თოვლის ბაბუასთვის მიწერილი წერილი სანანებელი გაუხდა სოციალურად დაცველ, მრავალშვილიან ოჯახს. სოციალურად დაუცველმა, გორის რაიონის სოფელ კარალეთში მცხოვრებმა ბავშვებმა ისარგებლეს კონკრეტული საიტით „მისწერე წერილი თოვლის ბაბუას“ და ჯერ კიდევ გასული წლის 8-9 დეკემბერს თოვლის ბაბუას პულტიანი მანქანა და ტკბილეული სთხოვეს. ცოტა ხანში ბავშვების ამ წერილს „გამოუჩნდა“ თოვლის ბაბუა, რომელიც მათ ოჯახს თავად დაუკავშირდა და უთხრა, რომ წარმოშობით კარალეთის მახლობლად მდებარე ზემო სოფლიდან იყო, მაინც გორისკენ მიდიოდა და აუცილებლად ესტუმრებოდა.
სოციალურად დაუცველი, გორის რაიონის სოფელ კარალეთის მკვიდრი ლია სუხიტაშვილი For.ge-სთან საუბარში იხსენებს, რომ მისმა გოგონამ თოვლის ბაბუას თავისი ძმისთვის პულტიანი მანქანა და ტკბილეული სთხოვა კონკრეტული საიტის საშუალებით.
„ამ საიტის დამფუძნებელი ქალბატონი თინათინ მაღალაშვილია, რომელიც ამ კეთილ საქმეს აკეთებს ფეისბუქის საშუალებით. იგი ყოველ ახალ წელს ბავშვების წერილებს იღებს და, შეძლებისდაგვარად, მათ წერილებს ეხმაურება. ჩემმა პატარამაც წერილი მისწერა თოვლის ბაბუას, მალე გამოგვეხმაურა ბესიკ საბაშვილი, ისიც ფეისბუქის მომხმარებელი აღმოჩნდა და გვითხრა, რომ თოვლის ბაბუის სახით ჩამოვიდოდა ბავშვების გასაცნობად. რა წამოგიღოთო? არაფერი-მეთქი. თუმცა იმ დროს ბავშვები სიცხიანები მყავდნენ და, რაკი „თოვლის ბაბუამ“ დაიჟინა, მაშინ სიცხის დამწევი წამლები წამოუღეთ-მეთქი. მართლაც, შემოგვიარა, ტკბილეული და წამლები მოუტანა ბავშვებს. დახედა ჩვენს ოჯახს და ნახა, რომ მარტოხელა დედა ვარ, ოთხი შვილი მყავს, სოციალურად დაუცველები ვართ, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ, ქირას სახელმწიფო გვიხდის. გვითხრა, 28-29 დეკემბერსაც უკვე ოფიციალურად ჩამოვალო“,-აღნიშნა ლია სუხიტაშვილმა.
მისივე თქმით, მათთან სტუმრობის შემდეგ ბესო საბაშვილმა ფეისბუქგვერდზე დაწერა მათი ოჯახის შესახებ სტატუსი და აღნიშნა, ამ ოჯახს მარტო ჩემგან კი არა, ყველასგან სჭირდება თანადგომა. მის სტატუსს ბევრი გამოეხმაურა. ორი-სამი ადამიანი თანხითაც დაეხმარა მრავალშვილიან დედას.
თუმცა პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც დახმარების ერთმა მსურველმა ამ ოჯახს მაინცდამაინც სოციალურად დაუცველთა ანგარიშზე ჩაურიცხა ასი ლარი.
მცირეწლოვანი შვილების დედა აცხადებს, რომ სულ ახლახანს მათთან მივიდა სოციალური აგენტი და უთხრა, თქვენს ანგარიშზე დარიცხულია 80 ლარიო. ლია სუხიტაშვილი საქმეში გარკვევას შეეცადა და სოცაგენტს აუხსნა, რომ საუბარია ერთჯერად დახმარებაზე, რომელიც, სინამდვილეში, არა 80 ლარს, არამედ 100 ლარს შეადგენდა. თუმცა სოცაგენტმა ნაბიჯებით გადაზომა სუხიტაშვილების ნაქირავები სახლი, არ მიაქცია ყურადღება, რომ ბინა ნაქირავები იყო, რასაც, წესით, მონაცემთა ბაზაშიც გადაამოწმებდა და უპასუხა, რომ ოჯახს დახმარება შეუწყდებოდა.
