავაზობს ერს მაკონსოლიდირებლის იდეას?

მით უმეტეს, მეხსიერებას შემორჩა მამუკა გამყრელიძის ფრაზები უახლოესი წარსულიდან. კერძოდ, როცა ვანო მერაბიშვილის ფრთიან ფრაზას „ორი გვამი მჭირდება“, დათა ახალაიას ხატოვანი მოწოდება მოჰყვა - „მეტი დაკავებული, მეტი პრემია“, რაც 26 მაისის დარბევის სანაცვლოდ კუდ-ის თანამშრომლებისთვის 900-ათასლარიან პრემიას ნიშნავდა, უამრავი დაზარალებულის და დასისხლიანებულის, შენობის სახურავზე შემოდებული გვამების სანაცვლოდ, გაისმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიის“ წამომადგენლის მამუკა გამყრელიძის სიტყვები: „სპეცრაზმმა იმუშავა ისე, როგორც ნორმალური სახელმწიფოს სპეცრაზმი იმუშავებდა“.

რამდენად შეიძლება ჩვენი ერის გაერთიანება „ნაცებთან“ და ხომ არ არის ასეთი გაერთიანების მცდელობა შენიღბული ხედვა?! ისევე, როგორც შენიღბული იყო სააკაშვილის ინაუგურაციის მეორე დღეს 2004 წლის 26 იანვარს ქაშუეთში შერიგების მცდელობა, ე.წ. ეროვნული თანხმობის აქტი ხელისუფლებასა და ზვიად გამსახურდიას მომხრეთა შორის?!

ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინ სთავაზობს ერს მაკონსოლიდირებელ იდეას. მისი აზრით, მამუკა გამყრელიძისგან ასეთი ინიციატივა პაროდიულად და კურიოზულად ჟღერს, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსულ ადამიანებს ამის რესურსი არ გააჩნიათ. ისინი მენტალურად უფრო გაყოფასა და სიძულვილზე იყვნენ ორიენტირებულნი, ვიდრე გაერთიანებასა და სიყვარულზე.

„პირადად მამუკა გამყრელიძის ბეგრაუნდს არ განვიხილავ, მაგრამ მისი ფიგურა სასაცილოდ გამოიყურება ამ როლში. ის, რომ საზოგადოებაში ასეთი მოთხოვნილება არის, ეს გასაგებია, მაგრამ მოთხოვნილება არის სულ სხვა პროდუქტზე, მამუკა გამყრელიძე კი საზოგადოებას სთავაზობს საკმაოდ ვადაგასულ პროდუქტს. მოთხოვნის არსებობა არ ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერი რამ შევთავაზოთ. შერიგებამდე ჩვენ უნდა გავიაროთ სამართლიანობის აღდგენის გზა, ერთგვარი კათარზისი და ამ შერიგებას, მინიმუმ, დასჯა თუ არა, მონანიება მაინც უნდა უძღოდეს. როდესაც არანაირი ასეთი ეტაპი არ გაუვლია „ნაცმოძრაობას“, პირდაპირ ასე ხელოვნურ შერიგებაზე საუბარი ზედმეტია. ამას შენიღბვასაც ვერ დავარქმევ, ეს უხარისხოდ შესრულებული, თეთრი ძაფით ნაკერი და უპერსპექტივო შერიგების მცდელობაა.

მამუკა გამყრელიძე არ არის ის პროდუქტი, რომელსაც ჩვენი საზოგადოება მიიღებს. მას სრული უფლება აქვს, ნებისმიერი ზეამოცანა დაისახოს და მისიონერული პოზიციიდან გველაპარაკოს, მაგრამ მესიად ამ საზოგადოებაში არავინ მიიღებს. კი ბატონო იფაფხუროს, მაგრამ ფაფხურს იქით ვერ წავა“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