„გამოდის, რომ 80 ლარის გამო სოციალური დახმარება შეგვიწყვიტეს?! სოციალური აგენტი 35-38 წლამდე მამაკაცი იყო, მისთვის არც სახელი მიკითხავს, არც გვარი. მითხრა, გადამოწმებაზე ხართო. ვიფიქრე, ჩვეულებრივი გადამოწმება იყო და ვკითხე, ნეტავ, ამ თვეში ავიღებ დახმარებას? მიპასუხა, აიღებ კი არა, დახმარება შეგიჩერდებაო. ცრემლები წამომოვიდა, ვუთხარი, ძალიან გთხოვთ, სულ გათვლილი მაქვს ეს სოციალური შემწეობა, ყოველთვიური 252 ლარი-მეთქი. ახლაც შეშა არ მაქვს, ოთხი შვილი მყავს, რამდენი რამ სჭირდებათ ბავშვებს-თქო. მითხრა, ჩემზე არაფერია დამოკიდებული, მე ნურაფერში დამადანაშაულებთ, ყველაფერს კომპიუტერი წყვეტსო.
სახლიდან გასვლისას ვუთხარი, ოთხი წლის წინ არ მენიშნებოდა დახმარება, სანამ განქორწინება არ გავაკეთე და მაშინაც გამგეობამ მიშუამდგომლა; ახლაც თბილისში გამგეობიდან რომ გავგზავნო წერილი-მეთქი? პრეზიდენტის სურათიც რომ აუკრათ უკან, აზრი არ ექნება, რადგან ყველაფერს კომპიუტერი გადაწყვეტსო. ბოლოს, ეტყობა, შევეცოდე, ბავშვები საწოლში იწვნენ, შეშა არ მქონდა და მითხრა, ჯერ ნუ ინერვიულებთ, შეიძლება, სულაც მაღალი ქულები დაგიწერონ და, იქნებ, დახმარება დაგინიშნონო, მაგრამ არ ვიცი, 20 იანვარს თანხა დამერიცხება თუ არა. ახლაც მეზობელმა მომცა ერთი კუნძი, რომ იმით გამეთბო ბავშვები“.
მოგვიანებით ლია სუხიტაშვილმა ადგილობრივ სოციალურ სააგენტოსაც მიაკითხა და გააფრთხილა, თუ დახმარება შეუწყდებოდა, არ გაჩერდებოდა და შვილებთან ერთად ქუჩაში დადგებოდა. იქაც დაამშვიდეს, დაელოდეთ, იქნებ, სულაც მაღალი ქულები დაგიწერონ და მერე იმოქმედეთო. თუმცა კარალეთში მცხოვრები ქალბატონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანისგან გრძნობს დახმარებას, ეს 250 ლარი მისი 12, 11 და 10 წლის გოგონებისა და 4 წლის პატარა გიორგისთვის მაინც ბევრ რამეს ნიშნავდა.
ბესიკ საბაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გაოგნებულია, რადგან არ ელოდა, რომ მათი მხრიდან გაწეული დახმარება ოთხშვილიან ოჯახს პრობლემად გადაექცეოდა.
მისი თქმით, ფეისბუქზე აქცია იყო და ბავშვებს ახალი წლისთვის წერილები დაეწერათ თოვლის ბაბუასთვის. დაახლოებით 250 წერილი იყო, რომელიც მისმა ერთ-ერთმა ფეისბუქმეგობარმა გაავრცელა. თავად საბაშვილმაც ნახა ეს წერილები და რამდენიმე მათგანი წაიკითხა. განსაკუთრებულად დაინტერესდა ერთი ბავშვის წერილით, რომელიც მამიდამისის სოფლიდან - კარალეთიდან იყო. ამ სოფელთან თავად ბესიკ საბაშვილსაც სასიამოვნო მოგონებები აკავშირებდა. გარდა ამისა, იქვე მისი სოფელიცაა და გადაწყვიტა, მოენახულებინა წერილის ავტორი - პატარა ბავშვი.
„ბავშვს ველოსიპედი, ტკბილეული უნდოდა, თანაც, მოკრძალებით წერდა სურვილებს. გადავწყვიტე, ამ ბავშვს მე მივეხმარები-თქო. ერთმა-ორმა ადამიანმა თანხით დახმარების სურვილიც გამოთქვა. ბავშვების დედას ანგარიშის ნომერი ვკითხე. ორი ნომერი მომცა, ერთი „საქართველოს ბანკიდან“ და მეორე ანგარიში, რომელზეც სოციალურ დახმარებას ურიცხავდნენ. მართლაც, დახმარების მსურველებმა თანხა „საქართველოს ბანკში“ ჩაურიცხეს, მაგრამ ერთ ადამიანს 80 ლარი ზუსტად იმ ანგარიშზე ჩაურიცხავს, სადაც ამ ოჯახს სოციალური დახმარება ერიცხებოდა. სულ ახლახანს სმს-ი მომწერა ბავშვების დედამ, სოციალური სააგენტოდან მოგვაკითხეს და გვითხრეს, ანგარიშზე რაღაც თანხა აღმოჩნდა, გადამოწმებას ვატარებთ და ამის გამო გეხსნებათ დახმარებაო. გადავირიე, ჩვენ დახმარება გვინდოდა და გამოვიდა, ცუდი გავაკეთეთ? იმედი მაქვს, სოციალური დახმარება აღუდგება და პრობლემები არ შეექმნება ამ ოჯახს“, - გვითხრა ბესიკ საბაშვილმა და განმარტა, რომ არ შეიძლება, სოციალური აგენტები სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებოდნენ ისედაც გაჭირვებულ ოჯახებს. თუ სოცაგენტებს ლაპარაკი და ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობა არ შეუძლიათ, რა უნდათ მათ სახელმწიფო სამსახურში? ან კიდევ, რას ნიშნავს სახლიდან მუქარით გასვლა, პრეზიდენტის სურათიც რომ მიაკრა, მაინც არაფერი გეშველებათო?!
For.ge ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ტატა გამყრელიძეს დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ ის 100 თუ 80 ლარი, რომელიც ოთხშვილიან დედას ჩაურიცხეს, მათთან არ ასახულა. ამდენად, მათთვის უცნობია, ამ ოჯახს სხვები როგორ და რანაირად დაეხმარნენ. შესაბამისად, საეჭვოა, სოციალურ აგენტს კითხვების დასმა დაეწყო, თანხა რატომ ჩაგირიცხესო.
„იმ სოცაგენტმა სულაც არ იცის, თანხა ამ ოჯახს ჩაერიცხა თუ არა. ჯერჯერობით ეს თანხა ჩვენთან არ გამოჩენილა. კონკრეტული თანხა ერთჯერადად რომც ჩარიცხოდა ამ ოჯახს, ეს გავლენას ვერ მოახდენდა მათ დეკლარაციასა და ქულებზე. ეს იყო ჩვეულებრივი გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული გადამოწმება, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. ბოლოს ეს ოჯახი 2013 წელს გადავამოწმეთ და იანვრის თვეში მათ ისევ მოუწიათ გეგმური გადამოწმება. სამწუხაროდ, იმ ორი თვეს, როცა ოჯახი გადამოწმების პროცესშია (ანუ, როცა დეკლარაცია ივსება და შემდეგ ქულა უნდა დაითვალოს), ოჯახი თანხას ვერ მიიღებს; ხოლო, როცა ახალი ქულები დაითვლება, როგორც ჩანს ამ კონკრეტულ ოჯახს ისევ დაბალი ქულა ექნება, ისევ გახდებიან ამ თანხის მიმღებნი და ის ორი თვეც აუნაზღაურდებათ. ამ ოჯახში ოთხი ბავშვია და ოთხბავშვიან ოჯახს ჩვენი პროგრამა ძალიან კარგად ხედავს. შესაბამისად, მათი საჭიროებებიც მეტია. ამდენად, სავარაუდოდ, 20 მარტს ისევ ჩაერიცხებათ თანხა“, -აღნიშნა ტატა გამყრელიძემ.
მანვე განმარტა, რომ კონკრეტული სოციალურად დაუცველი პირისთვის ლეგალური შემოსავლის ჩარიცხვის შესახებ მონაცემებს ისინი შემოსავლების სამსახურიდან ღებულობენ. მათ შორის, საუბარია ხელფასის ჩარიცხვაზეც. ეს სისტემა პროგრამულად ისეა აწყობილი, რომ, როცა ლეგალური შემოსავლის თანხა ირიცხება, ამას პროგრამა თვითონვე გვიჩვენებს. ამიტომ, სანამ სოციალური მომსახურების სააგენტო ამ მონაცემებს მიიღებს შემოსავლების სამსახურიდან, დახმარების მიმღები თავად უნდა მივიდეს მათთან და განაცხადოს, რომ, ვთქვათ, ერთი თვე იმუშავა საცხობში და ჩაერიცხა გარკვეული თანხა. მის ამ განაცხადს სოციალური მომსახურების სააგენტო აუცილებლად გაითვალისწინებს. თუმცა ლეგალური შემოსავლის ჩარიცხვა არ ეხება სუხიტაშვილების ოჯახს.