მანვე გაიხსენა ქაშუეთის ტაძარში შერიგების ერთგვარი მცდელობა წინამორბედ პარტიებს შორის, მაგრამ რეალურად შერიგება რომ არ მომხდარა, დღესაც ამის გამოძახილია ყველაფერი. გია ხუხაშვილის თქმით, ხელოვნურად არაფერი ხდება. საზოგადოების შერიგება არ ხდება რიტუალების გავლით და მოწოდებებით. შერიგება შესაძლებელია მხოლოდ ბუნებრივი პროცესის შედეგად. ამ ვითარებაში ისევე, როგორც ქაშუეთში შეკრებილთა შემთხვევაში, შერიგების წინ უნდა მომხდარიყო პოლიტიკური დანაშაულის მონანიება. რეალურად კი, არც მაშინ ყოფილა მონანიება და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მომხრეებს დღემდე მოჰყვებათ ეს განცდა. მით უმეტეს, სააკაშვილის რეჟიმისგან მიყენებული ჭრილობა საერთოდ ღიაა და ასე მარტივად, მოდით, ახლა ერთად ვიცხოვროთ, არ გამოვა.

გია ხუხაშვილის აზრით, რაღაც ეტაპები უნდა გაიაროს საზოგადოებამ, ნაწილობრივ დამნაშავეთა დასჯით, ნაწილობრივ ცოდვების პოლიტიკური მონანიებით. ეს ჩვენ ჯერჯერობით არ გვინახავს და რის საფუძველზე სურს „ნაცმოძრაობიდან“ გამოსულ ადამიანს მშვიდობის მტრედის როლის მორგება, გაუგებარია.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქართულ საზოგადოებას შეიძლება ბევრი რამ შესთავაზო, მაგრამ შემთავაზებელიც რაღაცას უნდა წარმოადგენდეს, რომ ამის მორალური უფლება ჰქონდეს. ლევან ბერძენიშვილისთვის გაურკვეველია, როგორი კონსოლიდირება უნდა მოახდინოს ლიდერმა, რომლის სახელიც და გვარიც არ იციან მომიჯნავე პოლიტიკურმა პარტიებმა და მამუკა გამყრელიძის შესახებ მას პირველად ესმის.

პოლიტიკოსის თქმით, შესაძლოა, ერის კონსოლიდაციის ამბიცია და სურვილი ბევრს ჰქონდეს, ისიც შესაძლებელია, გაერთიანების განწყობა შეიმჩნეოდეს საზოგადოებაში, მაგრამ ამას ლიდერი სჭირდება. ლიდერის გარეშე რომ არაფერი ხდება, ეს ბოლოდროინდელმა მოვლენებმაც დაგვანახა.

„ეს კაცი ამის გამკეთებელი არ არის. ისევე, როგორც ამის გამკეთებელი არ იყო პაატა ბურჭულაძე. ლიდერები ასე მარტივად არ იბადებიან - მოდი, გავხდები ლიდერი. მე არ ვიცი ამ ადამიანის პოლიტიკური წარსულის შესახებ. საერთოდ არაფერი ვიცი მის შესახებ, რა აქვს გაკეთებული. ვუსურვოთ წარმატება, მაგრამ აჯობებს, თავისი პატარა პარტია შექმნას, მოუაროს, გაახაროს და დაგვანახოს, რომ რაღაცას წარმოადგენს. პოლიტიკური სპექტრი ისეა მოწმენდილი, აშკარაა, რამდენიმე ახალი პოლიტიკური პარტია შეიქმნება. ნათელია, ქვეყანა ვერ იქნება პოლიტიკისა და პოლიტიკური პარტიების გარეშე. მე არ ვიცი, ვის მოუვიდა თავში, რომ პოლიტიკას პოლიტიკოსები არ გააკეთებენ და გააკეთებენ მომღერლები. ასეთი თავი დეფექტიანია, ეს არასწორად აზროვნებაა. შეუძლებელია, ქვეყნის მართვა პოლიტიკის გარეშე. მამუკა გამყრელიძესაც მოვუწოდოთ, რომ ჯერ გახდეს პოლიტიკოსი და, თუ მოახერხებს, ამის შემდეგ გაამთლიანოს საქართველო. ეს იოლი გზა არ არის, ამის გამო მოკლეს ილია ჭავჭავაძე. ძალზე გამარტივებულად უყურებენ ქვეყანაში ასეთ საქმიანობას“, - მიიჩნევს ლევან ბერძენიშვილი და შეკითხვის საპასუხოდ, აქვს თუ არა ვინმეს ქვეყანაში „ნაციონალებთან“ გაერთიანების სურვილი, აცხადებს, რომ მათთან შერიგების სურვილი პირადად მას არ გააჩნია და ეჭვობს, ვინმე ნატრობდეს „ნაციონალებთან“ ერთობას.

ლევან ბერძენიშვილის არგუმენტით, რატომ უნდა შევრიგდეთ „ნაციონალებთან“, როცა მათ წესიერად პატიებაც არ უთხოვიათ?! პირიქით, „ნაციონალები“ ირწმუნებიან, თითქოს ციხეში ყველაფერი წესრიგში იყო და ყალბი, დადგმული კადრებით მოვიდა ახალი ხელისუფლება. „ნაციონალები“ გვარწმუნებენ, თითქოს მათ დროს ქვეყანა მხოლოდ ვითარდებოდა, გირგვლიანი საერთოდ არ მომკვდარა. ლევან ბერძენიშვილის თქმით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ „ნაცმოძრაობაში“ პრობლემებია და ეს პარტია აღმავლობის გზას არ ადგას. ამდენად, საინტერესოა, სხვები როგორ უნდა გააერთიანონ?!

„პირიქით, იქ დიფერენციაცია მიმდინარეობს. ინტეგრაციული პროცესი არ არსებობს. ასე რომ, ბატონმა გამყრელიძემ ცოტა დააგვიანა. შევახსენებ მას, რომ მაგ პარტიაში არიან ლიდერები. მათ შორის, არის „ელვარე ლიდერი“ - მიხეილ სააკაშვილი, მეორე მხრივ, არის გიგი უგულავა და სხვები. ამიტომ ძალიან ძნელი კონკურენციის გზა აურჩევია. მეეჭვება, „ნაცმოძრაობას“ საერთოდ ჰქონდეს მომავალი, არათუ საქართველოს გაერთიანების რესურსი. მათ თავიანთი ფუნქცია ჰქონდათ, თავიანთი დრო გამოიყენეს, ზოგი კარგი გააკეთეს, ზოგი - ცუდი, მაგრამ ისტორიაში ასე არ ხდება, რომ, არიქა, „ნაციონალების“ გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება. არც იმის მჯერა, რომ საქართველოს მიხეილ სააკაშვილის გარდა ახლა სხვა საზრუნავი არ აქვს. რატომღაც სააკაშვილს ასეთი მოჩვენებები დაწყებია უცხოეთში. ცხადია, საქართველოს აქვს პრობლემები, მაგრამ ამ პრობლემას არ ჰქვია მიხეილ სააკაშვილი. ამ პრობლემას ჰქვია სააკაშვილის შემცვლელის სახელი. ახლა მისი მოსაშორებელი დროა. არა მგონია, მის მოსაშორებლად საჭიროა წინა მონსტრის მოხმობა. ჩვენ არც ერთი არ გვინდა, დიდი ხანია, პირადად მე ამ აზრზე ვარ - არც სააკაშვილი, არც ივანიშვილი. არც ერთი აღარ გამოგვადგება. თავისი დადებითი როლი ყველამ შეასრულა, უარყოფითიც ბევრი მოიტანეს. ქვეყანას აშკარად სჭირდება ახლებური პოლიტიკური მმართველობა. თუ ვინმე ასეთი გამოჩნდება და გააერთიანებს საქართველოს, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება“.